Home რუბრიკები ისტორია “ილიას გაკვეთილებიდან” “ღიმილიან საქართველომდე”

“ილიას გაკვეთილებიდან” “ღიმილიან საქართველომდე”

“ღონისძიებანი, რომელნიც გვიშველიან ცხოვრების სიბნელიდამ სინათლეში გამოყვანასა”

1235
“ილიას გაკვეთილებიდან” “ღიმილიან საქართველომდე”

მეცნიერებასა და ხელოვნებას ილია მიიჩნევდა ცხოვრების გაუმჯობესების უმთავრეს საშუალებად: “ცხოვრება თვითრჯულია, იგი არ გამოიჭრება ხოლმე კაცისაგან მოგონილ რიკრიკაზედო”; თუმცა ცხოვრება ბერდება, მაგრამ გამოცდილებას იძენს, რომლის წყალობით ისევ ახლდება და ჰყვავისო. ილიას აზრით, მეცნიერებასა და ხელოვნებას ადამიანი კი არ იგონებს, არამედ თვით ცხოვრება წარმოშობს ისევ ცხოვრებისთვის, მისი წინსვლისა და განვითარებისთვის, ამიტომ ზრუნვა განათლებული თაობების აღზრდაზე საწინდარია ქვეყნის წინსვლისა და განვითარებისა. რა როლს ასრულებს ხელოვნება და მეცნიერება საზოგადოების ცხოვრებაში, რამდენად ემსახურება ცხოვრების წინსვლის საქმეს, მომავალი თაობების აღზრდას ღირსეულ მამულიშვილებად შესანიშნავად ასაბუთებს ერის მამა თავის პუბლიცისტიკაში და მისი გაკვეთილების გათვალისწინება კი უდავოდ გააუმჯობესებსსაქართველოს ხალხის ცხოვრებას”.

ქართველის უსიყვარულობაში ნუ ჩამოგვართმევენ, როცა ჩვენი ჟურნალი მკაფიოდ საქვეყნოდ გამოსთქვამს მას, რაც ქართველში ცუდია და საზიზღარი. საქართველოში თუ სადმე ორსა და სამს უყვარს ქართველი, ჩვენ იმათში უკანასკნელი არა ვართო”, _ წერდა ილიასაქართველოს მოამბესთანდაკავშირებით. ჩვენი გაზეთიც ასეა _ “საქართველო და მსოფლიოილიასმოყვარეს პირში უძრახესპრინციპით ხელმძღვანელობს და, თუ დაუნდობლად გამოჰფენს ჩვენი ცხოვრების ჭუჭყსაც, როდი უნდა იწყინოს ქართველმა და მტრად გამოგვაცხადოს.

ჩვენი საქმე საქართველოს ხალხის ცხოვრებაა; მისი გამჯობინება ჩვენი პირველი და უკანასკნელი სურვილია. ღმერთმა გვიხსნას იმ სულელურ თამამობისაგან, რომელიცა ფიქრობს, გადაასხვაფეროს ცხოვრება თავისებურად. ჩვენ ისე არ გავბრიყვდებით, რომ ჩვენ საკუთარ წესზედ მოვინდომოთ ცხოვრების გატარება. თვითონ ცხოვრება აღმოშობავს ხოლმე თავისათვის წესსა, განსაზღვრავს ხოლმე თავის რჯულსა და კანონსა, _ მხოლოდ ამ კანონსა გაგება უნდა, გამოფენა საქვეყნოდ და შეძლებისამებრ გზის გახსნა, რომ მისი წარმოება არაფერმა არ შეაყენოს. ამიტომაც ჩვენის “მოამბის” უმთავრესი საგანი აწინდელი ცხოვრება იქნება თავის სრულის წარმოებითა, სრულის ვითარებითა…

