Home რუბრიკები პოლიტიკა ვინ არის “მოლდოველი ივანიშვილი”?

ვინ არის “მოლდოველი ივანიშვილი”?

1636
ვლადიმერ პლახოტნიუკი

ოლიგარქები პოლიტიკაში თითქმის ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყანაში ერევიან, თუმცა მხოლოდ ორში, საქართველოსა და მოლდოვაში, ყალიბდება სისტემა, რომელსაც პირობითად შეიძლებაოლიგარქული ერთმმართველობაეწოდოს. ვინ არის ვლადიმერ (ვლად) პლახოტნიუკი და რით ჰგავს ის ბიძინა ივანიშვილს?

პლახოტნიუკი 1966-ში დაიბადა, ბიზნესსაქმიანობა კი 90-იანებში დაიწყო. მისი თქმით, პირველი სერიოზული შემოსავალი რუსეთში მოლდოვური ღვინის ექსპორტმა მოუტანა, აგრეთვე, მის მიერ დაარსებული მოლდოვურ-ამერიკული საინვესტიციო ფონდის საქმიანობამ. თუმცა მისი მოწინააღმდეგეები ირწმუნებიან, რომ 90-იანებში ვლად პლახოტნიუკი დაკავებული იყო ტრეფიკინგითა და პროსტიტუციის კონტროლით, ამ უკანასკნელმა კი გავლენიანი კლიენტების შანტაჟის შესაძლებლობა მისცა. ასე იყო თუ ისე, 2001-ში პლახოტნიუკი რუმინული სანავთობო გიგანტის _ “პეტრომის” შვილობილი სტრუქტურის _ “პეტრომ მოლდოვას” ჯერ კომერციული, შემდეგ კი გენერალური დირექტორი გახდა. ამ პოსტზე მუშაობისას მან საქმიანი კავშირები დაამყარა არა მხოლოდ მოლდოვური, არამედ რუმინული და უკრაინული პოლიტიკისა და ბიზნესის წამყვან ფიგურებთან და შესაბამისი ამბიციებიც გაუჩნდა. ექსპერტების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ განსაკუთრებული როლი მის აღზევებაში შეასრულა დაახლოებამ პრეზიდენტ (2001-2009წწ.) ვლადიმერ ვორონინთან და მის შვილთან _ ოლეგთან, რომელიც მოლდოვის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ბიზნესმენია და ამავე დროს, მამის მსგავსად, კომუნისტური პარტიის წევრი.

პლახოტნიუკი დაახლოებით 2-2,5 მილიარდ დოლარს ფლობს და მოლდოვაში ამის თაობაზე ხშირად წერენ, რომ “ეს ქვეყნის მშპ-ს მესამედია”. უფრო ზუსტი ციფრების დასახელება შეუძლებელია, რადგან მისი ბიზნესსქემები ფრიად ჩახლართულია. ამდენი ფული არც ერთ სხვა მოლდოველ ბიზნესმენს არ აქვს.

თანამედროვე მოლდოვური პოლიტიკისთვის უცხოა მონსტრუოზული “სახელისუფლო პარტიების” ფენომენი; იქ მთავრობის ფორმირებისთვის, როგორც წესი, აუცილებელი ხდება კოალიციის შექმნა. სწორედ ასეთი კოალიციის ჩამოყალიბებიდან დაიწყო ვლად პლახოტნიუკის აღმასვლა პოლიტიკურ ოლიმპოზე. 2009 წლის არჩევნების შემდეგ დემოკრატიული პარტია, რომელსაც ის აკონტროლებდა, შევიდა კოალიციაში მომავალი პრემიერმინისტრის ვლადიმერ ფილატის ლიბერალურ-დემოკრატიულ პარტიასთან და მიხაი გიმპუს ლიბერალურ პარტიასთან (აგრეთვე, კოალიციაში შედიოდა ალიანსი “ჩვენი მოლდოვა”, რომელიც შემდგომ ლიბერალურ-დემოკრატიულმა პარტიამ შთანთქა). ახალ მმართველ კოალიციას ეწოდა “ალიანსი ევროპული ინტეგრაციისთვის”; რეალურად ის ორი ოლიგარქის, ფილატისა და პლახოტნიუკის, ალიანსს ეფუძნებოდა. ოთხი წლის განმავლობაში ისინი, ასე თუ ისე, ახერხებდნენ თანაარსებობას, მიუხედავად იმისა, რომ მათი ბიზნეს და პოლიტიკური ინტერესები ხშირად წინააღმდეგობაში მოდიოდა.

