Home რუბრიკები საზოგადოება თამარ ჩიბურდანიძე: სამწუხაროდ, 2050 წლისთვის ნავარაუდებ დემოგრაფიულ დარტყმას თავიდან ვერ ავიცილებთ

თამარ ჩიბურდანიძე: სამწუხაროდ, 2050 წლისთვის ნავარაუდებ დემოგრაფიულ დარტყმას თავიდან ვერ ავიცილებთ

მეცნიერები 2050 წლისთვის საქართველოს მოსახლეობის 30 პროცენტით შემცირებას ვარაუდობენ

2825
თამარ ჩიბურდანიძე

მწვავედ სადაც გვიჭირს, არის დემოგრაფია. თუ ჩვენ გავწყდით, არც ტერიტორია დაგვჭირდება და აღარც დამბრუნებელი იქნება ამ ტერიტორიების ვინმე. 1950-დან 1959 წლამდე ნახევარ მილიონზე მეტით მოვიმატეთ, ასე ხდებოდა ყოველ ათწლეულში.

1990-1999 წლებში ჩვენი რაოდენობა შემცირდა 400 ათასით. ამის მიზეზი ხომ უნდა გავარკვიოთ?” _ განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფრაქციაპატრიოტთა ალიანსისწარმომადგენელმა, ემზარ კვიციანმა გაეროს მიერ 2010 წელს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, მეცნიერები 2050 წლისთვის საქართველოს მოსახლეობის 30 პროცენტით შემცირებას ვარაუდობენ. 2002 წლიდან საქართველოს მაღალმთიანი რაიონების 162 სოფელი, ფაქტობრივად, დაცარიელდა. მოსახლეობის ბოლო აღწერის მიხედვით, საქართველოში 3,7 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ, ეს საგანგაშო ტენდენცია რომ შეიცვალოს, და რა კეთდება დღეს _ არის თუ არა ქვეყანაში დემოგრაფიული კრიზისი და გვაქვს თუ არა სიმშვიდის მიზეზი? აღნიშულ საკითხზესაქართველო და მსოფლიოსდემოგრაფიული აღორძინების ფონდის თავმჯდომარე თამარ ჩიბურდანიძე ესაუბრა:

_ საქართველოში დემოგრაფიული პრობლემები ჯერ კიდევ 1985 წლიდან დაიწყო, დღეს კი ქვეყანაში დემოგრაფიული კრიზისი აშკარაა. ზვიად გამსხურდია იყო ერთადერთი, ვინც ამ საკითხზე მუშაობა დაიწყო, მაგრამ ეს იდეა მასთან ერთად მოკლეს. მას შემდეგ 2012 წლამდე არც ერთ მთავრობას არ გასჩენია სურვილი, ამ მიმართულებით მუშაობა დაეწყო. ჩვენი ფონდი 2012 წელს, სწორედ ახალ მთავრობის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, დემოგრაფიულ პროექტზე მუშაობის მიზნით დაფუძნდა, დემოგრაფიული კრიზისი კი ბოლო 30-წლიანი უმოქმედობის შედგია, რაც 1990-იანი წლებიდან დაიწყო.

_ რა იყო ამის მიზეზი?

_ მიგრაციამ, სოციალურ-ეკონომიკურმა პრობლემებმა, შობადობის შემცირებამ, რეგიონების დაცლამ, უშვილობის ზრდამ, განქორწინების პროცენტული მაჩვენებლის მატებამ _ ამ ყველაფერმა მიგვიყვანა იქამდე, რასაც დემოგრაფიული კრიზისი ჰქვია. დღეს კი ერის დაბერების ძალიან ძლიერი ტენდენცია შეინიშნება. იმხანად ჭარბი მოსახლეობა ჰყავდა საქართველოს _ 5 მილიონ-ნახევარი ვიყავით თითქმის, 1980-იან წლებში მოდური იყო ერთშვილიანი ოჯახები. დემოგრაფიული პოლიტიკა შედეგს გაძლევს ერთი დემოგრაფიული თაობის შემდეგ, ანუ 25-30 წლის შემდეგ. ამ ათწლეულში დაბადებული ბავშვები და ჩვენ მიერ გატარებული დემოგრაფიული პოლიტიკა შედეგს მოგვცემს დაახლოებით 25-27 წლის შემდეგ, როდესაც ეს დემოგრაფიული თაობა შევა რეპროდუქციულ ასაკში და გააჩენს შვილებს.

_ რატომ შევედით დემოგრაფიულ კრიზისში?

_ ვვარაუდობდით, რომ დემოგრაფიულ კრიზისი 2020 წლიდან დაიწყებოდა, მაგრამ დაიწყო გაცილებით ადრე, მიზეზი კი არის შემდეგი: საქართველოში 1980-1990 წლებში 445 ათასი გოგონა გაჩნდა. დემოგრაფიული ხაზი კი გოგონათა შობადობას მიჰყვება, 1990-დან 2000 წლამდე კი გაჩნდა 224 ათასი გოგონა, მივიღეთ განახევრებული დემოგრაფიული თაობა. სწორედ ეს გოგონები არიან დღეს ის დემოგრაფიული თაობა, რომელიც ბავშვის გაჩენის ასაკშია, მაგრამ საიდან მოვიყვანოთ ის არდაბადებული გოგონები?! შესაბამისად, დღეიდან 25 წლის განმავლობაში ჩვენ გვექნება სერიოზული კლების პერიოდი. რა ეფექტიანი დემოგრაფიული პოლიტიკაც უნდა განვახორციელოთ, ამ თაობას დღეს ვერაფერს ვუზამთ, თუმცა კონკრეტული ინიციატივებით, შესაძლოა, მცირე მატება მივიღოთ.

