მთავარი ისტორია ზაქათალა და დავითგარეჯის ქედი უძველესი ქართული ტერიტორიებია

ზაქათალა და დავითგარეჯის ქედი უძველესი ქართული ტერიტორიებია

1290
გააზიარეთ
დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსი და გარეჯის ქედი (MONT GOUREDGIA) გიიომ დელილის და სულხან-საბა ორბელიანის მიერ შედგენილ რუკაზე, რომელიც გამოიცა პარიზში 1723 წელს

XI-XII საუკუნეებში საქართველოს უძლიერესი სახელმწიფო შიშის ზარს სცემდა სრულიად ახლო აღმოსავლეთს. საქართველოს მოსახლეობა, 1254 წლის აღწერის მონაცემების მიხედვით, 8 მილიონ კაცს უდრიდა, გაცილებით მეტს, ვიდრე დასავლეთ ევროპის ბევრი სახელმწიფოს მოსახლეობა. ჟამთა სიავის გამო და ჩვენი უნიათობითაც XXI საუკუნის დასაწყისში (2014 .) ქვეყნის მოსახლეობა 3 713 ათას კაცამდე, ანუ 2,2-ჯერ შემცირდა. შაგრენის ტყავივით დაპატარავდა საქართველოს ტერიტორიაც. XII-XIII საუკუნეებში 145 ათასი კვ.კმის ნაცვლად ამჟამად ქვეყნის ტერიტორიის ფართობი 69,7 ათას კვ.კმ უდრის.

თითქმის ორი საუკუნის განმავლობაში საქართველოსთვის სუვერენული სახელმწიფოს არსებობის საფუძველი, სახელმწიფო საზღვრის იურიდიული ცნება აღარ არსებობდა. ამიტომ იყო, რომ რუსეთმა სხვადასხვა (ობიექტური თუ სუბიექტური) გარემოების გამო ქართველი ხალხის დაუკითხავად 1918, 1921 წლებში და შემდეგაც საზავო და სახელშეკრულებო მოლაპარაკებების შედეგად თურქეთს გადასცა საქართველოს ტერიტორიები. როგორც პროფესორი ვაჟა ნეიძე აღნიშნავს, თურქეთის მფლობელობაში აღმოჩნდა ართვინის (3271,3 კვ.კმ), არტაანის (5604,5 კვ.კმ), ოლთისის (2983 კვ.კმ) ოკრუგები. აზერბაიჯანს კი სრულიად უსაფუძვლოდ გადაეცა ძველი ქართული ტერიტორია _ ზაქათალის ოკრუგი (3985,5 კვ.კმ). სულ გადაცემული ტერიტორიების ფართობმა შეადგინა 15 844,9 კვ.კმ.

ზაქათალის ოკრუგი, როგორც ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული, რუსეთის იმპერიაში 1860 წელს შეიქმნა და იგი შედიოდა თბილისის გუბერნიაში. 1897 წელს თბილისის გუბერნია, ისე, როგორც 1886 წელს საოჯახო სიების შედგენისას, დაყოფილი იყო 9 მაზრად და 1 ოკრუგად: თბილისის, ახალქალაქის, ახალციხის, ბორჩალოს, გორის, დუშეთის, სიღნაღის, თელავის, თიანეთის მაზრებად და ზაქათალის ოკრუგად. ეს უკანასკნელი იყოფოდა ალიაბადის, ბელაქანის, ჭარ-მუხახისა და კაკის უბნებად, ადმინისტრაციული ცენტრი იყო ზაქათალა. ზაქათალის ოკრუგი მოიცავდა ისტორიული საინგილოს მნიშვნელოვან ნაწილს. რუსი კარტოგრაფის _ . კონდრატენკოს მიერ 1886 წელს შედგენილი ეთნოგრაფიული რუკის მიხედვითაც ზაქათალის ოკრუგი თბილისის გუბერნიის შემადგენლობაში შედიოდა. რუსეთის იმპერიის მოსახლეობის პირველი საყოველთაო აღწერის საერთო კრებულის მეორე ტომის წინასიტყვაობაში აღნიშნულია, რომ “ქართველურ ჯგუფში შემავალი ხალხები წარმოადგენენ ერთგვაროვან მთლიანობას. მათ, სხვებთან ერთად, ეკუთვნიან ინგილოები, რომლებიც ცხოვრობენ ზაქათალის ოკრუგში” (Общий свод империи резулътатов разработки данных первой всеобщей переписи населения 1897 года, т. II, С.петербург, 1905, с. XXVII-XXVIII).

