Home რუბრიკები ისტორია კურსკის ბრძოლა _ ყველაზე მასშტაბური სატანკო შეტაკება კაცობრიობის ისტორიაში

კურსკის ბრძოლა _ ყველაზე მასშტაბური სატანკო შეტაკება კაცობრიობის ისტორიაში

4176
კურსკის ბრძოლა

მეორე მსოფლიო ომი ყველაზე დიდი და სისხლისმღვრელია ომების ისტორიაში. ამ ომმა ყველაზე დიდი ზარალი გამოიწვია როგორც ადამიანური, ისე ეკონომიკური და ტექნიკური დანაკარგების თვალსაზრისით. ამ ყველაზე სისხლისმღვრელ ომში უსაშინელესი შედეგებით გამოირჩვა ათი ბრძოლა, რომელთა მსგავსიც არ ახსოვს კაცობრიობის ისტორიას.

ადამიანის სიცოცხლე ფასდაუდებელი და აუნაზღაურებელია მისთვის, ვინც თავის ადამიანურ დანაკარგებს ითვლის, მაგრამ სხვისი (მტრის) დანაკარგების დათვლაში ადამიანური ცოტა რამ ურევია, ის მხოლოდ მშრალი სტატისტიკაა. გვიახლოვდება დედამიწაზე ყველაზე სისხლისმღვრელი ომის მსხვერპლთა მოგონების დღე _ 9 მაისი, რომელიც ჩვენთვის დიდებისა და ზეიმის დღეა, სხვისთვის კი _ გლოვის, დამარცხებისა და დანაკარგების დათვლის.

გადავხედოთ იმ ათ ყველაზე სისხლიან ბრძოლებს, რომლებმაც მილიონობით ადამიანთა სიცოცხლე შეიწირა:

1. სტალინგრადის ბრძოლა (17.07 1942 წ. _ 02.02 1943 წ.). საბჭოთა კავშირიდან დაიღუპა 1 130 000 ადამიანი, გერმანიისა და მისი მოკავშირეების მხრიდან _ 1 500 000 ადამიანი; 2. მოსკოვისთვის ბრძოლა (30.09 1941 წელი _ 20.04 1942 წელი). საბჭოთა კავშირი _ 937 000 ადამიანი, გერმანია _ 582 000 ადამიანი; 3. კიევისთვის ბრძოლა (17.07 1941 წ. _ 13.10 1943 წ.), საბჭოთა კავშირი – 628 000 ადამიანი, გერმანია _ 120 000 ადამიანი; 4. ბრძოლა დნეპრისათვის (26.08 1943წ. – 23.12 1943წ.), საბჭოთა კავშირი _ 417 000 ადამიანი, გერმანია _ 400 000; 5. კურსკის ბრძოლა (05.07 1943წ. _ 23.08 1943წ.), საბჭოთა კავშირი _ 254 000 ადამიანი, გერმანია _ 500 000 ადამიანი; 6. ოპერაციაბაგრატიონი(23.06 1944 წ. _ 29.08 1944 წ.). საბჭოთა კავშირი _ 178 000, გერმანია _ 555 000 ათასი; 7. ვისლაოდერისთვის ბრძოლა (1945 წ 12.01. 1945 წ. _ 03.02 1945წ.). საბჭოთა კავშირი _ 43 000 ადამიანი, გერმანია 480 000 ათასი ადამიანი; 8. ბრძოლა ბერლინისთვის (16.04 1945 წ. – 08.05 1945წ.). საბჭოთა კავშირი _ 81 000, გემანია _ 400 000; 9. ბრძოლა მონტეკასინოსთან (17.01. 1944 წ. _ 19.03. 1944 წ.). აშშ და მოკავშირეები _ 100 000 ადამიანი, გერმანია – 20 000; 10. ბრძოლა ივოძიმასთვის (19.02 1945 წ. _ 28.03. 1945 წ.). აშშ _ 8 000, იაპონია _ 22 000.

ბერლინში სტალინგრადთან დამარცხების გლოვის დღეები დასრულდა. ფელდმარშალი პაულიუსი, “ჩასვენებული” მდიდრულ კუბოში, რომელზეც ჰიტლერმა გამოთხოვებისას ბრილიანტებით შემკული ხმალი დადო, სამარეში დიდებით ჩაუშვეს.

