Home რუბრიკები ისტორია ვინ იყვნენ სტალინის წინაპრები

ვინ იყვნენ სტალინის წინაპრები

1341
ბესარიონ ჯუღაშვილი და ეკატერინე გელაძე

დასასრული

1872 წლის 17 მაისს ბესარიონ ჯუღაშვილისა და ეკატერინე (კეკე) გელაძის ჯვრისწერა და ქორწილი გაიმართა, _ გვამცნობს ჯუღაშვილების კარის მეზობელი, მწერალი და მთარგმნელი, სოსოზე სამი წლით უფროსი დავით კასრაძე (ქართლოს კასრაძის მამა). როგორც ბატონი დავითი წერს, ბესოს ორი მეჯვარე ჰყავდა. მათგან ერთერთი იყო იაკობი, იგივე კობა ეგნატაშვილი, რომელიც მხარში ამოუდგა სოსოს სწავლის პერიოდში.

“იაკობის ბრძანებით, რომელიც ქორწილს ხელძღვანელობდა, მეფე-დედოფლის ეტლებს, რომელთაგან ერთში მეფე იჯდა თავისი მეჯვარეებით, ხოლო მეორეში _ დედოფალი თავისი ხელმომკიდეებით, უნდა შემოევლოთ უბნები და საკრებულოს ტაძართან მისულიყვნენ. როცა ეტლები მაყრიონითა და “ჰარი-ჰარალოთი” ტაძარს მიადგნენ, კართან დახვდათ ონიაანთ ბიჭი _ ეფრემი, რომელმაც სწრაფად გააღო ეკლესიის კარი. მეფე-დედოფალი და მაყრები წარუდგნენ დეკანოზ სოლომონ ხახანაშვილს. მეფე-დედოფლის ჯვარზე დაფიცების შემდეგ, საეკლესიო გუნდმა საზეიმო საგალობელი შეასრულა სახელგანთქმული პანტელეიმონ წინამძღვრიშვილის ლოტბარობით. ყველა ხელოვნობდა, რათა ჯვრისწერა საზეიმო ყოფილიყო. განსაკუთრებით ირჯებოდა დეკანოზი სოლომონ ხახანაშვილი, რომელმაც არაჩვეულებრივი ეშხით წაიკითხა იოანეს სახარება:

“და მესამე დღესა ქორწილი იყო კანას გალილეასა და მუნ იყო დედა იესოსი”, _ გუგუნებდა სოლომონი. ბესო ბედნიერების ზღვაში ცურავდა. იგი თითქოს მაშინ გამოფხიზლდა, როცა დეკანოზმა ანთებული კელაპტრებით ჯვარცმის ირგვლივ შემოატარა ის და მისი დედოფალი კეკე. გუნდმა საზეიომოდ შეასრულა “ჭრელი საგალობელი”, “დაადგა თავსა გვირგვინი ქვისა მის პატიოსანი” და “ისაია მხიარული იყავ”… ანთებული მსხვილი კელაპტარი იწვოდა. ამით მოთავდა ჯვრისწერა. მეფე-დედოფალი კანკელის წინ ამბიონთან მიიყვანეს და იქ მოასმენინეს დეკანოზის დალოცვა-დარიგება, რას ნიშნავს ქორწილი, ოჯახის შექმნა. ოჯახის სიმტკიცე _ ეს ქვეყნის ბედნიერების საფუძველიაო.

სტალინის გენიოლოგია
სტალინის გენეალოგია

ეკლესიიდან გამოსვლისას მაყრებმა დამბაჩები დაცალეს, მოახტნენ ცხენებს და მშვენიერი მაყრულით შემოსძახეს: “მოვდივართ, მოგვიხარია, მოგვყავს დედალი ხოხობი!”

ბედნიერი იყო ბესო. ყველა მას შეჰხაროდა.

იაკობმა სადედოფლო გაითამაშა. დიდი იყო აღფრთოვანება.

შაბაშ! _ გაისმა ყოველმხრით.

