Home რუბრიკები საზოგადოება დემნა შენგელაია: ერთხელ დაბადებული ქართველი კაცი მეორედ მაშინ იბადება, როცა იაკობ გოგებაშვილის...

დემნა შენგელაია: ერთხელ დაბადებული ქართველი კაცი მეორედ მაშინ იბადება, როცა იაკობ გოგებაშვილის “დედა ენას” ხელში პირველად აიღებს

1619
იაკობ გოგებაშვილი

თუ დღეს ქართველებს ჩვენის მეობით, კაცურ კაცობით თავი მოგვაქვს და მომავალს იმედის თვალით შევცქერით, ამ დიდ საქმეში ილიასა და აკაკის გვერდით ღვაწლი იაკობ გოგებაშვილსაც მიუძღვის” _ დემნა შენგელაიას ამ აზრს დღესაც რომ იზიარებს ყველა ნაღდი ქართველი, ამაზე მეტყველებს ის რეაქცია, რომელიც მოჰყვა ჩვენი გაზეთის წინა ნომერში (“საქართველო და მსოფლიო” #37) გამოქვეყნებულ წერილსქართულ სკოლაშიდედა ენასაღარ ასწავლიან”.

ის, რომ რამდენიმე საათში ათასობით ინტერნეტმომხმარებელმა მოიწონა ჟურნალისტ ეკა ნასყიდაშვილის მიერ მომზადებული ეს მასალა, იმის ნიშანია, რომ ქართველ კაცს ტვინს ისე ვერავინ გამოურეცხავს, რომ დაავიწყდესამ უპირველესი წიგნის ყდაზე ამოქარგული ბულბულის სტვენა”. წლებია, მიდის ქართული სკოლის გამალებული გადაგვარება: ჯერ რელიგიის სწავლება ამოიღეს პროგრამიდან, შემდეგ ლექსების ზეპირად დასწავლაზე ხელი ააღებინეს მოსწავლეებს, “დედა ენაკი ისეთი სახელმძღვანელოებით ჩაანაცვლეს, რომ ვერც კი წარმოიდგენდა ამას ცოტა ხნის წინათ ვერც ერთი ქართველი. აი ასე მივდივართწინ”, აი ასეთია დღევანდელიევროპეიზაცია”. ჩვენი სულგანათებული განმანათლებლები კი ევროპიდან ყოველივე პროგრესულისა და სასარგებლოს გადმოტანას, მის ეროვნულ საბურველში გახვევასა და დამკვიდრებას ცდილობდნენ, იაკობ გოგებაშვილმა კიმისი საღმერთებელი ქართველი ხალხის საზიზღარ მტრებზე ბოლოს შური იმით იძია, რომ უაღრესად პატრიოტულადამიანურიდედა ენაასე ბრწყინვალედ შეადგინა. მშობლიური ენის იმ პირველი კარის გასაღებიც, პატარაია”, მაშინვე იპოვა და მას აქეთ არის, ყვითელხალიანი ლურჯთვალა იის ასეთი მორცხვი სურნელება ბავშვობითგანვე ტკბილად რომ მოგვდევს. მოგვდევს და ვერ ვივიწყებთ, რადგან ამ ნინველა იის დავიწყება ჩვენივ ბავშვობის დავიწყება იქნებოდა”. ქართველობის მტერმა შესანიშნავად იცის, თუ ადამიანს ბავშვობას, მშობლის სითბოსა და სიყვარულს გულიდან ამოუღებს, მისგან იდეალურ მონას მიიღებს _ მანქურთს, რომელსაც ყველაფერი დავიწყებული აქვს: საკუთარი წარსული, ენა, ისტორია, დედმამის ვინაობაც კი

საით მიდიხარ, საქართველო?!

დედა ენა

ერთხელ დაბადებული ქართველი კაცი მეორედ მაშინ იბადება, როცა იაკობ გოგებაშვილის “დედაენას” ხელში პირველად აიღებს. აიღებს, გაშლის და, თითქოს ისევ დაიბადაო, _ ამ სამზეოს უცებ სხვაგვარად ხომ დაინახავს და დაინახავს, სხვანაირადაც გაიაზრებს, ჰოდა, იმ დღეს რა დაგვავიწყებს, ამ უპირველესი წიგნის ყდაზე ამოქარგული ბულბულის სტვენა როცა ერთბაშად გავიგონეთ და შიშით, აქ არ გაგვიფრინდესო, ხელი მაშინვე დავაფარეთ. მისი ტკბილი სტვენა-ჭიკჭიკი, ღამით ღამეში გაკიდებული ნაზი ქვითინი განა მას აქეთ არ გვესმის ხოლმე?

