მთავარი პოლიტიკა მივბაძოთ უნგრეთს!

მივბაძოთ უნგრეთს!

555
გააზიარეთ
მივბაძოთ უნგრეთს!

ქართული ტრადიციული სუფრა, წინასაარევნო შეხვედრა და…. და მეტი არაფერი _ რეალურად, მხოლოდ ეს ორი ადგილი თუ გარემოა, სადაც საქართველოს დემოგრაფიაზე ჩივიან და ვიშვიშებენ ძლიერნი ამა ქვეყნისანი, თორემ, როცა საქმე საქმეზე მიდგება, ხმას არავინ იღებს. მართალია, ამ თემაზე ხმამაღალი განცხადება ცოტა ხნის წინათ პარლამენტარმა ემზარ კვიციანმა გააკეთა, მაგრამ ჯერჯერობით ახალდაფუძნებული ორგანიზაციის რეალურ შედეგებზე საუბარი ძნელია. სამაგიეროდ, ბევრი მოქილიკე გამოჩნდა, აქაოდა, რა დემოგრაფიული ფონდიო და, თუ უკეთესი შეგიძლიათ, ბატონებო, გააკეთეთ, გაგვანათლეთმაგრამ არა, ჩვენ ქილიკში ვართ მაგრები, სუფრასთან ვართ მაგრები, წინასაარჩევნოდ კი კამერების წინ, ცრემლების ღვარღვარის გარდა, ისეთი დაპირებების გაცემაც შეგვიძლია, რომელთა შესრულებაზე, ზრუნვას კი არა, ფიქრსაც აღარ განვაგრძობთ. ჰო, ეს გვჭირს ქართველებს და თანაც ყველაზე არასაჭირო დროს _ გადაშენების პირას რომ ვართ.

არაერთხელ დაგვიწერია, რომ პატრიარქის მოწოდებამ, ყველა ოჯახის მესამე შვილს მე მოვნათლავო, დემოგრაფიული მდგომარეობა უკეთესობისკენ შეცვალა. უფრო ზუსტად, კლება ისეთი კატასტროფული აღარ არის, თორემ მხოლოდ ეს მოწოდება რომ ვერ იმოქმედებდა ერის გადარჩენაზე, იმთავითვე ცხადი იყო. შეიძლება ითქვას, პატრიარქმა, როგორც ერთმა ადამიანმა, თავისი განცხადებით მაქსიმუმი გამოადნო, მაგრამ საშველი ესეც არაა. საშველი საკანონმდებლო სისტემაა, რომელიც, უბრალოდ, არ გვაქვს და, ვისაც ჰგონია, რომ ამის გაკეთება ურთულესია და დროს მოითხოვს, ცდება.

2017 წლის აღწერით, უნგრეთში თითქმის 10 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. მათგან 83,7%, ანუ უმრავლესობა უნგრელები არიან, 3,1% _ ბოშები, 1,3% _ მეორე მსოფლიო ომის დროს დარჩენილი გერმანელები, დანარჩენი ერების რაოდენობა კი ისე მცირეა, პროცენტულად არც კი ითვლიან. ამის მიუხედავად, პრემიერმინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ მის ქვეყანას დემოგრაფიული კუთხით სერიოზული პრობლემა აქვს. ორბანმა სიტყვას საქმეც მოაყოლა და შვიდპუნქტიანი გეგმაც წარმოადგინა. ამ გეგმის მიხედვით, ახალშექმნილ უნგრულ ოჯახებს 36 ათასი დოლარის უპროცენტო სესხის აღება შეეძლებათ (ეს ის არის, უფასო ფულს რომ გვპირდებოდნენ ჩვენ), თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ წყვილი მომდევნო ათი წლის განმავლობაში სამშობლოს, სულ ცოტა, სამ შვილს გაუჩენს, სესხი გაუნულდებათ და მას სახელმწიფო გადაიხდის; 4 ან მეტი შვილის გაჩენის შემთხვევაში ოჯახი თავისუფლდება საშემოსავლო გადასახადისგან, ანუ მშობლებს მიეცემათ ის ხელფასი, რომელიც გამოწერილი ექნებათ, და უნგრეთის საგადასახადო 20%-ს აღარ დაუკავებს.

დასავლეთის აზრით, ყველა დაკარგულ ბავშვზე ერთი მიგრანტი უნდა შემოვიდეს და ყველაფერი კარგად იქნება. უნგრელი ხალხი სხვაგვარად ფიქრობს: ჩვენ არ გვჭირდება ციფრები, ჩვენ უნგრელი ბავშვები გვჭირდება. ეს არის გზა ქვეყნის მომავლის დასაცავად”, _ განაცხადა ორბანმა.

