Home რუბრიკები ისტორია “ილიას გაკვეთილებიდან” “ღიმილიან საქართველომდე”

“ილიას გაკვეთილებიდან” “ღიმილიან საქართველომდე”

1101
“ილიას გაკვეთილებიდან” “ღიმილიან საქართველომდე”

საზოგადოება ახალი პოლიტიკური ძალის მოლოდინშია

ქართველმა ხალხმა საკმაოდ რთული გზა გამოიარა დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან, გზა საყოველთაო პროტესტებისა და დაუმორჩილებლობის, იმედებისა და მათი გაცრუების

ამ გზაზენაციონალურმა მოძრაობამხალხის მხარდაჭერა დაკარგა, მეორეს მხრივ, დიდად არცქართული ოცნებააღმოჩნდა იმედებისა და მოლოდინების გამმართლებელი.

მწარე გამოცდილებასთან ერთად ამ ხნის განმავლობაში შეიცვალა ხალხის განწყობები და დამოკიდებულება პოლიტიკური პარტიებისადმი, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ მოძალადე ხელისუფლება გადავარდა და ქვეყნის სათავეში ქველმოქმედი ოლიგარქის გუნდი მოვიდა, სამართლიანობამ მაინც ვერ იზეიმა, მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა არ გაუმჯობესდა.

ამიტომ ხალხს მათი აღარ სჯერა!

როდესაც ვეზირმა სედრაქმა ვირის გულისხმიერება უსურვა უფლისწულს, ამგვარი დალოცვა ასე ახსნა: “ვირი ერთსა უყესა ტალახსა შინა გაატარე, რათა დაეფლას, მერმე გზა იგი გაახმე. თუცა შენ ვირი გზასა მას ზედა გაატარო, უგუნურმცა არს” (სულხანსაბა ორბელიანი, “სიბრძნე სიცრუისა”), ანუ ვირმა ტალახში, რომც გაახმო, მეორედ რომ გაიაროს უგუნური იქნებაო. მრავალჯერ მოტყუებული ამომრჩეველი კი, რომელიც ხელისუფლების სათავეში ხალხისავე მოყვანილმა პოლიტიკურმა პარტიებმა იმდენჯერ გაატარეს სიცრუისა და უსინდისობის ტალახში, უგუნური არ არის!

დღეს ქვეყანაში არსებობს საზოგადოებრივი შიმშილი, სიახლისთვის მზაობა, მაგრამ ქართულ პოლიტიკურ სივრცეში არსებობს კი ახალი ძალის გაჩენის პოტენციალი? ერთი რამ ფაქტია: ცვლილებები ვერ განხორციელდება მანამ, სანამ ქვეყანაში არ გაჩნდება პარტიული პოლიტიკის ახალი კულტურა და სანამ პარტიები იდეოლოგიური დაქსაქსულობის ბუდე იქნებიან.

საზოგადოება ახალი პოლიტიკური ძალის მოლოდინშია და იმისიც, რომ მომავალ არჩევნებზე მრავალპარტიულ პარლამენტსა და კოალიციურ მთავრობას მიიღებს. სავარაუდოდ, ამ დარჩენილ წელიწადნახევარში უნდა ჩამოყალიბდეს (ან გამოჩნდეს) ახალი პოლიტიკური ძალა, რომელიც მკვეთრად დაუპირისპირდება არსებულ პოლიტიკურ პრაქტიკას; ექნება მწყობრი, მკვეთრად განსაზღვრული პოლიტიკური კურსი და, როგორც დიდი ილია ბრძანებს, “ხალხის დაწინაურებული თავობა, მაშინვე მიხვდება, რომ დრო იცვლება, ჰგრძნობს, რომ ეცა სუნი ახალის გაზაფხულისა, განახლებისა, ჰგრძნობს, რომ ძველი ცხოვრება აივსო, დამწიფდა, რაც დათესილი იყო, იმის ნაყოფი მოიტანა და ეხლა ამ ნაყოფიდამ უნდა გამოიკრიფოს ახალი თესლი ახალის ცხოვრების გამოსაკვანძავად, რათა მადლობით გაისტუმროს ძველი და სიხარულით მიეგებოს და გზა გაუხსნას ახალსა…”

