მთავარი ისტორია კრწანისის ბრძოლა

კრწანისის ბრძოლა

5984
გააზიარეთ
კრწანისის ბრძოლა, სევერიან მაისაშვილი

მკითხველს შევახსენებთ კრწანისის ბრძოლას, უსასტიკესს გადარჩენისთვის ბრძოლოს გზაზე; ბრძოლას, რომელიც, ქართველთა არნახული თავგანწირვის მიუხედავად, მარცხით დამთავრდა, რადგან საქართველო მარტო აღმოჩნდა იმხანად გაძლიერებული ირანის პირისპირ, რომელსაც თურქეთიც აქეზებდა.

რუსეთმა კი, რომელიც ტრაქტატის პირობების მიხედვით უნდა დაგვხმარებოდა, არაფერი მოიმოქმედა. გავიდა საუკუნეები, ყველას, ვინცსრულად ქართლის მტერნი იყვნენდაყველამ წაჰკრა თითო ქიშტი”, ყველაფერი შევუნდეთ: თბილისის გადაწვა, მოსახლეობის ამოწყვეტა, ქალების, ბავშვებისა და მოხუცების ცოცხლად დაწვა, სიწმინდეების განადგურებასტრატეგიულ და ისტორიულ მეგობრებადაც კი მოვნათლეთ, ფართოდ გავუღეთ ქვეყნის კარი და, რასაც ადრე ცეცხლითა და მახვილით ართმევდა ჩვენს წინაპრებს, ჩვენ საკუთარი ხელით სინით მივართვით _ დედაქალაქის შუაგულში ბორდელები გავახსნევინეთ, ბათუმში მართლმადიდებელი ეკლესიის ზარების ხმა მოლას რუპორით ლოცვით გადავაფარვინეთმაგრამ რუსეთი, რომელმაც, საბოლოო ჯამში, ერის აღგვას პირისაგან მიწისა ხელი შეუშალა, დაუძინებელ მტრად მოვნათლეთ, ხოლო ვინც ამ მოსაზრებას არ ეთანხმება _ ერის მოღალატედ და რუსეთუმედ. არადა, ერის მოღალატე სწორედ ისინი არიან, ვინც შთამომავლობისთვის თვალში ნაცრის შეყრას და ისტორიული სიმართლის დამახინჯებას ცდილობს.

ქართლ-კახეთის სამეფოს საგარეო ურთიერთობა 1790 წლიდან კიდევ უფრო გართულდა. აღა-მაჰმად-ხანმა თავისი ძალაუფლების განმტკიცების შემდეგ ერეკლე II-ს მოსთხოვა ქართლ-კახეთის სამეფოზე სპარსეთის ბატონობის აღდგენა. აქეთკენ აქეზებდა ირანის მმართველს თურქეთიც. რუსეთმა საქართველოს დახმარების ხელი არ გამოუწოდა. აღა მაჰმად ხანმა 1795 წლის ზაფხულში ჯარების შეკრება დაამთავრა და სექტემბრის დასაწყისში 35-ათასიანი ლაშქრით საქართველოსკენ გამოემართა. ერეკლემ კი, ნავარაუდევი 56 000 მებრძოლის ნაცვლად, ომის დასაწყისისთვის მხოლოდ 5 000 მოლაშქრეს მოუყარა თავი, რომელთაგან 3 000 იმერეთის სამეფოდან იყო, მათ იმერეთის მეფე სოლომონ II სარდლობდა.

1795 წლის 8_11 სექტემბერს ქართლ-კახეთისა და სპარსეთის ლაშქარს შორის კრწანისის ველზე ბრძოლა გაიმართა. კრწანისის ბრძოლამ ძალიან დააზიანა აღმოსავლეთი საქართველო.

ქართველთა სარდლობამ გადაწყვიტა, გამოეყენებინა მისადგომების რელიეფი და მტერი იძულებული შეიქნა, ებრძოლა ისეთ პირობებში, რომ ვერ მოეხერხებინა ჭარბი ძალების გაშლა და ბრძოლაში ჩაბმა. ქართველებმა მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩაატარეს, ასევე, თავდაცვითი ზღუდეებისა და პოზიციების შესაქმნელად.

