Home რუბრიკები ისტორია ილია ჭავჭავაძე და საქართველოს ისტორია

ილია ჭავჭავაძე და საქართველოს ისტორია

“ერი თავის გმირებში ჰპოულობს თავის სულსა და გულს, თავის მწვრთნელს, თავის ღონესა და შემძლებელობას, თავის ხატსა და მაგალითს”

5922
ილია ჭავჭავაძე

ილია ჭავჭავაძე ამბობდა: ყოველ ერს თავისი გამოჩენილი მოღვაწეები უნდა ახსოვდეს, რადგანერი თავის გმირებში ჰპოულობს თავის სულსა და გულს, თავის მწვრთნელს, თავის ღონესა და შემძლებელობას, თავის ხატსა და მაგალითს”-აო (V, 208).

ისეთ პირად, რომლის ღვაწლისა და ამაგის დავიწყება საქართველოს არ შეჰშვენის, ილია ჭავჭავაძეს, რასაკვირველია, დავით აღმაშენებელიც მიაჩნდა და ჩვენთვის სწორედ ის არის საინტერესო, თუ რა მოსაზრებით. მისი სიტყვით, დავით აღმაშენებელი სადიდებელია ჩვენგან არა მარტო სახელოვან მეფობითა”, საქართველოს მთლიანობის დამყარებითა და სახელმწიფოებრივობის შექმნით, “არამედ თავის დიდბუნებოვან კაცობითაც. იგი თავდადებული მოყვარე თავის ეროვნებისა და… სარწმუნოებისა”, იმავე დროს დიდი პატივისმცემელი იყო სხვის ეროვნებისაც და სარწმუნოებისა”. ყველაზე უფრო საყურადღებოა, რომ დავით აღმაშენებელი იყო “ამისთანა შემწყნარებელი სხვისა მაშინ, როდესაც იგი ყოვლად-შემძლებელ მბრძანებლად შეიქმნა სხვადასხვა თესლისა და სარწმუნოების ერისა” (V, 209), როდესაც ის უკვე “სრულად გაბატონდა თავის ქვეყანაში და, მაშასადამე, ამისთანა პატიოსანი და განათლებული ქცევა მარტო იმის დიდ ბუნებოვან გულს და გონებას უნდა მიეწეროს და არაფერს სხვას”-აო (V, 211). ამასთანავე განმაცვიფრებელი სწორედ ის გარემოებაა, რომ დავით აღმაშენებელი “სხვა ერის ღირსების თაყვანისმცემელი იყო იმ დროში”. დავით აღმაშენებლის ამ თვისებას ხომ მარტო ჩვენი ქართველი მატიანეები არ მოგვითხრობენ, სომეხთა ავტორებიც ამასავე ადასტურებენ. ხოლო, თუ სომეხთადმი დავით აღმაშენებლის ასეთი დამოკიდებულება შესაძლებელია იმით აიხსნას, რომ სომხები ქრისტიანები იყვნენ, “დიდბუნებოვანი კაცთმოყვარეობა დავით მეფისა” ხომ “მაჰმადიანებსაც მიეფინათ”. ჩვენთვის ეს გარემოება და თვისება მით უფრო საგულისხმოა, “მით უფრო ბრწყინვალეა ეს ამბავი, რომ მაჰმადიანები თვით დავით მეფისა და მის ერის სარწმუნოებას ერჩოდნენ აღმოსაფხვრელად” (V, 210) და, მაშასადამე, მოსალოდნელ გულისწყრომასაც იგი არ წაუტყუებიაო. აქვე თავის დებულების დასამტკიცებლად ილია ჭავჭავაძეს ალ-აინის ცნობა აქვს დამოწმებული, რომელშიც სხვათა შორის აღნიშნულია, რომ დავით აღმაშენებელმა საქართველოში “ააშენა უცხო ტომთათვის ქარვასლები და სადგომი სახლები მოქადაგეთა, სუფიებთა და პოეტთათვის, რომელთაც ულუფას უნიშნავდა”-ო, და საერთოდაც “დავითი უფრო მეტს პატივსა სცემდა მუსულმანთ, ვიდრე მთავარნი მუსულმანთანი”-ო (V, 210-211).

როგორც ზემომოყვანილთგან დარწმუნდებოდით, ილია ჭავჭავაძეს საქართველოს პოლიტიკურ მოღვაწეთა ნამოქმედარში მარტო პოლიტიკური მხარე კი არა, არამედ ამ მოღვაწეობის უფრო მეტად კულტურული გეზი, სხვა ერთა ღირსებისა და უფლების პატივისცემა იზიდავდა.