პლახოტნიუკი ყოველთვის დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა მედიის კონტროლს _ ხუთი ეროვნული ტელეარხიდან მას ოთხი ეკუთვნის, აგრეთვე, არაერთი გაზეთი, რადიოსადგური და საინფორმაციო პორტალი. ის მუდამ ცდილობდა, სასამართლო სისტემა გაეკონტროლებინა. მოსამართლეები, პროკურორები (გენერალურის ჩათვლით), ანტიკორუფციული არასამთავრობოების ხელმძღვანელები _ ვლად პლახოტნიუკი არასდროს იშურებდა ფულს იმისთვის, რომ ეს ადამიანები მოესყიდა და საკვანძო თანამდებობებზე გაეყვანა. ამ ორმა ფაქტორმა შესაძლებლობა მისცა, მთავარი კონკურენტი, ვლადიმერ ფილატი, ციხეში ჩაესვა. მას ბრალი დასდეს, რომ საბანკო სისტემიდან მილიარდი დოლარის მოპარვაში მონაწილეობდა და პლუს ამას 250-მილიონი ქრთამი აიღო. შარშან ივნისში ფილატს ცხრაწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. კიდევ ერთ ბიზნესმენს, ყოფილ დეპუტატსა და პლახოტნიუკის მოწინააღმდეგეს, ვლადიმერ პლატონს, 18-წლიანი პატიმრობა შეეფარდა.

ფილატის ჩამოშორების შემდეგ, დაიწყო პლახოტნიუკის გავლენის სწრაფი ზრდა _ ლიბერალურდემოკრატიული პარტია დაიშალა, მოლდოვაში ტრადიციულად ძლიერი კომუნისტები ორ ნაწილად გაიყვნენ, რომელთაგან ერთერთმა პლახოტნიუკისდემოკრატიულ პარტიასთანმჭიდრო თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა, ლიბერალურმა პარტიამ ჩათრევას ჩაყოლა ამჯობინა და .. რამდენიმე თვეში თითქმის მთელი პოლიტიკური სპექტრი პლახოტნიუკის კონტროლქვეშ მოექცა.

ცხადია, იყო პრობლემებიც. ოლიგარქი იმთავითვე ნაკლებად პოპულარული იყო, ხოლო მძიმე პოლიტიკურმა და საინფორმაციო ომმა ფილატთან მის იმიჯს სერიოზული ზიანი მიაყენა. გამოკითხვების თანახმად, პლახოტნიუკს ამომრჩეველთა 1-2% პროცენტი ენდობა, მაშინ, როდესაც 90%-ზე მეტი არ ენდობა. სერიოზულად დაეცა მისიდემოკრატიული პარტიისრეიტინგიც. ეს პარადოქსულ ვითარებას ქმნის, ქვეყანას ფაქტობრივად ნულოვანი რეიტინგის მქონე ფიგურა მართავს, რომელსაც არანაირი თანამდებობა არ უკავია _ ის მხოლოდ დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარეა.

სწორედ ამ არაპოპულარობამ 2015-ში შესაძლებლობა მისცა იმჟამინდელ პრეზიდენტ ნიკოლაე ტიმოფტის, პლახოტნიუკისთვის წინააღმდეგობა გაეწია და ის პრემიერმინისტრად არ წარედგინა. გაიმართა ნამდვილი პროცედურული ომი, რომელიც “კომპრომისით” დასრულდა _ პრემიერად პლახოტიუკის გარემოცვის წარმომადგენელი პავლე ფილიპი დაინიშნა. ოლიგარქის გავლენის სფერო მკვეთრად გაფართოვდა; დღეს, ფაქტობრივად, ყველა სახელმწიფო საწარმო მის სრულ განკარგულებაშია, ხოლო ძალოვნები მისთვის არასასურველ პერსონებს სერიოზულ პრობლემებს უქმნიან. ოლიგარქს შეუძლია მთავრობის სრული შემადგენლობა ისევე უპრობლემოდ დააკომპლექტოს, როგორც ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა საქართველოში, მითუმეტეს რომ ოპოზიცია ამ ეტაპზე დაშლილი და დემორალიზებულია.

მიუხედავად ამისა, პლახოტნიუკს გადასაწყვეტი აქვს თავისი პარტიის დაბალი რეიტინგის პრობლემა. ის, სავარაუდოდ, შეეცდება, ჩაასწოროს საარჩევნო კანონმდებლობა და პროპორციული სისტემა შერეულით ან მაჟორიტარულით შეცვალოს. ერთ-ერთ ძირითად ვარიანტად განიხილება არჩევნების გამართვა შერეული სისტემით 2018-ში, ხოლო 2022-დან _ მაჟორიტარულზე გადასვლა, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ ვენეციის კომისიამ შესაბამისი კანონპროექტი მკვეთრად უარყოფითად შეაფასა, მაშინ, როდესაც ვლად პლახოტნიუკმა, ირაკლი კობახიძის არ იყოს, მისი შენიშვნების გათვალისწინების პირობა წინასწარ დადო. კიდევ ერთი კანონი, რომელიც მან პარლამენტს უკვე მიაღებინა, გულისხმობს ეთერში მოლდოვაში დამზადებული სატელევიზიო პროდუქციის ხვედრითი წილის მკვეთრ გაზრდას. დეკლარირებული მიზანი რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლაა, თუმცა ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ამდენი გადაცემის მომზადებას მხოლოდ ის მსხვილი არხები მოახერხებენ, რომლებსაც პლახოტნიუკი აკონტროლებს, ხოლო მცირე დამოუკიდებელი კომპანიების მეპატრონეები იძულებელი გახდებიან, ტელევიზიები დახურონ ან პლახოტნიუკს მიჰყიდონ, ან მის მოთხოვნებს დაემორჩილონ. მის მიერ დაფუძნებულმა ჰოლდინგმა სარეკლამო ბაზარზე თითქმის სრული მონოპოლია დაამყარა, ხოლო არაერთმა ეპიზოდმა ვლად პლახოტნიუკის ომიდან მოლდოვურჟურნალ ტვ”-სთან შეიძლება გაგვახსენოს ეპოპეა ბიძინა ივანიშვილისა დარუსთავი 2”-ის მონაწილეობით.

