Home რუბრიკები პოლიტიკა ვლადიმერ პუტინი საქართველოს აფრთხილებს…

ვლადიმერ პუტინი საქართველოს აფრთხილებს…

4299
ვლადიმერ პუტინი

გასულ კვირას, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ოფიციალურმა მოსკოვმა და თბილისმა განცხადებების გაცვლა დაიწყეს. ამან ქართული საზოგადოება ჯერ დააინტერესა, შემდეგ კი შეაშფოთა; არაერთმა კომენტატორმა კი ჩათვალა, რომ საქართველოს თავს რაღაც ხდება.

16 ივლისს ფინეთის დედაქალაქში, დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ, ვლადიმერ პუტინმა ტელეკომპანია “ფოქსს” ვრცელი ინტერვიუ მისცა. ჟურნალისტის კითხვას _ “რა რეაქცია გექნებათ თუ ნატო თავის რიგებში უკრაინას ან საქართველოს მიიღებს?”, რუსეთის პრეზიდენტმა ასე უპასუხა: მშვენივრად ვიცი, როგორ მუშაობს გადაწყვეტილების მიღების მექანიზმები. რა თქმა უნდა, იქ ყველაფერი კონსენსუსის საფუძველზე მიიღება, მაგრამ ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის ფორმატში კონსენსუსზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღებამდე ნატოს ცალკეულ წევრებთან შესაძლებელია მუშაობა ორმხრივ საფუძველზე, როგორც ეს მოხდა პოლონეთისა და რუმინეთის შემთხვევაში, სადაც დღეს განლაგებულია აშშის სტრატეგიული რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის ელემენტები. ეს ჩვენი უსაფრთხოებისთვის პირდაპირ საფრთხეს წარმოადგენს, ამიტომ ნატოს ინფრასტრუქტურის მიახლოება ჩვენს საზღვრებთან ჩვენთვის საფრთხის შემცველია და ამის მიმართ, ცხადია, მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება გვექნება”.

ამ პასუხით რუსეთის პრეზიდენტმა, სავარაუდოდ, მიანიშნა, რომ ნატოში საქართველოსა და უკრაინის მყისიერი მიღების არ სჯერა, რადგან კონსენსუსის მიღწევა ამ საკითხზე “ძველი ევროპის” ქვეყნების, უპირველესად, გერმანიის ნეგატიური პოზიციის გამო შეუძლებელია. პუტინმა, ამავე დროს, გამოთქვა შეშფოთება უკრაინასა და საქართველოში ნატოს წევრი სახელმწიფოების (აქ, ალბათ, უპირველესად, აშშ იგულისხმებოდა) პოზიციების გაძლიერების თაობაზე ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში.

საქართველოში რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის ელემენტების განთავსების ალბათობა ამ ეტაპზე დაბალია. 2014 წლის ივნისში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ვიქტორია ნულანდმა განაცხადა, “ასეთი გეგმები ვაშინგტონს არც ამჟამად აქვს და ამას სამომავლოდაც არ განიხილავს” და ამის შემდეგ ამ მხრივ არაფერი შეცვლილა, რადგან ძნელი წარმოსადგენია სისტემაში ინტეგრირებული რადარებისა და სხვა საშუალებების განთავსება ქვეყანაში, რომელსაც უსაფრთხოების არანაირი გარანტიები არ გააჩნია. ნულანდის ეს კომენტარი საჭირო იმიტომ გახდა, რომ 2014 წლის 30 აპრილს საქართველოს თავდაცვის იმჟამინდელმა მინისტრმა ირაკლი ალასანიამ მთავარსარდალთან და უშიშროების საბჭოსთან შეუთანხმებლად განაცხადა, რომ დასავლეთმა “თავად უნდა შექმნას რეალობა _ შესთავაზოს ნატოს წევრობა ასპირანტ ქვეყნებს და განათავსოს იქ თავდაცვითი საშუალებები, განსაკუთრებით კი _ საქართველოში. საქართველოში უნდა განთავსდეს საჰაერო თავდაცვითი შესაძლებლობები”. მოსკოვში, ვაშინგტონსა და ბრიუსელში ეს რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის ელემენტების განთავსების კონტექსტში აღიქვეს; ოფიციალურ თბილისსა და ობამას ადმინისტრაციას დამატებითი განმარტებების გაკეთება დასჭირდა.

