მთავარი პოლიტიკა “დასავლეთის ფრონტზე ცვლილებებია”

“დასავლეთის ფრონტზე ცვლილებებია”

665
გააზიარეთ
afd

24 სექტემბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნების შედეგადალტერნატივა გერმანიისთვის” (Alternative fur Deutschland _  შემოკლებით AFD) საპარლამენტო პარტია გახდა.

ოთხიოდე წლის წინათ დაარსებული პარტიისთვის ნაჩვენები შედეგი იმ წარმატების გაგრძელებაა, რომელიც 2014 წლის ევროპულ არჩევნებში მონაწილეობით დაიწყო. ადგილობრივ პარლამენტებშიალტერნატივასუკვე 13 წარმომადგენელი ჰყავს. და ახლა ფედერალური პარლამენტის _ ბუნდესტაგის _ ბარიერიც დამაჯერებლად გადალახა. აქამდე არსებულ ტრადიციულ პარტიებს მოსვენება დაეკარგათ, რადგან ახალ პარლამენტში სულ სხვა პოლიტიკური ატმოსფერო იქნება, ვიდრე აქამდე იყო; ანგელა მერკელი, რომელიც კანცლერად დარჩება, ნაკლებად კომფორტულად იგრძნობს თავს.

“ალტერნატივა გერმანიისთვის”, როგორც ცნობილია, შეიქმნა ანტიიმიგრაციულ ტალღაზე, ახლო აღმოსავლეთიდან, “არაბული გაზაფხულის” შედეგად წარმოშობილი მიგრაციის შედეგად. მმართველმა კოსმოპოლიტურმა ისტებლიშმენტმა, პირველ რიგში, მასმედიამ, “ალტერნატივას” მალევე მიაკრა “მემარჯვენე ექსტრემისტებისა” და “ქსენოფობების” იარლიყი. პარტიის ზოგი წამყვანი წევრი, რომლებიც განსაკუთრებით გამოირჩევიან ექსტრემისტული მიდრეკილებებით, საკონსტიტუციო დაცვის სამსახურის (სპეცსამსახური) დაკვირვების ქვეშაა. ოთხი წლის განმავლობაში ებრძოდა “ალტერნატივას” ევროპაში გაბატონებული სისტემა, ყველაფერი გაკეთდა მისი მარგინალიზაციისთვის, მაგრამ გერმანელი ამომრჩევლის ნაწილმა ამ პარტიას თავისი ნდობა დაუდასტურა და ამიერიდან იგი გავლენიან პოლიტიკურ ძალად აქცია. ქრისტიანდემოკრატებისადასოციალდემოკრატებისშემდეგ ახალ პარლამენტშიალტერნატივამესამე ადგილს დაიკავებს.

შეშფოთებული ისტებლიშმენტი ცდილობს, ახსნა მოუძებნოს ახალი მემარჯვენე-ნაციონალისტური, მე ვიტყოდი, პატრიოტული ძალის წარმატებას. ბევრი ევროპელი ანალიტიკოსი ცდილობდა, “ალტერნატივის” ამომრჩევლად ღარიბი გერმანელი მოქალაქეები განეხილა, მაგრამ ბოლო კვლევებით, რომლებიც Spiegel online -მა გამოაქვეყნა, ეს ვარაუდი არ დადასტურდა; პირიქით _ გაირკვა, რომ “ალტერნატივას” სოციალურად დაცული და ცხოვრების დონით საკმაოდ დაკმაყოფილებული ამომრჩევლები ჰყავს. მათგან 39 პროცენტს საშუალოზე გაცილებით მეტი შემოსავალი აქვს; დანარჩენი კი, ძირითადად, საშუალო ფენის წარმომადგენლები არიან.