ციფრების მიხედვით კი, უნგრეთის მოსახლეობა ყოველწლიურად დაახლებით 32 ათასი ადამიანით მცირდება და ორბანმაც განგაშის ზარებიც ამიტომ დაარისხა.

სხვათა შორის, იმავე უნგრეთში მოსახლეობის აღწერა 2011 წელს უცხოურ ორგანიზაციას დაუკვეთეს, 2014-სა და 2017-ში კი თვითონ ჩაატარეს, რადგან უცხოელებს ბოლომდე არ დაუჯერეს და სწორედ მაშინ დაადგინეს ეს სტატისტიკაც. სწორედ ამის შემდეგ გადაწყდა მთავრობის მიერ შობადობის მოსამატებლად გეგმის შემუშავება და შედეგი აუცილებლად იქნება. თავად განსაჯეთ, საქართველოში ანალოგიური რამ რომ გაკეთდეს, რამდენი ოჯახი შეიქმნება თუნდაც უპროცენტო სესხის ხიბლით (გაჭირვების გამო შეყვარებულები ვერ ქორწინდებიან) და რამდენი ახალშექმნილი ოჯახი იფიქრებს სამ შვილზე, რათა ამ აღებული ფულით მომავალი მოიწყონ და შვილების გარანტიით სესხის დაბრუნებაზე აღარ იფიქრონ. რაც მთავარია, ორბანი მსოფლიოს გასაგონად ამბობს, რომ ამ ყველაფერს უნგრელი მოსახლეობისთვის აკეთებს და ჯერჯერობით ის შოვინიზმში არავის დაუდანაშაულებია. თუ დაადანაშაულებენ, ეჭვი გვაქვს, დიდად არ იდარდებს და ამის გამო არც უნგრელები გაკიცხავენ, არ ეტყვიან: როგორ გაბედე და ქვეყნის მომავალზე როგორ ფიქრობო.

ჩვენ კი, შობადობის გაზრდა კი არა, უცხოელებს რამე რომ არ ეწყინოთ, აგერ, აჭარის მთავრობამ 20 მილიონი აპატია იმ უცხოტომელებს, რომლებმაც საქართველოში ინვესტიციები ჩადეს, მაგრამ მათივე უნიათობის გამო აღებული ვალდებულება ვერ შეასრულეს და შედეგად მილიონობით ჯარიმა დაუგროვდათ. აბა, დაძაბეთ გონება და გაიხსენეთ, რამდენ ქართველს აპატიეს 20 მილიონი? მხოლოდ იმას თუ გავიხსენებთ, რომ წინასაარჩევნოდ ხელისუფლებამ ორიათასლარიანი სესხები გაუნულა მოსახლეობას.

ეგ კიდევ არაფერი _ გასულ კვირას სამსახურიდან ვინმე ლიკა კასრაძე გაათავისუფლეს. ეს “ვინმე” კი სამი თვის ორსულია, შინ კიდევ ერთი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს და, იმის მიუხედავად, რომ ფურცელზე კანონი იცავს, რომლის მიხედვით ორსულს სამსახურიდან ვერ გაათავისუფლებენ, მაინც გაუშვეს.

საერთაშორისო ორგანიზაციის კვლევით, საქართველო იმ ქვეყნების რიცხვშია, რომელთა აბორიგენ მოსახლეობასაც, ანუ ქართველებს, გადაშენების საფრთხე ემუქრება. კვლევაში წერია, რომ ამ ტემპით გაგრძელების შემთხვევაში, 2050 წელს საქართველოში ადგილობრივი მოსახლეობა უმცირესობაში იქნება, ანუ ქართველები ვიქნებით უცხოელებზე ნაკლები. რას მოგვიტანს ეს? პირველ რიგში, იმას, რომ უცხოტომელებს ენდომებათ, საკანონმდებლო ორგანოში რაც შეიძლება მეტი წარმომადგენელი ჰყავდეთ და, რადგან ისინი უმრავლესობაში იქნებიან, მოთხოვნაც ლეგიტიმური იქნება. როგორ გგონიათ, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ისინი ქართველებისთვის სასარგებლო კანონებს მიიღებენ თუ თავად შეეცდებიან ქვეყანა საბოლოოდ გადაიფორმონ და ჩვენ ყველა უფლება შეგვიზღუდონ? თუ უცხოელების გულმოწყალების იმედად ვართ, იმის იმედად, რომ ზუსტად ისე დაგვინდობენ, როგორც ჩვენ ვინდობთ და ზუსტად ისეთ სასათბურე პირობებს შეგვიქმნიან, როგორშიც ჩვენ გვყავს? არა, ბატონებო, პირველივე შესაძლებლობის შემთხვევაში, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, დაგვიმონებენ და საშვილიშვილოდ ჩაგვარტყამენ თავში. მერე ვერც ბახტრიონის აჯანყება გვიშველის და ვერც რუის-ურბნისის საეკლესიო კრება, რადგან ახლა სხვა რეალობაა მსოფლიოში და ერების დამონება-გადაგვარებაც სხვაგვარად ხდება, ანუ ზუსტად ისე, როგორც ჩვენ გვიპირებენ.

