Home რუბრიკები ისტორია კავკასიისთვის ბრძოლის დასრულების 75 წლისთავისთვის

კავკასიისთვის ბრძოლის დასრულების 75 წლისთავისთვის

თავდაცვიდან შეტევით ოპერაციამდე

2989
ბრძოლა კავკასიისთვის

გმირი ქართველი, მოსკოვისთვის ბრძოლაში დაცემული, ისევე ახლოსაა ჩვენს გულებთან, როგორც გმირი რუსი, რომელმაც სიცოცხლე გაწირა საქართველოსთვის”, _ პოეტ გიორგი ლეონიძის ეს სტრიქონები, დაწერილი 1942 წელს კავკასიისთვის ბრძოლის დღეებში, განსაკუთრებით ისმის ახლა, როდესაც 75 წელი გავიდა კავკასიისთვის ბრძოლის დასრულებიდან. ამ ბარაქიანი მხარის ხელში ჩაგდებას ჰიტლერი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა: ჩრდილოეთ და სამხრეთ კავკასიის დაპყრობის შემდეგ გერმანელი ფაშისტების ხელში გადადიოდა გროზნოსა და ბაქოს ნავთობი, ჭიათურის მარგანეცი, ყუბანის ხორბლით მდიდარი რაიონები, იხსნებოდა გზა ახლო აღმოსავლეთისკენგვესაუბრება თბილისის ომის ვეტერანებისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების კავშირის თავმჯდომარე, თადარიგის პოლკოვნიკი ტიტე ლეფსაია:

_ კავკასიისთვის ბრძოლის საწყისი ეტაპი თავდაცვა იყო

_ კავკასიის ხელში ჩაგდების გერმანიის სარდლობის გეგმას ეწოდებოდა “ედელვაისი”.

ფაშისტები ჩრდილოეთ კავკასიაში 1942 წლის ივლისში შემოიჭრნენ, როცა სტალინგრადზე მიიტანეს იერიში. აგვისტოში ამიერკავკასიის ფრონტის მოწინავე ნაწილები არმიის გენერლის, ივანე ტიულენევის, მეთაურობით უკვე ებრძოდნენ გერმანელთა 1-ელი სატანკო არმიის ქვედანაყოფებს. გერმანელებს ძალიან დიდი უპირატესობა ჰქონდათ საბრძოლო ტექნიკის მხრივ, ისინი ავიწროებდნენ საბჭოთა მეომრებს, ხელში ჩაიგდეს როსტოვი, კრასნოდარი, მიუახლოვდნენ ორჯონიკიძეს (ამჟამად ვლადიკავკაზს), გავიდნენ კავკასიონის მთავარი ქედის უღელტეხილებზე.

გერმანელთა ტანკები კავკასიონზე
გერმანელთა ტანკები კავკასიონზე

კავკასიასა და სტალინგრადის ფრონტზე შექმნილი საგანგაშო ვითარება გადამჭრელი ზომების მიღებას მოითხოვდა. 28 ივნისს უმაღლესმა მთავარსარდალმა იოსებ სტალინმა გასცა ბრძანება, რომელშიც ხაზგასმული იყო, რომ კიდევ უკანდახევა _ ეს ნიშნავს საკუთარი თავისა და ჩვენი სამშობლოს დაღუპვას. არც ერთი ნაბიჯი უკან!..” თავდაცვით ბრძოლებში აქტიურად მონაწილეობდნენ საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში შექმნილი მსროლელი ეროვნული დივიზიები.

_ ცნობილია, რომ ქართული დივიზიებისთვის პირველი ბრძოლები მძიმე აღმოჩნდა.

_ აგვისტოს შუაგულში, მდინარე თერგის სამხრეთ ნაპირზე უკანდახევის მხარდასაჭერად 392-ე მსროლელი დივიზიის მებრძოლებმა, პოლკოვნიკ . სილაგაძის მეთაურობით, მოიგერიეს მტრის ტანკების შეტევები, თვითონ გადავიდნენ იერიშზე და დამპყრობლები რამდენიმე დასახლებული პუნქტიდან განდევნეს. ყაბარდო-ბალყარეთის პრავო ურვანსკის ხუტორთან ბრძოლაში მძიმედ დაჭრილი კაპიტანი მიხეილ ბუხაიძე განაგრძობდა ბატალიონის ხელმძღვანელობას _ თითქმის სისხლისგან დაცლილმა, მებრძოლებთან ერთად, შეუტია გერმანელ ფაშისტებს და ისინი დასახლებული პუნქტიდან გააძევა. ბუხაიძე დაიღუპა, სიკვდილის შემდეგ ის დაჯილდოვდა წითელი დროშის ორდენით, პოეტმა ირაკლი აბაშიძემ კი მას მიუძღვნა ლექსი “კაპიტანი ბუხაიძე”, რომელიც გამოქვეყნდა ქართულ საფრონტო გაზეთში “წინ, გამარჯვებისკენ!”. ეს ლექსი რუსულ ენაზე თარგმნა პოეტმა ვერა ზვიაგინცევამ და შემდეგ გაზეთ “პრავდაში” დაბეჭდა.