ჰიტლერმა, რადგან მოსკოვისა და სტალინგრადის აღებაში მას გენერალი “ტალახი” და გენერლი “ზამთარი” უშლიდნენ ხელს, გადაწყვიტა, აუტალახებელ კურსკის ველზე გაეტეხა წელში წითელი არმია და შეადგინა სწრაფი თავდასხმისა და განადგურების გეგმა “ციტადელი”, რომელიც 5 ივლისს უნდა დაწყებულიყო. ჰიტლერის ამ გეგმას კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა სატანკო ბრძოლების გამოცდილი სპეციალისტი ჰაინც გუდერიანი, რომელიც უმტკიცებდა ჰიტლერს, რომ ამას მოჰყვებოდა გერმანული სატანკო შეიარაღების აუნაზღაურებელი დანაკარგი, რომელსაც ვეღარ შეავსებდნენ. ამ მოსაზრებას იზიარებდა გენერალი ვალტერ მოდელიც.

ჰიტლერმა “პოლიტიკური მოსაზრებებით” გეგმა “ციტადელი” უცვლელი დატოვა.

1943 წლის 5 ივლისს კურსკთან თავი მოიყარა გერმანელთა 900-ათასიანმა არმიამ 2700 ტანკით, 1200 თვითმფრინავითა და ამდენივე საველე ქვემეხით. სტალინს დაზვერვისგან მიღებული ჰქონდა დაშიფრული ტელეგრამა შეტევის დაწყების ზუსტი თარიღის შესახებ, ამიტომ, მისი უშუალო განკარგულებით, 2 000 000 ჯარისკაცი 8000 ტანკსაწინააღმდეგო დანადგარით, 3600 ტანკითა და 4000 თვითმფრინავით კურსკის რკალზე განლაგდა.

5 ივლისს ვერმახტმა საბჭოთა პოზიციების საარტილერიო დაბობმვა დაიწყო. საბჭოთა ჯარებმა სტრატეგიული თვალსაზრისით უკან დაიხიეს და დადევნებული გერმანული ჯარები რკალში მოიქციეს. მცირე ხნის განმავლობაში გაანადგურეს 20 000 ფაშისტი ჯარისკაცი. ჰიტლერის ბრძანებით გერმანიის ჯარის ნაწილებმა უკან დახევა დაიწყეს, მაგრამ ბრძოლებს განაგრძობდნენ.

1943 წლის 5 ივლისს დაიწყო უდიდესი სატანკო ბრძოლა, რომელსაც მსოფლიო ომების ისტორიაში ანალოგი არ მოეპოვება. ორივე მხრიდან ბრძოლაში მონაწილეობდა 5000-მდე ტანკი, 5000-მდე თვითმფრინავი, 3 000 000 ჯარისკაცი. ბრძოლის შედეგად ცა ქუხდა, მიწა გრგვინავდა. კურსკის ბრძოლა იქცა ნამდვილ ჯოჯოხეთად, რომელშიც ერთმანეთს ეჯახებოდა ციდან ჩამოყრილი ჭურვები და დედამიწიდან ჰაერში ატყორცნილი ტანკების ჯავშნის უზარმაზარი ნაგლეჯები. ტანკების პირდაპირი დაჯახების გამაყრუებელ ხმაურში დაკარგული იყო ადამიანურობის ყველანაირი ნიშანი. იქ მხოლოდ გამაყრუებელი აფეთქების ხმა ისმოდა, თითქოს ამ ყველაფრის გამომწვევი ადამიანი არ ყოფილიყო. გამაოგნებელმა საარტილერიო მეხთატეხამ ვერმახტის საუკეთესო ნაწილები სასოწარკვეთილებაში ჩააგდო და არაორგანიზებულად უკან დახევა დაიწყეს. საბჭოთა მეომრებმა იცოდნენ, რა ხაფანგიც დაუგეს მოწინააღმდეგეს და, როცა იგრძნეს მტერზე დიდი უპირატესობა, გააფთრებული მეომრები მომხდურთ უკანასკნელ თავშესაფრამდე მისდევდნენ.

