მთავარი ისტორია იუბილე, რომელიც აღნიშვნის ღირსია

იუბილე, რომელიც აღნიშვნის ღირსია

635
გააზიარეთ
ლავრენტი ბერია

გაგრძელება. დასაწყისი იხ. №11, 2019 წ.

ჯერ კიდევ 1941 წლის თებერვალში შინსახკომს ცალკე სტრუქტურად გამოეყო სახელმწიფო უშიშროების სახალხო კომისარიატი, მომავალიკაგებე”. ხელმძღვანელად დაინიშნა ვსევოლოდ მერკულოვი, რომელიც ლავრენტი ბერიას უახლოესი გარემოცვის წევრად ითვლებოდა. მაგრამ ამით ბერიას სამუშაო დატვირთვა არ შეუმცირდა. მას დაეკისრა პასუხისმგებლობა სახალხო კომისარიატის ახალ მიმართულებებზე, რომლებიც ომის დროს წარმოიქმნებოდა ხოლმე.

ატომური ბომბი, როგორც განხეთქილების ვაშლი

ბერია ოფიციალურად იყო პასუხისმგებელი საბჭოთა დელეგაციის უსაფრთხოებაზე, რომელსაც სტალინი ედგა სათავეში თეირანის კონფერენციაზე 1943 წლის ნოემბერდეკემბერში.

იგი უზრუნველყოფდა ლიტერული მატარებლის უსაფრთხოებას მოსკოვიდან ბაქოს მიმართულებით. ამ დროს ჰიტლერელთა ჯარები ჯერ კიდევ იმყოფებოდნენ საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე და მატარებლის ეს შემადგენლობა კინაღამ გახდა გერმანელების ბომბდამშენების სამიზნე. ბაქოდან თეირანში დელეგაცია “დუგლასის” მარკის ორი ლაინერით გაფრინდა. მათ 27 საბჭოთა ავიაგამანადგურებელი მიაცილებდა.

ანალოგიური მოვალეობა დაეკისრა ლავრენტი ბერიას სახელმწიფოთა მეთაურების ყირიმის კონფერენციის ჩატარებისას.

არანაკლებ რთული იყო პოტსდამის კონფერენციის მომზადება, ანუ “ოპერაცია პალმის” განხორციელება. ასეთი კოდური სახელწოდება ჰქონდა მინიჭებული მოკავშირე სახელმწიფოების ამ შეხვედრას საბჭოთა დოკუმენტებში. სამოქმედო გეგმა ბერიას ბრძანებით 1945 წლის 6 ივნისს დამტკიცდა.

ღონისძიებათა სისტემა ითვალისწინებდა გზების გაწმენდას, დანგრეული შენობების გასუფთავებას, ხიდების, სატელეფონო სადგურების, წყალმომარაგების სისტემისა და კანალიზაციის აღდგენას, ორი ელექტროსადგურის ამუშავებას და ორი აეროდრომის მომზადებას ყველა ტიპის თვითმფრინავების მისაღებად.

საჭირო შეიქნა ათასობით ნაღმის მიგნება და გაუვნებელყოფა, რომლებიც ათობით სატვირთო მანქანას ერთი თვის განმავლობაში ყოველდღე გაჰქონდა ქალაქიდან.

უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველსაყოფად სპეციალური მატარებლისა, რომლითაც სტალინი მიემგზავრებოდა პოტსდამში, მობილიზებული იყო შინსახკომის ჯარების 17 ათასი მებრძოლი და ოფიცერი.

1945 წლის 2 ივლისს ბერიამ მოახსენა სტალინსა და საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სახალხო კომისარ ვიაჩსლავ მოლოტოვს “ოპერაცია პალმის” მოსამზადებელი სამუშაოების დასრულების შესახებ.

