Home რუბრიკები პოლიტიკა ევროლაქუცი უნდა დასრულდეს!

ევროლაქუცი უნდა დასრულდეს!

1083
ევროლაქუცი უნდა დასრულდეს!

ბათუმში მორიგი გაუგებრობა მოხდა _ გაიხსნა, “ევროკავშირის დღეები”, ხალხისთვის სრულიად გაუგებარი, სამაგიეროდ, ევრობიუროკრატიას დაქვემდებარებული ქართველი მაღალჩინოსნების კლასისთვის ფრიად სასიხარულო მოვლენა. ამ გზით ხალხმა უნდა დააფასოს მასზე ევრობიუროკრატიის “ზრუნვა”, მაგრამ რა ვუყოთ რეალობას, რომელიც ფრიად არასახარბიელოა, ვიდრე ამას მსგავს საჩვენებელ, სიყალბით გაჯერებულ და არაგულწრფელ ღონისძიებებზე წარმოაჩენენ? ამით იმის თქმა არ გვსურს, რომ ევროკავშირთან ურთიერთობები, როგორც ასეთი, უსარგებლოა და საქართველომ თავისი ინტერესები არ უნდა დაიცვას ამ უზარმაზარ სავაჭრო-ეკონომიკურ სივრცეში. პირიქით, ჩვენ სწორედ საქართველოს ინტერესების გათვალისწინებისკენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას.

შელამაზებული სტატისტიკის უსაგნო განხილვას სჯობს, რეალობა განვიხილოთ და ის ფაქტორები წარმოვაჩინოთ, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებმა საკუთარ ტყავზე გამოსცადეს.

ევროკავშირის ბაზარი საქართველოს მიერ ისევ აუთვისებელი რჩება და, როგორც ჩანს, კვლავაც დარჩება, როგორც რამდენიმე წლის წინათ, “ასოცირების ხელშეკრულების” დადებამდე. 2018 წლის იანვარ-აგვისტოს მონაცემებით, ევროკავშირის ქვეყნებზე (სულ 28 ქვეყანა) საქართველოდან ექსპორტირებული მთლიანი პროდუქციის მხოლოდ 21 პროცენტი მოდის, ხოლო დსთ-ის ქვეყნებში (სულ მხოლოდ 11ქვეყანა), რომლის წევრობაზეც საქართველოს დანაშაულებრივმა “ნაციონალურმა” ხელისუფლებამ ცხრა წლის წინათ უარი თქვა, გადის ქართული ექსპორტის თითქმის 48 პროცენტი.

საქართველომ ვერ მიაღწია ვერც ევროკავშირთან და ვერც ევროკავშირის ცალკეულ სახელმწიფოებთან საქართველოს მოქალაქეებისთვის კვოტების შემოღებას ლეგალური დასაქმების თაობაზე. დასავლელი პარტნიორებისვე აღიარებით, საქართველოს, თავისი შესაძლებლობების ფონზე, უდიდესი წვლილი შეაქვს ნატოს სამშვიდობო ოპერაციებში, ასევე დიდი პროგრესი გვქონია დემოკრატიზაციის გზაზე და მყარად მივიწევთ ნათელი მომავლისკენ, მაგრამ ევროპელი მაღალჩინოსნები შეღავათს არ გვაძლევენ. მოგვაჩეჩეს “ასოცირების ხელშეკრულება”, რომელიც უფრო ევროპელი ექსპორტიორების უფლებებს იცავს; ასევე, ქართველი ტურისტებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღება, რომელიც მუშაობისა და კომერციული საქმიანობის უფლებას არ ანიჭებს ჩვენს თანამემამულეებს. შედეგად მივიღეთ ის, რომ უამრავი შრომას მოწყურებული, პატიოსანი ჩვენი მოქალაქე არალეგალურად იმყოფება ევროკავშირის ქვეყნებში. ეს ადამიანები გროშებს აგროვებენ და მუდმივი შიშის ქვეშ ცხოვრობენ, რათა ხელი არ სტაცონ და საქართველოში არ გამოაძევონ, რის უამრავი შემთხვევაც უკვე არსებობს. ტურისტების ნაცვლად კი ევროპას გასტროლიორი ქართველი მპარავები შეესივნენ, რომლებიც ბოშებზე უფრო დიდი ოსტატობით ახერხებენ იქაური მოქალაქეებისა და მაღაზიების ძარცვას, რითაც სახელი შეუბღალეს ქართველობას ბევრი ევროპელის თვალში… აი მხოლოდ ეს მოგვცა “უვიზო რეჟიმმა”.

