Home რუბრიკები ისტორია ერთად აღმოსავლეთის ომებში

ერთად აღმოსავლეთის ომებში

1953
რუკა

მუსლიმური სამყაროს გარემოცვაში მოქცეულ საქართველოს საუკუნეების განმავლობაში თავგანწირული ბრძოლა უწევდა უსასტიკეს მტერთან, რომელიც მოსვრით, პირისაგან მიწისა აღგვით ემუქრებოდა ყოველივე ქართულსა და მართლმადიდებლურს: ცეცხლს აძლევდა სოფლებსა და ქალაქებს, ტყვედ ასხამდა ადგილობრიც მოსახლეობას, ანგრევდა ტაძრებს

ფიზიკური განადგურების პირას მისულ ერს მხსნელად მართლმადიდებელი ქვეყანა _ რუსეთი მოევლინა, რომელმაც დაიცვა ადგილობრივი მოსახლეობა ინტერვენციებისგან და იქ მშვიდობა და ეკონომიკური სტაბილურობა დაამყარა. საქართველომ, მართლმადიდებელი რუსეთით ზურგგამაგრებულმა, ოსმალოს, თურქსა თუ სპარსს მწარედ აზღვევინა საუკუნეების განმავლობაში მიყენებული ზიანისთვის. აღმოსავლეთის ომებში რუსებმა და ქართველებმა ერთად არა ერთხელ დააჩოქეს მართლმადიდებლური სამყაროს დაუძინებელი მტრები.

ირანთან ომში

XIX საუკუნის დასაწყისში ირანს არ სურდა, გულისტანის დამამცირებელ ზავს ბოლომდე შერიგებოდა. ეს იყო ხელშეკრულება რუსეთის იმპერიასა და სპარსეთს შორის, რომლითაც დამთავრდა 1804-1813 წლების რუსეთ-ირანის ომი. ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს სოფელ გულისტანში 1813 წლის 12(24) ოქტომბერს. დამამცირებელი იყო იმიტომ, რომ ამ ხელშეკრულებით სპარსეთმა დაკარგა ტერიტორიები არაქსის ჩრდილოეთით და აღიარა რუსეთის სიუზერენობა დაკარგულ მიწებზე. ირანის მიერ რუსეთისთვის დათმობილი რეგიონი მოცავდა დაღესტანს, ქართლ-კახეთისა და იმერეთის სამეფოებს, აფხაზეთის, სამეგრელოსა და გურიის სამთავროებს, ბაქოს, დარუბანდის, შირვანის, ყარაბაღის, განჯის, შექის, თალიშის სახანოებს ლენქორანის ციხე-სიმაგრითურთ. ამას გარდა, სპარსეთმა დაკარგა უფლება კასპიის ზღვაზე ფლოტის ყოლისა. ამ უფლებით ამიერიდან მხოლოდ რუსეთის იმპერიას შეეძლო ესარგებლა. ხელშეკრულებასთან ერთად გაფორმდა შეთანხმება თავისუფალ ვაჭრობაზე, რაც რუსეთს სპარსეთის ტერიტორიაზე სავაჭრო საქმიანობის შესაძლებლობას აძლევდა. ყველაფერ ამის სანაცვლოდ რუსეთი შეჰპირდა აბას-მირზას, რომ ფათალი შაჰის სიკვდილის შემდეგ მას დაუმტკიცებდა სპარსეთის ტახტს. ეს არ შესრულებულა, რადგანაც აბას მირზა ადრე გარდაიცვალა.

ისტორიკოსთა ერთი ნაწილის აზრით, რუსეთის იმპერიის მიერ ამიერკავკასიის ანექსიამ დაიცვა ადგილობრივი მოსახლეობა თურქული ინტერვენციებისაგან და მშვიდობა და ეკონომიკური სტაბილურობა დაამყარა.