მეცნიერებას და ხელოვნებას ჩვენ ვუყურებთ, როგორც ცხოვრების გასამჯობინებელ ღონისძიებათა. დაე, ზოგიერთმა მწიგნობარმა მეცნიერების სახელითა გაიწყალოს თვალი და გონება იმის გამოძიებაში, რომ ამა და ამ ეგვიპტის პირამიდზედ ეს იეროგლიფი ისე არ უნდა იყოსო, ან წარტოლვილ ჭეშმარიტების ძებნაში ავარჯიშოს თავისი გონიერება; ან ზოგიერთმა უნაყოფო პოეტმა ხელოვნების სახელითა უკუარიდოს პირი თავის ხალხის ცხოვრებასა, მეშვიდე ცას შეაჩეროს გაბეცებული თვალები და ბულბულსავით უაზრო შტვენა დაიწყოს და აღარ გაათავოს. ჩვენ იმათთან საერთო გზა არა გვაქვს.

ისინი მარცხნივ მიდიან გატკეპნილ გზაზედ და ჩვენ კი მარჯვნივ გავწევთ. ჩვენ მეცნიერებას და ხელოვნებას მოვსთხოვთ არსებითსა პურსა ცხოვრებაში გამომცხვარსა და მშიერთათვის მოსახმარესა და გამოსადეგსა. მეცნიერებამ უნდა გვიშველოს თავის გამოცნობილ ჭეშმარიტებაებით ცხოვრების ახსნა და გაგება; მან უნდა მოგვცეს პირდაპირი პასუხი ყოველ საჭირო კითხვაზედა. რაც კი პირდაპირ მოედგმება ცხოვრების ვითარებასა, რაც კი გადმოიღება ცხოვრებისათვის _ ის იქნება უფრო საჭირო ჩვენის ჟურნალისათვის. სხვა რაღაც წარტოლვილ ცნობაებში გაბმა და ტრიალი ჩვენთვის სრულიად უფასო იქნება და გამოუსადეგი. ეგ იმან ინდომოს, ვინც სიტკბოებას ხედავს უქმის ჭკვის ვარჯიშობაში და ფრენაში. ხელოვნებასაც იმას მოვსთხოვთ, რომ სარკესავით ცხოვრება გარდმოიცეს, რათა ჩვენი თავი მის მომხიბლავის კალმით ცხოვლად იყოს წარმომდგარი ჩვენ წინა, რათა სიცუდეც და სიკეთეც ჩვენი დავინახოთ. დროა ხელოვნებამ თავი დაანებოს “ღრუბლების ცურვასა”, “გაფაღარათებულ ვარსკვლავების ცაში ბოლთის ცემასა”, მთვარის ხვეწნასა, რომ ჩემ საყვარელს უთხარიო: ცხრა მთას იქით ერთი უბედური პოეტია, რომელსაც შენგამო “ოხვრის კვამლი” თვალებსა სწვავს და ცრემლს ადენსო; დროა ხელოვნებამ თავი დაანებოს უგემურ ღმეჭასა და თვალების სრესასა, ეგება ცრემლი მომივიდესო; დროა ჩავიდეს ცხოვრების მდინარის ძირშია, იქ მონახოს შიგ-მდებარე აზრი თავის ცხოველ სურათებისათვის. იქ, ცხოვრების ძირში, ის იპოვის ბევრ მარგალიტსა და უფრო ბევრ ლექსა და ლაფსა; არც ერთის გამოხატვა არ უნდა აშინებდეს ხელოვნებასა და არც მეორისა, არც ერთის გამოთქმა და არც მეორისა არ უნდა აშინებდეს ჟურნალსა. როდი უნდა იწყინოს ქართველმა, როცა ჩვენი “მოამბე” სხვათა შორის ხელოვნების შემწეობით დაუნდობელად გამოჰფენს ჩვენის ცხოვრების ჭუჭყსაცა. ქართველის უსიყვარულობაში ნუ ჩამოგვართმევენ, როცა ჩვენი ჟურნალი მკაფიოდ საქვეყნოდ გამოსთქვამს მას, რაც ქართველში ცუდია და საზიზღარი. საქართველოში თუ სადმე ორსა და სამს უყვარს ქართველი, ჩვენ იმათში უკანასკნელი არა ვართ. ეს კი უნდა ვსთქვათ, რომ ჩვენ ქართველში გვიყვარს მხოლოდ მისი სიკეთე, სიცუდე კი ყველგან საზიზღარია, ქართველი იქნება მისი მექონი თუ ანგლიელი, სულ ერთია ჩვენთვის, ორივ წყალში გადასაყარნი იქნებიან. ბევრნი არიან ჩვენში იმისთანანი, რომელნიც ცდილობენ ჩვენის ცხოვრების სიბოროტის დამალვასა, ეგ იმათ მოსდით ქართველების უმეცარ სიყვარულისა გამო, ის კი არ იციან, რომ დიდი ხანია არის ჩვენში გლეხური ანდაზა: მოყვარეს პირში უძრახე, მტერს პირს უკანაო. ისინი, უმეცარნი მოყვარენი ჩვენნი, ზედ დაასმენ ხოლმე შეჩვენების და განგდების ბეჭედსა მას, ვინც კი ვეღარ მოითმენს ცხოვრების საძაგელ გუბეში დგომასა, ამოჰყოფს თავს, რომ სხვას მაინც უთხრას, ამ გუბეში არ ჩაიგდო თავიო, თორემ დალპებიო მის წარმწყმენდელ ოხშივარის ზედ-მოქმედებისაგან. ჩვენ საბედნიეროდ არიან ჩვენში იმისთანა პირნიც, რომელთაც ჩვენზედ უკეთ იციან, რომ ვინც შენიშნავს მართლად სხვის ნაკლულოვანებას, შეიძლება მასვე უნდოდეს გასწორება და სიკეთე მისი. რაც უფრო მკაფიოდ და დაუნდობელად არის გამოთქმული ბოროტება და ნაკლულოვანება ცხოვრებისა, ზოგჯერ მით უფრო სჩანს გამომთქმელის გულის სიმხურვალე, მოუთმენელი, ცხარი წადილი გასწორებისა. ვისაც ძალიან სძულს ბოროტება, მას ძალიან ეყვარება კეთილი _ ეგ აშკარაა. ტყუილად კი არ არის ნათქვამი ეს ლექსი:

