Home რუბრიკები ისტორია მირზა გელოვანის საფლავზე ბელარუსში მართლმადიდებლური ჯვარი აღმართეს

მირზა გელოვანის საფლავზე ბელარუსში მართლმადიდებლური ჯვარი აღმართეს

3290
ძმათა სასაფლაო, სადაც განისვენებს მირზა გელოვანი. როლანდ ქავთარაძე, ლევან დოლიძე, ნიკოლაი ბერესტენი, გიორგი დოლიძე

თავის ერთერთფარაჯიან ლექსშიმირზა გელოვანი შეყვარებულს წერდა:

მე გპირდებოდით, რომ დავბრუნდები,

რომ თქვენი თმები დამაბრუნებენ,

მაგრამ დღეები, როგორც ქურდები

ჩემს შეპირებას ანადგურებენ.

და სადმე ტყვია თუ გააციებს

გულს საშინელი განადგურებით,

თქვენ მაპატიეთ, ჰო, მაპატიეთ

დანაშაული არდაბრუნების.

მისი სიტყვები წინასწარმეტყველური აღმოჩნდა: პოეტირომანტიკოსი გერმანელფაშისტი დამპყრობლებისგან ბელორუსიის გათავისუფლებისთვის ომში გმირულად დაიღუპა. შემდეგ უკვე ვლადიმერ ვისოცკი შექმნის სულისშემძვრელ სიმღერას _ “ძმათა საფლავი”…

ძმათა სასაფლაოზე, სადაც მირზა გელოვანია დაკრძალული, მეოთხედ ჩავედი. ეს სასაფლაო მინსკიდან თითქმის 300 კილომეტრითაა დაშორებული, მდებარეობს ვიტებსკის ოლქში, რჟავკა ბეშენკოვიჩის რაიონის პატარა სოფელ სანიკის ახლოს. საქართველოში ეს ყველაფერი შეიტყვეს წერილიდან, რომელიც გმირის დედას რჟავკელმა პიონერებმა გამოუგზავნეს:

პატივცემულო ევა იოსების ასულო! ამ წერილს გიგზავნიან რჟავკის საშუალო სკოლის პიონერები. სოფელ სანიკიში არის სამხედროების სასაფლაო, სადაც დაკრძალულია თქვენი ვაჟი _ მირზა გელოვანი. ჩვენი სკოლა მის საფლავს შეფობს. ყოველწლიურად, 23 თებერვალსა და 9 მაისს ყვავილების თაიგულები მიგვაქვს მის საფლავზე და ვრგავთ ხეებს.

ძალიან გვინდა, ძვირფასო ევა იოსების ასულო, რაც შეიძლება ბევრი ვიცოდეთ თქვენს ვაჟზე. გულითადად გთხოვთ, გვიპასუხოთ. თუ გაქვთ თქვენი ვაჟის ფოტოსურათები და ნივთები, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ”.

ევა მაჩურიშვილს ამ წერილმა ცოცხალს ვერ მიუსწრო. მას, რვა შვილის დედას, უკანასკნელ ამოსუნთქვამდე იმედი ჰქონდა, რომ მოხდებოდა სასწაული… ელოდა შვილს, როგორც ათიათასობით ნაადრევად თმაგათეთრებული ქართველი დედა.

მირზა გელოვანის საფლავზე პოეტის და რუსუდანი და ძმა თეიმურაზი ჩავიდნენ, ასევე მისი ახლო ნათესავი, ექიმი ტრისტან ხუციშვილი. მირზას ოჯახის წევრებს გმირი პოეტის საქართველოში გადმოსვენება სურდათ, მაგრამ, როგორც მოგვიანებით მითხრეს, ამის წინააღმდეგი რაიონის ხელმძღვანელი წავიდა. ადგილობრივებმა ერთსულოვნად გადაწყვიტეს და თხოვნით მიმართეს ბელორუსიის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმს, მირზა გელოვანის სახელი მიენიჭებინათ სოფელ რჟავკის საშუალო სკოლისთვის. რესპუბლიკის უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ ეს თხოვნა დააკმაყოფილა.

ლევან დოლიძე

ორივე რესპუბლიკაში გამოიცა მებრძოლი პოეტის ლექსების კრებულები. ორი წლის შემდეგ გამოვიდა მხატვრულ-დოკუმენტური ფილმი “მირზა გელოვანი”, მთავარი როლი შეასრულა ცნობილმა ქართველმა ჟურნალისტმა და მწერალმა ვილენ მარდალეიშვილმა. კინომსახიობმა და რეჟისორმა მერაბ თავაძემ გადაიღო შესანიშნავი ფილმი მირზა გელოვანის შესახებ. 1980-იანი წლების დასაწყისში იქ ჩავიდა ქართველი სტუდენტების, ლექტორების, მწერლების ჯგუფი, “პიონერფილმის” ხელმძღვანელი გრიგოლ ჩიგოგიძე თავის მოსწავლეებთან ერთად… ეს იყო და ეს _ არავითარი ახალი ამბავი.

