Home რუბრიკები ისტორია ვაკე

ვაკე

3687
ვაკის პარკი

სახელწოდება ვაკე გაჩნდა XIX საუკუნეში და ნიშნავს დაცემულ, დაბალ ადგილს. იგი მდებარეობს თბილისის სამხრეთდასავლეთ ნაწილში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ძველი ვერის (საგაბაშვილოს) ტერიტორიაზე, მისი ნაწილი გაშლილია ვარაზისხევის მარცხენა მხარეზე ბაგებამდე. 1907 წლიდან ვაკე თბილისს ოფიციალურად შემოუერთდა, ინტენსიური განაშენიანება კი დაიწყო XX საუკუნის 20-იან წლებში.

ქალაქგარე დაუსახლებელი ვაკობის ათვისება, ეკლესიის მსახურებმა დაიწყეს. ამ ტერიტორიაზე, თბილისის სასულიერო სემინარიის აღზრდილებისთვის, ერთ ოჯახზე გათვალისწინებულ, პატარ-პატარა, ერთსართულიან სახლებს დგამდნენ.

ძველი ვაკე
ძველი ვაკე

1902-1905 წლებში ვაკის ლამის ბოლოში ააგეს დიდი აგურის შენობა, რომელშიც მაშინდელი ერევნის მოედნიდან სასულიერო სემინარია გადაიტანეს. ეს ადგილი ახლანდელი ჭავჭავაძის გამზირის # 33 სახლია. 1970 წლამდე ამ შენობაში, რომელიც თბილისის საკმაოდ ცნობილმა არქიტექტორმა ალექსანდრე როგოისკიმ ააშენა, სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტი იყო მოთავსებული, შემდგომ კი ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის კლინიკები განათავსეს.

ხანდაზმულობის მიხედვით, მეორე საზოგადოებრივი შენობა ვაკეში არის ქართული უნივერსიტეტი _ სათავადაზნაურო გიმნაზია, ამჟამინდელი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის შენობა. იგი შენდებოდა არა მთავრობის, არამედ კერძო პირთა შემოწირულობებით.

საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელმა ნიკო ცხვედაძემ, შენობის დაპროექტება ახალგაზრდა ნიჭიერ არქიტექტორ სიმონ კლდიაშვილს დაავალა. კლდიაშვილის ქმნილება შესახედავად სადა, მკაცრი და მშვიდია, ისეთი, როგორიც უნდა იყოს საერთოდ სასწავლო დაწესებულება. შენობის ამ მკაფიო, ლოგიკურ კომპოზიციაში დაცულია მკაცრი სიმეტრია. უნივერსიტეტის მთავარი ფასადი გამოდის ლამაზ სკვერში. წინათ ამ სკვერის ქვემოთ ღრმა ხევი იყო. 1957 წელს ხევი ამოივსო და ვარაზისხევის ქუჩა გაკეთდა, რომელიც ჭავჭავაძის გამზირიდან საკმაოდ მკვეთრად ეშვება გმირთა მოედანზე.

კაფე მზიურში
კაფე მზიურში

ვაკის ტერიტორიის ათვისება თბილისმა საბჭოთა მმართველობის პერიოდში დაიწყო, მაგრამ სამოქალაქო მშენებლობის სწრაფი ზრდა ვაკეში მხოლოდ მეორე მსოფლიო ომის შემდგომ წლებში დაიწყო. შეადგინეს გეგმა, რომელშიც გათვალისწინებული იყო სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობათა მშენებლობა, პარკირებისა და სკვერების მოწყობა, ახალი ქუჩებისა და საცხოვრებელი კვარტლის შექმნა. ყოველივე მაშინდელი არქიტექტურის აკადემიის წევრის, არჩილ ქურდიანის, სახელს უკავშირდება.

დავით გურამიშვილის ძეგლი
დავით გურამიშვილის ძეგლი

ომის შემდგომ ორი ათეული წლის განმავლობაში ვაკის ტერიტორია, ისევე როგორც საბურთალოს მიდამოები, ერთ უზარმაზარ სამშენებლო მოედნად იყო ქცეული. ერთიანი გეგმით შენდებოდა ასობით საზოგადოებრივი შენობა და საცხოვრებელი სახლი, იქმნებოდა ახალი ქუჩები, სპორტული ნაგებობები, გაჰყავდათ ტროლეიბუსის ხაზები.

1966 წელს, ახლანდელი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წინ დადგეს ქართველი პოეტის _ დავით გურამიშვილის ძეგლი, რომელიც ჩამოსხმულია მერაბ ბერძენიშვილის მოდელის მიხედვით. ფიგურის ასკეტური სიმკაცრე და ლაკონურობა, სადა სამოსელი, ხელის თავისებური მოძრაობა, თითქოს თავის ლექსებთან ერთად, სულსაც გვთავაზობს.