_ ჰაუუუ, ვანო, ალექსი, ნუცა-გოგო და გიგო-ბიჭო, სადა ხართ, სადა? _ ჩვენ ტოლ ამხანაგებს და მაშინდელ უზრუნველ დღეებს ახლაც ვეძახით, ვეძახით და მაღალ შუადღის ბდღვრიალა მზით გაკაშკაშებულ თავთუხებში ღვთის მადლის ტრიალი, ბრდგუდ წამოფრენილ ჟივჟივებით შხუილ-ფრთქიალი და შხაპუნა წვიმის უეცარი ჭექა-ქუხილი მოსვენებას ახლაც არ გვაძლევს.

ეჰ, ნეტავ იმ დროს, ჯოხის ცხენებზე რომ შევსხდებოდით და ორღობიდან ორღობეში თქრიალით დავაჭენებდით. მერე ნაცელქარ-ნაალქაჯარნი წისქვილის ღარში ყვირილ-ჭყივილითა და ტყაპა-ტყუპით ბაყაყებივით ვცვიოდით. ნეტავ იმ წუთებს, როცა თამაშით გალაღებულებს დედა ხელში ძლივს ჩაგვიგდებდა და “დედა ენას” სასოებით გადაგვიშლიდა. ეს მაშინ იყო, პირველ გვერდზევე უცაბედად დაცვივნულ მძივის იალკთალმა თვალი ერთბაშად რომ მოგვტაცა და “იაო” წამოვიძახეთ.

ის პირველი დღე, პირველი თრთოლვა განა გუშინდელ დღესავით არ გვაგონდება?

ეს საყვარელი ნინველა სიტყვა ასე ხსოვნად ქართულ გენიას თითქოს იმიტომ უჟღერებია, რომ მის ნადგამობას მისივე ანბანის მართლაც ზღაპრულ ცხრაკლიტულის პირველი კარი ასოებჩათვლით და კაკლის წენგოთი ჩაშავებულ თითის თანდათან გაყოლებით ფრთხილად შეეღო.

ია” “აი ია”. ხმოვან ასოთა, _ ანის და ინის ასე წაღმაუკუღმა დალაგებაგადალაგებით პირველი სიტყვის და მასთან ერთად პირველი ფრაზის ასე შეკვრა ახლა, რაღა თქმა უნდა, ადვილია, მაგრამ მისი პირველად ჟღერადობის და უდიდესი შესაძლებლობის აღმოჩენა თავდაპირველად განა ასე ადვილი იყო?

რამდენი ფიქრი, რამდენი ჩხრეკა და რუდუნება იყო საჭირო, რომ ქართულ სიტყვათა ამოუწურავ საგანძურში ჩვენს დიდ იაკობს სწორედ ეს სიტყვა ეპოვნა. ამ დიდ სიძნელეს თუნდაც ის ადასტურებს, რომ მის ძებნას მან თორმეტი წელი მოანდომა. 1865 წელს პირველად გამოქვეყნებულ “ქართული ანბანის” შემდეგ ბავშვის სულისა და მისი სამყაროს ასეთი ცოდნით, გენიალური ჩაწვდომითა და მხატვრული ტაქტით შესრულებული “დედა ენა” მხოლოდ 1876 წელს დაიბეჭდა. ამიისნამით არის ჩვენი ქართული განედლებულიბავშვისადმი რა სიყვარული გამოკრთის შემდეგ ასოში, რომელსაც თანი ეწოდება და რომელიც, აგრეთვე, მძივს მოგვაგონებს. არ ვიცი, ნამდვილად ასე იყო თუ არა, მაგრამ მაინც მგონია, რომ ასე იყო. მგონია, თითქოს იაკობ გოგებაშვილმა ამანისადაინისქვეშ ასოასო გაყოლებული ბავშვის პატარა თითი დაინახა და ამ მესამე ასომაც სუნთქვა უცებ დაიწყო. თითს შემდეგ, ორთანსრომ იტევდა, ბავშვის გონება, რა თქმა უნდა, უფრო გაიხსნა დაიას” “თითიცწამოეშველა. და, ერთი თითი კი არა, “ათი თითიდა, ალბათ, გახსოვთ, ამათ თითსგვერდშითათიცრომ ამოუდგა.

