მთავარი ყველაზე ყველაზე მსოფლიოს 10 ყველაზე მაღალშემოსავლიანი კომპანია

მსოფლიოს 10 ყველაზე მაღალშემოსავლიანი კომპანია

გააზიარეთ

ბოლო ერთ წელიწადში (2016 წლის აპრილის მდგომარეობით) მსოფლიოს 10 უმსხვილესი კომპანიის ჯამურმა შემოსავალმა 3 ტრილიონ დოლარამდე შეადგინა, ხოლო მოგებამ – 118 მილიარდი დოლარი. ამავე დროს, მათ ჯამში დასაქმებული ჰყავთ 7 მილიონამდე ადამიანი. მათი შემოსავალი იმდენად მაღალია, რომ ბევრი განვითარებული ქვეყნის შემოსავალსაც (მთლიან შიდა პროდუქტს) კი აჭარბებს. თუ აღნიშნულ კომპანიებს ქვეყნების ეკონომიკის სიდიდის რეიტინგში შევიტანთ, ათივე კომპანია ტოპ 50-ში მოხვდება, ყველაზე მაღალშემოსავლიანი კომპანია “ვოლმარტი” რეიტინგში 23-ე ადგილს დაიკავებს. ამის შესახებ ინფორმაციას Forbes-ი ავრცელებს.


  1. British Petroleum

“BP” ბრიტანული კომპანიაა, რომელიც 1908 წელს დაარსდა და მისი სათავო ოფისი დღემდე ლონდონშია განთავსებული. შემოსავლების სიდიდის მიხედვით ის მსოფლიოში მე-10 ადგილს იკავებს (წინა წელს მე-6 იყო). კომპანიის წლიურმა შემოსავალმა 223 მილიარდი დოლარი შეადგინა. BP-ის საქმიანობის სფერო ნავთობისა და გაზის მოპოვება, ტრანსპორტირება და მიწოდებაა. ბოლო მონაცემებით, მას დასაქმებული ჰყავს 80 ათასამდე ადამიანი. მიუხედავად მაღალი შემოსავლისა, გასულ წელს  კომპანიამ 6.5 მილიარდი დოლარის ზარალი განიცადა. ზარალი ორმა ძირითადმა მიზეზმა განაპირობა: 1. 2010 წელს მექსიკის ყურეში ჩაღვრილი ნავთობის ჯარიმის საფასურად 20.8 მილიარდი დოლარის გადახდაზე მოაწერა ხელი; 2. ნავთობის ფასების დაცემა, რადგან გარკვეულ საბადოებზე ნავთობის მოპოვების თვითღირებულება 60 დოლარამდეა.

  1. Apple

“ეპლი” ამერიკული კომპანიაა, რომელიც 1976 წელს დააარსეს სტივ ჯობსმა (გარდაიცვალა 2011 წელს), სტივ უოზნიაკმა და რონალდ უეინმა. თუმცა ერთ წელიწადში უეინმა თავისი წილი ჯობსსა და უოზნიაკს მიჰყიდა.  კომპანია სამომხმარებლო ელექტრონიკასა და მასთან დაკავშირებულ პროგრამულ უზრუნველყოფას აწარმოებს. მისი სათავო ოფისი კალიფორნიაში, ქალაქ კუპერტინოში მდებარეობს.

“ეპლის” წლიურმა შემოსავალმა 234 მილიარდი დოლარი შეადგინა, ხოლო მოგებამ – 53.4 მილიარდი დოლარი. გასულ წელთან შედარებით “ეპლის” მოგება 35%-ით გაიზარდა. ის ერთ-ერთი ყველაზე მაღალმოგებიანი და სწრაფად განვითარებადი კომპანიაა. 2014 წელს შემოსავლების მიხედვით მას მსოფლიოში მე-15 ადგილი ეკავა. დღეისათვის კომპანიაში 72.5 ათასი ადამიანია დასაქმებული.