9 სექტემბერს, დილით, ქართველთა ნაწილების დასაზვერად და ხელსაყრელი პოზიციებიდან გამოსატყუებლად ირანელთა ავანგარდი სოღანლუღიდან ორჯერ გადავიდა იერიშზე. ქართველთა მოწინავე რაზმმა მტერი ორჯერვე ახლოს მიუშვა და მოულოდნელი შეტევით უკუაქცია.

10 სექტემბერს სპარსელებმა ჩათვალეს, რომ სოღანლუღის მხრიდან ვიწრო საქარავნე გზით წასვლა თბილისისკენ რთული იქნებოდა და ამიტომ, სომეხი მელიქების რჩევით, გადაწყვიტეს თელეთიდან შინდის-ტაბახმელისკენ ასვლა, იქიდან კი კრწანისის ველზე დაშვება, საიდანაც სეიდაბადის გავლით იოლად მიადგებოდნენ თბილისს. მტრის რაზმმა (3-4 ათასი კაცი) მძლავრად შეუტია ქართველთა გამაგრებულ ხაზს ტაბახმელასა და შინდისს შორის.

ერეკლეს ბრძანებით, 10 სექტემბერს ბრძოლას დავით ბატონიშვილი სარდლობდა. მისი რაზმი და არტილერია თაბორის ქედის სამხრეთ ფერდობებთან, შინდისის მიდამოებში, განლაგდა და მიზანში თელეთის ქედის ჩრდილოეთ ფერდობები ამოიღო, რადგან მტერი აქედან უნდა დაშვებულიყო კრწანისის ველისაკენ. კრწანისის ველის მიდამოებში (დაახლოებით იქ, სადაც ახლა ე.წ. სამთავრობო აგარაკები, ოფთალმოლოგიური კლინიკა და სასჯელაღსრულებითი დაწესებულებებია), მოხერხებულად განლაგდნენ ოთარ ამილახვრის, იოანე მუხრანბატონის, ზაქარია ანდრონიკაშვილის რაზმები, იმერელთა რაზმი ზურაბ წერეთლის მეთაურობით. ერეკლე თავისი მებრძოლებით სეიდაბადის ბოლოს, კრწანისის ველის განაპირას იდგა. როდესაც მტერმა თელეთის ქედზე გადმოსვლა დაიწყო, დავითმა მათ მეწინავე რაზმებს ზარბაზნებიდან ცეცხლი გაუხსნა და რამდენიმეჯერ უკუაქცია, მაგრამ სპარსელებს ახალი, დასვენებული დიდი ძალა ემატებოდა თელეთის ქედის მეორე მხრიდან.

ბოლოს 75 წლის ერეკლემ ბაირაღი აიტაცა, იშიშვლა ხმალი და მომხდური მტრის რაზმების შუაგულში შევარდა. მას შვილიშვილი სოლომონ მეორეც მიჰყვა. მეფეების თავგანწირვით აღფრთოვანებული ქართველები ლომებად იქცნენ და საღამოსთვის მრავალრიცხოვან მტერს დიდი დანაკარგით უკან დაახევინეს. მათი განახევრებული რაზმები თელეთის ქედის მეორე მხარეს, მათი ბანაკისკენ გადადევნეს. 10 სექტემბერს ქართველები გამარჯვებული მობრუნდნენ თბილისში.

აღა-მაჰმად-ხანი თურმე გაბრუნებას აპირებდა, მაგრამ ღამით ციხიდან მოღალატეთა ხელშეწყობით გაპარულმა სპარსელთა ჯაშუშმა დაარწმუნა ქართველთა სისუსტეში, თუმცა ამ მოსაზრებას ბევრი ისტორიკოსი არ იზიარებს.

აღა-მაჰმად-ხანმა თავისი ჯარი 14 ნაწილად დაჰყო. მისი ჯარი, წინა დღის მარცხის მიუხედავად, რაოდენობრივად 6-ჯერ თუ 7-ჯერ მეტი იყო ქართველთა ჯარზე. შაჰმა თავის ჯარს უკან 6 ათასი თურქმენი ჩაუყენა და უბრძანა _ უკანდახეული სპარსელი მებრძოლები იქვე დაეხოცათ.