ირანს განსაკუთრებით საქართველო არ ეთმობოდა და ახალი ომისათვის გაცხოველებით ემზადებოდა. არც რუსეთი აპირებდა ერევნისა და ნახიჭევნის სამუდამოდ დატოვებას ირანის სამანებში და თვითონაც გეგმავდა ახალ სამხრეთულ ომს. მაგრამ სამხრეთისკენ რუსეთის წინსვლა დროებით გადაიდო იმპერიის გულში დატრიალებული შემაშფოთებელია ამბების გამო. ეს იყო 1825 წლის 14 დეკემბრის აჯანყება. მომდევნო წელს კი ახალი იმპერატორის, ნიკოლოზ პირველის, კარმა მაინც მოახერხა სამხრეთულ საქმეთა გააქტიურება.

თავის მხრივ, ირანის სასახლის კარს ეგონა, რომ დეკაბრისტების ანტიცარისტული გამოსვლა უაღრესად ხელსაყრელ ამინდს ქმნიდა რუსეთის ცარიზმის გასანადგურებლად ამიერკავკასიის საომარ ასპარეზზე.

და 1826 წლის ივლისში ირანელთა 60-ათასიანი არმია, აბას-მირზას სარდლობით, ომის გამოუცხადებლად შემოიჭრა ყარაბაღში, ხოლო შამქორის მთებში _ ალექსანდრე ბატონიშვილი სპარსული კავალერიით.

ასე დაიწყო ახალი რუსეთ-ირანის ომი.

აბას-მირზამ განჯა აიღო და ბაქოსკენ და თბილისისკენ გაემართა.

რუსთა სარდლობამ მტერთან შესახვედრად ქართული მილიცია გაუშვა, სახალხო ლაშქარი პოლკოვნიკ ვახტანგ სავარსამიძის სარდლობით. ქართველებმა მტერს თბილისის გზები შეუკრეს.

1826 წლის 2 სექტემბერს რუსებმა და ქართველებმა შამქორის ახლოს სასტიკად გაანადგურეს შაჰის 10-ათასიანი ნარჩევი გვარდია. დამარცხებული ალექსანდრე ბატონიშვილი კახეთისკენ გაიჭრა. რუსებმა ქართველს ქართველები გამოადევნეს გრიგოლ ორბელიანის, ზურაბ ანდრონიკაშვილის, გიორგი ესეს ძე ერისთავის წინამძღოლობით. წამოეწივნენ და ქართველმა თავადებმა დაამარცხეს ქართველი ბატონიშვილი. ძლივს გაასწრო სიკვდილს ალექსანდრემ.

13 სექტემბერს განჯასთან აბას-მირზამ თავი მოუყარა 40 ათას მეომარს. რუსთა სარდლობამ პირველები ისევ ქართველები მიუშვა მტერზე (“წესადმცა არს წინამბრძოლობა ქართველთა”!). და შეიჭრნენ ქართველები ირანელთა შუაგულში, მიჰყვნენ რუსებიც, ირანელთა უმრავლესობა დააწვინეს. არაქსისკენ გაიქცა აბას-მირზა, ხოლო რუსთა და ქართველთა ჯარები განჯაში შევიდნენ. 1826 წლის მიწურულს აზერბაიჯანი გაიწმინდა შაჰის ჯარებისაგან.

1827 წელს იმპერატორმა ნიკოლოზ პირველმა კავკასიის მთავარსარდლისა და მთავარმართებლის პოსტზე მისთვის საეჭვო გენერალი ერმოლოვი პასკევიჩით შეცვალა.

გენერალმა პასკევიჩმა, უპირველესად, ნახიჭევანი გაწმინდა ირანელთაგან, მერე მიადგა ერევანს და გააფთრებული იერიშების შემდეგ, 1827 წლის 1 ოქტომბერს, აიღო კიდეც. რუს მეომრებთან ერთად ერევნისთვის ბრძოლაში თავი გამოიჩინა 600-მა ქართველმა ცხენოსანმა, რომელთაც სარდლობდა გენერალი რომან ბაგრატიონი, სახელოვანი პეტრე ბაგრატიონის ძმა, ისიც ბოროდინოს ბრძოლის გმირი.