კურსკის ბრძოლა 50 დღის განმავლობაში გრძელდებოდა, გერმანელებმა დაკარგეს 30 დივიზია 500 000 ჯარისკაცით. საბჭოთა ავიაცია უკვე ბატონობდა მთელ საჰაერო სივრცეზე. ნიურნბერგის პროცესზე, როდესაც საჭირო ხდებოდა ბრძოლების ზოგიერთი მომენტის განხილვა, ერთი ასეთი განხილვისას ვერმახტის უმაღლესი მთავარსარდლობის ოპერატიულმა ხელმძღვანელმა ალფრედ იოდლმა განაცხადა: “როდესაც კურსკის ოპერაციის გეგმაციტადელსვადგენდით და ვიხილავდით, ვიმედოვნებდით, რომ მოულოდნელობის ეფექტით იმუშავებდა ბრძოლის დაწყების მომენტში, მაგრამ, როგორც ირკვევა, სანამ მას ფიურერი ხელს მოაწერდა, მანამდე ის სტალინს ედო მაგიდაზე და შემხვედრ გეგმას ადგენდა და ამუშავებდა”.

ავტორი წიგნისა “სტალინი ბოროტი გენია” ნიკილოზ ცვეტოვი, კურსკის ბრძოლებში სტალინის გენიალურობით დაბრმავებული, ბოროტად აცხადებს, რომ სტალინი ბრძოლის სტრატეგიას ჟუკოვისა და ვასილევსკის თავებზე გავლით ამუშავებდა. არადა, სწორედ კურსკში მისწერა სტალინმა დაშიფრული ტელეგრამა ვასილევსკის: თუ კიდევ დააგვიანებ შტაბში ცნობის გადმოცემას, თანამდებობიდან მოგხსნი და ზურგში გადაგიყვან სამუშაოდ”.

როგორც უცხოური საარქივო მასალებიდან ირკვევა, ომის ნამდვილი ისტორია ჩვენ არ გვაქვს, გარდა იმ “მონადირე” მემუარისტების ნაამბობისა, რომლებიც მდარე ლიტერატურული ნაწარმოებებია მხოლოდ.

1942 წელს, სტალინის ბრძანებით, გენერალურ შტაბში შეუქმნიათ ცალკე განყოფილება, რომელიც დაკომპლექტებული ყოფილა სამხედრო სპეციალისტებისა და ისტორიკოსებისაგან, რომლებსაც უნდა ჩაეტარებინათ ექსპერტიზა ყველა დიდი ოპერაციისა, სად რა შეცდომა იყო დაშვებული ამა თუ იმ საბრძოლო ოპერაციის განხორციელებისას, რომელიც სახელმძღვანელო იქნებოდა მომავალში მოსალოდნელი ომის შემთხვევაში. კვლევა უნდა ყოფილიყო, როგორც ბრძოლის წარმატებით დასრულების, ასევე წარუმატებლობის შემთხვევაშიც.

კურსკის ბრძოლის სახელობის მემორიალური არკა
კურსკის ბრძოლის სახელობის მემორიალური არკა

ომის ისტორიის დაწერა არ შეიძლება თურმე მხოლოდ ერთი მხარის ხელთ არსებული მასალებით. ომის ისტორია იწერება ომში მონაწილე მხარეთა შორის არსებული მასალების შეჯერებით. ჯერ კიდევ გაურკვეველია, როგორ მოხვდა გერმანიის ყველა საქმე ამერიკელთა ხელში, რომელთა მიღება გერმანელმა ხალხმა გარკვეული წინააღმდეგობის დაძლევის შემდეგ შეძლო და ისიც ასლების სახით. და თუ სხვა ქვეყნის წარმომადგენელს დასჭირდება მათი გამოყენება, ამა თუ იმ დოკუმენტის გასაცნობად საკმაო თანხაა საჭირო. ამიტომაც წუხს საბჭოთა კავშირის გმირი, მწერალი მიხეილ ბულატოვი, რომ ჩვენი სამამულო ომის ისტორია სანახევროდ დაწერილი ისტორიაა. ამის თქმის საშუალება მას მისცა იმან, რომ გარკვეული დროით იმუშავა აშშ-ის არქივის შესაბამის განყოფილებაში. მიხეილ ბულატოვი ამბობს, რომ კურსკის ბრძოლაში გერმანელთა მთავარი დამრტყმელი ძალის, უმსხვილესი სატანკო გაერთიანების სარდალმა, ფელდმარშალმა რომელმა ჰიტლერს ორჯერ განუცხადა უარი არმიის სარდლობაზე, _ ოპერაცია “ცოტადელი” განწირულია და ჩვენ რუსებს ვერ მოვერევითო. ბულატოვის თქმით, გერმანელი მარშლების ჩანაწერებიდან ჩანს, რომ ჰიტლერი ვერ ერკვევა ომის მიმდინარეობაში და დაბნეულია, მაგრამ პრინციპებს არ ცვლის.