“კორუფციის აღქმის რეიტინგში” შარშან მოლდოვის პოზიცია ერთბაშად 20 პუნქტით გაუარესდა. პლახოტნიუკის “ფარული ავტორიტარიზმის” გაძლიერება ევროპელ პარტნიორებს ნამდვილად არ მოსწონთ, მითუმეტეს, რომ, ყველა მინუსის მიუხედავად, პოსტსაბჭოთა ფონზე მოლდოვა ყოველთვის მეტ-ნაკლებად დემოკრატიულად გამოიყურებოდა. ვლად პლახოტნიუკი ცდილობს, დაარწმუნოს დასავლეთი, რომ მასთან თანამშრომლობის გარეშე ვერ მოხერხდება პრორუსული ძალების შეჩერება. შესაბამისი განწყობები მოლდოვაში ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა, რაზეც მიუთითებს არა მხოლოდ სოციოლოგიური გამოკითხვების შედეგები, არამედ გასული წლის ბოლოს პრეზიდენტად იგორ დოდონის არჩევა. მართალია, მოლდოვის პრეზიდენტს, შეზღუდული უფლებებიდან გამომდინარე, არ შეუძლია ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლა, მომხდარი თავისთავად სიმპტომატურია. რაც შეეხება პლახოტნიუკის შეხედულებებს, საუბარი მის პოლიტიკურ ორიენტაციაზე, ალბათ, ზედმეტია _ ის არც პროდასავლურია და არც პრორუსული, მას მხოლოდ საკუთარი ინტერესები ანაღვლებს; ამ ეტაპზე მოლდოვაში დასავლეთის უკანასკნელ რაინდად თავის წარმოჩენას და, პრეზიდენტ იგორ დოდონის დახმარებით, მოსკოვთან დიალოგის გაღრმავებას ცდილობს.

ვლადიმერ პლახოტნიუკი სარგებლობს იმით, რომ მოლდოვური ოპოზიცია დაყოფილია პროდასავლურ და პრორუსულ ბანაკებად, რომელთა წარმომადგენლები ერთმანეთს ნაკლებად ენდობიან. მართალია, 2015-2016 წლებში მათ მოახერხეს ერთობლივი, შედარებით მცირერიცხოვანი საპროტესტო დემონსტრაციის გამართვა, მაგრამ მოსახლეობას დროთა განმავლობაში მობეზრდა დროში გაწელილი აქციები, “კარვის ქალაქები”, საინფორმაციო მიტინგები და ა.შ. მითუმეტეს, რომ მალევე გამოჩნდა, რომ ოპოზიცია ესკალაციაზე წამსვლელი არ არის. იმის ალბათობა, რომ კიშინიოვში განმეორდება 2009 წლის მოვლენები, სისხლიანი შეტაკებებით და მსხვერპლით, ამ ეტაპზე შედარებით მცირეა. საბოლოო ჯამში, ხდება თითქმის იგივე, რაც საქართველოში _ მიუხედავად იმისა, რომ საპროტესტო განწყობა საკმაოდ ძლიერია, ძველი ოპოზიცია დისკრედიტებულია და გაღიზიანებული მოსახლეობის კონსოლიდირებას ვერ ახდენს. ხალხი ეძებს ახალ ოპოზიციას, მაგრამ ვერ პოულობს მას.

მოლდოვაში, ისევე, როგორც საქართველოში, ხელისუფლება თავს “ნაკლებ ბოროტებად” წარმოაჩენს, რომელსაც, ყველა მინუსის მიუხედავად, სტაბილურობის უზრუნველყოფა შეუძლია. გადაღლილ მოქალაქეებს არ სურთ, რომ ძველი დროის პოლიტიკური დაპირისპირება და ქაოსი დაბრუნდეს და კონფლიქტის ზონაში ახალი ომის დაწყების ეშინიათ. აქედან გამომდინარე, ისინი ამჯობინებენ თვალი დახუჭონ რეჟიმის მაქინაციებსა და საკუთარი უფლებების თანდათანობით შეზღუდვაზე. შესაძლოა, ჰიბრიდული ოლიგარქული რეჟიმების მთავარი რესურსი მოლდოვასა თუ საქართველოში არის შიში წარსულის წინაშე, რომლის დამარცხება ვერა და ვერ მოვახერხეთ.

ლუკა ნემსაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here