Home რუბრიკები ისტორია მედალი #437715

მედალი #437715

1431
სერგო ტაბაღუა

ქალაქ ბათუმის მკვიდრი, ბატონი სერგო თეოფანეს ძე ტაბაღუა 92 წლისაა, ისტორიკოსი. ამაყობს შრომისმოყვარე შვილიშვილებით, ხარობს შვილთაშვილებით. ჩვენ კი, ყველანი, ვამაყობთ ბატონი სერგოთი _ დიდი სამამულო ომის ვეტერანით, ბერლინის შტურმის უშუალო მონაწილით. მის გარდა დღეს საქართველოში სხვა არავინაა ცოცხალი, ვინც 1945 წლის გაზაფხულზე ბერლინი აიღო.

2017 წლის 11 ივნისს ბატონ სერგოს დიდი ხნის სურვილი აუსრულდა _ დაუბრუნდა მისთვის უძვირფასესი ჯილდო, ბერლინის შტურმში მონაწილეობისთვის მიღებული მედალი ?437715, რომელიც მან ბათუმში ერთ-ერთი წყალდიდობისას დაკარგა. დიდი სამამულო ომის ვეტერანს ეს დანაკარგი წლების განმავლობაში მოსვენებას არ აძლევდა. სამართალდამცველებმა მედალი ვერ იპოვეს, ქართულ სახელმწიფოს კი არ აქვს იურიდიული საშუალება, დაამზადოს დიდი სამამულო ომის ჯილდოების ასლები.

სერგო ტაბაღუა
სერგო ტაბაღუა

ერთ მშვენიერ დღეს ვეტერანმა თავის მეზობელს, ბატონ სოსო ქორიძეს მიმართა, რუსეთის ფედერაციის ოფიციალური სტრუქტურებისთვის ეთხოვა დახმარება. პროფესიით იურისტი სოსო ქორიძე, დიდი ხანია, რუსულ-ქართული ურთიერთობების საკითხებზე პრაქტიკულად მუშაობს, მონაწილეობს ევრაზიის ინსტიტუტის მიერ დაგეგმილ ყველა ღონისძიებაში, რომლებიც კი აჭარის ტერიტორიაზე ტარდება. შესაბამისად, მან ევრაზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელ გულბაათ რცხილაძეს გააცნო ვეტერანის თხოვნა, რომელიც დაუყოვნებლივ გადაეგზავნა საქართველოში რუსეთის ინტერესების სექციის ხელმძღვანელობას.

გარკვეული იურიდიული პროცედურების შემდეგ, რომელთა მოგვარებას არაერთი თვე დასჭირდა, რუსეთის ფედერაციამ არსებული უტყუარი დოკუმენტაციის საფუძველზე დაამზადა მედლის ასლი და საქართველოში გამოგზავნა. რუსეთის ფედერაციის ინტერესების სექციის ახალდანიშნულმა ხელმძღვანელმა, ბატონმა ევგენი კონიშევმა პირადად ისურვა ვეტერანის მონახულება და მისთვის ესოდენ ძვირფასი ჯილდოს დაბრუნება. “მამაჩემიც დიდი სამამულო ომის მონაწილე იყო, ეს ჩემთვის წმინდა საქმეა, მე პირადად მინდა, ჯილდო დავუბრუნო ომის ვეტერანს”, _ უთხრა მან გულბაათ რცხილაძეს. ბატონი კონიშევი, მეუღლესთან ერთად, ბათუმს ესტუმრა და მოინახულა ჩვენი საამაყო ვეტერანი. ბატონი სერგო ბედნიერია, რომ მის მკერდს კვლავ ამშვენებს ბერლინის შტურმისთვის მიღებული მედალი ნომრით “437715”.

სერგო ტაბაღუა

ამ შეხვედრის ორგანიზებისათვის ჩვენი ორგანიზაციის სახელით მადლობას ვუხდით რუსეთის ინტერესთა სექციას და პირადად მის ხელმძღვანელ ევგენი კონიშევს, რა თქმა უნდა, ბატონ სოსო ქორიძეს, აგრეთვე, ბატონ დავით ჯიჯავაძეს _ ვეტერანთა გაერთიანების ბათუმის ფილიალის ხელმძღვანელს.

ბატონ სერგო ტაბაღუას კი, რომელიც აქტიურ ცხოვრებასა და მუშაობას განაგრძობს, ვუსურვებთ, კიდევ მრავალი წლის განმავლობაში ემოღვაწეოს და მაგალითი მისცეს ახალგაზრდა თაობებს.

სერგო ტაბაღუა
სერგო ტაბაღუა

ევრაზიის ინსტიტუტის პრესსამსახური

ბიოგრაფიული ცნობა: სერგო ტაბაღუა დაიბადა 1925 წელს. 1942 წლის დეკემბერში გაიწვიეს წითელი არმიის რიგებში, 734- საზენიტოსაარტილერიო პოლკში. 1941 წლის 16 აგვისტოდან 1945 წლის 9 მაისამდე ეს პოლკი მოქმედი არმიის შემადგენლობაში შედიოდა. სერგო ტაბაღუა აქტიურად მონაწილეობდა კავკასიისთვის, ყირიმისთვის (ქერჩი, სევასტოპოლი), ვიტებსკისთვის, პოზნანისთვის (პოლონეთი) ბრძოლებში, აგრეთვე, მდინარე ოდერის ფორსირებაში. 1945 წლის 16 აპრილიდან კი უკვე ბერლინის შტურმში მონაწილეობდა. 1946 წლის ივლისამდე ბერლინის გარნიზონში მსახურობდა. დაჯილდოებულია სხვადასხვა ორდენითა და მედლით. არის ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, გამოსცა 32 წიგნი სამხედროპატრიოტულ თემატიკაზე. პირადად მისთვის ყველაზე ძვირფასია მედალი #437715 “ბერლინის გმირული შტურმისა და აღებისთვის”.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here