მთავარი ყვითელი გვერდი მეცნიერებმა ჩინეთში ფრინველის ბუმბულიანი დინოზავრის ნეშტის ნაწილები აღმოაჩინეს

მეცნიერებმა ჩინეთში ფრინველის ბუმბულიანი დინოზავრის ნეშტის ნაწილები აღმოაჩინეს

1949
გააზიარეთ
ნეშტი

პალეონტოლოგებმა ჩინეთის ჩრდილოეთში ერთმეტრიანი დინოზავრის ნარჩენები აღმოაჩინეს, რომელსაც ბუმბულიანი სხეული ჰქონია, სავარაუდოდ, მას ფრენა შეეძლო. მეცნიერებმა მისი აღწერა ჟურნალ Nature Communicationsში გამოაქვეყნეს.

უძველესი სოფლის _ ბაიცაი-გოუს შემოგარენში ცარცული პერიოდის შესწავლისას, რომელიც 125 მილიონი წლის წინათ ჩამოყალიბდა, მეცნიერები წააწყდნენ აქამდე უცნობი დიდი ფრთიანი დინოზავრის ნაშთს, რომელიც ეკუთვნის ტროოდონებს _ საშუალო ზომის მტაცებელი დინოზავრების რიგს, რომლებიც ფრინველების უახლოესი ნათესავები არიან. მისი სიგრძე დაახლოებით 1 მეტრს შეადგენდა, თუ ბუმბულის კუდს არ ჩავთვლით, ხოლო წონა _ დაახლოებით სამ კილოგრამს.

ეს არსება, თუ მისი სხეულის შემორჩენილი რბილი ქსოვილებითა და ბუმბულით ვიმსჯელებთ, უფრო მეტად ჰგავდა დიდ ფრინველს, ვიდრე ტიპურ დინოზავრს. მას ჰქონდა დიდი, ფუმფულა კუდი, ლამაზი ფრთები, ხოლო მთელი მისი სხეული ნაზი ბუმბულით იყო შემოსილი. ფრინველებისგან ის განსხვავდებოდა დაკუნთული სხეულითა და ბასრკბილებიანი პირის ღრუთი.

მეცნიერებმა ამ არსებას Jianianhualong tengi უწოდეს პალეონტოლოგ ფანფან ტენგისა და კომპანია “ციანიანხუას” პატივისცემის ნიშნად, რომელმაც გათხრები დაასპონსორა.

როგორც მეცნიერები აღნიშნავენ, Jianianhualong tengi -ს ფრთებმა, შესაძლოა, მნიშვნელოვნად შეცვალოს ჩვენი წარმოდგენა იმაზე, თუ რამდენად სწრაფად განუვითარდა ფრთები ფრინველების წინაპრებს.

ყველაფერი ერთი უბრალო კითხვის პასუხზეა დამოკიდებული: Jianianhualong tengi იყენებდა თუ არა ფრთებს ფრენისთვის?

სავსებით შესაძლებელია, რომ ის ვერ დაფრინავდა და ფრთებსა და კუდს იყენებდა იმისათვის, რომ ხიდან და ფერდობებიდან დაშვებისას ვარდნის სიჩქარე შეემცირებინა; ან, შესაძლოა, ფრთები მას მორიგი მსხვერპლის დაჭერაში სიჩქარის ასაკრებად ან დამუხრუჭებაში ეხმარებოდა. “აეროდინამიკური” ფრთებიანი დინოზავრების შესწავლა, როგორც მეცნიერები თვლიან, ამ კითხვას პასუხს გასცემს.

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here