პირველმა იაკობმა დადო შაბაში ლამაზ საინზე.

მიხაკა მიჰყვა იაკობს, შემდეგ _ ხოდელი გიგა…

შაბაშის მოკრეფის შემდეგ იაკობმა ფული გადათვალა და საპატარძლოს გადასცა, ხოლო საპატარძლომ _ დედას.

წელიწადმა უღრუბლოდ გაიარა. ბესო ვერც კი ამჩნევდა, ციოდა თუ ბუღი ასდიოდა გორის ქუჩებს. ჯერ მხოლოდ კეკეთი სუნთქავდა. ცა ჯერ კიდევ არ ჩამონგრეოდა თავზე. ის ამაყობდა, რომ მისი ამხანაგი სათნო მეუღლე გამოდგა, მისი სულის მესაიდუმლე, მისი ოჯახის პატრონი. მთელი უბანი იყო და ერთი კეკე.

მასზე მიუთითებდნენ, როგორც სისუფთავის მოყვარულ დიასახლისზე. მართლაც, ბესოს ღარიბი ოჯახი მალე სანაქებო ოჯახს დაემსგავსა. ყოველ შემოტანილ გროშს ოჯახს ანდომებდა. რა ბედნიერები იყვნენ, როდესაც ჯამჭურჭელი შეივსეს, კიდობანი შეიძინეს, ხოლო უსაზღვროდ გაიხარეს, როდესაც ფეხებიანი მრგვალი სარკით დაამშვენეს მაგიდა. ტახტზე კოპწია ხალიჩა გაფინეს წყვილი მუთაქით და კეკეს მოქარგული ხავერდის ბალიშით.

აი, ქალიც ასეთი უნდა, _ ამბობდნენ უბნის დედაბრები, _ იცოცხლოს და გაუმარჯოს.

_ მართლაცა ქა, რა პეწენიკა ქალია! ოჯახი გააქათქათა, ბედნიერი დედა იქნება! _ დაურთო მეორემ.

_ არა, შენ ისა სთქვი, რა ნემსის ხმარება იცის! _ არ დააყოვნა გოგებაანთ ნუშომ, _ იმ დღეს იაკობ გოგებაშვილისათვის ისეთი ბალიში მომიქარგა, რომ იაკობმა შუბლზე მაკოცა, მკითხა კიდეც: ქართველი ქალის ნაქარგია თუ სხვისიო? ძალიან გაიხარა. პატარა მოთხრობა დაწერა: “გამრჯელი დედა”, “დედა ენაში” უნდა შევიტანოო.

გასაგებია, როგორ იამაყებდა ბესო.

_ თურმე ცხოვრება ბედნიერების თასი ყოფილა, _ ამბობდა იგი, _ საჭიროა მხოლოდ გარჯა და ცხოვრებასთან სწორი მიდგომა, დანარჩენი თავისთავად მოვა, მაშ.

წლისთავზე ვაჟიშვილი შეეძინათ _ მიხეილი. მიხაკამ შეურჩია ეს სახელი, ციხეთათარაშვილმა.

სტალინი ბავშვობაში
სტალინი ბავშვობაში

ბესოს ცხოვრებაში შვილის შეძენა ყველაზე მნიშვნელოვანი ამბავი იყო. მას უნდოდა, ქვეყნიერებას სცოდნოდა, რომ იგი ვაჟის მამაა. ასევე ბედნიერი იყო კეკე, მისი ძმები _ გიო და სანდალა, მაგრამ ბედი დამცინავია და პატარა ოჯახს მალე თავში ჩაუკაკუნა უბედურების კომბლით: ბავშვი ექვსი თვის არ იყო, ხელიდან რომ გამოეცალათ. ეს ყველაზე დიდი სასჯელი იყო ახალგაზრდა ცოლ-ქმრისთვის. მეორე წელს სანუგეშოდ მეორე ვაჟიშვილი ეყოლათ. დიდედამ თავი წაიკლა, _ წმინდა გიორგი გვირისხდება, მისი სახელი უნდა დავარქვათო. დაუჯერეს. ისევ იაკობს მოანათვლინეს, მაგრამ იმედი არ გაუმართლათ. მეორე ბავშვმაც ათიოდე თვე იღონღილა და პირველი ძმის კვალს გაუყვა, არც ის აჰყვა აკვანს. შეირყა ოჯახის ბედნიერება. მისი სიმტკიცის ბურჯი. გულგატეხილობამ უკვე შესამჩნევად მოდრიკა ბესარიონი. აქა-იქ წვერსა და ულვაშში ვერცხლის ძაფები ჩაებნა.