11 სექტემბერს, დილის 7 საათზე, ირანელთა ლაშქარი მტკვარ-შავნაბადის ვიწროებით თბილისისკენ დაიძრა და საათ-ნახევრის შემდეგ ქართველთა საბრძოლო დაცვის პირველ პოზიციებს შეუტია. ამ დღეს ქართველთა ჯარს ერეკლე სარდლობდა. დაცვის მარჯვენა ფრთაზე, შინდის-ტაბახმელადან გადმოსასვლელ გზებზე მდგარ ჯარს დავით ბატონიშვილი მეთაურობდა, მეწინავე რაზმს იოანე ბატონიშვილი ჩაუდგა სათავეში. მტკვრის მარჯვენა სანაპიროს მიდამოებში განლაგებულ ქართველთა მარცხენა ფრთას იოანე მუხრანბატონი უფროსობდა. თვით ერეკლე, ბრძოლის საერთო ხელმძღვანელობის გარდა, იცავდა სეიდაბადისკენ მიმავალ ცენტრალურ გზას. ის თავისი რაზმით შემაღლებულ ადგილზე დადგა. ოთარ ამილახვრისა და ვახტანგ ბატონიშვილის რაზმები, როგორც სარეზერვო, თავისთან ახლოს იახლა მეფემ. იმერელთა ათასკაციანი რაზმი ერეკლესგან მარჯვნივ განლაგდა, ხოლო 500 იმერელი მებრძოლი აბანოს კარის მიდამოებში დარჩა, რათა საჭიროების შემთხვევაში მეზარბაზნეებს დახმარებოდნენ. ამინდი ღრუბლიანი და წვიმიანი იყო.

სოღანლუღის გზით წამოსული მტერი თბილისისკენ მომავალ საქარავნე გზის მთიან ნაწილს მოადგა (დაახლოებით იქ, სადაც დღეს მარნეულისა და რუსთავის გზები იყოფა). გზის ერთ მხარეს თელეთის ქედის კლდოვანი ფერდობები იყო, მეორე მხარეს _ ადიდებული მტკვარი. მთებზე ჩასაფრებულმა ქართველებმა ასეულობით მებრძოლი დაუხოცეს მტერს და გადაადგილების საშუალება არ მისცეს. აღა-მაჰმად-ხანი დარწმუნდა, რომ წინსვლა ამ გზით შეუძლებელი იყო, მაგრამ უკანდახევას არ აპირებდა, უეცრად მან ცხენი შეაბრუნა ადიდებული მტკვრისკენ და თავისიანებს შესძახა: “ვინც ჩემი ერთგულია, მომყევით. თუ მტკვარმა წამიღო, ჩემი გვამი ამოიღეთ და მიწაში დაფალითო”. მდინარე გადაცურეს, თუმცა 300-მდე სპარსელი დაახრჩო ადიდებულმა მტკვარმა. ნავთლუღისკენ გასული აღა მაჰმად ხანი რამდენიმე ათასი კაცით მტკვრის მარცხენა ნაპირს აღმა აჰყვა და გაღმიდან თელეთის ქედის ფერდობები დაათვალიერა. ნახა, რომ ქართველებს ძალზე ცოტა მებრძოლი ჰყავდათ. ქართველთა მეწინავე რაზმმა კი, რომელიც საქარავნე გზას იცავდა, ჩათვალა, რომ ალყაში ექცეოდა და უკან, თბილისისკენ, დაიხია. გზა განთავისუფლდა და მტკვრის მარჯვენა მხარეს დარჩენილი სპარსელთა ჯარის ნაწილიც ამ გზით დაიძრა. მტერი კი უკან, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, მოღალატეების მიერ ნაჩვენები ფონით გადმოვიდა ორთაჭალის მიდამოებში და აქ გაერთიანებული სპარსელები ბრძოლით წამოვიდნენ სეიდაბადისკენ.

იმ მომენტში, როდესაც მოწინააღმდეგეებს ერთმანეთისგან ერთი პატარა ხევი და ბაღნარები ჰყოფდათ, სეიდაბადის სამხრეთი კალთებიდან შეტევაზე გადავიდა ვახტანგ ბატონიშვილის 2-ათასიანი რაზმი, რომლის ამოცანა იყო სპარსელთა ჯარის შუაზე გაკვეთა. მტერმა მთავარი ძალები ამ რაზმის წინააღმდეგ გამოიყენა. სასტიკი ბრძოლა გაიმართა. აღა-მაჰმად-ხანის ცხენს ზარბაზნის ტყვია მოხვდა. ვინ იცის, როგორ შეიცვლებოდა ომის ბედი, ტყვია რომ მის მხედარს მოხვედროდა.