ჩემზედ ამბობენ: “ის ქართვლისას სიცუდეს ამბობს,

ჩვენ ჭუჭყს არ მალავს _ ეგ ხომ ცხადი სიძულილია!”

ბრიყვნი ამბობენ; კარგი გული კი მაშინვე ჰგრძნობს,

ამ სიძულილში რაოდენიც სიყვარულია.

ოღონდ ხელოვნება არ გადასცდეს თავის საკუთარ კანონებსა და მეცნიერებაჭეშმარიტებასა, და დაე, არც ერთი და არც მეორე ნუ მოერიდება იმის გამოაშკარავებას, განკიცხვას, რაც ჩვენში საკიცხავია და ცუდი. დაე ორივემ იარონ ცხოვრების მდინარეში, მონახონ მარგალიტები და თუ იმათ ამოკრეფაში ლაფი და ლექი თან ამოჰყვება, რა უყოთ? ლაფი ჩამოვირეცხოთ, ჭუჭყი მოვიშოროთ, რომ მხოლოდ მარგალიტები დაგვრჩეს ჩვენის ცხოვრების სასახელოდ. მოგვიტევოს მკითხველმა, რომ მეცნიერება და ხელოვნება _ ეგ უდიდესნი საგანნი _ ისე, გაკვრით მოვიხსენიეთ ამ სტატიაში. ჩვენი სურვილი ის იყო, რომ გვეჩვენებინა არა მათი სრული არსებითი ვითარება, რომელზედაც ჩვენს “მოამბეს” კიდევაც ბევრჯერ შეხვდება შემდეგშიაც ლაპარაკი, არამედ მარტო მათი დანიშნულება, ე.ი. რომ იგინი, ჩვენის ფიქრით, არიან მხოლოდ ღონისძიებანი, რომელნიც გვიშველიან ცხოვრების სიბნელიდამ სინათლეში გამოყვანასა.