  1. Toyota Motor Corporation

“ტოიოტა” ყველაზე მაღალშემოსავლიანი იაპონური კომპანიაა, შესაბამისად, მსოფლიოს ტოპ-ათეულში იაპონიიდან მხოლოდ ის ხვდება. “ტოიოტა” 1937 წელს, კიიჩირო ტოიოდამ დააარსა. კომპანიის სათავო ოფისი იაპონიაში, ქალაქ ტოიოტაში მდებარეობს. ის წელიწადში დაახლოებით 10 მილიონ ავტომობილს აწარმოებს. მისმა წლიურმა შემოსავალმა  237 მილიარდი, ხოლო მოგებამ 19 მილიარდი დოლარი შეადგინა. “ტოიოტაში” 349 ათასი ადამიანია დასაქმებული.

“ტოიოტა” სწრაფად პროგრესირებადი კომპანიაა, რაც გამოიხატება იმაში, რომ ჰიბრიდული ელექტრომანქანების წარმოებაში ლიდერია, ხოლო ამჟამად დიდ ინვესტიციებს ახორციელებს თვითმავალი ავტომობილების განვითარებაში. კომპანიას იმედი აქვს, რომ 2020 წლიდან ქუჩაში “ტოიოტას” ახალი ავტომობილები მძღოლის გარეშე ივლიან.

  1. Volkswagen Group

“ტოიოტას” მსგავსად “ფოლკსვაგენიც” 1937 წელს დაარსდა ქალაქ ბერლინში, თუმცა ამჟამად მისი სათავო ოფისი და ერთ-ერთი უმსხვილესი ქარხანა ვოლფსბურგშია. კომპანია დაარსდა “ნაციონალ-სოციალისტური” პარტიის მიერ ადოლფ ჰიტლერის მხარდაჭერით. მეორე მსოფლიო ომის დროს “ფოლკსვაგენი” სამხედრო წარმოებაზე გადაერთო და საბრძოლო მანქანებსა და იარაღს აწარმოებდა.

დღეს “ფოლკსვაგენ ჯგუფი” გერმანიის ყველაზე მაღალშემოსავლიანი კომპანიაა. მას ჯამში 100 ქარხანა აქვს, რომლებიც 27 ქვეყანაშია განთავსებული. 2015 წელს კომპანიამ 9.9 ავტომობილი აწარმოა და მცირედით ჩამორჩა “ტოიოტას”. “ფოლკსვაგენ ჯგუფი” უშვებს შემდეგ საავტომობილო ბრენდებს: “ფოლკსვაგენი”,  “აუდი”, “ბენტლი”, “ლამბორგინი”, “პორშე”, “შკოდა”, “მანი” და მოტოციკლი “დუკატი”. კომპანიის წლიური შემოსავალი 237 მილიარდი დოლარია და მას 610 ათასი ადამიანი ჰყავს დასაქმებული. გასულ წელს “ფოლკსვაგენმა” 1.5 მილიარდი დოლარის ზარალი ნახა, რაც დიზელის გამონაბოლქვთან დაკავშირებულმა სკანდალმა განაპირობა. აშშ-ის მთავრობამ კომპანია 15 მილიარდი დოლარით დააჯარიმა და ამასთან, “ფოლკსვაგენმა” უკან უნდა გაიწვიოს ნახევარ მილიონამდე ავტომობილი, რომლებშიც გამონაბოლქვის სტანდარტია დარღვეული.

  1. Exxon Mobil

“ექსონ მობილი” შედარებით ახალი კომპანიაა. ის 1999 წლის ბოლოს დაარსდა აშშ-ში, ტეხასის შტატში. მისი სათავო ოფისი ქალაქ ირვინგშია. თუმცა, “ექსონ მობილი” ორი დიდი კომპანიის გაერთიანების საფუძველზე შეიქმნა.  ეს გახლავთ 1973 წელს დაარსებული ამერიკული “ექსონი” და 1911 წელს  დაარსებული ამერიკული “მობილი”. კომპანია ნათობისა და გაზის მოპოვებას და მიწოდებას ახორციელებს.