საუცხოვოდ აქვს მას მათი პოლიტიკის მთავარი ამოცანა XII ს. განმარტებული. როდესაც ივ. ჯაბადარმა თამარის საქართველოს წინაშე ღვაწლის დამცირება სცადა და საბუთად ის მოსაზრება მოიყვანა, ვითომც თამარს ყარსზე გაელაშქრებინოს “მარტო იმისთვის, რომ თავის ახლად დაბადებულის შვილის გიორგის ბედი გამოსცადოსო და ამისთვის აუარებელი სისხლი დაიღვარა ტყუილუბრალოდაო”, ილ. ჭავჭავაძე ამ საკითხის განხილვასაც ზოგადი თვალსაზრისით შეუდგა. ჯერ იმ წყაროს შეეხო, რომლითგანაც ეს ცნობა მომდინარეობდა, მერმე-კი ბეცი ადამიანისაგან თვით ამ ამბის ნამდვილ მიზეზად მიჩნევაზე დაიწყო მსჯელობა. ილია ამბობდა: “იქნება გვითხრან _ “ქართლის ცხოვრებაში” ესე სწერია”, როგორც ჯაბადარს აქვს ნათქვამიო. “თუნდაც რომ ეწეროს, რა დასაჯერია?!”-ო. სწორედ უცნაურია, “ასეთი მალე დაჯერება დაუჯერებელისა ამ კაცისაგან, რომელიც მართალსაც არ იჯერებს ვითომდა უკრიტიკოდ!”-ო. “ქართლის ცხოვრებაში” რაც სწერია, განა ყველაფრის განუსჯელად დაჯერება შეიძლება? ნუთუ ძველისძველ საქართველოს მეისტორიემ ეს ანბანი არ უნდა იცოდეს”-, ამბობდა ილია, “რომ მას შემდეგ, რაც სომხეთი შეიმუსრა, სამხრეთით ჩვენი კარი ღია დარჩა მტერთათვის შემოსასევად. ამ მიზეზით, სომხეთის შემუსვრის შემდეგ, არც ერთი მეფე არ ყოფილა ღირსეული ამ სახელისა, რომ თვალი სამხრეთისაკენ არ სჭეროდეს და აქეთ საბრძოლველად არ გასულიყოს, რომ ან ჩვენი მიჯნა სამხრეთისა საქართველოზე შორს გაედგა მოსვენებისა და უშიშროებისათვის, ან მტრისათვის ისეთი ზარი დაეცა, რომ დიდხანს აღარა შემოებედნა-რა საქართველოსათვის. ეს იყო პოლიტიკური საჭიროება, რომელიც ეთავდებებოდა ჩვენს მშვიდობით ყოფნასა და არსებობასა. შანქორის ომსაც განჯისაკენ ესევე აზრი ჰქონდა და საჭიროება”- (V, 68).

დავით აღმაშენებლის, გიორგი მესამისა და თამარის დროინდელი სამხედრო პოლიტიკის მიზნების შესახებ, როგორც ცნობილია, იოს. გედევანიშვილს ჰქონდა 1915 წელს საინტერესო გამოკვლევა გამოქვეყნებული. ურიგო არ არის გავიხსენოთ, რომ არსებითად ამ პრობლემის გაშუქების პირველობაც, ამასთანავე 26 წლით უფრო ადრე, ილია ჭავჭავაძეს ჰკუთვნებია.

საქართველოს ისტორიითგან ილია ჭავჭავაძეს შემდეგ ერისთვის თავგანწირულობა ჰხიბლავდა. ცნობილია, რომ მისი ისტორიული პოემის დიმიტრი თავდადებული”- დედა-აზრი და სულისკვეთება სწორედ ეს არის: ქართველი ერის, უდანაშაულო ხალხის მონღოლთა ყაენისაგან განადგურებას დიმიტრიმ ხომ თავისი სიცოცხლის განწირვა არჩია. დიმიტრი თავდადებულის შემდგომ საქართველოს გმირ პიროვნებათაგან ილია ჭავჭავაძის ყურადღებას ლუარსაბ მეფის პიროვნება იზიდავდა. აქაც მისი მოღვაწეობის მშვენებად მას ქვეყნისათვის იგივე თავგანწირულება მიაჩნდა: უნდა გავიხსენოთ საქართველოს ის გმირი, რომელმაც “სთქვა: რა მადლია, თავი გადავირჩინო და ჩემი ქვეყანა მტერს ავაოხრებინოო, _ წავიდა” და თავისი თავი ქვეყნის უვნებლობას შესწირაო (V, 219).