“საძირკველის ამოყვანაა ძნელი, თორემ სხვას ისინიც გააკეთებენ. საძირკველის ამომყვანელიც არ დაიგვიანებს ხოლმე მოსვლას. მაშინ გამოჩნდება გენიოსი. ჩვენ არ გვინდა ამითი ვსთქვათ, ვითომც სწორედ იმ წამს იბადებოდეს გენიოსი. ის იქნება აქამდინაც იყო, და უთუოდაც უნდა ყოფილიყო, რომ ცხოვრებას თავის ძუძუთი გამოეზარდა, თავისთან გამოეცადა, მოემზადებინა თავის ვითარებისვე აღსახსნელად. თუ აქამდინ არ გამოჩნდა იგი, იმიტომ, რომ იმისი ძლიერი სულის შესაფერი საქმე არსად იყო; გამოჩნდა თუ არა საქმე, იმანაც გაშალა თავისი ძლიერი ფრთა და, როგორც მზე, გამობრწყინდა ცხოვრების გასანათებლად. ეს გოლიათი გონიერებისა თავის ძლიერის მკლავით გადასწვდება მთელს ცხოვრების ნამუშევარსა; შემოაგროვებს ერთად, რაც ცხოვრებას გამოუჩენია; თავის გამჭრიახ თვალით თავიდამ ბოლომდინ განსჭვრიტავს, გაანათლებს იმ შემოგროვილსა, და ყოველს ცხოვრების კითხვას მისცემს შესაფერის პასუხს, ყოველს ფაქტსა _ ჭეშმარიტ მნიშვნელობას, ყოველს მიმართულებას _ კუთვნილს გზასა და ღონისძიებასა, _ ერთი სიტყვით, ახსნის, ცნობაში მოიყვანს მას, რაც ჩვენ შორისვე იყო და არ გვესმოდა. მაშინ იგი გამოანგრევს ძველის საძირკველსა და, ახალის საძირკველში რაკი ქვას დაამკვიდრებს, მიანებებს საქმეს უმცროსთა მუშაკთა.

მეცნიერება და ხელოვნება _ ეგ საკვირველნი სალარონი კაცის გონიერებისა _ არიან კანონიერნი მემკვიდრენი გენიოსისა. იგინი თავის უკეთეს წარმომადგენლების ხელით გენიოსისგან ნაჩვენებ საძირკველზედ განაგრძელებენ ხოლმე მუშაობასა, გენიოსის ახალს აზრზედა, ახსნაზედა დაამყარებენ ხოლმე შემდგომსა გამოკვლევასა და ცნობიერების წინ წაწევასა. მაგ წარმომადგენელთაგან ცხოვრებისაგან დაბადებულნი ფაქტები, გენიოსის ჭკვისგან ახსნილნი და ცნობაში მოყვანილნი, მეცნიერებისაგან მიღებულნი, როგორც კანონნი და ხელთმძღვანებელი მომავლისათვის, გადადიან დანარჩენ ხალხშიაცა. რამოდენადაც ეგ ახალი ცნობაები, აზრები ადვილად გასაგებნი არიან ხალხისათვის, იმოდენად ადვილად განსდევნიან უწინდელებსა, რომ ცხოვრებაში იმათი ადგილი თითონ დაიჭირონ და იწარმოვონ შემდგომში. ეგრე, ცხოვრებისავე მოღებულსა ცხოვრებავე მიიღებს ხოლმე; ეგრე, ცხოვრებისაგან აღმოსულნი, მეცნიერების სიცხოვლით ნაყოფად მოწეულნი, ისევ ცხოვრებასვე დაუბრუნდება ხოლმე წარმატებისათვის. რასაკვირველია, მინამ ეს ასე მოხდება და ხალხი, თუ არ სრულიად, უფრო მომეტებული მაინც მიიღებს განახლებასა, დიდი დრო გადის. ცხოვრება, ამ ახალ აზრებით განახლებული, ისევ იზრდება, ჰყვავის, მოამწიფებს სხვა ახალ სათესლე ნაყოფსა და მერე ისევ ჭკნება, როგორც ზემოთა ვსთქვით. ის არ მოუცდის ხოლმე ხალხსა _ “აცა ჯერ რაც მოვამზადეო ამას წინათ და რაც მეცნიერებამ და ხელოვნებამ გენიოსის შემწეობით ცნობაში მოიყვანა და კანონად დასდვა, ჯერ ისინი ხალხმა მიიღოსო და დაისაკუთროსო”. არა, ცხოვრება ამას არ მოუცდის ხოლმე, ეგ დაუყოვნებლივ გასწევს თავის წარმატების და განვითარების გზაზედ, ასე, რომ მინამ ხალხი მიიღებს დიდიდამ პატარამდე მის უწინდელ ჭირნახულსა, იგი ხელახლად მოასწრობს ხოლმე ახალ მოსავლის მოყვანასა, სხვა ახალ ფაქტების და საჭიროების შემუშავებას და შემოჯგუფებას. კიდევ მოვა დრო განახლებისა, კიდევ ამრიგად მეცნიერება და ხელოვნება ახსნის ცხოვრების მოთხოვნილებასა, ცნობაში მოიყვანსახალსადა ამათ შემწეობით გადადის ესახალიისევ ცხოვრებაში და სცვლის ცხოვრებასა. აი, როგორც შევიძელით, ვაჩვენეთ, რომ ცხოვრება ძირია, ხელოვნება და მეცნიერება მასზედ ამოსული შტოები არიან.