სწორედ გერმანულ საარქივო მასალებში ამოიკითხა ბულატოვმა, რომ მხოლოდ კურსკთან ბრძოლის გეგმამ არ გადაწყვიტა საბჭოთ არმიის წარმატება. სტალინმა შორსმჭვრეტელურად გათვალა კურსკამდელი ბრძოლების მნიშვნელობა, მოამზადა სამხედრო ეკონომიკა, განამტკიცა სტალინგრადის გამარჯვების იდეური მხარე და ფრონტს გმირობის სული შთაბერა და სწორედ ამის შემდეგ გადაწყვიტა ორიოლთან მრავალშრიანი დაცვის მოწყობა, რომელიც შეტევის დაწყების წინაპირობა იყო. ასე რომ, სტალინს სააშკარაოზე არ გამოჰქონდა ომის წარმატებისა თუ წარუმატებლობის საკითხები და ხალხს მხოლოდ გამარჯვების ტკბობით ამშვიდებდა, ომზე კინოფილმების ჩვენებაც კი შეზღუდა. მან მითითება მისცა რესპუბლიკებს, რომელი ჟანრის ფილმები უნდა გადაეღოთ ხალხის გასახალისებლად.

სტალინის მოულოდნელი გარდაცვალებისთანავე წაიშალა ყოველივე სტალინისეული, რომლებსაც ახლა გაბნეული მარგალიტებივით აქა-იქ ვეძებთ და ვაგროვებთ, მაგრამ ამას არცთუ დიდი მონდომებით ვაკეთებთ.

გერმანული საარქივო მასალებით ირკვევა, რომ ოპერაცია “ციტადელის” გეგმა, რომელსაც ჰიტლერმა 15 აპრილს მოაწერა ხელი, 12 აპრილს სტალინს თავის მაგიდაზე ედო, რამაც ათქმევინა სიტყვები: “გაფრთხილებული ხარ? _ ესე იგი, შეიარაღებული ხარ”.

გერმანელთა მთავარსარდლობამ იცოდა, რომ ოპერაცია “ციტადელის” შესახებ იცოდა სტალინმაც, მაგრამ ჯაშუშის კვალს ვერაფრით მიაგნეს. თუ ვინ აწვდიდა ჰიტლერის უახლოესი გარემოცვიდან ყველა საიდუმლოებას, რომლებსაც უშუალოდ იღებდა, ეს სტალინმა იმქვეყნად წაიღო. ისე, როგორც ბევრი სხვა რამ…

კურსკის ბრძოლის დაწყება ჰიტლერისთვის უდიდესი რისკის შემცველი იყო. ამ ბრძოლას უნდა მოეწმინდა ნამუსი მსოფლიოში უძლეველად ცნობილი ვერმახტის ჯარებისთვის, რომლებმაც ჯერ მოსკოვთან, ხოლო შემდეგ სტალინგრადთან ტალახში ამოსვარეს უძლეველობის შარავანდედი. სტალინური ბრძოლების მასტერკლასმა განაცვიფრა მსოფლიო, მათ შორის, გერმანული მთავარსარდლობაც.

ჰიტლერი ვარსკვლავთმრიცხველებთან აზუსტებდა ბრძოლის გეგმას, სტალინი კი ბრძოლების სტრატეგიულ რუკებს დღედაღამ ათასფერი ხაზებით ფარავდა. თვითონ ჰიტლერსა და მის მთავარსარდლებსაც კარგად ესმოდათ, რომ მათი ჯარები ისეთი აღარ იყო, როგორიც ომის პირველ დღეებში გამოიყვანეს ბრძოლის ველზე, ხოლო წითელი არმია ორი წლის განმავლობაში საოცრად გაძლიერდა და ბრძოლებისთვის კარგად მოემზადა.