მაგრამ ილია ჭავჭავაძემ კარგად იცოდა, რომ გმირობასთან ერთად საქართველოს წარსულს წოდებრივს სიამაყეზე და უპირატესობის შენარჩუნების ნიადაგზე აღმოცენებული ბევრი შური და მტრობაც უნახავს. სწორედ ამ თვალსაზრისით აინტერესებდა ილია ჭავჭვაძეს საქართველოს ისტორიითგან გიორგი სააკაძის პიროვნებაც. ის ჩივის, რომ მისი მოქმედება და ქცევა დღესაც აუხსნელია ჩვენთა ისტორიკოსთაგანდა იმისდა მიუხედავად, რომ ის იყოუხვად შემკული ყოვლის სამამაცო და საგმირო ღირსებითა”, მაინცდღეს აქამომდე არც ავად არის ჩვენ მიერ დაფასებული და არც კარგადა. მისი ავკარგიანობით აღსავსე განსაცდელიანი ცხოვრება და საოცარნი მოქმედებანი, მისნი ავად და კარგადაც აღსახსნელნი დიდნი საქმენი, ჯერ შიგნეულად გამოძიებულნი არ არიან და ელიან პირუთვნელს გამკითხველსა”- (V, 215).

გ. სააკაძეზე, როგორც ცნობილია, არჩილ მეფესვე ჰქონდა თავის ისტორიულ პოემაში მოსაზრება გამოთქმული, მაგრამ ამ ადამიანის მოღვაწეობა სხვადასხვანაირად იყო ყოველთვის შეფასებული. ვერა გადაეწყვიტათ მხოლოდ ქართველ ისტორიკოსებს. ილიას კი მაინც თავისი მოსაზრება გაკვრით გამოთქმული აქვს. ლუარსაბ მეფის “აზნაურიშვილის მოყვრობამ და ნამეტნავად აზნაურიშვილის ქალის გადედოფლებამ გული აუმღვრია მაშინდელ დიდებულებს, რომელთაც ითაკილეს აზნაურის ქალის დედოფლობა და ბატონობა”. შესაძლებელია ლუარსაბი უბედურებაში სწორედ ამ გარემოებამ ჩააგდო. დიდი მოურავი თუმცა ყოვლად ნიჭიერი კაცი იყო, ყოვლად მხნე სახელმწიფო კაცი და წარჩინებული მეომარი და სარდალი, მაგრამ ყოველივე ეს ვერ იპატიებდა მას მდაბალბუნებიანთა კაცთა შურისაგან. ეს ნაძირალი გრძნობა ადამიანის ავზნიანობისა ბევრს მეტოქეს და მოშურნეს მოუპოვებდა მაშინდელ დიდებულთა შორის, რომელთაც მოდგმა უფრო დიდ ღირსებად მიაჩნდათ, ვიდრე ნიჭიერი დიდბუნებიანობა”- (V, 216).