ცხოვრება, მეცნიერება და ხელოვნება, რომელნიც ყოველ ჟურნალისა შიგმდებარედ არიან, იმოდენად მოვიხსენიეთ, რამოდენადაც საჭირონი იყვნენ იმისათვის, რომ მკითხველთათვის გვეჩვენებინა მხოლოდ ის გზა, რომელზედაც გაივლის ჩვენი “მოამბე”. კიდევ ვიხდით ბოდიშსა, თუ ეს სტატია მეტაფორებით სავსე ეჩვენოს მკითხველსა. ჩვენი ცდა მარტო ის იყო, რომ ჩვენი აზრი გაგვეგონებინა მკითხველთათვის, ამიტომაც ყოველი ღონისძიება მოვიხმარეთ, რომ ეგ აგვესრულებინა. თუ ამ სტატიამ მაგოდენი შესძლოს, ჩვენ კმაყოფილნი ვიქნებით.

მეტი არ იქნება მოკლედ განვიმეოროთ ის, რაცა ვსთქვით ამ სტატიაში. ჩვენ გვინდოდა, გვეჩვენებინა მკითხველთათვის, რომ ცხოვრება თვითრჯულია, იგი არ გამოიჭრება ხოლმე კაცისაგან მოგონილ რიკრიკაზედ; რომ თუმცა იგი ბერდება, მაგრამ იმ სიბერის გამოცდილებით ისევ თავის-თავად ახლდება და ჰყვავის; რომ მეცნიერება და ხელოვნება არ არიან მოგონილნი კაცის ჭკვის და გამოხატულობის არც ვარჯიშობისაგან და არც ვარჯიშობისათვის; რომ იგინი იბადებიან ცხოვრებისაგან და არსებობენ ცხოვრებისათვის; რომ იგინი წინ მიდიან ცხოვრების ვითარებისა გამო და მერე თავის რიგზედ თვითონვე წინ მიჰყავთ ცხოვრება; რომ რაც მაგათგან არის მოყვანილი ცნობაში და დამტკიცებული, ის გადადის ხალხში და იგი სცვლის ხალხის მდგომარეობასა და ცხოვრებასა; მაგ დამტკიცებულ აზრების და ცნობაების გადასვლის გაადვილება ჩვენის “მოამბის” საქმეა. რამოდენადაც ცნობიერად და ვრცლად მოეკიდება “მოამბე” თავის ძნელ საქმეს, რამოდენადაც მიაგნობს და შეატყობს ცხოვრების მაჯის ცემასა და შენიშნავს იმ მაჯის მცირედსა ცვლილებასა, რამოდენადაც ნათლად განარჩევს ცხოვრებისაგან მოგუბებულ მასალასა და თვითეულ მის შემადგენელს ნივთსა საყოველთაოდ განაბრწყინებს მეცნიერების შუქით და ხელოვნების წარმოდგენითა, იმოდენად იგი პატივცემული იქნება საზოგადოებაში და ნაყოფიერი ცხოვრებისათვის. გზა დანიშნული აქვს და არჩეული ჩვენს “მოამბესა”. ვნახოთ, როგორ გაივლის! ღმერთმა კი მშვიდობის და სიკეთის მგზავრობა მისცეს, ღმერთმა მოაპოვებინოს მრავალი თანამშრომელი, რომ ჩვენის ქვეყნის და ხალხის სიყვარულის სახელითა ძმურად ურთიერთს მხარი მისცენ და არ დაივიწყონ, რომ ხალხი დაბალი, თუ მაღალი – ყველა მოყვასია ჩვენი, შეძლებისამებრ ყველამ უნდა ვუშველოთ… თუ ხალხი მართლა მოყვასია, რუსთაველი გვასწავლის, მოყვასს როგორც უნდა მოექცეს კაცი:

ხამს მოყვასი მოყვასისთვის სიცოცხლისა არ დამრიდად,

გული მისცეს გულისათვის, სიყვარული გზად და ხიდად”.

(1862.).

დაიბეჭდა ჟურნალსაქართველოს

მოამბეში” 1863., #1.

რუბრიკას უძღვება დარეჯან ანდრიაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here