პირველი ატომური ბომბის გამოცდა სემიპალანტისკის პოლიგონზე. 1949 წლის 29 აგვისტო
პირველი ატომური ბომბის გამოცდა სემიპალანტისკის პოლიგონზე. 1949 წლის 29 აგვისტო

15 დღის შემდეგ მუშაობა დაიწყო პოტსდამის კონფერენციამ.

კონფერენციის სხდომებს შორის შესვენებისას აშშ-ის პრეზიდენტმა ჰარი ტრუმენმა სტალინს აცნობა, რომ ამერიკელებმა წარმატებით გამოსცადეს ბირთვული იარაღი. ეს არ ჰგავდა საკუთარი მიღწევის მოკავშირისთვის განდობას. ამით შტატები შეეცადა, გავლენა მოეხდინა საბჭოთა კავშირზე, რომელიც ომის დამთავრების შემდეგ ამერიკისა და დიდი ბრიტანეთისთვის იდეოლოგიურ მტრად იქცა.

1945 წლის 6 აგვისტოს აშშ-მა ატომური ბომბი ააფეთქა ჰიროსიმას თავზე. რამდენიმე წუთში ეს ქალაქი დედამიწაზე ჯოჯოხეთად იქცა. ათასობით მშვიდობიანი, უდანაშაულო ადამიანი _ ბავშვები, ქალები, მოხუცები, რომლებიც აფეთქების ეპიცენტრში აღმოჩნდნენ, მყისიერად დაიღუპნენ, ინგრეოდა შენობები, ხანძრის მსახვრალი ქარბორბალა ტრიალებდა.

სამი დღის შემდეგ, 9 აგვისტოს, იაპონური ნაგასაკი მეორე ატომურმა ბომბმა აღგავა პირისაგან მიწისა.

ამ ორი ელვისებური ოპერაციით ამერიკის შეიარაღებულმა ძალებმა 200 ათასზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დახოცეს.

იაპონიის დაბომბვის არავითარი სამხედრო აუცილებლობა არ არსებობდა. ეს გაკეთდა საბჭოთა კავშირისა და სხვა ქვეყნების დასაშინებლად. შეიცვალა ძალთა განლაგება მსოფლიოში. საერთაშორისო პოლიტიკაში საბჭოთა კავშირის მიერ შესასრულებელი როლის წარმატება ამიერიდან დიდად იყო დამოკიდებული იმაზე, შეძლებდა თუ არა იგი უმოკლეს დროში ბირთვული იარაღის შექმნას.

საბჭოთა ატომური პროექტი ელოდა ადამიანს, რომელიც ხელს მოჰკიდებდა მის რეალიზაციას, მსოფლიო კი უკვე ახალი ეპოქის კარიბჭესთან იდგა, ბირთვული იარაღის ეპოქაში შედიოდა.

1946 წლის 15 იანვარს გაზეთ “იზვესტიაში” დაიბეჭდა რამდენიმე სტრიქონი: საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმმა დააკმაყოფილა ამხანაგ ბერიას თხოვნა სსრ კავშირის შინაგან საქმეთა სახალხო კომისრობიდან გათავისუფლების შესახებ მისი სხვა, ცენტრალური სამუშაოთი გადატვირთულობის გამო”. ახალი სამუშაო ადგილის შესახებ არაფერი იყო ნათქვამი, რადგან თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტის 1945 წლის 20 აგვისტოს დადგენილებას ედო გრიფი “სრულიად საიდუმლოდ”. სტალინის ხელმოწერილი განკარგულებით შეიქმნა სპეციალური კომიტეტი ატომური პროექტის განსახორციელებლად.

ბერია, როგორც ამ კომიტეტის თავმჯდომარე, აღიჭურვა გადაწყვეტილებების მიღების იმ პერიოდისთვის წარმოუდგენელი თავისუფლებით, რესურსების გამოყენების უსაზღვრო უფლებით _ ფინანსურისაც და საკადროსიც.