ბელარუსის რესპუბლიკაში 2006 წლიდან ყოველ ზაფხულს ჩავდივარ, მას შემდეგ, რაც ჩემი ვაჟი, გიორგი დოლიძე, ოჯახითურთ მინსკში დასახლდა. იქ გავიცანი შესანიშნავი პატრიოტი, საქართველოსა და ბელარუსში ცნობილი სამბისტი, დუშელი როლანდ ქავთარაძე, რომელმაც ამ მშვენიერ ქვეყანაში დააარსა კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოება “მამული”. ჩვენი თანამემამულეების ნებით ამ საზოგადოების თავმჯდომარედ იგი ერთხმად აირჩიეს.

მასთან და ჩემს ვაჟთან ერთად მირზას საფლავი პირველად 2011 წელს მოვინახულე.

მირზა გელოვანის პირველი ლექსი შორეულ 1933 წელს გამოაქვეყნდა, როცა 16 წლისა იყო, ხოლო უკანასკნელი _ 1944 წელს, როცა იგი 27 წლისა გმირულად დაეცა ბრძოლის ველზე. 1954 წელს გამოიცა მისი ლექსების პირველი მცირე კრებული. ამ პატარა წიგნს გალაკტიონ ტაბიძე გულის ჯიბით ატარებდა.

ჩემი სკოლის წლებში ბევრი იყო გატაცებული მირძა გელოვანის შემოქმედებით, ისევე, როგორც მისი ძმადნაფიცის _ ლადო ასათიანის ლექსებით. სხვათა შორის, ლადო ასათიანი ჩვენი სახლის წინ ცხოვრობდა, სოლოლაკში, ძერჟინსკის ქუჩის #3-ში. მაშინ იმ სახლის ფასადზე მიკრული იყო მემორიალური დაფა. დღეს კი მისი კვალიც არ ჩანს, როგორც ბევრი სხვა რამის, რითაც ჩვენი ქვეყანა ამაყობდა, მაგრამ ეს სხვა თემაა.

1939 წელს მირზა ჯარში გაიწვიეს. მისი საფრონტო გზების შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი, თუმცა არმიიდან გამოგზავნილი წერილები შემონახულია.

მირზას საფლავზე გამგზავრების წინ შევხვდი მისი უფროსი დის, როენას შვილს _ ნანა ჭყონიას. მისი სხვა ახლობლები იმხანად უკვე გარდაცვლილები იყვნენ.

ჩემი ყოველი გამგზავრება ბელარუსში გვირგვინდებოდა საგაზეთო პუბლიკაციებით მირზა გელოვანის შესახებ. ეთერში გავიდა ტელეგადაცემაც.

მირზა გელოვანს ხუთი წლის განმავლობაში სამხედრო ფორმა არ გაუხდია, მან განვლო გზა რიგითი ჯარისკაციდან კაპიტნამდე _ სატანკო ბატალიონის მეთაურამდე. იგი დაიღუპა მდინარე დასავლეთ დვინაზე წითელი არმიის მიერ ბრწყინვალედ განხორციელებული ოპერაციის მსვლელობისას, რომლის კოდური სახელწოდება იყობაგრატიონი”. მირზა გელოვანი ბრძოლის ველზე დაეცა არა 1944 წლის 19 ივლისს, როგორც აქამდე ვიცოდით საქართველოში, არამედ 26 ივნისს, რაც დოკუმენტურად დადასტურებულია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს არქივის მასალებით.

სწორედ ამ დღეს ფაშისტებთან ბრძოლისას დაიღუპა მფრინავი ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი, “პატარა უფლისწულის” ავტორი.

როგორი დამთხვევაა!

ჩემმა ძველმა მეგობარმა, გენერალმა ვალერიან გომელაურმა ერთი საოცარი ამბავი გაიხსენა. როცა იგი ნოვოჩერკასკის სუვოროვის სახელობის სასწავლებელში ეუფლებოდა სამხედრო ანბანს. 1945 წელს ერთ გაკვეთილზე რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა, ორდენოსანმა დიმიტრი მახნატკინმა თქვა: “დღეს მოგიყვებით ჩემს საუკეთესო ფრონტელ მეგობარზე”. ეს მეგობარი მირზა გელოვანი აღმოჩნდა. როცა ზარბაზნები დადუმდებოდნენ, იგი ჩვენ, თანამებრძოლებს, გვიკითხავდა ქართულ ლექსებს. არც ერთმა ჩვენგანმა ქართული არ იცოდა, მაგრამ ყველას გვესმოდა მის მიერ განცდილი, ამაღლებული გრძნობა სამშობლოს სიყვარულის, ერთგულების, მეგობრობის…”