ეხლა რომ ისტორიის მეთოდოლოგიის საკითხებზე ილია ჭავჭავაძის მსჯელობასა და იმ წვლილის განხილვას შევუდგეთ, რომელიც მას ამ დარგშიც საქართველოს ისტორიის წინაშე მიუძღვის, ილია ჭავჭავაძეს, რა თქმა უნდა, ისტორიული კრიტიკაცა და შედარებითი მეთოდიც ისტორიის მძლავრ და აუცილებელ საშუალებად მიაჩნდა, მაგრამ ივ. ჯაბადარის ნაშრომმა დაარწმუნა, რომ მას ვერც ერთი ამ მეთოდთაგანის ვერც დანიშნულება გაუგია და ვერც მათი გამოყენება შესძლებია. რაკი ილია ჭავჭავაძემ თვითონაც კარგად იცოდა, რომ საქართველოს წარსულის შემსწავლელთა შორის ამ ორი მეთოდის მცოდნე და გამომყენებელი მართლაც არავინ ჩანდა, ივ. ჯაბადართან კამათის დროსაც ილია ჭავჭავაძე ამას არამცთუ არ უარყოფდა, არამედ თითონაც ადასტურებდა: “არა ერთხელ გვითქვამს და ეხლაც საჭიროა გავიხსენოთ, რომ ჩვენი ავტორი (ე.ი. ივ. ჯაბადარი) ჩვენს ლიტერატურას უკიჟინებს, კრიტიკა და შედარებითი მეთოდი მისთვის უცნობიაო. ეს მართალია” (V, 134), მაგრამ ილია იმაზე სწუხდა, რომ საუბედუროდ თვით ყიჟინის დამცემიც სრულებით უვიცი გამოდგა (V, 27 და 134). რაკი ამნაირად თვით ჯაბადარსაც არც ამისი ცოდნა და არც უნარი არ აღმოაჩნდა, აქაც მაშინდელი ქართველი მკითხველისა და მკვლევართათვის ისტორიული კრიტიკისა და შედარებითი მეთოდის განმარტებას თვითონვე შეუდგა. მაგრამ ამაზე საყურადღებო და უფრო მნიშვნელოვანი ის გარემოებაა, რომ მარტო ამით არ დაკმაყოფილებულა, არამედ ყველას საქართველოს წარსულის შესასწავლად ამ ორი მეთოდის მარჯვედ და ნაყოფიერად გამოყენების რამდენიმე მაგალითიც უჩვენა.

უპირველესად, საგულისხმოა, რომ იმ დროს, როდესაც საქართველოს ისტორიის მაშინდელ მკვლევართ “ქართლის ცხოვრების” ყოველივე ცნობა სჯეროდათ და აქ ნაამბობს იმეორებდნენ ხოლმე, ილია ჭავჭავაძე “ქართლის ცხოვრებას” კრიტიკულად ეპყრობოდა და ყველაფერი, რაც იქ მოთხრობილია, ჭეშმარიტებად კი არ მიაჩნდა, არამედ არა ერთხელ მას იქ ჩართული ზოგი ცნობების მცდარობა აღუნიშნავს. მაგ. ის ამბობდა: “ქართლის ცხოვრების” ცნობა დარუბანდის ფრიდონისაგან აგების შესახებ ზღაპარია, რათგან სხვაგან ასეთი ცნობა არსად მოიპოვებაო (V, 52, 53). უეჭველია, რომ “ქართლის ცხოვრებას” “აურევია სახელები”-ო (V, 53).

ივ. ჯაბადარს ფარნავაზ მეფე, “ქართლის ცხოვრების” თანახმად, საქართველოს უდიდეს და ცენტრალურ პიროვნებად ჰყავდა გამოყვანილი. ილია კი ამბობდა, “არა გვგონია “ქართლის ცხოვრების” გარეთ ჩვენმა ავტორმა გვიპოვნოს რაიმე ხსენება ფარნავაზისა ჩვენს ხალხში”-ო (V, 60-61). ხოლო შემდეგ უკვე პირდაპირ ნათქვამიცა აქვს, “ძალიან შესაძლოც არის, რომ ყოველივე” ის, რაც “ქართლის ცხოვრებას” ფარნავაზზე მოთხრობილი აქვს, “ტყუილიც იყოს”-ო (V, 62).

ივანე ჯავახიშვილი
ივანე ჯავახიშვილი

შედარებითი მეთოდის სახელი, ილიას სიტყვით, სრულად “არ შეეფერება იმგვარს კვლევას საგნისას, რომელსაც ამ სიტყვით ჰხატავს მეცნიერება ყველა ენებში. ეს გვარი კვლევა შედარება კი არ არის”-ო, არამედ “სწორედ ის არის, რომ კაცი კვალში ჩაუდგეს რომელსამე საგანს, ანუ მოვლენას, რომ ან თავიდამ ბოლომდე ჩამოჰყვეს, თუ სათავე ვიცით და ბოლო არა, და ან ბოლოდამ სათავემდე აჰყვეს, თუ ბოლო ვიცით და სათავე არა, და ამისთვის კიბედ გაიხადოს ყოველივე შემთხვევა, ყოველივე დრო, ყოველივე ადგილი, სადაც კი ან საგანს, ან მოვლენას თავი უჩენია”-ო (V, 22).