დღემდე არსებული მოსაზრების საწინააღმდეგოდ, ბერიას მოღვაწეობა არასოდეს შემოფარგლულა საზღვარგარეთიდან აგენტურული ინფორმაციის მოპოვებით. თუმცა მის მიერ ორგანიზებული უცხოეთიდან ბირთვული კვლევების შესახებ სადაზვერვო მონაცემების მოპოვების ოპერაცია დაზვერვის ისტორიაში ჭეშმარიტად უნიკალური იყო.

ჯერ კიდევ ომის წლებში საბჭოთა აგენტები ჩანერგილი იყვნენ აშშ-ის სამეცნიერო და კვლევით ცენტრებში, იქ, სადაც ატომური იარაღი იქმნებოდა. აშშ-ში პირველი ბირთვული ბომბის შექმნიდან მეთორმეტე დღეს მოსკოვში ბომბის სრული აღწერა მიიღეს. გამოჩენილი საბჭოთა ფიზიკოსები, რომლებიც ატომურ პროექტზე მუშაობდნენ _ იგორ კურჩატოვი, იური ხარიტონი, ისააკ კიკოინი, იაკობ ზელდოვიჩი, ლევ ლანდაუ, გიორგი ფლიოროვი და ბევრი სხვა, თავიანთ კვლევებში ითვალისწინებდნენ უცხოეთიდან მიღებულ გამზადებულ დასკვნებს, რამაც მნიშვნელოვნად დააჩქარა ატომური ბომბის კონსტრუქციის პრინციპული საკითხის გადაწყვეტა.

აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ 1945 წლის 20 აგვისტოს დადგენილებამდე, რომლითაც ბერია ატომური კომიტეტის ხელმძღვანელად დაინიშნებოდა, მან უდიდესი მოცულობის და არაერთი მიმართულებისა სამეცნიერო-კვლევითი პრაქტიკული სამუშაოების ორგანიზება შეძლო. ამიტომ შევჩერდებით ამ პერიოდზე, რომელსაც დაწვრილებით აღწერს ბორის სოკოლოვი თავის წიგნში “ბერია: ყოვლისშემძლე სახალხო კომისრის ბედი” (გვ. 192-225).

ყველაფერი ზემძლავრი იარაღის შესაქმნელად

1943 წლის 11 თებერვალს თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტმა მიიღო დადგენილება ატომური ენერგიის კვლევისა და გამოყენების ორგანიზების შესახებ. უშუალო ხელმძღვანელად 10 მარტს დაინიშნა იმავე წლის სექტემბერში მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსად არჩეული იგორ კურჩატოვი, რომელიც მანამდე აკადემიის #2 საიდუმლო ლაბორატორიას ედგა სათავეში. ატომური პროექტის კურირება თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტის მხრიდან დაევალა ვიაჩესლავ მოლოტოვს, მოადგილეობა _ ლავრენტი ბერიას _ ძირითადად დაზვერვის მასალების მოპოვების მიმართულებით.

1943 წლის 7 მარტს საბჭოთა დაზვერვის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას კურჩატოვი ასე აფასებდა: “აღნიშნულ მასალას უდიდესი, ფასდაუდებელი მნიშვნელობა აქვს ჩვენი სახელმწიფოსა და მეცნიერებისთვის. ამიერიდან ჩვენ გაგვაჩნია მნიშვნელოვანი ორიენტირები შემდგომი მეცნიერული კვლევისთვის, დამუშავების გარეშე, რამაც შესაძლებლობა მოგვცა, გვერდი აგვევლო ურანის პრობლემის დამუშავების ფრიად შრომატევადი ფაზებისთვის და გავცნობოდით მისი გადაწყვეტის ახალ სამეცნიერო და ტექნიკურ გზებსა და საშუალებებს… მიღებული ცნობების ერთობლიობა მიგვანიშნებს, რომ ტექნიკურად შესაძლებელია მთელი პრობლემის უფრო მნიშვნელოვნად მოკლე ვადაში გადაწყვეტა, ვიდრე ჩვენი ის მეცნიერები ფიქრობენ, რომლებიც არ იცნობენ ამ პრობლემის ირგვლივ საზღვარგარეთ მიმდინარე სამუშაოებს”.