_ რაღაა ჩემი სიცოცხლე? _ გაიძახოდა იგი, _ ორი ვაჟიშვილი დავკარგე, ორივე მარგალიტი. დაძმარებული დადიოდა. ერთხელ ნათლია იაკობს ისიც კი შესჩივლა თავი უნდა მოვიკლაო.

_ რას ამბობ, ბესო, _ დაუტია იაკობმა _ ვაჟკაცი არა ხარ?! თავის მოკვლა ვის გაუგონია?!

იაკობი უსმენდა… მაინც რით უნდა ენუგეშებინა?! უცბად გულში გაკენწლა, იქნებ ბრალს მეც მდებს _ ორი შვილი მოვუნათლე და ორივეზე უბედურება შევყარეო! გაფითრდა და თითქოს მობოდიშებით დაიწყო:

_ არავინ იტყვის, მეტად მძიმე უბედურება დაგატყდა თავსა, ჩემო ბესო, მაგრამ თავი ვინუგეშოთ. ვაჟკაცი ხარ და მომავალი წინ გიდევს! ეს კია, რომ თუნდაც მამა აბრამივით გამრავლდე, მე შენი შვილების მომნათლავი აღარა ვარ, აღარა!

_ ნუ გეშინია, _ მიუგო ბესომ _ ამის შემდეგ შვილი არც მენატრება, არც მინდა, ჯანდაბას ყველაფერი…

_ ეგრე ნუ იტყვი, იქნებ მესამე ისეთი კირკიტა გამოდგეს, რომა …

_ ეგ არასოდეს არ მოხდება!

_ რა იცი, რომ არ მოხდება? _ თითქმის დაუტია იაკობმა _ მიხრწნილი მოხუცი ხომ არა ხარ? ასი წლის აბრამს გული არ გაუტეხია და ნახე მისი შთამომავლობა როგორ გამრავლდა! “როგორც ზღვაში ქვიშა და ცაში ვარსკვლავები”, _ ასეა ნათქვამი საღმრთო წიგნში. აი, ნახე სახარება…

გორში მიწისძვრა მოხდა. ოსტატი და შეგირდი გარეთ გამოცვივდნენ. საბედნიეროდ, მიწისძვრა ხანმოკლე აღმოჩნდა და მალე შეჩერდა. მიწისძვრას მიჩვეული მოსახლეობა მალე დამშვიდდა. ბესო მოუსვენრად ცქმუტავდა.

_ იმ დედაკაცისა მეშინია, _ უთხრა ბესომ საყვარელ შეგირდს, _ ჩემი კეკე თვეშია ჩამდგარი. ადექ, მიირბინე ჩვენსა, გაიგე, მიწისძვრამ ხომ არ შეაშინა.

თითქოს ამის საპასუხოდ უმცროსი მოყვარე სანდალა შურდულლივით შემოიჭრა და მიახალა:

_ ბიჭიანობაა, სიძე კაცო, ბიჭიანობა! მომილოცავს!

მათ ერთმანეთი გადაკოცნეს, მაგრამ ბესომ მაინც შუბლი შეიკრა და კანკალებდა:

_ ასე მალე? მესამე ბიჭი? მართლა?

_ გორისჯვრის მადლმა, მართლა.