მეტად საგულისხმოა ილია ჭავჭავაძის მსჯელობა საისტორიო კვლევა-ძიებისათვის, შედარებითს მეთოდთან ერთად, ლინგვისტიკური ანალიზითა და დაკვირვებით მოპოვებული დასკვნების გამოყენებაზეც. გერმანელი ენათმეცნიერის შრადერის ნაშრომზე დაყრდნობით პირველად ილიამ მიაქცია ყურადღება ქართული ზმნის “მართლად გასაკვირველი ფორმების” სიუხვეს და აზრის გასაოცარი სიმოკლითა და სიმარჯვით გამოთქმისათვის ჩვენი ენის ამ თვისების მნიშვნელობაც კარგად განმარტა (V, 92-95). მანვე მაშინდელ ქართველ მკვლევართ დაანახა, თუ რაოდენად საგულისხმო და მნიშვნელოვანი საკითხების გამორკვევაა შესაძლებელი ენის ნამდვილი ანალიზის საშუალებით. ილია ჭავჭვაძე ამბობდა: ივ. ჯაბადარს რომ ენის “სარკეში ჩახედვის და ნახვის უნარი რამ ჰქონოდა და ერთი ბეწვა გაგება”, განა ის უ-ს “გაზანდრის ადლით გაზომვას” დაიწყებდა? არა, ის “სხვა გზით დააკვირდებოდა ჩვენს ენას და სულ სხვა ამბავს გამოჰკითხავდა”-ო (V, 97). მერმე ილია ჭავჭავაძეს თავისი შემდეგი საყურადღებო მოსაზრება აქვს გამოთქმული: განა ამისთანა სიტყვები, რომელნიც ჩვენს ენას დღევანდლამდე შერჩენია, არაფრის მთხრობელნი არ არიან, მაგალითებრ: “წყალობა, მიწყალე, შემიწყალე, მოწყალება”. აქ ყველგანწყალიისმის და ეს ამისთანა ცოცხალი მოწმეგანა არ გვეუბნება, რომ პირვანდელი ბინა ქართველისა ისეთი მშრალი ქვეყანა ყოფილა, რომწყლობანატვრისა და ვედრების საგნად გახდომია”. შუა მდინარესაც რომ თავი დავანებოთ და თუნდაც რომ “მარტო არმენია ავიღოთ, საცა წინათ ბინადრებულა ქართველი და საცა დღესაც “წყლობა” მართლა დიდი ღვთის წყალობაა, იმიტომ, რომ მიწა მდიდარია, ხოლო უწყლოდ კი არა მოჰყავს-რა”-ო (V, 97), კარგად გვიხსნის, თუ რატომ უნდა მინიჭებოდა “წყალობა”-ს ასეთი მნიშვნელობაო. საუცხოო და გონება-მახვილი დაკვირვებაა!

ან ავიღოთ, განაგრძობს ჩვენი დიდებული მოღვაწე, “სიტყვა “მიცვალება”, მიცვალებული რომელიც მოკვდომასა და მკვდარს ჰნიშნავს, მაგრამ არა სრულიად გაარარავებას, არამედ “გარდაცვლას”, სხვა სახედ გადასვლას. ნუთუ იმაში გონების ხელმოსაჭიდებელი არა არის რა, რომ კაცმა უტყუარი აზრი შეადგინოს მასზედ, თუ როგორ სწამებია ქართველს ის დიდი მოქმედება ბუნებისა, რომელსაც სიკვდილი ჰქვიან? ან ქალისგათხოვება”, “მითხოვებაგანა არას გვეუბნება, რომ უწინდელ ქართველის ცოლის შერთვაშიცხოვებასრაღაც ადგილი ჰქონია. განა ეს სიტყვა არ ასურათებს პირველყოფილ ქართველს ცოლქმრობის შესახებ”-აო, კითხულობდა ილია (V, 97-98).

საინტერესოა, აგრეთვე ილია ჭავჭავაძის მსჯელობა ქართველთა სხვა ერებთან კულტურული ურთიერთობის ლექსიკური მასალის ანალიზის საშუალებით გამორკვევის შესაძლებლობაზეც. იგი ამბობდა: “ვთქვათ, შეგხვდა ქართული ბავშური სიტყვა “აჩუა”. საიდან არის ეს სიტყვა, რის მომასწავებელია და ნიშნავს იმას თუ არა, რასაც ბავშვი ამ სიტყვით ასახელებს? ჩვენს ენაში ამ სიტყვის ასახსნელს ვერაფერს ვიპოვით. თუ კვალში ჩავუდგებით და სხვა ენებს ამ განზრახვით მოვჩხრეკთ, დავინახავთ, რომ სანსკრიტულად acva, ზენდურად aspa, ლათინურად equus, ირლანდიურად ech, ლიტოვურად aszwa ცხენს ნიშნავს და ყველგან ისმის ცხადად და ნათლად ჩვენებური “აჩუა”. ცხადი არ არის ეხლა, რის ნაშთია და საიდამ წარმომავალია ეს სიტყვააჩუა”, რომელსაც დღეს ჩვენში მარტო ბავში ჰხმარობს, ან ბავშისათვის ვხმარობთ ცხენის მაგიერ?”- (V, 22-23).