კონსტანტინე ლესელიძე
კონსტანტინე ლესელიძე
ივანე პეტროვი
ივანე პეტროვი
ივანე ტიულენევი
ივანე ტიულენევი

1942 წელს საბჭოთა კავშირის გმირის წოდება მიანიჭეს 392-ე დივიზიის სამ ოფიცერს:

ალექსი პირმისაშვილს, ვლადიმერ ლურსმანაშვილსა და ვლადიმერ კანკავას (სიკვდილის შემდეგ). მეოთხე ქართველსაც მიანიჭეს გმირის წოდება, ოღონდ ის 276-ე დივიზიაში იბრძოდა, ის იყო ნიკოლოზ გოგიჩაიშვილი.

კავკასიის დასაცავად ქართველების მხარდამხარ იბრძოდნენ საბჭოთა კავშირის სხვა ეროვნების წარმომადგენლებიც. კავკასიის ბრძოლების მატიანეში სამუდამოდ ჩაწერილია სახელები საბჭოთა კავშირის გმირებისა: . პეტროვის, . კალინინის, . ნოსოვის, . ავეტისიანის, . მამედოვის, . ბორზენკოს, . მანსუროვისა და სხვ.

_ როგორც ცნობილია, იმ სამხედრო მეთაურებს შორის, რომლებმაც თავი გამოიჩინეს კავკასიის დაცვისას, იყო გენერალი კონსტანტინე ლესელიძეც

_ კონსტანტინე ლესელიძემ სახელი გაითქვა მოსკოვის მისადგომებთან ბრძოლისას, როდესაც დასავლეთის ფრონტის 50-ე არმიის არტილერიას ხელმძღვანელობდა და ფაშისტი გენერლის, გუდერიანის, ტანკებს ტულაში შეჭრისა და საბჭოთა კავშირის დედაქალაქ მოსკოვთან სამხრეთიდან მიახლოების საშუალება არ მისცა. არტილერიის გენერალ-მაიორის წოდების მინიჭებისა და წითელი დროშის ორდენის მიღების შემდეგ კონსტანტინე ლესელიძე 1942 წლის ივნისში სათავეში ჩაუდგა ამიერკავკასიის ფრონტის ჩრდილოეთის ჯგუფის მე-3 მსროლელ კორპუსს. ამიერკავკასიის ფრონტს ხელმძღვანელობდა გენერალ-ლეიტენანტი მასლენიკოვი. აგვისტოში კონსტანტინე ლესელიძე მეთაურობდა 46-ე არმიას, რომლის ამოცანაც იყო კავკასიის მთავარი ქედის სამხრეთ კალთაზე შემოჭრილი მტრის განადგურება. მოსკოვის მისადგომებთან მიღებული გამოცდილების გამოყენებით ლესელიძემ ბრწყინვალედ გაართვა თავი ამ ამოცანას და სრულიად გაწმინდა ფაშისტებისგან ქლუხორის, სანგარისა და მარუხის უღელტეხილები.

სტალინი
სტალინი

ლესელიძის არმიის მებრძოლები მედგრად იცავდნენ შავი ზღვის სანაპიროს გერმანელთა დესანტის შეტევებისგან. მათ, აგრეთვე, საიმედოდ ჰქონდათ ჩაკეტილი სსრკ-თურქეთის საზღვარიც. 1942 წლის ოქტომბერში ლესელიძეს მიანიჭეს გენერალ-ლეიტენანტის წოდება და დააჯილდოვეს ქვეყნის უმაღლესი ჯილდოთი _ ლენინის ორდენით.

_ თუ შეიძლება, კავკასიისთვის ბრძოლის შეტევით ნაწილზეც გვიამბეთ.