მირზა გელოვანის სახელობის საშუალო სკოლის დირექტორის, 82 წლის ომგადახდილი კაცის _ ნიკოლაი ბერესტენის თქმით (ეს კეთილი გულის პატრონი საქართველოს დიდი მეგობარი 2016 წელს გარდაიცვალა), მირზა გელოვანი დაკრძალული იყო დასავლეთ დვინის ნაპირზე აღმართულ ბორცვზე, ნიჟნე კრივონოს მახლობლად. საფლავზე, როგორც ოფიცერს შეეფერებოდა, დადგმული იყო ფირფიცრის ობელისკი წითელი ვარსკვლავით, მისი ფოტოსურათითა და შესაბამისი წარწერით. მოგვიანებით ჩვენი თანამემამულისა და კიდევ ორი მებრძოლის ცხედრები გადაასვენეს საერთო სასაფლაოზე სოფელ სანიკიში. შემდეგ კიდევ სხვა ხუთი მებრძოლი გადაასვენეს. აი მაშინ მივიდნენ პირველად მირზას საფლავზე მისი და და ნათესავები.

როცა მე, ჩემი ვაჟი და როლანდ ქავთარაძე პირველად ჩავედით სოფელ სანიკიში, იქ უკვე ძმათა სასაფლაო დაგვხვდა ომში დაღუპული მეომრების, 104 ვაჟკაცს შორის სამი საბჭოთა კავშირის გმირი იყო. სამწუხაროდ, მირზას სამხედრო წოდება შეცდომით იყო მიწერილი: უფროსი ლეიტენანტის ნაცვლად _ რიგითი.

საჭირო იყო შეცდომის სასწრაფოდ გასწორება. როლანდ ქავთარაძესთან ერთად ბელარუსის რესპუბლიკის ოფიციალური ორგანიზაციების მეშვეობით დავადგინეთ მირზას დაღუპვის ზუსტი თარიღი, ოფიცრის წოდება _ კაპიტანი და თანამდებობა _ სატანკო ბატალიონის მეთაური.

როცა ბელარუსში ჩვენგან შეიტყვეს, რომ 2017 წლის 2 მარტს მირზა გელოვანის დაბადებიდან 100 წელი სარულდებოდა, ადგილობრივმა ხელისუფლებამ არა მხოლოდ ეს შეცდომა გაასწორა, არამედ დიდი მუშაობა გასწია პოეტის საფლავის კეთილმოსაწყობად, თუმცა მოვლა და ყურადღება არც უწინ აკლდა. ძმათა სასაფლაოზე, შესასვლელთან სამმეტრიანი მართლმადიდებლური ჯვარი აღმართეს. საქართველოში კი მეომარი პოეტის იუბილემ ისე უფერულად ჩაიარა, როგორც ბევრმა სხვა რამემ.

ყველა ამ კეთილი საქმის განხორციელება შესაძლებელი შეიქმნა ჩვენი ბელარუსი მეგობრების წყალობით, განსაკუთრებით კი, ბეშენკოვიჩის რაიონის თავმჯდომარის _ ლ.კ. პენკოვსკის; ამავე რაიონის სამხედრო კომისრის, პოდპოლკოვნიკ პ.ვ. პავლოვსკის; ომის ვეტერანების, რჟავკას საშუალო სკოლის კოლექტივისა და ბევრი სხვა კეთილი ბელარუსი ადამიანის დახმარებით.

ჩვენ სხვადასხვა დონეზე დავაყენეთ საკითხი მირზა გელოვანის ცხედრის საქართველოში გადმოსვენების თაობაზე, შევხვდით ბელარუს მწერლებს, მასმედიის, კულტურის ცნობილ წარმომადგენლებს, ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლებს, სასულიერო მოღვაწეებს. ყველგან დიდი სითბოთი და ყურადღებით გვხვდებოდნენ, გვისმენდნენ.

აქვე უნდა აღვნიშნო, რომ მეომართა საფლავები ბელარუსში წარმოდგენილია, როგორც ამ ქვეყნის ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობა. მთავრობა და ხალხი ღირსეულ პატივს მიაგებს სამამულო ომში დაღუპულ გმირებს. და, ალბათ, მართალია ბელარუსის რესპულიკის ვეტერანთა კავშირის ყოფილი თავმჯდომარე, გენერალ-ლეიტენანტი ანატოლი ნოვიკოვი, რომელმაც გვითხრა: “მირზა გელოვანი დღეს როგორც საქართველოს, ისე ბელარუსის შვილია, იგი ჩვენს მოძმე ქვეყნებს თანაბრად ეკუთვნის”…

ბელარუსში ქართული დიასპორის საპატიო თავმჯდომარე როლანდ ქავთარაძესთან ერთად მირზა გელოვანის საფლავზე გვირგვინი მივიტანეთ და საქართველოდან სპეციალურად ჩატანილი “ქინძმარაული” ვაპკურეთ.

ლევან დოლიძე,

საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი

თბილისიმინსკივიტებსკი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here