თავისი ზემომოყვანილი საგულისხმო დაკვირვებების შემდეგ, ილიას სამართლიანად აქვს აღნიშნული: “ბევრს ამისთანა მაგალითს წარმოგვიდგენს ჩვენი ენა, თუ რომ ბრმა კაცი და, ჩვენის ავტორსავით ყოვლად უვიცი არ შეხვდა”-ო (V, 98). ლუბბოკმა ამ მეთოდითა და ასეთი მასალით პირველყოფილი რწმენის, წესწყობილებისა და კულტურის სურათის აღდგენაც-კი შესძლოო (იქვე) და განა ქართველი ხალხის წარსულის ასევე აღდგენა არ შეიძლებოდა, სათანადო ცოდნა და ნიჭი რომ ყოფილიყოო, ფიქრობდა ილია ჭავჭავაძე.

ივ. ჯაბადარის მცდარ დებულებათა კვალდაკვალ განხილვისას ილია ჭავჭავაძე არქეოლოგიასა და შედარებითს მითოლოგიასაც შეეხო და აქაც არა ერთი საგულისხმო მოსაზრება ჰქონდა გამოთქმული ზნეჩვეულებებსა, კაციმჭამლობასა, წარმართული რწმენის წინაპართა თაყვანისცემისა და დასაფლავვების წესების შესახებაც. მანვე სცადა, გაეაზრებინა მემატიანის ზოგიეთი ცნობაცა და ძველს სამარხებში აღმოჩენილი ვითარების შესაძლებელი მიზეზიც განმარტა (V, 23-26, 111-113, 125-126, 142-143, 147 და სხვ.).

ყველა ზემომოყვანილი, იმედია, დაარწმუნებს ყველას, თუ რამდენად საინტერესო ყოფილა ილია ჭავჭავაძის მოღვაწეობა ისტორიის დარგშიც: როგორც ამ მეცნიერების ზოგადს ამოცანებსა და მეთოდოლოგიაზე, ისევე კერძოდ საქართველოს ისტორიისა და ისტორიკოსთა ამოცანებსა და სწორი მეთოდოლოგიით მნიშვნელოვანი შედეგის მოპოვების შესაძლებლობაზეც ჩვენს დაუვიწყარს მოამაგეს ფრიად საგულისხმო მოსაზრებანი ჰქონდა გამოთქმული. მაგრამ ქართულს მაშინდელ ისტორიოგრაფიაში ისეთი უმწეო მდგომარეობა იყო, რომ არამცთუ არსად ჩანდა მკვლევარი, რომელსაც თითონვე ნათლად გაეთვალისწინებინა, თუ რა იყო უპირველესად გასაკეთებელი და შესასწავლი, როგორის თანდათანობითა და რა საშუალებით უნდა ყოფილიყო საქართველოს ისტორიის უამრავი მასალები განხილული, არამედ, ილია ჭავჭავაძის ზემოაღნიშნული წერილების შემდეგაც არავინ აღმოჩენილა, რომელსაც ჩვენი სახელოვანი მგოსნისა და პუბლიცისტის მიერ დასახული ამოცანების განხორციელება ეცადოს და მეთოდების გამოყენება შესძლებოდეს. ქართველ ხალხს ანდაზად აქვს ნათქვამი: “კარგ მთქმელს კარგი გამგონე უნდა”-ო. და, ჩვენდა საუბედუროდ, მაშინ ილია ჭავჭავაძეს კარგი გამგონე არ გამოსჩენია. მაგრამ ეს ხომ მისი ბრალი არ არის?! თუ თავდაპირველად ილია ჭავჭავაძე ახალი ქართული მწერლობისა და ქართველთა საზოგადოებრივი აზრის უცილობელ ბელადად ითვლებოდა, წარსული საუკუნის დამლევითგან მოყოლებული, როგორც ცნობილია, თავი იჩინა ისეთმა მიმართულებამ, რომელიც არამცთუ საზოგადოებრივი აზრის მის ბელადობას სრულებით უარყოფდა და მიწასთან გასწორებას ცდილობდა, არამედ პოეზიის დარგშიც კი მისი ღვაწლის მთლიანად გაქარწყლებას ლამობდა. საბედნიეროდ, იმ უმაგალითო უმადურობას უკვე საბოლოოდ ბოლო მოეღო და, უეჭველია, მთელი საქართველო გულწრფელ მადლობას უძღვნის იმას, ვისი წყალობითაც ეს საშინელი უსამართლობა მოსპობილია და ილია ჭავჭავაძის დიდი ღვაწლიც საქართველოს წინაშე ღირსეულად შეფასებულია. ვფიქრობ და დარწმუნებული ვარ მხოლოდ, რომ ვინც მომავალში ქართველი ისტორიოგრაფიის თავგადასავალის მე-19 საუკუნის ამბების შესწავლასა და აღწერას შეუდგება, ის ვალდებული იქნება, ისიც აღნიშნოს, რომ ილია ჭავჭავაძე დიდებული იყო მარტო პოეზიასა და პუბლიცისტიკაში კი არა, ანდა კიდევ მარტო ვითარცა ახალი სალიტერატურო ქართულის შემქმნელიც კი არა, არამედ რომ საქართველოს ისტორიოგრაფიაშიც მას ისეთი ღვაწლი ჰქონია, რომლის დავიწყების უფლება არც ერთს ქართველს არა აქვს (წაკითხულია, მოხსენების სახით, 1937 წ. ენიმკი-ს საჯარო სხდომაზე, რომელიც მიძღვნილი იყო ილია ჭავჭავაძის დაბადების ასი წლისთავისადმი).