_ სტალინგრადის მისადგომებთან წითელი არმიის გამარჯვების შემდეგ ქვეყნის სამხრეთში ვითარება ძირფესვიანად შეიცვალა. კავკასიისთვის ბრძოლაში დადგა გარდამტეხი მომენტი. საბჭოთა მეომრები თავდაცვიდან შეტევაზე გადავიდნენ, გერმანელებმა კი 1-ელი სატანკო არმია უკან დახიეს. ამიერკავკასიის ფრონტის ჩრდილოეთის დაჯგუფებამ ბრძოლებით გაიარა 430 კილომეტრი და ჰიტლერელებს დიდი დანაკარგები განაცდევინა. მათი დევნა ამიერკავკასიის ფრონტის მებრძოლებმა 1943 წლის 24 იანვარს დაასრულეს. მებრძოლების ეს ჯგუფი ჩრდილოეთ კავკასიის ფრონტად გარდაიქმნა და მას სათავეში ჩაუდგა გენერალ-პოლკოვნიკი ივანე პეტროვი. მალე ფრონტი გადაკეთდა შავი ზღვის დაჯგუფებად. გენერალი კონსტანტინე ლესელიძე კი დაინიშნა სარდლად 47-ე არმიისა, რომელმაც უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა კრასნოდარის შეტევით ოპერაციაში.

_ შეუპოვარი ბრძოლები იყო გაჩაღებული ნოვოროსიისკის მისადგომებთან

_ ამ დიდი სამრეწველო ცენტრისა და შავი ზღვის მნიშვნელოვანი პორტისთვის ბრძოლები დაიწყო თებერვალში და გრძელდებოდა 7 თვის განმავლობაში _ 1943 წლის სექტემბრამდე. კონსტანტინე ლესელიძეს, რომელიც იმხანად უკვე ჩრდილოეთ კავკასიის ფრონტის მე-18 არმიას სარდლობდა, დაევალა, მთავარი დარტყმა მიეყენებინა ნოვოროსიისკისთვის ხმელეთიდან და ზღვიდან. ფაშისტები უკანასკნელ ვაზნამდე იბრძოდნენ, მაგრამ 16 სექტემბერს საბჭოთა მეომრებმა ქალაქი სრულიად გაწმინდეს ოკუპანტებისგან.

საბჭოთა დროშა იალბუზის მწვერვალზე
საბჭოთა დროშა იალბუზის მწვერვალზე

ნოვოროსიისკის გათავისუფლების ოპერაცია დიდი სამამულო ომის მატიანეში შევიდა, როგორც ერთ-ერთი ბრწყინვალე ოპერაცია. მისი ათასობით მონაწილე დაჯილდოვდა, გენერალ კონსტანტინე ლესელიძეს კი გადაეცა სუვოროვის სახელობის I ხარისხის ორდენი.

“მცირე მიწაზე” 7 თვის განმავლობაში გმირულად იბრძოდნენ მედესანტეები, მათ მოიგერიეს ასობით გააფთრებული შეტევა. განსაკუთრებით გამოიჩინეს თავი მაიორ ც. კუნიკოვის მეზღვაურებმა. ეს საზღვაო ქვეითი სასიკვდილოთ დაიჭრა ჭურვის ნამსხვრევით. კუნიკოვს სიკვდილის შემდეგ საბჭოთა კავშირის გმირის წოდება მიენიჭა.

“მცირე მიწაზე” თავი გამოიჩინა პოდპოლკოვნიკმა კ. გიორგაძემ, რომელიც სიკვდილის შემდეგ სამამულო ომის I ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა.

_ როგორი იყო ავიაციის როლი შეტევით ოპერაციაში?

_ ყუბანის ცაზე ორი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა საჰაერო ბრძოლები. გერმანელების ავიაციამ ათასზე მეტი თვითმფრინავი დაკარგა, მათ შორის 800 ჩამოგდებული იყო. უმაღლესი სამხედრო ოსტატობა გამოავლინეს საბჭოთა კავშირის გმირებმა: დ. გლინკამ, ო. ჩეჩელაშვილმა, ზ. ხიტალიშვილმა, ვ. ემიროვმა. სწორედ იმხანად დაჯილდოვდა გმირის პირველი ვარსკვლავით სამგზის საბჭოთა კავშირის გმირი, სახელგანთქმული ასი ალექსანდრე პოკრიშკინი. თავი გამოიჩინეს ქალთა საავიაციო პოლკის მებრძოლებმაც მაიორ ევდოკია ბერშანსკაიას მეთაურობით. მათ შორის იყვნენ ქართველი ქალებიც: თ. მელაშვილი, ი. ოსაძე, გ. ტურაბელიძე.