1897 წელს ზაქათალის ოკრუგში 84 224 კაცი ცხოვრობდა. ქართველები 12 394 კაცი იყო (მოსახლეობის 14,7 პროცენტი), თათრები (აზერბაიჯანელები) _ 28 950 (34,4 პროცენტი). მოსახლეობის უმრავლესობას ხუნძები და ანდიელები შეადგენდნენ _ 34 130 კაცი (40,5 პროცენტი). მცირე რაოდენობით ცხოვრობდნენ, აგრეთვე, სომხები (2100), რუსები (315) და უკრაინელები (118).

საქართველო რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში. 1916 წელი.
საქართველო რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში. 1916 წელი.

სამწუხაროდ, მოგვიანებით აზერბაიჯანს კიდევ გადასცეს საკმაოდ დიდი ფართობი _ 1093 კვ.კმ გარეჯ-ყარაიისა და ელდარის ველების ნაწილი, რომლებიც თბილისისა და სიღნაღის მაზრებს ეკუთვნოდა. ამით არ დამთავრებულა ქართული მიწების, შეიძლება ითქვას, გაჩუქების პროცესი. როგორც აღნიშნავენ შესაბამისი დოკუმენტების მოძიებისა და გაანალიზების საფუძველზე, 1929 წელს ჩეჩნეთს გადაეცა შატილის ჩრდილოაღმოსავლეთი ნაწილი _ ტერეტეგის მიდამოები (212 კვ.კმ). სომხეთს უკვე გადაცემული ჰქონდა 2478 კვ.კმ ტერიტორია. საბოლოოდ, 1921 წლიდან 1935 წლის ჩათვლით საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ხელმძღვანელობამ, ნებსით თუ უნებლიეთ, 19 919,5 კვ.კმ ქართული მიწა გაასხვისა, ანუ, როგორც მენშევიკურმა, ისე ბოლშევიკურმა საქართველომ თავისი ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი, ისე, რომ ხელიც არ გაუნძრევია, დაკარგა. აზერბაიჯანს საძოვრები უჭირდა და ამ სრულიად გაუგებარი საბაბით გადაეცათ ქართული მიწები. 1921 და 1924 წლებში შედგენილი რუკების მიხედვით, საზღვარმა გარეჯის მთის თხემზე გაიარა და დავითგარეჯის ფეოდალური ხანის საქართველოს უმნიშვნელოვანესი რელიგიურკულტურული ცენტრის _ სამონასტრო გამოქვაბულთა კომპლექსის საკმაო ნაწილი აზერბაიჯანის ტერიტორიის ფარგლებში მოექცა. აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ დავით აღმაშენებელმა დავითგარეჯის მონასტრები სამეფო საკუთრებად აქცია, იგი გათავისუფლებული იყო გადასახადებისგან. მტერმა დავითგარეჯა რამდენჯერმე ააოხრა და დაარბია, თუმცა სამონასტრო ცხოვრება იქ გრძელდებოდა. მე-18 საუკუნეში დავითგარეჯა კვლავ საქართველოს მეფის ხელდებული გახდა. მას ეკუთვნოდა ვრცელი მამულები და სოფლები.

ხელნაწერი

ამჟამად დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსის კუთვნილების გამო ურთიერთობა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის მნიშვნელოვნად დაიძაბა. აზერბაიჯანი საქართველოს მეგობარი და პარტნიორი ქვეყანაა. ჩვენ შორის დაძაბულობა და არსებითი გაუგებრობა არასოდეს ყოფილა. ამჯერადაც გვჯერა, რომ აზერბაიჯანული მხარე გაითვალისწინებს ისტორიულ რეალობებს და სიმართლე იზეიმებს. მანამდე კი საჭიროა, ორივე მხრიდან ეს პრობლემა ემოციებმა არ გადაფაროს და ამ საკითხზე შექმნილ კომისიას ნორმალური მუშაობის საშუალება მიეცეს.

მიუხედავად იმისა, რომ 1920-იან წლებში და შემდეგ პერიოდშიც საბჭოთა კავშირში უმაღლეს სახელისუფლო თანამდებობებზე ბევრი ქართველი მუშაობდა, ეროვნული თვალსაზრისით საქართველო ყველაზე მეტად სწორედ ამ პერიოდში დაზარალდა. 1920-იანი წლების დასაწყისში მთავრობამ გამოსცა სხვადასხვა განკარგულება ქართული ენისთვის პრიორიტეტის მინიჭების მიზნით, გამოვიდა განათლების სახალხო კომისრის ბრძანება (1923 წელს), რომელშიც აღნიშნული იყო, რომ საქმეები და ყოველგვარი მიწერ-მოწერა რესპუბლიკის ადგილობრივ ორგანოებთან აუცილებლად ქართულ ენაზე უნდა წარმოებულიყო და ამ ბრძანების დამრღვევნი პასუხისგებაში იქნებოდნენ მიცემულნი, მაგრამ ეს იყო და ეს. ამ მიმართულებით სხვა არაფერი გაკეთებულა. მეტიც, “ამიერკავკასიის დიქტატორი” სერგო ორჯონიკიძე თავისი უცოდინარობით მხოლოდ ანტიქართულ საქმეებს აკეთებდა და უდიდესი ზიანი მიაყენა ქართველ ერს. ის საქართველოს სომხურენოვან რაიონებში საქმეების