_ აკი, ზაუტაანთ ეფემია ირწმუნებოდა, რომ ერთ კვირაზე ილოგინებსო.

_ იმას რა შავი ქვა გაეგება, ლოტობაზია, სულ საოჯახო ლოტოში ზის. მიწა რომ იძრა, უცბად გამოღვიძებოდა კეკეს, ჰაიჰარად, ზაუტაანთ ეფრემიას და მარიამს დაუძახეო, ჩვენი მიხაკას ცოლს. მიმღები ის იყო. ავ თვალს არ ენახვება, კირკიტა ბიჭია, კირკიტა! შვლის ნუკრს მიუგავს თვალები.

სტალინი სიყრმის მეგობრებში
სტალინი სიყრმის მეგობრებში

_ ახლა რაღა მეშველება, _ კანკალით დაუდასტურა ბესომ _ წავიდეთ, ვნახოთ აბა, ააშაბაშე ყველაფერი, დათო. ამაყად წამოდგა, წინსაფარი შეიხსნა, სახელოსნო დათოს გადააბარა და აჩქარებული შინისაკენ გაემართა. გზადაგზა ხმელი ხილი იყიდა და კეკეს სიყვარულით თავზე გადააყარა ინდიხურმა, ფსტა, ნუში, ქიშმიში… ბებიას ბავშვი უკვე თეთრეულში გაეხვია და დედის გვერდით ჩაეგორებინა ლოგინში. მამობრივმა გრძნობებმა დასძლია ბესოს. ბავშვს პირსაფარი გადაჰხადა. მკვეთრი სინათლის მოხვედრაზე ბავშვს სახე აემღვრა, დაეჭმაჭნა, წამოიტირა. მამამ მზრუნველობით წინსაფარი წაახურა, შიშისაგან კანკალებდა. საბნის თავზე აკოცა.

_ იხარე, გაიზარდე, ჩემი ოჯახის სანუგეშოდ.

_ ღმერთო, შემინარჩუნე ჩემი პირმშო! ღმერთო, გამიზარდე ჯუღაშვილების გვარის გამგრძელებლად! დამივაჟკაცე. ღმერთო! ღმერთო! არ მომტაცო ეს ბიჭიცა…

ზაუტაანთ ეფემიამ გაამხნევა:

_ შეგრჩებათ, შეგრჩებათ, ჩემო ბესო, ბავშვი ქუდბედიანი დაიბადა. ბუდე თავიდან რომ ავაცალეთ, ვაშლის ძირას ჩავმარხე ფანჯრების ქვეშ… მე კარგი ხელი მაქვს, იცოდეთ.

_ მაგ ხელბედიანობას დაგიფასებ, ჩემო ფეფო, შენი კრიალა ფეხსაცმელი ჩემს კისერზე იყოს. სოსელო დაიბადა, სოსელო! _ ენაცვალოს მამაი. იდგა 1879 წლის 21 დეკემბერი, შუადღე, 12 საათი” _ გვამცნობს მწერალი დავით კასრაძე.

პოეტი გიორგი ლეონიძე მხატვრულად გადმოგვცემს ახალშობილი სოსელოსთვის ჩატარებულ ტრადიციულ რიტუალს _

მამალი გადაახტუნეს, _ ბავშვი ფხიზელი გამოვა!

მერცხალი პირს გამოავლეს, _ ენაჭიკჭიკა გამოვა!

აკვნის თავს დადგეს მარილი, _ მარილიანი გამოვა!

გულზე შაქარი დაადეს, _ მოსიყვარულე გამოვა!

_ გაჩუხჩუხდი და გაღვივდი, მენახე გადაქოჩრილი!

ყურში აკოცე, დედაო, იქნება შენი მორჩილი!

ყინვარა წყალში აბანე, მით ძვალი მაგარი არი!

ნასვამ წყალს ნუ მიაკარებ, _ გაზრდა ექნება გვიანი!