ივანე ჯავახიშვილი

ქართული ენისა და მწერლობის ისტორიის საკითხები,

თბილისი, 1956  .

ილია ჭავჭავაძის დასკვნები ქართველების ისტორიული ფესვების შესახებ

აქ მოხმობილი მასალა ყოველი ქართველისთვის საამაყო და თავმოსაწონებელია მსოფლიოს ხალხთა წინაშე, თავის წილ პასუხისმგებლობას აკისრებს მას _ შეგნებული ცხოვრების მანძილზე ქართველთა ისტორიის ღირსეული მატარებელი და გამგრძელებელი იყოს.

მეორეც, ეს მასალა დადასტურებაა ილია ჭავჭავაძის მიერ ევროპისა და რუსეთის სახელგანთქმულ მეცნიერთა შრომების ანალიზის საფუძველზე გამოტანილი დასკვნებისა ქართველების უძველესი ისტორიის შესახებ.

გთავაზობთ ზოგიერთ დასკვნასქვათა ღაღადიდან” (1899 .):

* “ურარტელნი ქართველთა წინაპარნი ყოფილან, ქართველთა სისხლხორციელი ყოფილა”;

* “სტრაბონი ჯერ კიდევ პირველი საუკუნის დასაწყისში აღყვავებულს გვიხატავს საქართველოს, რომელმაც გასაოცარის ხელოვნების ეკლესიებით და მონასტრებით მოჰფინა ძველისძველთაგანვე თავისი მხარე, რომელმაც გაავსო როგორც საქართველო, აგრეთვე, საბერძნეთი და პალესტინა ქართულის სამკაულით და მანუსკრიპტებით, რომელმაც ძველადვე ჰთარგმნა ფაჰლაურ ენაზე შედგენილი სანსკრიტული მოთხრობაქილილა და დამანა”, “ვისრამინიდა შექმნა დიდებული პოემავეფხისტყაოსანი”, რომ სხვა აღარა იყოსრა;

* “სახელდებულნი სწავლულნი ჟან სენმარტენი, ვივიან დე სემარტენი, დუბუა დემონპერე ცხადად და გარკვევით ამბობენ, რომ ქართულნი ისტორიულნი მოთხრობანი ღირსშესანიშნავნი წყარონი არიან არა მარტო კავკასიისა, არამედ აზიის ისტორიისათვისო. ამასთან, დუბუა დემონპერე იხსენიებს ქართველებს ვითარცა ძველისძველ ერს, რომელიც უხსოვარ დროითაგანვე ამიერკავკასიას დარაჯად სდგომია და ყველა სხვა ცნობილთა ერთა თანა ურთიერთობა ჰქონიაო”;