ასევე მცდარი აღმოჩნდა აქამდე არსებული ინფორმაცია, რომ “ალტერნატივას” სხვებთან შედარებით ნაკლებად განათლებული ამომრჩევლები უჭერენ მხარს, ამიტომაც იყო ფუჭი სოციალ-დემოკრატიული პარტიის მცდელობა, “ალტერნატივის” ამომრჩევლები გადაებირებინა მათთვის უკეთესი ეკონომიკური პერსპექტივის შეთავაზებით. “სოციალ-დემოკრატებმა” თავი “პატარა ადამიანების” მცველებად და “გლობალიზაციისგან დაზარალებულების” მშველელებად გაასაღეს. ესეც ამაოდ. “ალტერნატივა” ბევრ ეკონომიკურ საკითხში არ ეთანხმება მმართველ “ქრისტიან-დემოკრატიულ კავშირს”, მაგრამ მისთვის პრიორიტეტული საარჩევნო თემა სხვა მიმართულება იყო, კერძოდ, წინა პლანზე წამოიწია ქვეყნის შიდა უსაფრთხოებისა და ერის, საზოგადოების იდენტობის საკითხებმა.

სოციოლოგი, პროფესორი ჰოლგერ ლენგფელდი პირდაპირ ამბობს:

ობიექტური ეკონომიკური ვითარება სულაც არ უბიძგებს ადამიანებსალტერნატივისკენ”. მათი მთავარი საკითხია, როგორი უნდა იყოს საზოგადოება და ქვეყანა მომავალში. ჩვენ საქმე გვაქვს მოსახლეობის უმცირესობასთან, მაგრამ მის არც ისე მცირე ნაწილთან, რომლისთვისაც გასული წლების კულტურული ცვლილებები მკვეთრად მიუღებელია. მხედველობაში მაქვს საზოგადოებრივი მოდერნიზაცია, გარე სამყაროსადმი მეტი გახსნილობა, მულტიკულტურიზმი და კოსმოპოლიტიზმი. უმრავლესობა ამ ყველაფერს ემხრობა, მაგრამ უმცირესობა აქცენტს აკეთებს ტრადიციული იდეალების შენარჩუნებაზე, სახელმწიფოს კონსოლიდაციაზე, რომელიც კულტურულ ჰომოგენობაზე ზრუნავს, ანუ მათი უკმაყოფილება გამოწვეულია არა ეკონომიკით, არამედ საზოგადოებრივი განვითარების მოდელით”.

ლენგფელდთან ინტერვიუს პარალელურად, გამოცემა Spiegel Online-ი აღნიშნავს: ამერიკელი და ევროპელი სოციოლოგები ამ კონტექსტში საუბრობენჩუმ რევოლუციაზე”: დასავლეთში, სამოცდაათიანი წლებიდან მოყოლებული, დამკვიდრდა ლიბერალური საზოგადოებრივი სურათი. ამის ერთი მაგალითია ერთნაირსქესიანთა ურთიერთობების სტატუსის გათანასწორება. ახალი საუკუნის პირველ წლებში, როდესაცსოციალდემოკრატებისადამწვანეებისალიანსმა შექმნა საფუძველი, სახელმწიფოს მხრიდან ჰომოსექსუალთა პარტნიორობის აღიარებისა, მოქალაქეთა მხოლოდ 52-56-მა პროცენტმა გამოხატა ამ საკითხზე დადებითი აზრი. მაგრამ 2017 წლის ზაფხულში, როდესაც ბუნდესტაგმა დაამკვიდრა პრინციპიქორწინება ყველასთვის”, გერმანიის მოქალაქეთა მხრიდან მხარდაჭერა გაცილებით დიდი აღმოჩნდა _ სამი მეოთხედი. ერთადერთი პარტია, რომლის მომხრეებმაც უარი თქვეს ჰომოსექსუალთა შორის ქორწინების დაკანონებაზე, არისალტერნატივა”. შესადარებლად: “ქრისტიანდემოკრატიული კავშირისმხარდამჭერთა 73 პროცენტი ჰომოსექსუალური ქორწინების მომხრეა”.