ამ პირობებში, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან უცნაური იყო განათლების მინისტრის მორიგი შედევრი. მიხეილ ბატიაშვილმა ჩინეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან შეხვედრისას ხელი მოაწერა მემორანდუმს, რომლის მიხედვით, ქართულ სკოლებში ჩინური ენის შესწავლა დაიწყება. ბატიაშვილის განცხადებით, ეს ხელს შეუწყობს ქართველ ახალგაზრდებს, საქართველოს ერთ-ერთ მთავარ ეკონომიკურ პარტნიორთან ურთიერთობა დაამყაროს და ბიზნესპროექტები განახორციელოს. აღნიშნული მემორანდუმი, ყველაფერთან ერთად, იმასაც ნიშნავს, რომ საქართველოში ჩინელი მასწავლებლების მთელი არმია ჩამობარგდება და, რაც მთავარია, ჩვენი ბიუჯეტიდან მათ ხელფასსაც გადავუხდით, საცხოვრებელ პირობებსაც შევუქმნით და ეს მაშინ, როცა საქართველოს ათასობით მოქალაქეს არც სამსახური აქვს და არც ადამიანური პირობები.

სიმართლე გითხრათ, სათვალავი აგვერია, მერამდენედ გვიწევს ამ პრობლემაზე წერა, მაგრამ პირველი შემთხვევაა, როცა კონკრეტული წინადადება გვაქვს. უფრო ზუსტად კი, უნგრეთის მაგალითი, ქვეყნისა, რომელიც ეკონომიკის მხრივ არც გერმანიაა და არც საფრანგეთი. ევროპის საშუალოზე დაბალი დონის სახელმწიფოა, მაგრამ ამის მიუხედავად, ადგილობრივმა ხელისუფლებამ გამონახა სახსრები და, ზემოთ თქმული დაპირებების გარდა, ქვეყნის მასშტაბით დამატებით 21 ათასი საბავშვო ბაღის მშენებლობის პირობა დადო, რადგან უნგრელები დარწმუნებულნი არიან, რომ ინიციატივას მოსახლეობა აჰყვება არა მხოლოდ მატერიალური თვალსაზრისით, არამედ პატრიოტული სულისკვეთებითაც.

ასპროცენტიანი სიზუსტით შეგვიძლია გითხრათ, რომ იგივე ინიციატივა საქართველოში არა მხოლოდ შობადობის ბუმს გამოიწვევს, არამედ ინფრასტრუქტურაც განვითარდება, რადგან ახალშექმნილ ოჯახებზე გაცემულ თანხას დახარჯვა უნდა და ნაწილი ბიზნესში ჩაიდება, ნაწილი სახლების შესაძენად წავა. ორივე შემთხვევაში ეკონომიკა ამოძრავდება და, რაც მთავარია, ყველა ოჯახს სტიმული ექნება, რომ აღნიშნული თანხა ბავშვების მეშვეობით შეინარჩუნოს. რეალურად, სახელმწიფოს ერთი ქართველი ბავშვი 12 ათასი დოლარი დაუჯდება.

სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში წლიურად 50-55 ათასი ბავშვი იბადება. თუ ქართველებზე ვისაუბრებთ, მათგან 45 ათასი (საუკეთესო შემთხვევაში) ქართველი იქნება და სახელმწიფოს ეს ყველაფერი 540 მილიონი დაუჯდება, ანუ იმაზე ნაკლები, რამდენიც წინა წელს ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ვერ დახარჯა და ბიუჯეტში მორჩა. გვერწმუნეთ, ამ ინიციატივის განხორციელების შემთხვევაში, იმ სავარძლებსაც უფრო მარტივად შეინარჩუნებთ, ასე ძალიან რომ ებღაუჭებით, და ქვეყანასაც ეშველება. იმასაც გეტყვით, რომ აღნიშნული ინიციატივის შემდეგ შობადობა მოიმატებს და შესაძლოა, მეტის გადახდა მოგიწიოთ, მაგრამ გვერწმუნეთ, თქვენ მიერ გაღებული თანხა ისევ საქართველოში დატრიალდება, ისევ აქ ჩაიდება და ისევ ბიუჯეტს დაუბრუნდება. უბრალოდ, ხალხი ამოისუნთქავს და უფულობის გამო ოჯახის შექმნაზე უარს არ იტყვის.

ბესო ბარბაქაძე

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here