მთავარი ისტორია ვახტანგ ადამია _ პირნათლად ომგამოვლილი, ამაგდარი მამულიშვილი

ვახტანგ ადამია _ პირნათლად ომგამოვლილი, ამაგდარი მამულიშვილი

395
გააზიარეთ
ვახტანგ ადამია

2018 წლის 9 მაისს დიდ სამამულო ომში გამარჯვებიდან 73- წელი შესრულდა. “ყველაზე მასშტაბური და სისხლისმღვრელი კონფლიქტი კაცობრიობის ისტორიაში”, _ ასეა მოხსენიებული მსოფლიოს ისტორიაში 1941-1945 წლების ომი, რომელშიც ქართველებმა უდიდესი წვლილი შეიტანეს.

ფრონტზე საქართველოდან ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი წავიდა, მათგან 300 ათასი დაიღუპა, 100 ათასი ხეიბარი დაბრუნდა. ამ ომის შემდეგ ქვეყანას 164 გმირი შეემატა. მადლიერი შთამომავლობა არასოდეს დაივიწყებს დიდ სამამულო ომში მონაწილეთა სახელებს. დღეს ერთერთ მათგანს, სოხუმის (აფხაზეთის) უნივერსიტეტისა და ივ. ჯავახიშვილის სახელობის თსუ სოხუმის ფილიალის ღვაწლმოსილ პედაგოგს, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორ ვახტანგ ადამიას გავიხსენებთ.

ვახტანგ ადამია დაიბადა 1916 წელს სოხუმში. უმაღლესი განათლება მიიღო მოსკოვის ისტორიის, ფილოსოფიისა და ლიტერატურის ინსტიტუტში. ინსტიტუტის წარჩინებით კურსდამთავრებულს შესთავაზეს ასპირანტურაში დარჩენა, ამ დროს სამამულო ომი დაიწყო და იგი სამშობლოს დამცველთა რიგებს შეუერთდა, საბრძოლო მოქმედებებისას დაიჭრა და მოსკოვზე ფაშისტების შეტევისას ჰოსპიტალში იწვა. სამხედრო იურიდიული კურსების დამთავრების შემდეგ 1942 წლის ივნისიდან 1943 წლის ივლისამდე მუშაობდა მე-3 სამთო-მსროლელთა კორპუსის სამხედრო ტრიბუნალში: თავდაპირველად _ მდივნად, შემდგომ _ სამხედრო ტრიბუნალის წევრად.

სამხედრო ტრიბუნალში მისი მოღვაწეობისას ვახტანგ ადამიამ თავი გამოიჩინა, როგორც წითელი არმიის მამაცმა, მტკიცე ხასიათის, უდრეკმა მებრძოლმა და გულადმა ოფიცერმა.

1942 წლის ზაფხულში, როდესაც ფაშისტური გერმანიის სამხედრო ქვედანაყოფები მოადგნენ კავკასიონს, 1942 წლის 2-დან 23 სექტემბრამდე ვახტანგ ადამია იყო სამხედრო ტრიბუნალის გასვლითი სესიის შემადგენლობაში კავკასიონის უღელტეხილებზე და აწარმოებდა ორგანიზაციულ სამუშაოებს უშუალოდ ფრონტის წინა ხაზზე, რისთვისაც 63-ე დივიზიის ხელმძღვანელობამ, რომელსაც კორპუსის ტრიბუნალი ემსახურებოდა, მადლობა გამოუცხადა.

გერმანელთა უკანასკნელი თავდაცვითი ზღუდეების გარღვევისა და ყუბანისა და ტამანის მიმდებარე დაბლობი ტერიტორიების გაწმენდითი ბრძოლებისას ვახტანგ ადამია დროებით იმყოფებოდა 83-ე (მოგვიანებით კი 128-ე) დივიზიის სამხედრო ტრიბუნალის სათავეში. ის საქმის ცოდნით ხელმძღვანელობდა ტრიბუნალის მუშაობას უშუალოდ ფრონტის მოწინავე ხაზზე და ამით უწევდა დივიზიის ხელმძღვანელობას ქმედით დახმარებას სამხედრო დისციპლინის გაძლიერების საქმეში. როგორც საბრძოლო მოქმედებების დაწყებამდე, ასევე, მათ შემდგომ ვახტანგ ადამია აწარმოებდა შინაარსიან საუბრებს, როგორც მებრძოლებთან, ასევე ხელმძღვანელ შემადგენლობასთან სამართლებრივ საკითხებზე.

ვახტანგ ადამია საბრძოლო ოპერაციების პერიოდში საქმის ღრმა ცოდნით და სამართლიანად ახორციელებდა სადამსჯელო პრაქტიკას, ამასთანავე, ფრონტის წინა ხაზზე განლაგებულ სამხედრო ნაწილებში იგი დროულად ახორციელებდა სამხედრო ტრიბუნალის საქმიანობას სასჯელისგან გათავისუფლებისა და ნასამართლეობის მოხსნის მიმართულებით იმ დაჯარიმებული სამხედრო მოსამსახურეებისთვის, რომლებმაც თავი გამოიჩინეს გულადობითა და მამაცობით გერმანელ დამპყრობლებთან ბრძოლებში.