ჰიტლერს სულ სხვა პოლიტიკური ინტერესი ამოძრავებდა, გარდა სამხედრო ინტერესებისა. “კურსკის ბრძოლამ უნდა განაცვიფროს მოსკოვის მისადგომებთან სიცივისგან აკანკალებულ მსოფლიო”, “ჩვენ კურკსთან უნდა გავიმარჯვოთ ძლევამოსილად, ლამაზად, საბჭოეთმა მომავალში ვერასოდეს რომ ვეღარ აღმართოს საბრძოლო დიდების წითელი დროშა”, _ ამბობდა ჰიტლერი.

კურსკთან ვერმახტმა მსოფლიოს დასანახავად გამოიყვანა იმხანად უძლიერესი და უახლესი სატანკო შენაერთები “ტიგრებით”, “პანტერებითა” და “ფერდინანდებით” შეიარაღებული, რომლებიც შიშის ზარს სცემდნენ მსოფლიოს. 1943 წლის ზაფხულის კამპანიის პომპეზურობა ჰიტლერის ყველა გამარჯვების საზეიმო განწყობას აჭარბებდა.

ის პატრიოტიზმი და ჯარისკაცული რუსული სული, რომელიც თითოეულ ჯარისკაცში აანთო სტალინურმა პროპაგანდამ მხოლოდ და მხოლოდ მთავარსარდალმა იცოდა, იცოდა თითოეული არმიის, დივიზიისა თუ ქვედანაყოფის უშუალო მეთაურისაგან. სტალინმა იცოდა, რომ ორიოლთან გაუგონარი ორთაბრძოლა გაიმართებოდა. ძნელია, კალმით ან კინოფილმით აღიწეროს ის მეხთატეხა, რომელიც ერთ დღეს მოხდა, როცა ერთ გარკვეულ მონაკვეთზე მიწაზე ერთმანეთს ეკვეთნენ მოწინააღმდეგეთა ტანკები, ჯარისკაცები, ჰაერში _ თვითმფრინავები. წარმოდგენა შეუძლებელია იმ თავგანწირვისა, რომელსაც ორივე მხარის მებრძოდები იჩენდნენ. ტყვია-წამალშემოლეული ტანკისტები ლუკებიდან ამოდიოდნენ და ხელჩათულ ბრძოლებში ებმებოდნენ. ზოგიერთი მოძველებული საბჭოთა ტანკი ტარანზე მიდიოდა უძლეველ “ტიგრზე” და ორივე ფეთქდებოდა. მეორე მსოფლიო ომის ისტორიაში პირველად მოხდა, რომ გერმანელთა სატანკო შენაერთები საბჭოთა მფრინავებმა ჰაერიდან გაანადგურეს, მანამ, სანამ ბრძოლის ველზე შეიჭრებოდნენ.

რით იყო გაპირობებული ეს არნახული შემართება, როგორც ერთი, ისე მეორე მხრიდან?

“სტალინგრადის ბრძოლა დამთავრდა გერმანელთა 300-ათასიანი არმიის ალყაში მოქცევით, მისი განადგურებითა და გარშემორტყმული ჯარების დაახლოებით 1/3 -ის დატყვევებით. წარმოდგენა რომ ვიქონიოთ ისტორიაში იმ უმაგალითო ხოცვა-ჟლეტის ფარგლებზე, რომელიც სტალინგრადთან დატრიალდა, უნდა ვიცოდეთ, რომ სტალინგრადის ბრძოლის დამთავრების შემდეგ დამარხულ იქნა 147 200 გერმანელი ჯარისკაცი და ოფიცერი და 46 700 საბჭოთა ჯარისკაცი და ოფიცერი. სტალინგრადთან გერმანელი ფაშისტების არმიის მზის ჩასვენება დაიწყო. სტალინგრადთან გამანადგურებელი მარცხის განცდის შემდეგ გერმანელებმა, როგორც ცნობილია, ვეღარ შეძლეს წელში გამართვა.