გალაქტიონ ტაბიძის ძეგლი
გალაქტიონ ტაბიძის ძეგლი

1980 წლის 24 მაისს კი ჭავჭავაძის გამზირზე გაიხსნა უდიდესი ქართველი პოეტის გალაკტიონ ტაბიძის ძეგლი. იგი შესრულებულია მოქანდაკე ჯუნა მიქატაძის მოდელის მიხედვით.

დიდი ხნის განმავლობაში ეს უბანი თბილისის ცენტრს მხოლოდ მელიქიშვილის ქუჩით უკავშირდებოდა. 1957 წელს, ვარაზისხევის ქვედა ნაწილის ამოვსების შედეგად, იგი ფართო ქუჩით გავიდა გმირთა მოედანზე, 1958 წელს კი გაიყვანეს ვაკე-საბურთალოს შემაერთებელი მაგისტრალი (ამჟამად მიხეილ თამარაშვილის ქუჩა).

„მე, ბებია, ილიკო და ილარიონის“ ძეგლი, „მზიურის“ პარკში
„მე, ბებია, ილიკო და ილარიონის“ ძეგლი, „მზიურის“ პარკში

XX საუკუნის დასაწყისისთვის ვაკის საზღვრები იყო: აღმოსავლეთით _ ვარაზისხევი, ჩრდილოეთით _ მდინარე ვერე, სამხრეთით და სამხრეთ-დასავლეთით _ მთის კალთები. ამ პერიოდში წყნეთის ქუჩის (ახლანდელი პეტრე მელიქიშვილის ქუჩა) განაშენიანებამ მიაღწია ვარაზისხევს, რომელზეც მცირე ხიდი იყო გადებული. თბილისის 1906 წლის გეგმაზე ხევს გაღმა მხოლოდ სათავადაზნაურო გიმნაზიის შენობაა აღნიშნული (ამჟამად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსი). შემდეგ გიმნაზიიდან მოშორებით აშენდა სასულიერო სემინარია (აქ დიდი ხნის მანძილზე სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი იყო განთავსებული, ახლა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ერთ-ერთი კლინიკაა, ყოფილი მე-9 საავადმყოფო), ხოლო ტერიტორია, რომელიც შემდგომში თბილისის ფიზკულტურის ინსტიტუტს (მოგვიანებით, სპორტის აკადემიას) ეკავა, კადეტთა კორპუსისთვის გამოიყო.

1946 წელს დაიწყო ვაკის პარკის (ყოფილი გამარჯვების პარკი, არქიტექტორი კ. დგებუაძე, დენდროლოგი ნ. ციციშვილი) გაშენება თრიალეთის ქედის გაშიშვლებულ ფერდობზე. მწვანე ზოლის შესაქმნელად 200 ჰექტარი მიწის ფართობი გამოიყო. ჩრდილოეთის მხრიდან ვაკის პარკი და ჭავჭავაძის პროსპექტი ფართო კიბის მარშებით არის დაკავშირებული. კიბე განლაგებულია პარკის მთავარ ღერძზე, რომელსაც შადრევნების მთელი კასკადი აგრძელებს. პარკის ცენტრული ღერძი ქედზე მეორე მსოფლიო ომისადმი მიძღვნილი დიდების მემორიალით სრულდება. პარკის ცენტრალური ნაწილი შადრევნითა და მრგვალი აუზით არის გამოყოფილი.

ვაკის პარკს განსაკუთრებულ ხიბლს წითელი ქვიშა მატებს, რომლითაც მოპირკეთებულია სავალი გზები.

ვაკის პარკში არის საბავშვო ქალაქი, ღია კინოთეატრი, კაფე-ბარები და რესტორანი განთავსებული; სამხრეთ-დასავლეთით კი პარკი მიხეილ მესხის სტადიონით ბოლოვდება. რამდენიმე თვეში აქ თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი 20-მდე ატრაქციონით დაკომპლექტებული პარკი “შუმბა ლენდი” გაიხსნება და ის 1-დან 12 წლამდე ბავშვებისთვის იქნება განკუთვნილი.

გასული საუკუნის 1970-იანი წლების მიწურულს პრესაში გამოქვეყნდა ქართველი მწერლის ნოდარ დუმბაძის სტატია “ოცნებას კაცი არ მოუკლავს”. სტატიაში მწერალი მდინარე ვერეს ხეობაში ბავშვთა ქალაქის მშენებლობაზე ოცნებობდა. პარკის პროექტზე არქიტექტორთა მთელი ჯგუფი მუშაობდა. იგი 1982 წელს მდინარე ვერეს ხეობაში გაიხსნა. ბავშვთა ქალაქი და დასვენების პარკი “მზიური” მოწყობილია ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებთა სიუჟეტის მიხედვით.

ამჟამად ვაკე თბილისის ერთ-ერთი დიდი საცხოვრებელი უბანია, რომელშიც თავმოყრილია უმაღლესი სასწავლებლები, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრები, ადმინისტრაციული დაწესებულებები და ა.შ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here