ბიჭს ვარსკვლავი გაუჩხრიკეს, ეტლი, მთვარის სათვალავი,

გაუსინჯეს მუხლის თვალი, სახის ყდა და ორთავ მკლავი.

სახით მამას მიამსგავსეს, პაპას, ბიძას, სამთავესა _

კაცი ისე მისდევს ჯიშსა, როგორც ცხენი სადავესა!”

ხმლის ნარეცხს წყალში აბანეს, ცეცხლს სამჯერ შემოუტარეს.

_ თუ მარცხის ანგელოზი ჰყავს, გააქრობს ცეცხლი მდუღარე!

ფიჭვის რაში მოუტანეს, ვითომ ბალღი დოღში არი,

ცეცხლზე წყალი გადაასხეს, მავნეს გარეკს ოხშივარი!

დაუწყევლეს მეთვალთვალე, მეავგულე, მისი ფეხი:

თვალს _ ნაცარი, გულს _ ლახვარი, მის კარს _ ცეცხლი, ერდოს _ მეხი.

გაჰქრეს, როგორც ჩიტის კვალი, ნიაღვარი, ავი ქარი,

რაღას იზამ, მავნე სულო, რახან გულში ჩავიკარი.

დაულოცეს ანგელოზი, ბალღის ბედი ლაღად ზიდოს,

გაიზარდოს ქვეყნისათვის, სარჩოს ადრე მოეკიდოს.

 თან პირის გზას ასწავლიან, ვარდის ტუჩმა სწოვოს ძუძუ,

მზე შინა და მზე გარეთა უერთდება ქარის ზუზუნს…”

 დავით კასრაძის ჩანაწერებიდან:

დედაშვილობა

ყველა დედას უყვარს თავისი შვილი, მაგრამ კეკეს სიყვარული უჩვეულო იყო, გარდანამეტი. წინა წლებში ორი შვილი ისე დამარხა, დედაშვილობისა ვერაფერი გაეგო, რა. ეს მესამე კი სულში უძვრებოდა, ვეღარ ძღებოდა მისი სიყვარულით. ჯერ ძუძუზე ტუჩის მოსმისთანავე ბავშვმა აგრძნობინა, რომ მართლაც “კირკიტა” ბიჭი მოდიოდა. როდესაც ბავშვს თვალის ბაიებზე წყალი გადაევლო და დაეწმინდა, უფრო ფაქიზი შეიქმნა. რა ბედნიერებით აცქერდებოდა ხოლმე დედა ამ თვალთა ბაიებს. თვალს არ აშორებდა. ბავშვი წყნარი გამოდგა. ჩინებული ძილი იცოდა. თუ წაიტირებდა, ისიც საღამოთი, როდესაც ლამპას აანთებდნენ. სინათლის უეცრივი გაშუქება გაურკვეველ შიშს აგრძნობინებდა. ჯერ ცნობიერება არ გაღვიძებოდა, მაგრამ გულმოდგინედ აკვირდებოდა აკვანთან დახრილ დედას. ლამპის შუქზე თითქოს ლანდივით რომ დაჰკანკალებდა მას. ჯერ არ იცოდა, რომ ეს ლანდი მისი დედა იყო.

_ უი, მეძახის! _ შეიფრთხიალებდა ხოლმე დედა ბავშვის ხმის გაგონებაზე და ძუძუს მისცემდა. დედის ხმის გაგონებაზე ბავშვი ინაბებოდა და ისევ სიზმრებს უბრუნდებოდა. ასე მიდიოდა დრო დედა-შვილისათვის. ბავშვი დღითიდღე იზრდებოდა. ინასკვებოდა მისი გონების, ცნობიერების კვირტი. მალე ფეხიც აიდგა. საყვარლად ატიტინდა. შვილის შემყურე ბესო შრომას აათკეცებდა, თითქოს წამოჩიტულ ბიჭს თავს აწონებო. ასე გაიფრინა წელიწადმა.