თუმცა ის, რომ ალბათობა მცირეა, არ ნიშნავს, რომ ის საერთოდ არ არსებობს, ამიტომ ჯერ კიდევ 2012 წლის იანვარში, რუსული მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე, პუტინმა საჭიროდ ჩათვალა, ნეგატიური პოზიცია გამოეხატა: “ჩვენთვის სულერთი არ არის, სად გაჩნდება ეს სისტემა _ ჩვენი საზღვრებიდან შორს თუ მათ სიახლოვეს. ჩვენთვის სულერთი არ არის, გაჩნდება თუ არა ის საქართველოში, ბოლოს და ბოლოს. და რა უნდა ვქნათ, ჩვენი მოიერიშე სისტემები ქართულ ტერიტორიას დავუმიზნოთ? ხომ წარმოგიდგენიათ, რა საშინელებაა ეს?”

არის კიდევ ერთი, შედარებით აქტუალური თემა _ 2016 წელს რუმინეთი შავ ზღვაში ნატოს მუდმივი საზღვაო დაჯგუფების განლაგების ინიციატივით გამოვიდა. ალიანსის ბოლო სამიტის დოკუმენტებში ის არ ასახულა, სავარაუდოდ, თურქეთსა და ნატოს სხვა წევრებს შორის არსებული უთანხმოების გამო, თუმცა მუშაობა ამ მიმართულებით გრძელდება. საინტერესოა, რომ გასულ კვირას საქართველოს ახალ პრემიერთან მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის შემდეგ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა საგანგებოდ აღნიშნა, რომჩვენ ვისაუბრეთ შავი ზღვის ფარგლებში უსაფრთხოების სამხედრო თანამშრომლობის შესახებ, რომელიც უნდა ჩამოყალიბდეს რეგიონში”. ამ ეტაპზე მოსკოვი უყურებს ნატოსშავი ზღვის ფლოტილიას”, როგორც მნიშვნელოვან საფრთხეს, და ვარაუდობს, რომ საქართველო და უკრაინა მას პორტებსა და სხვადასხვა სახის მხარდაჭერას შესთავაზებენ.

კრემლი არ აღიქვამს სტრატეგიულ პრობლემად ნატოს სასწავლო ცენტრებს საქართველოში ან ყოველწლიურ მრავალეროვან სწავლებებს, მაგრამ ეს ფაქტორები მის გაღიზიანებას იწვევს. გაცილებით მნიშვნელოვანია სხვა საკითხი _ ყოველთვის, როდესაც აშშ-ირანის ურთიერთობები მწვავდება (ახლა კი სწორედ ეს პერიოდია), დასავლელი კომენტატორები იწყებენ საუბარს სამხრეთკავკასიურ დერეფანზე, რომელიც შეიძლება მოკავშირეთა ავიაციამ გამოიყენოს. სამხედრო ექსპერტები ამ პერსპექტივას სკეპტიკურად უყურებენ _ აშშ-ის არმიის სამხედრო კოლეჯის სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის ერთ-ერთ მოხსენებაში (ავტორები არიელ კოენი და პოლკოვნიკი რობერტ ჰამილტონი) ნათქვამია: “რუსეთის კონტროლი სამხრეთ კავკასიის საჰაერო სივრცეზე გამორიცხავს საქართველოსა და აზერბაიჯანში ბაზების, აეროდრომების, ელექტრონული საშუალებებისა და თანამშრომლობის სხვა ფორმების გამოყენებას შეერთებული შტატების და, შესაძლოა, ისრაელის საჰაერო ოპერაციებისთვის ჩრდილოეთ ირანის წინააღმდეგ”. მიუხედავად ამისა, საუბარი ამ თემაზე პერიოდულად მაინც იწყება.

ნატოს გაფართოების საკითხს პუტინი კიდევ ერთხელ 18 ივლისს რუსეთის ელჩებისა და მუდმივი წარმომადგენლების თათბირზე შეეხო: “მსგავს აგრესიულ ნაბიჯებზე, რომლებიც რუსეთს პირდაპირ საფრთხეს უქმნიან, თანაზომად რეაგირებას მოვახდენთ. ჩვენს კოლეგებს, რომლებიც გამწვავებაზე მიდიან და ცდილობენ, ალიანსის სამხედრო ორბიტაში, მაგალითად, უკრაინა ან საქართველო ჩართონ, ამ უპასუხისმგებლო პოლიტიკის შესაძლო შედეგებზე დაფიქრება მართებთ”. საინტერესოა, რომ პუტინმა ახსენა არა ალიანსში, არამედ მის სამხედრო ორბიტაში ჩართვა, რაც, მაგალითად, “შავი ზღვის ფლოტილიისშემთხვევაში შეიძლება ნატოში შესვლის გარეშეც მოხდეს.

