Home რუბრიკები პოლიტიკა დასაქმება უცხოეთში _ სამარცხვინო ეროვნული იდეა

დასაქმება უცხოეთში _ სამარცხვინო ეროვნული იდეა

3843
დასაქმება უცხოეთში

პრეზიდენტობის კანდიდატები, პირველად ქართული არჩევნების ისტორიაში, აქტიურად იყენებენ საქართველოს მოქალაქეების უცხოეთში დასაქმების თემას და ამ მიმართულებით ამომრჩევლებს წინსვლას ჰპირდებიან. საინტერესოა, რა შედეგი შეიძლება მივიღოთ ამ მხრივ ახლო მომავალში.

საზღვარგარეთ ქართველების ლეგალურად მუშაობის საკითხი, მისი აქტუალურობის მიუხედავად, ადრე საინფორმაციო სივრცის პერიფერიაზე ტივტივებდა. სიტუაცია 2018 წლის 24 აგვისტოს შეიცვალა, როდესაც გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოსვლისას თქვა: “ვამზადებთ დარგის სპეციალისტების კანონპროექტს. ცალკეული პროფესიებისთვის, არსებობს დიდი დეფიციტი გერმანულ ბაზარზე და ასოცირების შეთანხმების ფარგლებში, მათ შორის საქართველოსთვის და ბალკანეთის ქვეყნებისთვის ჩვენ ამ კვოტებს შევქმნით. ჩამოვაყალიბებთ დასაქმების ლეგალურ, სამართლებრივად გამართლებულ გზებს, მათ შორის პროფესიული სასწავლებლების მეშვეობითაც, რათა აღნიშნული სკოლები გაძლიერდეს, ამას გარდა, მოხდეს გერმანული ენის სწავლების ხელშეწყობა”.

ბერლინის ეს გადაწყვეტილება ეკონომიკური აუცილებლობიდან გამომდინარეობს. ფედერალური სტატისტიკური უწყების (“დესტატისის”) ინფორმაციით, 2017 წელს გერმანიის ტერიტორიაზე შრომითი საქმიანობით დაკავებული იყო 44,3 მილიონი ადამიანი, რაც 1,5%-ით, ანუ 638 ათასით მეტია 2016 წლის მაჩვენებელზე. ასეთ მკვეთრ მატებას ბოლო ათწლეულის განმავლობაში ადგილი არ ჰქონია. 2016 წლის მაჩვენებლებთან შედარებით, ამჟამად უმუშევართა არმია 183 ათასითაა (5,3%-მდე) შემცირებული. ყოველივე ეს გერმანული ეკონომიკის სტაბილური ზრდის შედეგია. დოიჩე ველესმიერ გამოკითხული ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მომავალი 1-1,5 წლის განმავლობაში დასაქმებულთა რაოდენობა 45 მილიონამდე გაიზრდება.

2017 წლის ბოლოს ბაზარი 2,83 მილიონ უმუშევარს 761 ათას ვაკანსიას სთავაზობდა, მაგრამ ბევრ მათგანს სათანადო კვალიფიკაცია არ გააჩნდა. გერმანიის საშუალო ბიზნესის ფედერაციის მიერ გამოკითხული ბიზნესმენების 40%-მა განაცხადა, რომ კვალიფიციური კადრების დეფიციტის გამო უკვე მოუწიათ უარის თქმა ამა თუ იმ შეკვეთის შესრულებაზე.

ადრე ბერლინი ამ დანაკლისს აღმოსავლეთ ევროპის ხარჯზე ავსებდა, მითუმეტეს, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მოქალაქეებს გერმანიაში დასაქმების შემთხვევაში იურიდიული ბარიერების გადალახვა არ უწევთ, თუმცა სპეციალისტები თვლიან, რომ ამჟამად აღმოსავლეთევროპული “საკადრო ყულაბა” თითქმის ცარიელია. გერმანიის შრომის ფედერალური სააგენტოს ხელმძღვანელი დეტლეფ შოლე ვარაუდობს, რომ წელს გერმანული ფირმები 600 ათას ახალ სამუშაო ადგილს შექმნიან, და დასძენს: “პირდაპირ ვიტყვი, რომ უახლოეს წლებში ჩვენ გვერდს ვერ ავუვლით მესამე ქვეყნებიდან (ანუ იმ ქვეყნებიდან, რომლებიც ევროკავშირის წევრები არ არიან) მშრომელების მოზიდვას”. მისი უწყების ინფორმაციით, ყველაზე დიდი დეფიციტია ისეთ დარგებში, როგორიცაა ტრანსპორტი და ლოჯისტიკა, გაყიდვები, ლითონის დამუშავება, მანქანათმშენებლობა და საავტომობილო მრეწველობა, ენერგეტიკა, ელექტროტექნიკა, მშენებლობა და ჯანდაცვა (ავადმყოფებისა და მოხუცების მოვლის ჩათვლით).