_ ქვეყანას აქვს თუ არა ჩამოყალიბებული დემოგრაფიული პოლიტიკა და როგორ უნდა განახორციელოს სახელმწიფომ ეფექტიანი პოლიტიკა დღეს არსებული დემოგრაფიული კრიზისის დასაძლევად?

_ 2010 წელს, როდესაც გაერომ საგანგაშო მონაცემები გამოაქვეყნა, საქართველოში ერთი ამბავი ატყდა, მაგრამ ქართველი დემოგრაფები გაცილებით ადრე საუბრობდნენ მოსალოდნელ საფრთხეებზე. ჩვენ მაშინ, 2012 წლამდე, შევხვდით ყოფილ ხელისუფლებას და ვთხოვეთ, დაეწყოთ დემოგრაფიული პოლიტიკის მიმართულებით მუშაობა, მაგრამ თხოვნა ყურად არავინ იღო, დაგვცინეს კიდეც. გვითხრეს, შობადობის ბუმიაო, ეს ციფრები კი _ გაბუქებულიო. ის, რომ 2007-დან 2010 წლამდე მოხდა შობადობის მატება სწორედ უწმინდესის _ ილია მეორის ინიციატივის შედეგია. რა გავაკეთეთ ჩვენ: მე და ბატონმა ანზორ თოთაძემ 2012 წელს ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტის იმჟამინდელი თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძეს და იმჟამინდელ პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს წარვუდგინეთ დემოგრაფიული პროექტი. ღარიბაშვილმა გასცა განკარგულება, მაშინვე დაგვეწყო დემოგრაფიულ პოლიტიკაზე მუშაობა და შეგვექმნა პირველადი დემოგრაფიული პროგრამა. სწორედ ამ პროექტის ერთ-ერთი ნაწილი იყო 2013 წელს დემოგრაფიული ფონდის შექმნა. ამის შემდეგ ქართველ დემოგრაფებსა და ექსპერტებთან ერთად შევიმუშავეთ პროგრამა, რომელიც გავაცანით მთავრობას და წარვუდგინეთ უკვე იმჟამინდელ პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილს. პროექტი დამტკიცდა, შედეგად დავიწყეთ ინიციატივების განხორციელება, რომლებიც ჩვენ მიერ წარდგენილ პროგრამაში შედიოდა, სულ 16 ინიციატივა იყო. დღეს კი მე-15 ინიციატივა ხორციელდება. ეს არის მრავალშვილიანების სტატუსის მინიჭება და მათთვის სოციალური პაკეტის მომზადება, რაზეც ახლა პარლამენტის მესამე მოსმენა დარჩა. ხოლო პირველადი ინიციატივები, რომლებიც სასწრაფოდ იყო გასატარებელი ხუთი წლის განმავლობაში და რომლებსაც ბატონი დიმიტრი ხუნდაძე ხელმძღვანელობდა, საკმაოდ შრომატევადი მუშაობის შედეგად განვახორციელეთ.

_ რა განხორციელდა კონკრეტულად და რა შედეგი მიიღეთ?

_ პირველი, რაც გაკეთდა, იყო: მშობიარობის დაფინანსება და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში შეტანა, დეკრეტული შვებულების გაზრდა, ორსული ქალების მონიტორინგი წელიწადში 8-ჯერ უფასოდ. ასევე, მედიკამენტებით მომსახურების უზრუნველყოფა. აიკრძალა სელექციური აბორტები, ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა იყო უკანონო აბორტებზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრება, რაზეც ადრე ჯარიმა იყო მხოლოდ და კიდევ _ აბორტამდე მოსაფიქრებელი ვადა სამიდან 5 დღემდე გაიზარდა. აბორტების მიმართულებით მუშაობამ მოგვცა ის, რომ 6 ათასი ერთეულით შემცირდა ქვეყანაში აბორტების რაოდენობა. საქართველოს ექვს რეგიონში, რომლებშიც მოკვდავობა აღემატებოდა შობადობას, ყველაზე მთავარი და მნიშნვნელოვანი ინიციატივა 2014 წლის 1 ივნისიდან განვახორციელეთ, კერძოდ: ყოველ მესამე და შემდგომ ახალშობილზე ბარში არის დახმარება 150, ხოლო მთაში 200 ლარის ოდენობით ყოველთვიურად 2 წლის განავლობაში. ამას დაემატა “მთის კანონი”, რომელშიც ყველა ბავშვზე არის ფულადი დახმარება განკუთვნილი. ასევე, არის უამრავი ინიციატივა განათლებისა და სოფლის მეურნეობის კუთხით; შვილად აყვანის კანონი. ჩვენ დაგვრჩა ორი დიდი ინიციატივა, რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ, უშვილობის პრობლემა, რომელიც ძალიან მაღალია ქვეყანაში და ქორწინების წახალისება მაღლმთიან რეგიონებში, რომელიც დაცლილია მოსახლეობისგან. ამ ყველაფერს მივყვებით ნელ-ნელა, რადგან ბიუჯეტს არ აქვს საკმარისი თანხები. მხოლოდ ბოლო 5 წლის განმავლობაში იმ 14 ინიციატივის შემუშავებაში ცენტრალური ბიუჯეტიდან 400 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯა.