დედა ენა

და ასე, _ ყოველი შემდგომი ასო ქვეყანას თითქოს აგანივრებდა. ერთი მათგანი ცხენის ნალს ჰგავდა, მეორე _ ჩიტის ღილივით დაჭყეტილ თვალებს, მესამე _ სურას და მეოთხე _ ქოთნის ტარს ან კიდევ კუდრაჭა გოგოს თმებზე დაფრენილ ჭრელ პეპელას. ყოველ მათგანს რამე ნახატი ასურათებდა: ია. თითი. თხა და… ასო-ნახატთა ეს გრძელი რიგი ბოლოს იმითი თავდება, რომ მახეში გაბმული ჩიტი ხეზე კიდია.

თუ ერთი მხრივ, იაკობ გოგებაშვილისათვის ქართველი ბავშვის ცხოვრებაში გზის გაწალდვა ძალიან ძნელი საქმე იყო და თავდადებულ შრომას ითხოვდა, მეორე მხრივ, ქართული ენის ღირსებისათვის ბრძოლა და მისი პრესტიჟის ასე ვაჟკაცურად დაცვა მაშინდელ ძნელ დროს ხომ კიდევ უფრო ძნელი იყო. თუ დღეს ქართველებს ჩვენის მეობით, კაცურ კაცობით თავი მოგვაქვს და მომავალს იმედით თვალით შევცქერით, ამ დიდ საქმეში ილიასა და აკაკის გვერდით ღვაწლი იაკობ გოგებაშვილსაც მიუძღვის.

მისი ოჯახი საქართველო იყო, ხოლო შვილი _ ქართველი ხალხის მომავალი. მთელი თავისი გრძნობაგონება და სიცოცხლეც მან ქართველი ბავშვების აღზრდაგანვითარებას კიდეც იმიტომ შეალია. მისი საღმერთებელი ქართველი ხალხის საზიზღარ მტრებზე ბოლოს შური იმით იძია, რომ უაღრესად პატრიოტულადამიანურიდედა ენაასე ბრწყინვალედ შეადგინა. მშობლიური ენის იმ პირველი კარის გასაღებიც, პატარაია”, იაკობ გოგებაშვილმა მაშინვე იპოვა და მას აქეთ არის, ყვითელხალიანი ლურჯთვალა იის ასეთი მორცხვი სურნელება ბავშვობითგანვე ტკბილად რომ მოგვდევს. მოგვდევს და ვერ ვივიწყებთ, რადგან ამ ნინველა იის დავიწყება ჩვენივ ბავშვობის დავიწყება იქნებოდა.

ვინ იცის, მაშინ, როცა თავისივე სახელის ეს საალერსო დასაწყისი იპოვა, გული როგორ აუკანკალდა; ვინ იცის, რა ღვთაებრივი მღელვარებით ათრთოლდა, როცა გონება თითქოს ერთბაშად გაეხსნა და ეს პაწია ინი და ანი ორი მძივის თუ ქოთნის ტარის ნატეხებივით თავდაპირველად ასე ხმოვნად რომ დაალაგა. დაალაგა და უცებ ია წამოჟუჟუნდა. მერე მას გვერდით შებრუნებული იგივე სიტყვა ძმურად მოუსვა და ხომ ყველას გვჯერა, გვჯერა, რომ სიხარულით დაიძახა:

_ აი იაო!

მერე? ასო ასოს ემატებოდა, აზრი აზრსა და ჩვენი შეგნება ზღვისკენ დაშვებულ მდინარესავით შენაკადებით მატულობდა, მატულობდა და ჩვენც გარდუვალად იმ ოკეანეს ვუახლოვდებოდით, ქარული ენა რომ ეწოდება და ბოლოს აკი შევუერთდით კიდეც.

მერე? მერე? _ გვეკითხება ჩვენივე პატარაობა. _ მერე თხა და გიგო თავისი კოტრიელა-კოტრიელათი. პატარა ალექსი ცად ასული რომ იძახოდა: შვიდობით, საყვარელო დედ-მამაო! ახლა ეს ნუცას სკოლაც თავისი ცელქი თოჯინებით, ეს ირემი მთასა მყვირალი და არა, არა, ტოროლას მაინც არ მოვკლავ, ბევრიც რომ მქონდეს წამალი… და ვინ მოთვლის, რა გამოლევს იმ პაწია ლექსებს, წარმტაც მოთხრობებს, არაკებსა და სასაუბროებს, ზღაპრებსა და ენის გასატეხებს, ანდაზებსა და გამოცანებს, გულში მას აქეთ ასე წარუშლელად რომ აღგვბეჭდვია და აქამდე არ გვავიწყდება.