ერეკლე II კონტრშეტევაზე გადასვლა ბრძანა, მაგრამ მძიმე ბრძოლებში ქართველთა ისედაც მცირე ძალები თანდათან ამოიწურა და ნელ-ნელა უკან დახევა დაიწყეს. ქართველთა ჯარი თავის პირველ პოზიციას, მესამე სანგრის მიდამოს დაუბრუნდა და იქ სცადა გამაგრება.

დაცვის მარჯვენა ფრთაზე თელეთის მიდამოდან შინდის-ტაბახმელასთან ამოსულმა სპარსელებმა უეცარი იერიში მიიტანეს დავით ბატონიშვილის რაზმზე, ქართველთა ხანგრძლივი და თავდაუზოგავი ბრძოლის მიუხედავად, დაძლიეს ეს წინააღმდეგობა. დავით ბატონიშვილმა, მტერს ხელში რომ არ ჩავარდნოდა, ზარბაზნები წყლიან ხევში გადაყარა და მისმა რაზმმა პოზიცია დატოვა. ამის შემდეგ ქართველებისათვის ზურგიდან შემოსავლელად და უკანდასახევი გზის მოსაჭრელად რამდენიმე ასეულისაგან შემდგარი ცხენოსანი რაზმი შინდისის მიმართულებიდან თავისუფლად დაიძრა, რათა თაბორის ქედით პირდაპირ აბანოთუბანში დაშვებულიყო. მტრის ეს მანევრი ქართველთა სარდლობამ შენიშნა და იმერელთა ათასეულის მეთაურისა და არტილერიის უფროსის _ გურამიშვილის გასაფრთხილებლად შიკრიკი გაგზავნა, მაგრამ იგი გზაში მოკლეს. ქართველები ალყაში ექცეოდნენ.

გმირულად იბრძოდნენ ქართველები. ვახტანგ ბატონიშვილის რაზმის წევრები, რომლის შემადგენლობაში იყვნენ 300 არაგველი, ქიზიყელნი, თბილისელი მებრძოლები… თავდაუზოგავი ბრძოლის შემდეგ სიმღერით შეხვდნენ სიკვდილს. ერეკლეს ერთგული 200 თათარი განსაკუთრებული სისასტიკით დახოცა მტერმა. არაგველები იქით მიიწევდნენ, სადაც აღა-მაჰმად-ხანის ბანაკი იყო, თვალწინ დაუხიეს დროშები. საკვირველი გმირობა გამოიჩინეს ქართველმა არტილერისტებმა მაიორ გურამიშვილის მეთაურობით. ერთსაათიანი ბრძოლის შემდეგ ქართველთა ლაშქარი მესამე სანგრიდან მეოთხეში გადავიდა, მაგრამ მცირე ხნის შემდეგ უკან დახევა დაიწყო.

დღის მეორე ნახევარში აღა-მაჰმად-ხანმა რეზერვი ბრძოლაში ჩააბა და ქართველებს დევნა დაუწყო. ქართველთა მეზარბაზნეებმა მოახერხეს მტრის შეტევის დროებით შეკავება. ერეკლე ალყაში ექცეოდა, მტერი დაატყვევებდა ან მოკლავდა მეფეს, მაგრამ ერთგულმა თანამებრძოლებმა, მათ შორის, შვილიშვილმა, იოანე ბატონიშვილმა, მედგარი ბრძოლით მოაშორეს სპარსელები და ძალით გამოიყვანეს მეფე ბრძოლის ველიდან. მან 150-მდე მხედრის თანხლებით საგურამოსკენ გასწია და შემდეგ მთიულეთს შეაფარა თავი. მტერი ქალაქში შევიდა. მოსახლეობის წინააღმდეგობის მიუხედავად, სპარსელებმა თბილისი ჯერ გაძარცვეს, შემდეგ დაარბიეს და ცეცხლს მისცეს, ათასობით ადამიანი ტყვედ წაასხეს, მოსახლეობის დიდი ნაწილი შიმშილისა და გადამდები სნეულებისგან დაიღუპა. ქართლის სოფლებს მოთარეშეთა რაზმები შეესივნენ. კრწანისის ბრძოლამ დიდი ზიანი მიაყენა აღმოსავლეთ საქართველოს.

P.S. “ჰეი, თქვენ, არაგველებო, გაუმაძღარნო ომითა,

თქვენს საფლავებთან მოსვლა და მუხლის მოდრეკა მომინდა…”

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here