როგორც მიწიდგან ამოხეთქილი შტოები ისხამენ ნაყოფსა და როცა სათესლედ მოჰსწევენ, ისევ მიწას გადმოსცემენ, რომ ახალი ძირი გაიკეთონ და ამ ძირმა სხვა ახალი შტოები ამოხეთქოს, აგრეთვე ცხოვრებაზედ ამოსულნი შტოები _ მეცნიერება და ხელოვნება _ ისხმენ ზედ ცხოვრების ნაყოფსა… როგორცა ვსთქვით, მეცნიერება და ხელოვნება _ ეს ორნივ ერთ და იგივეს მსახურებენ: აზრის მოძრაობას; ერთს და იგივეს გამოსთქვამენ: ხალხის აზრსა, და თუ რაშიმე განირჩევიან, მხოლოდ იმაში, რომ სხვადასხვა გზით და სხვადასხვანაირად მოქმედებენ და გამოსთქვამენ. მაგრამ ყველამ კარგად იცის, რომ მეცნიერება და ხელოვნება, ეგ უდიდესნი სალარონი, სადაც კაცობრიობის გენია აწყობს ხოლმე გონიერების საუნჯესა – არ არიან ყველასათვის მისაწვდომნი. მაგ სალაროში შედიან ხოლმე მხოლოდ აღმორჩეულნი პირნი, რომელნიც ყველგან ცოტანი არიან…

მართალია, ყოველ ცოტაოდენ განათლებულ ხალხში არის ღონისძიება, საშუალობა, რომ მეცნიერების ნაყოფი გადიტანოს ხალხშია; მართალია, არიან სკოლები, სხვადასხვა სასწავლებლები, რომელნიცა ავრცელებენ ხალხში, მის გამო ცხოვრებაშიაც, სასარგებლო და გამოსაყენ სწავლასა და ცოდნასა, და მით შველიან ხალხსა. მაგრამ იმათამდინ ისე ცოტას მიუწვდება ფეხი, რომ დანარჩენ ხალხის რიცხვთან რომ შევადაროთ ის ცოტა _ წვეთი იქნება ზღვაში. ბევრნი რჩებიან სასწავლებლების გარეთ, ბევრს მათგანს უნდა, სურვილი აქვს, გაიგონ რამე, შეივსონ სწავლა, გაიხსნან გონება, მაგრამ ზოგი შეუძლებლობისა გამო, ზოგი კიდევ სხვადასხვა დაბრკოლებისაგან მაგ მიუცილებელ ღონისძიებასაც მოკლებულნი არიან. საჭიროა სკოლების გარდა ისეთი ღონისძიებაც, ისეთი საშუალობაც, რომელმაც იმისთანა თვისება უნდა იქონიოს, რომ ყველგან მისწვდეს, გამოფინოს საქვეყნოდ კაცის ჭკვის ძვირფასნი მარგალიტები საყოველთაო მოსახმარებლად, რომ მრავალთათვის მისაწვდომი გახადოს ის, რაც დასაკუთრებული აქვს ცოტასა. ის საშუალობა, ის ღონისძიება უნდა ცდილობდეს, თუ არ სრულიად ხალხთან, მომეტებულ ნაწილთან მაინც დაიჭიროს საქმე, შეიქმნას შუამავლად მეცნიერებისა ერთის მხრით და ხალხისა და ცხოვრებისა მეორის მხრით. მაგ ძნელ საქმეს ასრულებს ყველგან ლიტერატურა.