გასულ წელს “ექსონ მობილის” შემოსავალმა 246 მილიარდი დოლარი შეადგინა და მსოფლიოში მე-6 ადგილი დაიკავა (წინა წელს მე-5 ადგილზე იყო). დასაქმებული ჰყავს 76 ათასამდე ადამიანი. მოგებამ 16 მილიარდი დოლარი შეადგინა, თუმცა ნავთობის ფასის შემცირების გამო, მისი მოგება 50%-ით უფრო ნაკლებია, ვიდრე 2014 წელს იყო. “ექსონ მობილი” უსაფრთხოების სტანდარტების ინოვატორად და სწრაფად განვითარებად კომპანიადაა მიჩნეული.

  1. Royal Dutch Shell

“შელი” ინგლისურ-ჰოლანდიური კომპანიაა, რომელიც 1907 წელს დაარსდა. მისი სათავო ოფისი ჰოლანდიაში, ჰააგაში მდებარეობს. ოპერირების ძირითადი სფერო ნავთობისა და გაზის მოპოვება და მიწოდებაა. კომპანია ოპერაციებს 90 ქვეყანაში ახორციელებს, ხოლო მის მიერ ნავთობის (და მისი ეკვივალენტების) დღიური წარმოება 3.7 მლნ ბარელია.

“შელის” წლიური შემოსავალი 272 მილიარდი დოლარია და ამ მაჩვენებლით მას მსოფლიოში მე-5 ადგილი უჭირავს (წინა წელს მე-3 ადგილზე იყო), ხოლო ევროპაში პირველია. დასაქმებული ჰყავს 90 ათასი ადამიანი. გასული წლის მოგებამ 1.9 მილიარდი დოლარი შეადგინა. ნავთობის ფასის კლების გამო, “შელის” წლიური მოგება 87%-ით არის შემცირებული.

  1. Sinopec Group

“სინოპეკ ჯგუფი” ჩინური კომპანიაა, რომელიც 2000 წელს დაარსდა სახელმწიფოს მიერ და დღემდე სახელმწიფო კომპანიად რჩება. მისი სათავო ოფისი პეკინშია განთავსებული. მისი ოპერირების სფერო ნავთობი და სხვა სათბობ-ენერგეტიკული პროდუქტებია, თუმცა ის უფრო წარმოებითაა დაკავებული, ვიდრე მოპოვებით. ძირითადად აწარმოებს ბენზინს, ლუბრიკანტებსა და ქიმიურ პროდუქციას.

“სინოპეკის” წლიური შემოსავალი 294 მილიარდი დოლარია და ამ მაჩვენებლით მას მსოფლიოში მე-4 ადგილი უჭირავს (წინა წელს მე-2 ადგილზე იყო). დასაქმებული ჰყავს 810 ათასი ადამიანი. გასული წლის მოგებამ 3.6 მილიარდი დოლარი შეადგინა, თუმცა წლიური მოგება 31%-ით შეუმცირდა.

  1. China National Petroleum

“პეტროჩაინა” ჩინური, სახელმწიფოს მფლობელობაში მყოფი კომპანიაა, რომელიც 28 წლის წინ, 1988 წელს დაარსდა. მისი სათავო ოფისი პეკინშია განთავსებული. საქმიანობის ძირითადი სფერო ნავთობისა და გაზის მოპოვება და მიწოდებაა. კომპანია 3.7 მილიარდი ბარელის ნავთობის რეზერვებს ფლობს და ოპერაციებს 30 ქვეყანაში ახორციელებს.