იგორ კურჩატოვმა დაზვერვის მიერ მოპოვებული მასალების გაცნობისთანავე განაცხადა: ამერიკული პუბლიკაციების (დაზვერვის მონაცემების) გაცნობის შემდეგ შევძელი პრობლემის გადაწყვეტის ახალი მიმართულების დადგენა. ამ მიმართულების პერსპექტივა უჩვეულოდ მომხიბვლელია”.

აგენტურული ქსელით მიღებული მასალების ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ატომური ბომბის შესახებ ძირითად ინფორმაციას საბჭოთა სპეცსამსახურში ნიჭიერი გერმანელი ფიზიკოსი კლაუს ფუქსი გზავნიდა. იგი მემარცხენე შეხედულებების იყო და მოსკოვთან იდეური მოსაზრებებით თანამშრომლობდა. ფუქსმა საბჭოთა მხარეს გადმოსცა ამერიკული ატომური მოწყობილობის სქემა, რომელიც ზუსტად გადაიღეს საბჭოთა მეცნიერებმა. ხაზს უსვამენ იმ გარემოებასაც, რომ რიგ შემთხვევებში მათი გადაწყვეტილებები ამერიკულ ანალოგებზე მარტივი და რაციონალური იყო. აკადემიკოსი კურჩატოვი ატომური ბომბის ასამოქმედებელი მეთოდის ფუქსისგან მიღებული აღწერის მნიშვნელობის შესახებ წერდა: “მასალა უაღრესად საინტერესოა, დამუშავებული მეთოდებთან და სქემებთან ერთად წარმოდგენილი ის შესაძლებლობანი, რომლებიც ჩვენთან არ განიხილებოდა. ფუქსმა გადმოსცა წყალბადის ბომბის შექმნის საკითხზე საკუთარი გამოკვლევის მასალები, რომელთა განხორციელება საბჭოთა მეცნიერებმა ამერიკელ კოლეგებზე ადრე შეძლეს”.

ბერიას აგენტები ჰყავდა ამერიკის ატომურ ცენტრში, რომელიც ლოს-ალამოსში მდებარეობდა. მაგალითად, მექანიკოსი დევიდ გრინგლასი, რომელიც თავის სიძესთან, სახელგანთქმულ საბჭოთა რეზიდენტ იულიუს როზენბერგთან ერთად მუშაობდა. მოგვიანებით იულიუსი თავის ცოლთან ეტელთან ერთად ამერიკული ბირთვული საიდუმლოების გაცემის ბრალდებით სიკვდილით დასაჯეს. ფუქსს 14 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. ციხეში მან 9 წელიწადი დაჰყო. მხოლოდ 1999 წელს შეიტყო ბრიტანულმა და მსოფლიო საზოგადოებრიობამ, რომ ვინმე მელიტა ნორვუდმა, როცა იგი ინგლისური ბირთვული პროგრამის ხელმძღვანელის მდივნად მუშაობდა, საბჭოთა დაზვერვას გადასცა ატომური ბომბის შესახებ ფასდაუდებელი ცნობები.

მხოლოდ იმის ცოდნა, თუ როგორაა მოწყობილი ატომური ბომბი, ცხადია, საკმარისი არ იყო. ასაფეთქებელი ნივთიერების დამზადება არანაკლებ რთული საკითხი აღმოჩნდა და საბჭოთა სპეციალისტებს უდიდესი მოცულობის სამუშაოს განხორციელება დასჭირდათ ამ პრობლემის გადასაწყვეტად.

(გაგრძელება შემდეგ ნომერში)

არმაზ სანებლიძე

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here