რაც შეეხება კურსკის ბრძოლას, იგი დასრულდა გერმანელ ფაშისტთა ჯარების ორი ძირითადი შემტევი ჯგუფის განადგურებითა და საბჭოთა ჯარების კონტრშეტევაზე გადასვლით, რომელიც შემდეგ წითელი არმიის მძლავრ შეტევად გადაიქცა. ბრძოლა კურსკზე ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან გერმანელების შეტევით დაიწყო. ეს იყო გერმანელთა უკანასკნელი ცდა, დაეწყოთ ზაფხულის დიდი შეტევა და მისი წარმატების შემთხვევაში აენაზღაურებინათ ის, რაც დაკარგეს სტალინგრადთან. როგორც ცნობილია, გერმანელთა შეტევა მარცხით დასრულდა _ წითელმა არმიამ არა მხოლოდ მოიგერია გერმანელთა შეტევა, არამედ თვითონ გადავიდა შეტევაზე და ზაფხულის პერიოდში თანმიმდევრული დარტყმებით მდინარე დნეპრს გაღმა გადარეკა გერმანელ ფაშისტთა ჯარები.

თუ სტალინგრადთან ბრძოლა გერმანელ ფაშისტთა არმიის მზის ჩასვენებას მოასწავებდა, კურსკთან ბრძოლამ იგი კატასტროფის წინაშე დააყენა”, _ განაცხადა სტალინმა (ნაწყვეტი 1943 წლის 6 ნოემბერს დიდი ოქტომბრის სოციალისტური რევოლუციის 26-ე წლისადმი მიძღვნილ საზეიმო სხდომაზე გამოსვლიდან).

* კურსკის ბრძოლა, რომელმაც მეორე მსოფლიო ომის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა, გინესის წიგნშია შეტანილი, როგორც ყველა დროის ყველაზე მასშტაბური სატანკო დაპირისპირება.

წითელი არმია თავის კეთილშობილურ მისიას ასრულებდა _ იცავდა სამშობლოს, მას თან სდევდა მოსკოვთან გამოჩენილი გმირობა, სტალინგრადის უკვდავი ეპოპეა. საბჭოთა მეომრის ხელში ბრწყინავდა დიდი ბრიტანეთის მეფის _ გიორგი მეექვსის სტალინგრადის გმირი დამცველებისთვის გამოგზავნილი უნიკალური საბრძოლო ხმალი, რომელიც ჩერჩილმა სტალინს მიართვა. ყველა მებრძოლის საბრძოლო ლოზუნგი იყო: სამშობლოსათვის, სტალინისათვის!”. ყველა თვალსაჩინო ადგილზე გამოკრული იყო ლეჩაქმოხდილი დედის შეძახილი: “დედასამშობლო გვიხმობს!”

ჰიტლერულ გერმანიას სდევდა ელვისებური ომის ჩაფუშვა, მოსკოვთან სამარცხვინო დამარცხება, სტალინგრადთან ფელდმარშალ პაულიუსის დატყვევება 300 000-იან არმიასთან ერთად და ეს სამარცხვინო ლაქები უნდა ჩამოერეცხათ კურსკთან, რადაც უნდა დაჯდომოდათ.

კურსკთან სამომავლო ბრძოლამ და ჰიტლერის ტრაბახმა ისე შეაშინა უინსტონ ჩერჩილი, რომ სტალინს შეუფარავად განუცხადა: “შეიძლება ლენდლიზი შევწყვიტოთ, რადგანაც თვითონ დაგვჭირდება იარაღი, დღედღეზე სიცილიაში უნდა გადავსხათ ჯარები”. სტალინმა ჩერჩილს არაფერი უპასუხა, მაგრამ ჟუკოვსა და ვასილევსკის ჩვეულებრივი ტონით გადაულაპარაკა: “ჩვენ მოკავშირეების გარეშეც მოვუვლით ჰიტლერს”.

კურსკის ჯოჯოხეთურ ბრძოლაში გამარჯვებას 227 ქვემეხიდან 24 საარტილერიო ზალპით მიესალმა მოსკოვი 1943 წლის 23 აგვისტოს.

ამ დღიდან 1945 წლის პოტსდამის კონფერენციამდე სტალინი დიპლომატიაზე ლექციებს უკითხავდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ხელმძღვანელებს, რომელიც 1945 წლის შემოდგომაზე ბერლინში, დაბომბვას გადარჩენილ ერთი მემამულის სასახლეში _ ციცელიენჰოფში _ ტრიუმფით დასრულდა.

გრიგოლ ონიანი

1 COMMENT

  1. დიდი მადლობა ბატონო გროგოლ! მინდა წინასწარ მოგილოცოთ 9 მაისი და გისურვოთ ყოველგვარი სიკეთე!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here