“პეტროჩაინას” წლიური შემოსავალი 299 მილიარდი დოლარია და ამ მაჩვენებლით მას მსოფლიოში მე-3 ადგილი უჭირავს (წინა წელს მე-4 ადგილზე იყო). დასაქმებული ჰყავს 1.6 მილიონი ადამიანი. გასული წლის მოგებამ 7.1 მილიარდი დოლარი შეადგინა, თუმცა წლიური მოგება 57%-ით შეუმცირდა. მოგების შემცირება ნავთობის ფასის კლებამ და კომპანიის კორუფციულ სკანდალში გახვევამ გამოიწვია, რის გამოც კომპანიის გენერალური მენეჯერის პოზიცია 16 თვეს ვაკანტური იყო. თუმცა ეს პრობლემები უკვე მოგვარდა და კომპანია ახალ ეტაპზე გადასვლის სტადიაზეა.

  1. State Grid

შემოსავლების სიდიდის მიხედვით მსოფლიოში მე-2 კომპანიის – “სტეიტ გრიდის” ისტორია 14 წლის წინ, 2002 წელს დაიწყო. ის დაარსდა სახელმწიფოს მიერ და დღემდე სახელმწიფო კომპანიად რჩება. მისი სათავო ოფისი პეკინშია განთავსებული. ოპერირების ძირითადი სფერო ელექტროენერგიის გამომუშავება, გადაცემა და განაწილებაა. კომპანიის შექმნა ენერგეტიკის სფეროში კონკურენციის ზრდის ხელშესაწყობად მიღებულმა ჩინეთის მთავრობის გადაწყვეტილებამ განაპირობა. 2002 წლამდე არსებული სახელმწიფო კომპანია (State Power Corporation of China) 11 სხვადასხვა კომპანიად დაიყო, რომელთაგან  “სტეიტ გრიდი” ყველაზე მსხვილი კომპანიაა.

2015 წლამდე “სტეიტ გრიდი” შემოსავლების მიხედვით მსოფლიოში მე-7 ადგილზე იყო. ბოლო წელს მე-2 ადგილზე გადაინაცვლა, რადგან მისმა წლიურმა შემოსავალმა 330 მილიარდი დოლარი შეადგინა. დასაქმებული ჰყავს 928 ათასი ადამიანი. გასულ წელს 10.2 მილიარდი დოლარის მოგება ნახა. კომპანია ელექტროენერგიას იღებს როგორც ტრადიციული რესურსებიდან (წყალი, საწვავი), ასევე მზის, ქარისა და სხვა ალტერნატიული წყაროებიდან.

  1. Walmart

მსოფლიოში ყველაზე მაღალშემოსავლიანი კომპანია ამერიკული სუპერმარკეტების ქსელი “ვოლმარტია”. ბოლო სამი წელია, ის პირველობას არ თმობს. “ვოლმარტი” 1962 წელს სემ უოლტონმა დააარსა და დღემდე კომპანიის 51% უოლტონების ოჯახის საკუთრებაა. უოლტონების ოჯახი ჯამში 130 მილიარდი დოლარის ქონებას ფლობს და მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ოჯახია. “ვოლმარტის” სათავო ოფისი არკანზასის შტატში, ქალაქ ბენტონვილში მდებარეობს. ბოლო მონაცემებით, კომპანიის მაღაზიების რიცხვი 11 573-ია და ისინი მსოფლიოს 28 ქვეყანაშია განლაგებული.

“ვოლმარტის” წლიური შემოსავალი 482 მილიარდი დოლარია. დასაქმებული ჰყავს 2.3 მილიონი ადამიანი. გასული წლის მოგებამ 14.7 მილიარდი დოლარი შეადგინა. კომპანია მომსახურების მაღალი ხარისხით გამოირჩევა და ამავე დროს პროდუქციაზე დაბალი ფასების შენარჩუნებას  ახერხებს. მის დამფუძნებელ სემ უოლტონს ერთი შეხედვით მარტივი ფილოსოფია ჰქონდა, თუმცა სწორედ ეს ფილოსოფია გახდა კომპანიის უდიდესი წარმატების საფუძველი. სემის ფილოსოფია კი ასე ჟღერს: “მომხმარებელს შესთავაზე ისეთი ფასი, რომელზე ნაკლებსაც სხვაგან ვერ იპოვის”.

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here