ბოლო დროს, თითქმის ჩვენი საუკუნის პირველ ნახევრის დასასრულში, შეატყეს, რომ თვით ეს ლიტერატურაც ისე სწრაფად არ ავრცელებს მეცნიერებასა ხალხშია, შეამჩნივეს, რომ ლიტერატურა თუმცა დღე-და-დღე მდიდრდება, ივსება ახალის ნაყოფითა, ახალის იდეებითა და აზრებითა, მაგრამ ცხოვრებაში ისე ადვილად არ გადადიან იგინი, როგორც საჭიროა. უმთავრესი მიზეზი ის იყო, რომ თვით ლიტერატურის ენა დაუშორდა ხალხის ენასა, ხალხს ისე ადვილად არ შეეძლო გაგება მისი, რასაც კითხულობდა _ და ჩვენ ზემოთა ვსთქვით, რომ თუ ხალხი ვერ გაიგებს, არც ცხოვრებაში შეიტანს. რა წამსაც მიხვდნენ, რომ ლიტერატურა თუმცა უფრო ვრცლად მოქმედობს ბეჭვდის შემწეობითა, მაგრამ მაინც კიდევ ხალხს იმის გაგება ეძნელება, მაშინვე გამოჩნდა საჭიროება იმ-გვარ ლიტერატურისა, რომელიც, როგორც ენით, ისე აზრის გამოთქმით, უფრო ადვილად უნდა ასრულებდეს ზემოთქმულ შუამავლობასა მეცნიერების და ცხოვრების შორის. მაგ-გვარ ლიტერატურას ჰქვიან “პოპულიარული ლიტერატურა”, ხან კიდევ ადვილი ლიტერატურა, იმიტომ რომ იგი დანიშნულია მხოლოდ იმისათვის, რომ უფრო, რამოდენადაც შეიძლება, გააადვილოს მეცნიერების და ხელოვნების ნაყოფის მოკრეფვა ყველასათვის; მათგან დამუშავებული ძნელი მისახვედრი ცნობაები საყოველთავო გასაგებად გაამარტივოს, გააადვილოს და ამით განავრცელოს საჭირო სწავლა და ცნობაები ხალხშია. ამ-გვარ ლიტერატურას ეკუთვნის ჟურნალიცა, ნამეტნავად ის ჟურნალი, რომელსაც ეძახიან: “საზოგადო ჟურნალი”. აი, რარიგ სამსახურისათვის ნიშნავთ ჩვენს “საქართველოს მოამბესაცა”. რომ ჟურნალი საჭიროა, ამას თქმა აღარ უნდა. ჟურნალი, როგორც სხვა, ისე ჩვენიცა, არ არის ერთის კაცის სურვილის ნაყოფი: მოუვიდა ჟინი წერისა და გამოსცა. არა, მაგისთანა ჟურნალი თავს დიდხანს არ დაიჭერს. ჩვენა ვსთქვით, რომ ყოველი საჭიროება ცხოვრებიდგან წარმოდგება. თუ ცხოვრებას არ უნდა, ვერაფერს ვერ მიამყნობთ ისე, რომ იმ ნამყნობმა იხეიროს და ნაყოფი მოიტანოს მარტო ის საქმეა მკვიდრი და მტკიცე, რომლის ფესვიც შიგ ცხოვრებაშია გამოკვანძილი; უამისოდ ვერა საქმე ვერ გასძლებს, ვერ მოიტანს ნაყოფსა, როგორც თესლი უდედამიწოდ. როცა ცხოვრებას უმოქმედნია და იმ მოქმედებით მოუყვანია როგორიმე მოსავალი, რომლის გაგება და გარჩევა უძნელდება ხალხს და რჩება ის მოსავალი მოუხმარებლად; როცა ხალხში ისმის სურვილი, ძლიერი ნდომა იმ ნაჭირნახულევის გაგებისა, ცნობაში მოყვანისა; როცა ხალხს უნდა და ვერ მისწვდომია მეცნიერების ნაყოფსა, მაშინ ხალხის საშველად სხვათა შორის გამოვა ჟურნალიცა. რასაკვირველია, რამოდენადაც ცხოვრება _ ეგ დედა ყოველ საქმისა _ ძლიერია და ღონიერი, იმოდენად მოსავალი და ნაჭირნახულევი დიდია და უხვი.

დასასრული შემდეგ ნომერში

ჟურნალისაქართველოს მოამბე”, 1863., #1

რუბრიკას უძღვება დარეჯან ანდრიაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here