რა ტყის შრიალი, რა ნაკადულის ჩუხჩუხი, რა ბიბინი ნიავისა და რა ზუზუნი ყანაში დატრიალებლი გვალვისა არ მოგვესმის ჩვენ ამ ვარდისფერ წიგნიდან. აბა, მიაყარეთ, მიაყარეთ და გაიგონებთ. როგორ გადი-გამოდის გუთანი, როგორის ეშხით ატყლაშუნებს შოლტს გუთნისდედა და ხნულივით გაბმულ ოროველას ღირღიტა ბანს როგორ ეუბნება. იქ კი, ღამეში, ცეცხლიპირას შექუჩული ღამის მეხრეები ხარ-კამეჩის თვლემის მომგვრელ ცოხნაში ზღაპრებს ამბობენ და სადღაც მტკვრის პირას მეტივეებს წასძინებიათ.

მიუხედავად იმისა, რომ ეს ჯადოწიგნი შედგენილია ნაირნაირი მასალებით, ნაირნაირივე ავტორთა ნაწარმოებებითა და თარგმანებითაც, მიუხედავად იმისა, რომ ეს წიგნი მოზაიკურია, მისი ნაირნაირი ლიტერატურული ჟანრის ნიმუშები როდი გაურბიან ერთიმეორეს, საოცარ უნისონში იმყოფებიან ერთურთისადმი და ყოველი ფურცელი გამთბარია ჭეშმარიტი შემოქმედის ცოცხალი სუნთქვით. მონოლითურ რამ მთლიანობას წარმოადგენს. დიდი საბა, აკაკი, უშინსკი, . ტოლსტოი და განუმეორებელი ქართული ზეპირსიტყვიერება ისე ლოგიკურად განაგრძობენ ერთიმეორეს, ისე ხმატკბილად აჟღერებულან, რომ ერთი გასაკვირველი სიმფონია იქმნება. ამ წიგნში ხედავ, გრძნობ, როგორ გიღიმის ტკბილი იაკობი, როგორ გეალერსება, როგორ უყვარხარ, უხარია, რომ უყვარხარ და ამით არის, ბედნიერებას რომ განიჭებს.

…მთელი სიდიადე ამ წიგნისა მდგომარეობს იმაში, რომ ის მართლაც მოზაიკური სურათივით მთლიანია და ძვირფასი. ისევე, როგორც მთის კამკამა ნაკადულში მზის შუქი ფერად-ფერადად რომ ციმციმებს, ამ წიგნშიც ნაირნაირი საკითხები, ნაირნაირი თემები ათასნაირად ლივლივებენ, ციმციმებენ და ამ ლივლივ-ციმციმით გულს ახარებენ.

…ყოველი სიტყვა ამ წიგნისა გაჟღენთილია ბავშვის უსაზღვრო სიყვარულით, მისი ფსიქოლოგიის ღრმა ცოდნით და კეთილშობილური ჰუმანიზმით და პატრიოტიზმით. და განა კილოკავებით ასე უხვად აჭრელებულ ქართველებს ამ წიგნმა არ ამოგვადგმევინა ენა _ ხატოვანი და ერთადერთი დარბაისლური ქართულით?

იაკობ გოგებაშვილი ჩვენი ნამდვილი წმინდანია. და, როცა ამ წიგნს, წიგნს კი არა უძვირფასეს განძს, წაკითხვის შემდეგ გვერდზე გადასდებ, უნებლიეთ ეკითხები შენს თავს: კი მაგრამ, მაინც რით არის ეს წიგნი ასე მტკიცედ შემტკიცებულ-შედუღაბებული? და ჩვენი პასუხი მუდამ ერთია: ეს დუღაბი იაკობის კეთილშობილი გულია, მისი ძგერაა და ამიტომ იყო და იქნება ეს წიგნი განუყრელი თანამგზავრი არა მხოლოდ ქართველი ბავშვებისათვის, არამედ მათი მშობლებისთვისაც.

დემნა შენგელაია

რუბრიკას უძღვება დარეჯან ანდრიაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here