წარმოებას სომხურ ენაზე მოითხოვდა. გამოდის, რომ საქართველოს სხვა კუთხეებშიც საქმის წარმოება არაქართულ ენაზე (აზერბაიჯანულზე, ბერძნულზე და ა.შ.) უნდა დაგვეკანონებინა. “ჩვენი სერგო” ქართველ ინტელიგენციას ემუქრებოდა: საბოტაჟის შემთხვევაში თქვენთან სალაპარაკოდ ტყვიის ენა გვექნებაო. ამავე დროს ს. ორჯონიკიძე თავგამოდებით იცავდა სხვა ენებს. იგი 1923 წელს ბაქოს XII პარტკონფერენციაზე აღნიშნავდა: “თუ გვინდა, შევქმნათ მტკიცე საბჭოთა ხელისუფლება, აზერბაიჯანში მხოლოდ აზერბაიჯანული ენა ულაპარაკოდ უნდა შემოვიღოთ ყველა დაწესებულებაში” (Стенографический отчот Бакинской партконцефции, Баку, 1923, с. 27). ამ პერიოდში კი აზერბაიჯანელები შეადგენდნენ აზერბაიჯანის მოსახლეობის 62 პროცენტს, ხოლო აზერბაიჯანში დიდი რაოდენობით და კომპაქტურად ცხოვრობდნენ, აგრეთვე, რუსები (220 ათასი), სომხები (282 ათასი) და ა.შ.

დემოგრაფიული კუთხით დიდი მნიშვნელობა ენიჭება საზღვრისპირა სოფლების განლაგებას და ამ მათ სიდიდეს. ზოგიერთი სოფელი საზღვრიდან დიდი მანძილითაა დაშორებული და, ამასთანავე, მცირერიცხოვანია. განსაკუთრებით მოფარღალავებულია ჩვენი საზღვარი ჩრდილოეთით _ რუსეთთან, რომელსაც მესტიის, ლეტნეხის, ონის, დუშეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტების 20 სოფელი ესაზღვრება, რომლებშიც მოსახლეობის საერთო რაოდენობა 1 508 კაცს უდრის. აქ 20-დან 3 სოფელი გაუკაცრიელებულია, დანარჩენ 17 სოფელში კი მხოლოდ ქართველები ცხოვრობენ.

საქართველოს საზღვრისპირა სოფლების რაოდენობა 132 სოფელს უდრის. მათგან 8 გაუკაცრიელებულია. დანარჩენ 124 სოფელში 66 178 კაცი ცხოვრობს. 95 სოფელში მხოლოდ ქართველები ცხოვრობენ, 12 სოფელში _ სომხები, 10-ში _ აზერბაიჯანელები, 1 სოფელში _ ოსები. დანარჩენ სოფლებში შერეული მოსახლეობა ცხოვრობს, კერძოდ, 2 სოფელში _ სომხები და აზერბაიჯანელები, 2 სოფელში _ ბერძნები და აზერბაიჯანელები, 1 სოფელში _ ქართველები და აზერბაიჯანელები და კიდევ 1 სოფელში _ ბერძნები და ქართველები.

ქვეყნის უშიშროების თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა აქვს საზღვრის დემარკაციას _ მოსაზღვრე სახელმწიფოებთან საზღვრის დელიმიტაციის საფუძველზე საზღვრის დადგენას, კერძოდ, სასაზღვრო ხაზის გავლებას. ადგილებზე სპეციალური სასაზღვრო ნიშნების დაყენებით, ეს უნდა განახორციელოს მოსაზღვრე სახელმწიფოების შერეულმა კომისიამ, ხოლო დემარკაციის დოკუმენტები უნდა დაამტკიცონ მთავრობებმა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საჭიროა საზღვრის რედემარკაცია _ ადრე დამკვიდრებული სასაზღვრო ხაზის აღდგენა; სადავო საკითხების არსებობის შემთხვევაში, მისი მოწესრიგება, სასაზღვრო ნიშნების განახლება და სხვ. ეს იმ მხრივაც არის აუცილებელი, რომ ჯერ კიდევ კომუნისტების ბატონობის პერიოდში ჩრდილოეთ კავკასიიდან მოსახლეობა საცხოვრებლად საქართველოში გადმოდიოდა.

ანზორ თოთაძე

დემოგრაფი, პროფესორი

გააზიარეთ

1 COMMENT

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here