ნათლობა

დადგა ნათლობის საკითხიც. შეძლების კვალობაზე ჩინებული ნათლობა გადაიხადეს. ნათლია მიხაკამ ოქროს ჯვარი დაანათლა, ხოლო მეორე ნათლიამ, იაკობის მეუღლემ _ თეთრი მიტკალი, აკვნის იარაღი და წითელი ფაჩუჩები. ჯუღაანთ სახლის უკან კასრაძეები ცხოვრობდნენ. მათ უკან კი კავკასიძეები. ნათლობა საკრებულო ტაძარში მოხდა. გაიმართა საზეიმო ღაღანი, რათა ბავშვის არსებიდან განედევნათ ვითომდა “ყოველი სული ბოროტი და არაწმინდა და მალული და დაბუდებული გულსა მისსა, სული მაცდურებისა, სული უკეთურობისა, სული კერპთაყვანისცემისა და ყოველი ანგარებისა, სული სიცრუისა” და მრავალი სხვა. ასე შემოსეს “ყრმა იგი” “ნათლის სამოსელით”. ამ სახით ჩაუშვეს ემბაზში “ვითომდა ქრისტე იორდანეს ზვირთებში”. როდესაც ბავშვი “განათლდა” და შეიქმნა “სული სპეტაკი”, სამგზის შემოატარეს ემბაზის ირგვლივ. გათავდა ნათლობა. შინ დაბრუნებისას ნათლიებმა ბავშვი მშობლებს დაუბრუნეს და განუცხადეს, რომ ამიერიდან პატარა სოსელო მათი შვილიც იქნებოდა.

სოსო და პეტა

_ მოშორებით რად დგახარ და ჩვენთან არ თამაშობ?

_ ვითამაშებ, _ გაუბედავად ვუპასუხე.

_ სადაური ხარ?

_ წაღვლელი.

_ რა გქვია?

_ პეტას მეძახიან. პეტა კაპანაძე ვარ.

_ მოდი, მე და შენ ვიკოჭაოთ.

_ კოჭები არ მაქვს.

_ მე მაქვს და მოგცემ.

_ შენ რას გეძახიან?

_ სოსოს, სოსელოს.

მან ხელი მკლავში მომკიდა და მითხრა:

_ საღამოობით სახლში რას აკეთებ?

_ არაფერს.

_ მაშ საღამოს “რუსის მოედანზე” (ასე ეძახიან გორის მთავარ მოედანს) გამოდი, მე ბურთს მოვიტან, ამხანაგებსაც გამოვიყვან და ერთად ვითამაშოთ.

_ კარგი, გამოვალ.

_ უსათუოდ გამოდი.

* “პატარაობისას სოსოს უყვარდა ტოლამხანაგებში ჭიდაობა. ჭიდაობისას ეხერხებოდა და ემარჯვებოდა შუა სარმა. ხელის მოკიდება და შუა სარმის გამოკვრა ერთი იყო”.

* _ პეტა, წამოდი ჩემთან მოსკოვში. ჩემ გვერდზე იქნები. ჩემთან იმუშავებ, _ ეუბნება სტალინი.

_ სოსო, ამას რა სჯობია, მაგრამ არ შემიძლია, ხომ იცი, წვრილშვილი ვარ (ამბობს ექვსი შვილის მამა), ძალზე ძნელია ჩემთვის.

_ აბა, იყავი, შენს ტალახიან ხაშურში, _ იცინის სოსო, _ ერთი მანქანა “ხორხი” უნდა გაჩუქო!

_ არა, სოსო, აბა, მე ვერ გამოვიყენებ, ხომ იცი ნამღვდლევი ვარ, ხაშური პატარაა, ყველა მიცნობს, ხალხი ჭრელია, დამისტვენენ …

_ მაშ, იარე ფეხით, _ კვლავ იცინის სოსო…”

* სტალინსა და პეტრე კაპანაძეს 1943 წელს დაეღუპათ უფროსი ვაჟიშვილები _ იაკობ ჯუღაშვილი და ვახტანგ კაპანაძე. სტალინს სიყრმის მეგობარმა მიუსამძიმრა შვილის დაღუპვა და თავისი უბედურებაც აუწყა.