დაგვიანებული ხომ არ არის “ალტერნატივის” მიერ ატეხილი განგაში გერმანელი ერის გადაგვარების საფრთხის შესახებ? ნუთუ “ჩუმმა რევოლუციამ” მიზანს მიაღწია? ამას, ალბათ, მომდევნო 10-15 წლის განმავლობაში შევიტყობთ. ჩემი აზრით კი, გერმანიის პარლამენტში “ალტერნატივის” ასეთი დამაჯერებელი შესვლა ერთგვარი პოლიტიკური რევოლუციაა. ფრანგ, ჰოლანდიელ, ავსტრიელ, ბრიტანელ და სხვა ევროპელ ნაციონალისტებს (თუ პატრიოტებს _ ვისაც როგორ სურს, ისე დაარქვას) მხარს ახლა გერმანელი კოლეგებიც აუბამენ. მაგრამ გერმანია ჯერჯერობით “ზედმეტად” კარგად ცხოვრობს ეკონომიკურად და ამომრჩეველთა უმრავლესობისათვის მერკელის წარმატებული ეკონომიკური პოლიტიკა, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, ექსპორტის ზრდა და წარმოების ბუმი უფრო დამაჯერებელი არგუმენტია, ვიდრე ერთ წელიწადში მილიონზე მეტი არაბი მიგრანტის შეშვება და დასახლება ქვეყნის ტერიტორიაზე. ამომრჩეველმა მერკელს ისიც აპატია, რომ მან 2013 წლის არჩევნებზე გამარჯვების აღსანიშნავ ზეიმზე გერმანიის დროშა ხელში არ დაიკავა, პირიქით _ ეს დროშა კოლეგას გამოართვა და ამრეზილი სახით უხეშად გადადო გვერდზე. თუმცა მერკელის პარტიის მხარდაჭერა, ეკონომიკური ბუმის მიუხედავად, მაინც საგრძნობლად არის შემცირებული _ არჩევნებში მათ ხმების დაახლოებით 33 პროცენტი მოიპოვეს (ეს სტატია არჩევნების საღამოს იწერებოდა და ამიტომ მკითხველს უფრო ზუსტ მონაცემს ვერ ვაწვდი).

“ალტერნატივის” წამყვანი ფიგურები საკმაოდ წარმატებული, განათლებული და კომპეტენტური პიროვნებები არიან. მათი დიდი ნაწილი მმართველი “ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირიდან” წამოვიდა, ნაწილი _ “თავისუფალი დემოკრატებიდან”, ზოგიც _ სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან. ეს ადამიანები არ არიან ერთგვაროვანნი და ყოველი მათგანი არ ისვრის ურა-პატრიოტულ ლოზუნგებს. ერთი ქალბატონი, როგორც გერმანულ პრესაში წავიკითხე, ლესბოსელი ყოფილა, შვეიცარიაში თავისი “პარტნიორი” ჰყოლია, მაგრამ ამის წარმოჩენას არ ცდილობს (განსხვავებით ლიბერალებისაგან) და სასტიკად აკრიტიკებს მმართველ ძალას. პრესაში გაჟონილი მისი სავარაუდო პირადი მიმოწერიდან ირკვევა, რომ იგი ამჟამინდელ გერმანულ პოლიტელიტას “ღორებად” და “მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებული ძალების მარიონეტებად” მიიჩნევს.