* “ისტორიულ ჭეშმარიტებად ცნობილია, რომ ეგვიპტელთამუბენი”, დაბადებისმოსოხნი”, ანუმოსხნი”, ეხლანდელნიმესხნი”, ჰეროდოტისტომარენნი”, სტრაფონისტიბერნიდაკოლხნიშეადგენდნენ ქართველ ნათესაობის ერსა. რადგანაც ისიც ჭეშმარიტებად ცნობილია, რომ ძველისძველად ამ ქართველ ნათესაობას სჭერია მთელი სივრცე და მთელი აღმოსავლეთი მხარე ამ ზღვისა, აგრეთვე, იგი ადგილები, რომელნიც მტკვარსა და არაქსს შუა მდებარეობენ. აშკარაა, რომ ვისაც ამ ადგილებში დაჩემება რამ უნდა, ან ქართველის კუთვნილების გაუქმება, მოუნდება დაამტკიცოს, რომ ზემო დასახლებულნი ერნი ქართველთა ნათესაობისა არც იყვნენ და არც არიან”;

* “თუ ურარტელების სიკეთე გამოჰყოლია ვისმე მოდგმით და თუ მაგ სიკეთით შესაძლოა ვინმემ თავი მოიწონოს, ესე ყოველი ქართველობის კუთვნილებაა”;

* “მთიანი ქვეყანა, რომელსაც ლურსმული წარწერანი ურარტად ასახელებენ, ჯერ კიდევ 721 წელს ქრისტეს წინათ სამკვიდრო იყო ქართველებისა და თვით ურარტელი ქართველის ნათესაობის ერი იყო”;

* “მთიანი ქვეყანა (ურარტუ), საიდამაც გამოდიან ტიგრი და ევფრატი, ჯერ კიდევ ასურელთა მეფის _ სარგონის დროს (721 .) დასახლებული იყო ერთის მოდგმის ერითა, …და ეკუთვნის ნათესაობით ქართველებსა”;

* “კაპადოკიაში ოდესღაც მართლა ქართველები მკვიდრებულან და ეს ქვეყანა ჰკუთვნებიათ, ამას იგი გარემოებაც ამტკიცებს, რომ დღესაც იმ ადგილებს, მდინარეებს და მთებს, საცა კაბადოკია იყო, ქართული სახელები შერჩენიათ”;

* “ხეტტების და ქართველების ნათესაობას, ერთთესლობას ამტკიცებს მასპეროც, რომელიც ამბობს, რომ ხეტტელნი ნათესავები იყვნენ ტაბალებისა, მუშკებისა, რომელნიც თუბალებად, მოსხებად ცნობილნი არიან და თუბალნი და მოსხნი (მესხნი) ხომ ქართველის მოდგმის ხალხებად მიჩნეულია მეცნიერთაგან”;

* “კაბადოკიაში ქართველნი ყოფილან მკვიდრმოსახლენი. წმინდა მამანი _ იოანე ზედაზნელი და მისნი თორმეტი მოწაფენი, რომელნიც მოვიდნენ საქართველოში ქრისტიანობის დანერგვისა და გამტკიცებისათვის, კაბადოკიელნი ქართველები იყვნენ”;

* “წმინდა გიორგის ნათესავი იყო მოციქულთსწორი წმინდა ნინო, აგრეთვე, კაბადოკიელი, მაშასადამე, მცოდნე ქართულის ენისა”;

* “ამისთანა დიდად შესანიშნავს, ლამის ჩვენს ნათესავს ერზე, როგორც ხეტტელნი ყოფილან, არა თქმულარა ჩვენს ლიტერატურაში ჯერ აქამომდე”;

* “ხეტტელნი, ანუ როგორც ზოგნი ეძახიან გიტნი, დიდი ღვაწლმოსილი ერი ყოფილა, დიდის კულტურის მექონი და რიცხვმრავალი”;

* “ინგლისის მეცნიერი . ანდერსონი ამბობს, რომ ევროპის ცივილიზაციის სათავე ხეტტების, იგივე გიტების ცივილიზაციაა, და ევროპა მადლობელი უნდა იყოს ხეტტებისა, რადგანაც დასაბამი საბერძნეთის კულტურისა ხეტტელებისაგან არის მიღებულიო”…

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here