_ პეტა, ხომ გახსოვს, ვაჟა-შაველას “ბახტრიონიდან” შვილებდაღუპული გმირი ქალის სიტყვები, ოღონდ გავიმარჯვოთ და:

არ ვიგლოვებდი იმიერ

ჩემს ჯუღურას და საბასა!”

ჩვენ კი მამები ვართ, შვილდაღუპული მამები, პეტა!…

ლაპარაკობს იოსებ სტალინი

მარტივად გეტყვით სტრატეგიისა და ტაქტიკის მხრივ როგორ ვაჯობეთ ფაშისტების სამხედრო მეცნიერებას. გორში ორი სასწავლებელი იყო: სასულიერო სკოლა და სამოქალაქო, ანუ Городское Учелище. ამ უკანასკნელის მოსწავლეებს “გოროდისტებს” ვეძახდით, რაც ძალზედ აბრაზებდათ. ჩვენსა და მათ შორის გაუთავებელი პაექრობა და ჩხუბი იყო. გაზაფხულს კრივში გვიწვევდნენ სამოქალაქო სკოლის მაგარ-მაგარი ბიჭები. ერთ გაზაფხულს მოდის პეტა და მეუბნება, რაღაც უნდა ვიღონოთ, რომ “გოროდისტებმა” კრივში კვლავ არ დაგვჯაბნონო. ბევრი ვიფიქრეთ, მერე შევიყარეთ კლასელები და მე ასეთი რამ მოვიფიქრე: მთელი სასულიერო სასწავლებელი სამ მოკრივე ჯგუფად დავყავი. პირველ ჯგუფში სუსტი მოკრივეები უნდა შემეყვანა, მეორე ჯგუფში _ ძლიერნი და მესამე ჯგუფში _ უძლიერესნი ვინც კი გვყავდა. ჯერ ეს სუსტები უნდა მიგვეშვა “გოროდისტების” წინააღმდეგ. “გოროდისტები”, რა თქმა უნდა, იმათ იოლად გაუმკლავდებოდნენ. მერე მეორე ჯგუფიც მიგვეშვა, მაგრამ პირველს უნდა მოესვენა და გალახულებს ეყვირათ “გოროდისტებოო!”, რომ ნერვები მოეშალათ მათთვის, მწყობრიდან გამოეყვანათ. მეორე ჯგუფსაც მოერეოდნენ “გოროდისტები”, მაგრამ საკმაოდ დაიღლებოდნენ. სწორედ ამ დროს უნდა მიგვეშვა მესამე _ უძლიერსი ჯგუფი ჩვენი მოკრივეებისა და არაქათგამოცლილებისათვის საშუალება არ უნდა მიგვეცა. დამარცხებულ ჯგუფელებს კვლავ უნდა ეღრიალათ “გოროგისტებო”, “გოროდისტებო!” გაეცეცხლებინათ ისინი, ჩვენ კი უკვე დასუსტებულ-გაცეცხლებულებისთვის ახალი ძალებით ყველაზე ძლიერი ძალებით შეგვეტია. დასვენებული და მომზადებულები ისინი ჩვენ უძლიერებსაც გალახავდნენ, მაგრამ ახლა, წესით, ჩვენ უნდა გვეჯობნა. ასეც იყო! როგორც მოვილაპარაკეთ ამ თავშეყრაზე, ისე აღვასრულე! მაშინ პირველად იყო, რომ სასულიერო სასწავლებლის მოსწავლეებმა ჩხუბში “გოროდისტები” დავჯაბნეთ და კუდით ქვა ვასროლინეთ!!! ჰოდა, ევროპას, ჰიტლერსაც სწორედ ასეთი გორული ილეთი გავუკეთე. რეზერვები _ ეს გამარჯვებაა”…

გრიგოლ ონიანი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here