თუ გერმანია შესაბამის კანონს მიიღებს, მას შესაძლებლობა მიეცემა, გაანაწილოს კვოტები სხვადასხვა სახელმწიფოს შორის, რომლებიც ევროკავშირის შემადგენლობაში არ შედიან. იქ ეს, სავარაუდოდ, აღქმული იქნება, როგორც დიდი შეღავათი და ოფიციალური ბერლინის მეგობრული ნაბიჯი.

რატომ გახდა ეს თემა ესოდენ აქტუალური პრეზიდენტობის კანდიდატებისთვის საქართველოში? ის, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მაგრამ სიტუაცია, როდესაც ქვეყნის პოტენციური მეთაურის ერთერთი მთავარი დაპირება თანამემამულეების უცხოეთში დასაქმებას უკავშირდება, ერთობ უხერხულია, თუ არა სამარცხვინო. მიუხედავად ამისა, კანდიდატები ამაზე აქტიურად საუბრობენ.

15 სექტემბერს ამომრჩევლებთან შეხვედრაზე “ევროპული საქართველოს” პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით ბაქრაძემ განაცხადა: “პრეზიდენტს შეუძლია დაეხმაროს ხალხს ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთაც. გერმანიის კანცლერმა ჩვენთან შეხვედრის შემდეგ პირველად თქვა, რომ გერმანიაში მყოფ ქართველებს მისცემენ მუშაობის უფლებას”. 19 სექტემბერს ტელეკომპანია “იმედის” ეთერში “ქართული ოცნების” ფავორიტმა საპრეზიდენტო არჩევნებში _ სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა: “ერთი თემაა, რომელიც ბაქრაძემაც ახსენა, რომელიც მე ადრე, როდესაც საგარეო საქმეთა მინისტრი ვიყავი, მქონდა დაწყებული, მაგრამ წინ ვეღარ წაწეული, თუმცა არ აქვს მნიშვნელობა, ვინ ადრე და ვინ გვიან, თემაა დროებითი ლეგალური მიგრანტების დასაქმებაზე ხელშეკრულებები, რომლებზეც შეიძლება მოლაპარაკება ევროპის ქვეყნებთან და ჩარჩო ხელშეკრულება ევროკავშირთან”. ჟურნალისტის კითხვას “რეალურია ეს დაპირება, ანუ შესაძლებელია ლეგალურად მოხდეს დასაქმება?” ზურაბიშვილმა ასე უპასუხა: “დაპირება არ არის ეს, მოსალაპარაკებელია. იმიტომ, რომ ეს არის საქართველოს ინტერესში, რომ ჩვენ შეგვეძლოს გავაგზავნოთ ადამიანები დროებით იმ დარგებში, რომელიც ჩვენ გვჭირდება, ზოგჯერ შეიძლება იყოს 6 თვე. ასე აგზავნის უკრაინა “ბეიბისიტერებს” პოლონეთში 3 თუ 6 თვით და შემდეგ ბრუნდებიან. რაღაც პერიოდის შემდეგ ისევ შეუძლიათ წასვლა. ეს ასევე არსებობს სხვა ქვეყნებისთვის, მაგალითად, საფრანგეთში ექიმების, სადაც დღევანდელ დღეს ძალიან დიდი ნაკლი არის ექიმების, მოჰყავთ ყველა ქვეყნიდან. ეს შეიძლება ჯერ ევროკავშირთან გაფორმდეს და შემდეგ ინდივიდუალურ ქვეყნებთან. თუკი ამ საკითხზე ბაქრაძე, რასაც აცხადებს, მზად არის, მე მზად ვარ, ერთად ვითანამშრომლოთ, ასევე ხელისუფლებასთან და ძალიან აქტიურად წავწიოთ ეს საკითხი წინ”.

ერთერთი მთავარი მიზეზი, რომლის გამო კანდიდატები ამ საკითხს განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ, ისაა, რომ პრეზიდენტის უფლებები შეზღუდულია და, დაპირება რომც გასცეს, მისი შესრულება მმართველი პარტიის მხარდაჭერის გარეშე ძალიან გაუჭირდება. მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მომავალ პრეზიდენტს მართლაც შეეძლება, დააყენოს საკითხი საუბარში გერმანიის კანცლერთან ან ევროკავშირის სხვა ლიდერებთან და, მიუხედავად იმისა, რომ ძირითად სამუშაოებს მოლაპარაკების პროცესში მთავრობა შეასრულებს, სრული უფლება ექნება, თქვას, რომ საკითხის გადაწყვეტაში მონაწილეობა მიიღო და, შესაბამისად, დაპირება შეასრულა. ეს ერთ-ერთი იშვიათი შემთხვევაა, როდესაც უფლებაშეზღუდულ პრეზიდენტს ამის გაკეთება შეუძლია.