ბრძოლა კავკასიითვის
ბრძოლა კავკასიითვის

1942 წლის აგვისტოში დივიზია “ედელვაისის” ალპინისტებმა იალბუზზე აღმართეს მესამე რაიხის დროშა. გერმანული გაზეთები გაჰყვიროდნენ: “დამორჩილებული იალბუზი დაცემული კავკასიის გვირგვინია”.

ფაშისტების დროშას დიდხანს არ უფრიალია იალბუზზე. 1943 წლის იანვარში არმიის გენერალმა ივანე ტიულენევმა გასცა ბრძანება, ალპინისტები ასულიყვნენ იალბუზზე, ჩამოეგდოთ ფაშისტების დროშა და აღემართათ საბჭოთა კავშირის წითელი ალამი. 13 თებერვალს ლეიტენანტ ნიკოლაი გუსაკის ხელმძღვანელობით ალპინისტები დასავლეთის ფერდობიდან ავიდნენ იალბუზზე, ჩამოაგდეს ფაშისტური და აღმართეს საბჭოთა კავშირის წითელი დროშა.

17 თებერვალს ჯგუფმა ა. გუსევის ხელმძღვანელობით დაიპყრო იალბუზის აღმოსავლეთი ფერდობი და აღმართა წითელი დროშა.

ამ უნიკალურ სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობდნენ: ა. სიდორენკო, გ. სულაქველიძე, ძმები გაბრიელ და ბექნუ ხერგიანები, ნ. პერსიანინსკი, ერთადერთი ქალი, ინსტრუქტორი ლ. კოროტაევა და სხვები _ სულ 20 ადამიანი.

_ სად დასრულდა ეს გრანდიოზული ბრძოლა?

_ მტრის მიერ დაკავებულ ბოლო პლაცდარმზე _ ტამანის ნახევარკუნძულზე. საბჭოთა მეომრებისთვის მთავარი წინაღობა იყო “ცისფერი ხაზი” _ გერმანელთა მძლავრი თავდაცვითი ზღუდე, მაგრამ საბჭოთა მეომრებმა შეუპოვარი მოქმედებებით ყველა ბარიერი დაძლიეს და 21 სექტემბერს გენერალ ლესელიძის მე-18 არმიის მსროლელთა 414-ე ქართული დივიზია პირველი შეიჭრა ანაპაში. მათ სხვა ნაწილებთან ერთად გაათავისუფლეს ქალაქი ფაშისტი დამპყრობლებისგან. მოგვიანებით ამ დივიზიამ მიიღო საპატიო სახელი _ “ანაპის” დივიზია.

9 ოქტომბერს, გამთენიისას, 56-ე არმიამ გენერალ-ლეიტენანტ ანდრეი გრეჩკოს სარდლობით გაარღვია “ცისფერი ხაზის” ცენტრალური უბანი, შემდეგ კი კავკასია სრულიად გაწმინდია ფაშისტი დამპყრობლებისგან. ამ დღეს გენერალ კონსტანტინე ლესელიძეს მიანიჭეს გენერალ-პოლკოვნიკის წოდება და დააჯილდოვეს კუტუზოვის სახელობის პირველი ხარისხის ორდენით. გენერალ ლესელიძეს საბჭოთა კავშირის გმირის წოდება მიანიჭეს სიკვდილის შემდეგ, 1971 წელს. ნოვოროსიისკ-ტამანის შეტევითი ოპერაციის შემდეგ, რომელიც გერმანელი ფაშისტების მარცხით აღინიშნა, კავკასიისთვის ბრძოლა დასრულდა.

ესაუბრა

ბორის ზამბახიძე

1 COMMENT

  1. დიდება გმირებს რომლებმაც იბრძოღეს ფაშიზმის წინააღმდეგ. ..ამ თემაზე ვმუშაობ…ვეძებ სიმღერის(ირაკლი აბაშიძის ლექსის მიხედვი
    თ კაპიტან ბუხაიძეზე)ნოტებს.წინასწარ მადლობა დახმარებისთვის. პატივისცემით:ავთანდილ ბუხაიძე.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here