ვახტანგ ადამია თავისი საქმიანობით 300-მდე ოფიცერსა და რიგითს დაეხმარა, დაბრუნებულიყვნენ სამშობლოს დამცველი ჯარისკაცების რიგებში.

გარკვეული ხნის განმავლობაში, საბრძოლო მოქმედებების პერიოდში, ცვლიდა რა კორპუსის სამხედრო ტრიბუნალის თავმჯდომარეს, ვახტანგ ადამია საქმის ღრმა ცოდნით ხელმძღვანელობდა მისადმი დაქვემდებარებული დივიზიების სამხედრო ტრიბუნალების სასამართლო-საბრძოლო საქმიანობას.

ვახტანგ ადამიას სამხედრო მოღვაწეობა აღნიშნულია მრავალი ორდენითა და მედლით.

ომგამოვლილი ვახტანგ ადამია 1946 წელს მშობლიურ სოხუმში დაბრუნდა, შექმნა ოჯახი და ოთხ ათეულზე მეტი წელიწადი მიუძღვნა სამეცნიეროპედაგოგიურ მოღვაწეობას ჯერ სოხუმის პედაგოგიურ ინსტიტუტში, ხოლო შემდგომ გახლდათ სოხუმის უნივერსიტეტში უახლესი ისტორიის კათედრის გამგე და პროფესორი.

ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ვახტანგ ადამია მე-20 საუკუნის 60-იან წლებში მუშაობდა აფხაზეთის საოლქო კომიტეტში: ჯერ _ აგიტაცია-პროპაგანდის განყოფილების გამგედ, ხოლო შემდგომ _ საოლქო კომიტეტის მდივნად.

ვახტანგ ადამიას ნაშრომებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია შრომა, რომელშიც 1918-1920 წლებში საქართველოში ინგლისის ჯარის საოკუპაციო საქმიანობაზე მოგვითხრობს და ნაშრომი, რომელიც ეხება საქართველოს სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას მე-19 და მე-20 საუკუნეების მიჯნაზე.

ბატონ ვახტანგს დიდი პატივისცემით იხსენებენ მისი მეგობრები და თანამედროვენი:

ბორის კვარაცხელია, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი:

_ ბატონი ვახტანგის ცხოვრება ია-ვარდით მოფენილი არ ყოფილა. მან გამოიარა დიდი სამამულო ომი, ფრონტის წინა ხაზზე იბრძოდა, შემდეგ მშობლიურ სოხუმს დაუბრუნდა და აქტიურად ჩაერთო სამეცნიერო საქმიანობაში. ორი დისერტაცია დაიცვა და ორივეს უმაღლესი შეფასება მისცეს ოპონენტებმა და საკავშირო პრესამ.

ვახტანგ ადამია გამორჩეული იყო არა მხოლოდ, როგორც უდიდესი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე, არამედ ის ცხოვრების წესითაც გამოირჩეოდა _ იყო მუდამ შემართული, მოწესრიგებული, რაც ჩვენთვის სამაგალითო იყო; ჰყავდა არაჩვეულებრივი მეუღლე, რომელიც ისე გარდაიცვალა, რომ აფხაზეთში დაბრუნების იმედი არ დაუკარგავს; მისი ორი შვილი წარმატებული ექიმია.

ოთარ ჟორდანია, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, ცხუმაფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი და საქართველოს ისტორიკოსთა ეროვნული კომიტეტის ვიცეპრეზიდენტი:

_ საზოგადოება პატივს მიაგებს ცნობილ ქართველ ისტორიკოსს, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორს, ლამაზ სოხუმელ კაცს, ბატონ ვახტანგ ადამიას. ვახტანგ ადამიამ ქართულ ისტორიოგრაფიაში, დიდი ხანია, დაიმკვიდრა ადგილი, რაც, მოგეხსენებათ, იოლი არ არის. ვახტანგ ადამიას შრომები ცნობილია არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. ნაშრომში 1918-1920 წლებში საქართველოში ინგლისის საოკუპაციო საქმიანობის შესახებ, ის ნათლად აღწერს იმ პერიოდის საქართველოს მდგომარეობას, როგორ იდგამდა ფეხს ახალი დემოკრატიული საქართველო და ცდილობდა, გარეშე მტრის მოგერიებას. ვახტანგ ადამიამ ამ ნაშრომში აღწერა, როგორ არ დაეხმარა ჩვენს ქვეყანას ინგლისი, საფრანგეთი და აშშ.

გვერდები მოამზადა

ეკა ნასყიდაშვილმა

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here