_ ქალბატონო თამარ, ჩვენი გაზეთის გასული კვირის ნომერში დემოგრაფმა ანზორ თოთაძემ წარმოადგინა მის მიერ დამოუკიდებლად შემუშავებული დემოგრაფიული პროგრამა, რომელიც განსახილველად წარუდგინა მთავრობის მეთაურ გიორგი კვირიკაშვილსა და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს, თუმცა, როგორც პროფესორი ამბობს, მას შემდეგ 2 თვე გავიდა და მის ამ ქმედებას გამოხმაურება არ მოჰყოლია. რატომ ?

_ ორი წლის წინათ, დიმიტრი ხუნდაძის ინიციატივით, საქართველოში შემუშავდა დემოგრაფიული უსაფრთხოების კონცეფცია და დაბერების პოლიტიკის დოკუმენტი, რომელზეც ვმუშაობდი მეც და ბატონი ანზორ თოთაძეც, ქართველ და უცხოელ ექსპერტებთან ერთად. ყოველივე ამის შემდეგ გაეგზავნა ეს ორივე დოკუმენტი პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილს, რომელმაც ხელი მოაწერა. შესაბამისად, უკვე დამტკიცებულია სამოქმედო გეგმა დაბერების პოლიტიკის დოკუმენტზე; რაც შეეხება დემოგრაფიული უსაფრთხოების კონცეფციას, სწორედ ამ კონცეფიის თანახმად, პრემიერს დაევალა, რომ შეიქმნას მოსახლეობის განვითარების ეროვნული საბჭო. საბჭოს უხელმძღვანელებს პრემიერი, მის შემადგენლობაში შევლენ ექსპერტები, დემოგრაფები, რომლებიც კანონის შესაბამისად მოამზადებენ სამოქმედო გეგმას _ კერძოდ, საბჭომ უნდა დაწეროს სახელმწიფო დემოგრაფიული განვითარების პროგრამა 2030-2050 წლებისათვის. საბჭო შექმნილია, მაგრამ ჯერ ვერ მოხდა შეკრება, რადგან ბოლოდროინდელმა მოვლენებმა შეუშალა ხელი. რაც შეეხება ბატონ ანზორს, ის დემოგრაფიული აღორძინების ფონდის ერთ-ერთი დამფუძნებელი და ჩემი მოადგილე გახლავთ, ხოლო დემოგრაფიული განვითარების პროგრამას, რომელიც მან დამოუკიდებლად შეიმუშავა და გამოაქვეყნა, აუცილებლად გამოვიყენებთ მოსახლეობის განვითარების საბჭოში. საბჭო სწორედ იმიტომ შეიქმნა, რომ იქ ერთი ადამიანის ნამუშევარი კი არ დამტკიცდეს, არამედ სხვადასხვა ნამუშევრები განვიხილოთ, რომლებსაც საერთაშორისო ორგანიზაციები, დემოგრაფები თუ ექსპერტები წარმოადგენენ. ბატონი ანზორი სამუშაო ჯგუფში აუცილებლად იქნებაჩართული.

დასასრულ, მინდა აღვნიშნო, რომ, სამწუხაროდ, 2050 წლისთვის ნავარაუდებ დემოგრაფიულ დარტყმას თავიდან ვერ ავიცილებთ, თუმცა ვცდილობთ, რომ ეს დარტყმა შევამსუბუქოთ.

მოამზადა

სოფიო კაკაჩიამ

ცნობისთვის: 2007 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოსპატრიარქი ილია II საქართველოში მძიმე დემოგრაფიული მდგომარეობის გამოსასწორებლად მართლმადიდებელ ოჯახებში ყოველი მესამე და მომდევნო ბავშვის მონათვლის ინიციატივით გამოვიდა. დღეს უწმიდესს უკვე 13 000-ზე მეტი ნათლული ჰყავს, სწორედ ილია მეორის ინიციატივას უკავშირებენ ექსპერტები საქართველოში ბოლო პერიოდში შობადობის მატებას.

1 COMMENT

  1. თუ მოსახლეობაზეა ლაპარაკი, ეს არ მოხდება, ვინაიდან დიდი სისწრაფით შემოედინება გადამთიელთა ნაკადები, ხოლო თუ ეროვნებით ქართველ მოსახლეობაზეა ლაპარაკი, დიდიხანია საგანგაშოდ და სატირლად გვაქვს საქმე.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here