მთლიანობაში პარტიის ბირთვი ძალზე კონსერვატული თვალსაზრისის მქონე პირებისგან შედგება. მეორე ქალბატონი, ბეატრის ფონ შტორხი, პარტიის ვიცეთავმჯდომარე ბერლინიდან, აბორტების საწინააღმდეგო მოძრაობის აქტიური წევრი და მხარდამჭერია. პარტიის თავმჯდომარე შედარებით ზომიერად და მემარცხენედ მიჩნეული ქალბატონია _ ფრაუკე პეტრი. მას უპირისპირდება არაერთი გავლენიანი პიროვნება პარტიის შიგნით. მის იდეოლოგიურ საპირწონედ მიიჩნევა ბიორნ ჰიოკე, რომელიც, ისლამოფობურ განცხადებებთან ერთად, მოითხოვს, რომ გერმანიამ შეწყვიტოს მუდმივი თვითგვემა მეორე მსოფლიო ომსა და ებრაელების ჰოლოკოსტთან დაკავშირებით. პეტრისა და პარტიის ნაწილს ჰიოკეს გარიცხვა სურდათ, მაგრამ “ალტერნატივის” ბირთვმა და რიგითმა წევრებმა ეს არ დაუშვეს. პეტრის ასევე უპირისპირდება კონსერვატორი და პარტიის ერთ-ერთი დამაარსებელი ალექსანდერ გაულანდი, რომელიც “ქრისტიან-დემოკრატებში” იყო 40 წლის განმავლობაში და, მერკელის პოლიტიკით იმედგაცრუებული, ახალ პარტიაში გადავიდა.

“ალტერნატივის” საარჩევნო სიის წამყვანი ფიგურები, ძირითადად, არიან ინტელიგენციის წარმომადგენლები: იურისტები, ეკონომისტები, ფიზიკოსები, ინფორმატიკოსები… პარტიას ჰყავს საკმაოდ ძლიერი და მზარდი ახალგაზრდული ფრთაც. ისინი თავს არ მიიჩნევენ ნაციონალ-სოციალიზმის იდეურ მემკვიდრეებად და ნაცისტებთან ნებისმიერი შედარება აღიზიანებთ. ისინი ამბობენ, რომ გერმანია უნდა დაუბრუნდეს თავისი ინტერესების პოლიტიკას და ნაციზმი და ჰიტლერი აქ არაფერ შუაშია. თუმცა პარტიაში არიან ისეთებიც, რომლებიც გერმანულ პატრიოტიზმში უფრო შორს მიდის და ცდილობს გერმანიის დანაშაულის შერბილებას.

“ალტერნატივამ” გაუძლო წნეხს, გადაურჩა მარგინალიზაციას და საკმაოდ კომპეტენტური ორგანიზაციის შთაბეჭდილებას ტოვებს. მე სულაც არ მსურს, ქართველ მკითხველს დაუსაბუთებელი სიმპათია გაუჩნდეს ამ პარტიის მიმართ, მაგრამ, ჩემი აზრით, მისი წევრები ელემენტარულ ფუნდამენტურ ჭეშმარიტებას ამბობენ, რომ წინა პლანზე თავიანთი ერისა და სახელმწიფოს _ გერმანიის ინტერესები უნდა იდგეს და არა გლობალისტური ისტებლიშმენტის ინტერესები, ისტებლიშმენტისა, რომელსაც ერთხელ “საერთაშორისო გლობალისტური მაფია” ვუწოდე. დიახ, ნორმალურ ვითარებაში ეს ისედაც ასე უნდა იყოს და დღევანდელი ევრობიუროკრატიის ფონზე გერმანელი ნაციონალისტები, თავიანთი ჯანსაღი პატრიოტული მიდგომის გამო, მისაღებ ადამიანებად და პოლიტიკოსებად ჩანან.

აღმოსავლეთ გერმანიაში, ყოფილი გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის ტერიტორიაზე მცხოვრები გერმანელები მიიჩნევენ უფრო მეტად, რომ ქვეყნის კულტურული ტრანსფორმაცია არასწორი და მიუღებელია. გამოდის, რომ პატრიოტული სულისკვეთება “კომუნისტური ჩაგვრის” პირობებში უკეთ შენარჩუნდა, ვიდრე ეკონომიკურად აყვავებულ, “დემოკრატიულ” დასავლეთში.

გულბაათ რცხილაძე

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here