შემდეგ იყო კიდევ ორი სიგნალი მოსკოვიდან. “რუსთავი 2”-ისთვის მიცემულ ინტერვიუში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა: “ჩვენ დაინტერესებულები ვართ, რომ რუსეთსაქართველოს შორის კეთილმეზობლური ურთიერთობები სრულმასშტაბიანად აღდგეს. ეს სრულად პასუხობს ჩვენი ქვეყნების საფუძვლიან ინტერესებს და რუსეთის მხრიდან არანაირი დაბრკოლება არ არსებობს. ურთიერთობების ნორმალიზების პროგრესი დამოკიდებულია მხოლოდ და მხოლოდ თბილისის პოლიტიკურ ნებასა და რეალიზმზე”. ამავე დროს მან თქვა, რომ საქართველო, ფაქტობრივად, გადაიქცა შავზღვისპირეთსა და სამხრეთ კავკასიაში რუსეთის შეკავების დასავლური სტრატეგიის ელემენტად.

დასასრულ, 19 ივლისს, “როსპოტრებნადზორმა” განაცხადა, რომ მიმდინარე წლის პირველ ნახევარში რუსეთში 16 ათასი ლიტრი ქართული ღვინო არ შეუშვეს და მიზეზად პროდუქციის არასაკმარი კონტროლი მიუთითა. საქართველოს ღვინის სააგენტომ უპასუხა, რომ 1 იანვრიდან ყველა კატეგორიის საექსპორტო ღვინო სავალდებულო დეგუსტაციას ექვემდებარება, ხოლო ფალსიფიკაციასთან ბრძოლის ფარგლებში ჩამოსასხმელი ღვინის ექსპორტი აიკრძალა. ამ პოლემიკას პოლიტიკასთან კავშირი რომც არ ჰქონოდა, საქართველოში “როსპოტრებნადზორის” დემარში მაინც მესიჯების სერიის შემადგენელ ნაწილად და საგულისხმო გაფრთხილებად აღიქვეს.

კომენტარი ჩამოთვლილ განცხადებებზე ძალიან ბევრმა ქართველმა პოლიტიკოსმა გააკეთა, თუმცა მათი მოკლე შინაარსი დაიყვანება ფორმულამდე, რომელიც ნატოს გენმდივანმა სტოლტენბერგმა 18 ივლისს ბრიუსელში, მამუკა ბახტაძესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გამოთქვა: საქართველო და ნატოს 29 ქვეყანა თვითონვე გადაწყვეტენ, როდის გახდება ის წევრი, რუსეთს ამასთან არაფერი ესაქმება.

შექმნილ სიტუაციას, ალბათ, შეიძლებასტოლტენბერგის პარადოქსივუწოდოთ. საყოველთაოდ ცნობილია, რომ ევროპული ქვეყნების დიდი ნაწილი ნატოში საქართველოს შესვლას სწორედ რუსეთთან კონფრონტაციის შიშით ბლოკავს. რუსეთის ფაქტორი, კერძოდ კი, საზენიტო კომპლექსები სომხეთსა და საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებში, ზღუდავს საჰაერო სივრცის გამოყენებას დასავლელი მოკავშირეების მიერ. პორტებს, რომლებიც თეორიულად შეიძლება გამოიყენოს ნატოს ჰიპოთეტურმა ფლოტილიამ, საფრთხეს რუსული სარაკეტო სისტემები უქმნიან, მაგრამ უმრავი ადამიანი თბილისში, ვაშინგტონსა და ბრიუსელში განაგრძობს საუბარს იმაზე, რომ რუსეთს არაფრის დაბლოკვა არ შეუძლია, მიუხედავად იმისა, რომ ბლოკირება სახეზეა, როგორც სტრატეგიულ, ისე ოპერატიულ და ტაქტიკურ დონეებზე.

ყოველივე ეს ცხადი წლების წინათ გახდა, მაგრამ მოსკოვმა რატომღაც საჭიროდ ჩათვალა, კიდევ ერთხელ, ხაზგასმით გამოეხატა საკუთარი პოზიცია. შესაძლოა, კრემლმა შეიტყო ამერიკელების ახალი გეგმის შესახებ, რომელიც საქართველოსა და უკრაინაში ამა თუ იმ საბაბით ბაზების ან სხვა სამხედრო ინფრასტრუქტურის განთავსებას ითვალისწინებს. დანამდვილებით ამას, ალბათ, ვერასდროს გავიგებთ, რადგან ივანიშვილის ხელისუფლება კვლავ უარს აცხადებს პირდაპირ მოლაპარაკებაზე მოსკოვთან, რაც შეუძლებელს ხდის კომპრომისს, საქართველოსა და რუსეთის ინტერესების გათვალისწინებით. ბრიუსელიდან და ვაშინგტონიდან კი ამ დროს მხოლოდ დაპირებები ისმის. მიუხედავად ამისა, მმართველ ელიტას არ ჰყოფნის გამბედაობა, თქვას, რომ საგარეო პოლიტიკა ჩიხშია და კორექტირებას საჭიროებს. ამის ნაცვლად, ისევ ნატოს საიმედოდ ჩარაზულ კართან ქვითინებს.

ლუკა ნემსაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here