“224 ათასი ტონა გადამუშავებული ყურძენი და 300 მლნ ლარამდე მიღებული შემოსავალი _ მხოლოდ კახეთის რეგიონში, რაჭაში კი _ 1500 ტონა და შემოსავლის სახით მიღებული _ 10 მილიონი. ციფრები რეკორდულია”, _ გვამცნობს მაჟორიტარი დეპუტატი გელა სამხარაული, ოღონდ “მორცხვად” არ ახსენებს რუსეთის ბაზრის წილს ამ რეკორდულ ციფრებში. მისი შეფასებით, ციფრების დაუსახელებლად, ექსპორტი თურმე გაიზარდა აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და იაპონიის მიმართულებით. დეპუტატი ამბობს, რომ ეს მიმართულებები ჩვენი ღვინის ექსპორტისთვის “სტრატეგიულია”… აი ასეთი პარადოქსების ქვეყანაში ვცხოვრობთ და რატომ გვიკვირს, რომ 21-ე საუკუნეში მერამდენე წელია, ესენი ფაროსანას ვერ უხერხებენ ვერაფერს და დასავლეთ საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი სასოწარკვეთილებამდე მიიყვანეს… ქართველი კაცი თუ ქალი, დიდი და პატარა, თურქეთში გარბის საშინელ პირობებში, უაღრესად დაბალ ანაზღაურებაზე სამუშაოდ, რათა თურქებს მოუკრიფოს ჩაი, ამ დროს კი საბჭოთა დროს გაშენებული ქართული ჩაის პლანტაციები გავერანდა… ჩვენი სალახანა პოლიტიკანები რუსეთის ლანძღვით არიან დაკავებულნი, მაგრამ რომ არა ეს “ოკუპანტი” რუსეთი, რა ციფრებით მოახერხებდით მანიპულირებას ან რამდენ ხანს გაასაღებდით თურქული ტრაილერების მძღოლებს ტურისტებად, პატივცემულო ხელისუფალნო?..

ახლა 2008 წლის ომის “გმირი”, რუსულ ტანკებთან ჩანგლებითა და დანებით “მეომარი” დავით ბაქრაძე გვპირდება, რომ ევროკავშირთან გააფორმებს ხელშეკრულებას ქართველებისათვის სამუშაო კვოტების შემოღებაზე. ბაქრაძეს, საერთოდ, რა უნდა ელაპარაკო?! და არც ღირს მასზე ლაპარაკი, უბრალოდ, ფაქტად აღვნიშნეთ. რეალურად არავინ არის ქართველებისთვის შრომითი კვოტების შემომღები ევროპის მაღალგანვითარებულ ქვეყნებში. რა თქმა უნდა, დიდი მადლობა პოლონეთსა და ესტონეთს, რომლებმაც საპილოტე პროექტის სახით ნება დართეს საქართველოს მოქალაქეების მცირე ნაწილს და დასავლეთ ევროპაში თავიანთი მოქალაქეების მიგრირების შედეგად გამოთავისუფლებული არაკვალიფიციური სამუშაო ადგილები დაუთმეს, მაგრამ ეს ექსპერიმენტი ამინდს ვერ ქმნის, ხოლო მდიდარი ევროპული ქვეყნები, როგორც, მაგალითად, გერმანიაა, კატეგორიულად ამბობენ უარს თუნდაც შეზღუდული რაოდენობის ქართველი მოქალაქეების დასაქმებაზე. გერმანიის ფედერალურმა კანცლერმა ანგელა მერკელმა თბილისში ვიზიტისას განაცხადა, რომ გერმანია, შესაძლოა, შემოიღებს გარკვეულ სამუშაო კვოტებს საქართველოსა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებისთვის, მაგრამ დააკვირდით ციტატას: “ჩვენ ამჟამად ვამუშავებთ დარგის სპეციალისტების კანონპროექტს, არა ზოგადად, მაგრამ ცალკეული პროფესიებისთვის, სადაც არის დიდი დეფიციტი გერმანულ ბაზარზე”.

გარწმუნებთ, რომ გერმანულ ბაზარზე არ არის დიდი დეფიციტი მომვლელი ქალების, “მალიარი” და “ჟეშტიანშიკი” კაცების, ოფიციანტების, მზარეულების, შავი მუშებისა და ყველა იმ კატეგორიისა, რომლის შეთავაზებაც ევროპული ენების არმცოდნე ქართულ მოსახლეობას შეუძლია. გამოდის, რომ ქალბატონმა მერკელმა უნებურად დაგვცინა, _ გახდით ყველანი კომპიუტერული გენიოსები, ასეთი ხალხი გვჭირდება და ჩამოდითო… აი ეს გვითხრა მან ირიბად, კანცლერმა, რომელმაც გერმანიას ეთნოციდი მოუწყო და ერთბაშად მილიონ არაბს გაუხსნა გერმანიის კარი, რომლებსაც გერმანული სახელმწიფო მსუყე სოციალურ დახმარებას უხდის, ქართველებისთვის კი მეეზოვის “თანამდებობა” ენანება… გერმანელები დღესაც შოკში არიან და, ალბათ, მალე მოიცილებენ ქალბატონ კანცლერს, მაგრამ ეს ჩვენს ვითარებას უკეთესობისკენ არანაირად არ შეცვლის.

შესაბამისად, დროა, საქმიანი და რეალისტური დამოკიდებულება გვქონდეს ევროკავშირის მიმართ და ჩვენს ინტერესებზე გავაკეთოთ აქცენტი, ევრობიუროკრატების წინაშე ლაქუცითა და კუდის ქიცინით არაფერი გამოვა. დადებითად შეიძლება შეფასდეს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძის შარშანდელი განცხადება იმის თაობაზე, რომ საქართველო არ აპირებს, წამოსწიოს ევროპულ საბაჟო კავშირში საქართველოს გაწევრების საკითხი. იმედია, ეს შემთხვევითი განცხადება არ ყოფილა და ამჟამინდელი მთავრობაც უფრო სიღრმისეულად მიუდგება ევროკავშირთან ურთიერთობებს.

გულბაათ რცხილაძე

1 COMMENT

  1. ამ სტატიის თავზე მოთვსებული გემოსახულება ქართული ლაღი იუმორის ბრწყინვალე ნიმუშია. შენგენის შუაგულში, გერმანიაში, ყოფნისას ყველა ნორმალური ქართველი მიხვდება იუმორში რა მწარედ უჭირთ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here