სალომე ზურაბიშვილმა პოლონეთი ახსენა და, ალბათ, მიზანშეწონილია, ამ ქვეყნის მაგალითიც განვიხილოთ, განსაკუთრებით კი მისი ურთიერთობა მეზობელ უკრაინასთან შრომითი მიგრაციის სფეროში. სავიზო რეჟიმის გაუქმების შემდეგ პოლონეთში არალეგალურად დასაქმებული უკრაინელების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. პოლონეთის შრომის სამინისტროში გამოთვალეს, რომ 5%-იანი ეკონომიკური ზრდის შესანარჩუნებლად ქვეყანას უახლოეს წლებში 5 მილიონამდე ახალი მუშა ხელი დასჭირდება. ეს რიცხვი გაცილებით შთამბეჭდავია ვიდრე გერმანიისა და ამის მიზეზი ისაა, რომ ადგილობრივი კვალიფიციური პერსონალის დიდი ნაწილი ცდილობს, ევროკავშირის მდიდარ ქვეყნებში დასაქმდეს, ხოლო მათ სამუშაო ადგილებს, უპირველესად, უკრაინელები იკავებენ. სამინისტროში ვარაუდობენ, რომ წელს სამუშაოდ პოლონეთში თითქმის ორჯერ მეტი (2 მილიონამდე) უკრაინელი ჩავა, ვიდრე 2017 წელს. ახალი წესის თანახმად, მათ ორი ტიპის ნებართვა ეძლევათ _ მუდმივი და სეზონური სამუშაოსთვის, ხოლო კომპანიები ვალდებულნი არიან, ისინი დააზღვიონ. გაუმჯობესდა კონტროლის სისტემაც, რომელიც, ერთი მხრივ, ზღუდავს დასაქმებულთა ველურ ექსპლუატაციას, მაგრამ, მეორე მხრივ, ხელს უშლის უკრაინელებს, სამუშაოდ ევროკავშირის მდიდარ ქვეყნებში გადავიდნენ, მაშინ, როდესაც ისინი პოლონეთში დაასაქმეს. საგულისხმოა, რომ კვოტა უკრაინელებისთვის მეზობელმა ჩეხეთმაც გაზარდა _ 9600-დან 19600-მდე.

ყველაზე დიდი მოთხოვნა ფაბრიკებისა და ქარხნების მუშებზეა, მათ შორის არაკვალიფიციურზე (მათი ხელფასი 900-1100 დოლარის ფარგლებშია), ხოლო უკრაინელი ინჟინრები და ტექნოლოგები პოლონელ ბიზნესმენებს ნაკლებად სჭირდებათ. არის (თუმცა არც ისე ბევრია) ვაკანსიები პროგრამისტებისთვის _ “ნოკიას” პოლონური ქარხანა მათ თვეში დაახლოებით 3 ათას ევროს უხდის. საერთოდ, სხვაობა კვალიფიციური და არაკვალიფიციური შრომის ანაზღაურებას შორის პოლონეთში საკმაოდ საგრძნობია. უკრაინელ მშენებლებსა და სეზონურ მუშებს, მათ შორის აგრარულ სექტორში, აღმოსავლეთ ევროპაში 600-700 ევროს უხდიან, დასავლეთ ევროპაში კი _ 1-1,2 ათასს, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში დამსაქმებელი კვებისა და საცხოვრებლის ხარჯებს აანაზღაურებს, განსაკუთრებით სოფლად. სატვირთო მანქანის მძღოლის ანაზღაურება 1,5-2 ათასი ევროს ფარგლებშია. ყველაზე უკეთ კი თავს, საბოლოო ჯამში, სამედიცინო სფეროს კვალიფიციური მუშაკები გრძნობენ.

არის კიდევ ერთი გარემოება, რომელსაც საქართველოს მოქალაქეებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ. იმ პერიოდში, როდესაც ევროკავშირში ლეგალური დასაქმების შესაძლებლობა გაჩნდა, უკრაინაში უამრავი თაღლითური ფირმა აღმოცენდა, რომლებიც კლიენტებს ფულს ართმევდა, შემდეგ კი, ლეგალურის ნაცვლად, არალეგალურ სამუშაოს სთავაზობდა, ხშირ შემთხვევაში კი უბრალოდ ქრებოდა. ასე რომ, ნებისმიერ მსგავს შეთავაზებას, ალბათ, განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ, თუმცა მთავარი პრობლემა ამ შემთხვევაში სულ სხვაა _ საქართველო იმდენად ღარიბია, რომ მისი მოქალაქეები უცხოეთში დასაქმების ნებისმიერ შესაძლებლობას ეპოტინებიან, როგორც დიად ოცნებას, ხოლო პრეზიდენტობის კანდიდატებმა ის კამპანიის ერთ-ერთ მთავარ თემად აქციეს. ეს, ალბათ, კარგი საბაბია იმისთვის, რომ გავაანალიზოთ, რა დავმართეთ საკუთარ თავსა და ქვეყანას.

ლუკა ნემსაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here