1827 წელს რუსებმა და ქართველებმა ირანის საზღვრები გადალახეს. უძველეს სპარსულ ქალაქ თავრიზს 61-ათასიანი ირანული გარნიზონი იცავდა. პასკევიჩი ამ ქალაქის აღების გეგმას ჩაჰკირკიტებდა, როცა მოულოდნელად, 1827 წლის 1 ნოემბერს, თავრიზი თავდასხმით აიღო გენერალმა გიორგი ერისთავმა. ეს ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო იმ საომარ კამპანიაში და სწორედ ამიტომ იმპერატორმა ამ ოპერაციის მთავარი გმირი გიორგი ესეს ძე ერისთავი დააჯილდოვა ალექსანდრე ნეველის ორდენით. ქართველი გენერლის მიერ თავრიზის აღება აღა-მაჰმადხანის მიერ თბილისში დატრიალებული ტრაგედიის საზღაური იყოო; მაშინ მტერიც და მოყვარეც იმას ამბობდნენ, რომ სპარსელებთან შურისმგებლად 30 წლის შემდეგ ბედმა ისევ ქართველი გაგზავნა, ოღონდ რუსეთის არმიის სათავეშიო.

თავრიზის აღების შემდეგ რუსებსა და ქართველებს გზა გახსნილი ჰქონდათ თეირანისკენ. დაიძრნენ და მიუახლოვდნენ კიდეც ირანის სატახტო ქალაქს და 1828 წლის 10 თებერვალს დაიდო ზავი თურქმანჩაიში. ეს ზავიც რუსეთის სრული მონაპოვრებით აღინიშნა. რუსეთის სამფლობელოებს შეუერთდა ნახიჭევანისა და ერევნის ყოფილი სახანოები, კასპიის ზღვაც მთლიანად რუსეთის სანაოსნო-საბატონოდ გამოცხადდა და, ბოლოს, ირანს რუსეთისთვის სამხედრო კონტრიბუციად უნდა გადაეხადა _ 20 მილიონი მანეთი.

თურქმანჩაის ზავის შემდგენელი და განმახორციელებელი იყო პოეტი და დიპლომატი ალექსანდრე გრიბოედოვი, რომელიც ირანში რუსეთის სრულუფლებიან ელჩად დაინიშნა.

გრიბოედოვის პროექტით, ნახიჭევნისა და ერევნის ყოფილი სახანოებისგან შეიქმნა სომხეთის ოლქი, რომელსაც პირველ მმართველად და გამგებლად დაენიშნა სახელოვანი ქართველი პოეტი და გენერალი ალექსანდრე ჭავჭავაძე, ალექსანდრე გრიბოედოვის სიმამრი.

ისევ გრიბოედოვის თავგამოდებით, ახალ სომხურ ოლქში ირანიდან გადმოსახლდა და დაემკვიდრა 40 ათასი სომეხი.

ინგლისის დიპლომატთა წაქეზებით, ირანის ხელისუფლება ცდილობდა თურქმანჩაის დამამცირებელი ზავის გადასინჯვას, მაგრამ რუსეთის ელჩი მტკიცედ მოითხოვდა უკვე დადგენილ სახელშეკრულებო პირობათა დაცვას. მაშინ, 1829 წლის 30 იანვარს, ისევ ინგლისელთა წაქეზებით გახელებულმა ბრბომ თეირანში თავდასხმა მოაწყო რუსულ საელჩოზე. მთელი დიპლომატური კორპუსი ამოწყვიტეს. მოკლეს ალექსანდრე გრიბოედოვიც. მისი გვამი ქართველებმა, ალექსანდრე ჭავჭავაძის მოთავეობით, თბილისში გადმოასვენეს და მთაწმინდაზე დაკრძალეს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here