მთავარი ისტორია “დაე, არა მხოლოდ ომმა, არამედ მშვიდობამაც გაგვაერთიანოს”

“დაე, არა მხოლოდ ომმა, არამედ მშვიდობამაც გაგვაერთიანოს”

890
გააზიარეთ
დიადი გამარჯვება მოპოვებული ერთობით

ჩვენი ხალხის დაღვრილი სისხლი სიმართლისკენ, ერთობისკენ, მეგობრობისა და ურთიერთგაგებისკენ მოგვიწოდებს!”

საბჭოთა კავშირის მოქალაქენო! დღეს, 22 ივნისს, დილის 4 საათზე, გერმანიის შეიარაღებული ძალები ომის გამოუცხადებლად დაესხა თავს ჩვენს ქვეყანას!” _ ამ რადიომიმართვით შეიტყო საბჭოთა კავშირის მოსახლეობამ თავზარდამცემი ინფორმაცია ქვეყანაზე ფაშისტური გერმანიის თავდასხმის შესახებ.

76 წლის წინათ, 1941 წლის 22 ივნისს, გამთენიისას, გერმანელი ნაცისტების შეიარაღებულმა ძალებმა ომის გამოუცხადებლად გადალახეს საბჭოთა კავშირის სახელმწიფო საზღვარი და ასე დაიწყო კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე სასტიკი და მასშტაბური სამხედრო დაპირისპირება, რომელსაც, საერთო ჯამში, რამდენიმე ათეული მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. დიდი სამამულო ომის დაწყების თარიღს განსაკუთრებული გულისტკივილით იმ ქვეყნებში აღნიშნავენ, რომლებიც თავის დროზე საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში შედიოდნენ და რომლებმაც ომის მსვლელობისას ყველაზე დიდი მსხვერპლი გაიღეს. ამ მხრივ გამონაკლისი არც საქართველოა, სადაც ყოველწლიურად დიდ სამამულო ომში გამარჯვების დღეს _ 9 მაისსა და ომის დაწყების დღეს _ 22 ივნისს რამდენიმე ასეული ვეტერანი უცნობი ჯარისკაცის საფლავთან იკრიბება.

ფორუმი (ასტანა)

მეორე მსოფლიო ომის ყველაზე რთულ მონაკვეთს წარმოადგენდა დიდი სამამულო ომის პერიოდი, როდესაც საბჭოთა კავშირი ერთიანი იყო ისე, როგორც არასდროს. 1945 წლის 9 მაისს კი საბჭოთა მეომრებმა _ მიხეილ ეგოროვმა და მელიტონ ქანთარიამ წითელი დროშა ააფრიალეს ნაცისტების დედაქალაქ ბერლინში რაიხსტაგის თავზე. ამ გამარჯვებით ბოლო მოეღო ფაშისტური მესამე რაიხის დიქტატს ევროპაში…

2017 წლის 28 აპრილს ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში გაიმართა რიგით მეშვიდე საერთაშორისო ფორუმი სახელწოდებით ერთობით მოპოვებული დიადი გამარჯვება: ფრონტის სიმამაცე _ უდრეკი ზურგი”, რომელსაც ესწრებოდა 15 ქვეყნის (ყაზახეთი, რუსეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, ბელარუსი, საქართველო, ყირგიზეთი, ლატვია, ლიტვა, მოლდოვა, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, უკრაინა, უზბეკეთი, ესტონეთი) 240-ზე მეტი წარმომადგენელი. ფორუმი იმართება ყოველ წელიწადს (2010 წლიდან) რუსული პოლიტიკური ცენტრის _ “სამხრეთი-ჩრდილოეთის” (“Ñევეპ-Þგ”) ინიციატივით. ფორუმის მიზანია, განმტკიცდეს საერთო ისტორიული მეხსიერება და ურთიერთობები იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც იბრძოდნენ ფაშიზმის წინააღმდეგ. 2016 წელს ფორუმს მინსკმა უმასპინძლა.

ფორუმი (ასტანა)

მეშვიდე საერთაშორისო ფორუმი საზეიმოდ გახსნა ყაზახეთის კულტურისა და სპორტის მინისტრმა არისტანბეკ მუჰამედიულმა. მან და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უცხო ქვეყნებთან კულტურული კავშირების სამმართველოს უფროსმა ვლადიმერ ჩერნოვმა დამსწრეთ გააცნეს ყაზახეთის პრეზიდენტის _ ნურსულთან ნაზარბაევის და რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიმართვები.

ფორუმი (ასტანა)

“მოგესალმებით ყველას რიგით მეშვიდე საერთაშორისო ფორუმზე, რომელიც იმართება სტუმართმოყვარე ყაზახეთის მიწაზე, ჩვენი ქვეყნის დედაქალაქ ასტანაში. როგორც ყაზახეთის უფროსი თაობა, ასევე, სრულიად ერი გახდა ის ძალა, რომელმაც მოგვაპოვებინა ეს დიადი გამარჯვება. ჩვენი მომავალი თაობა მადლობელი და ძალიან ამაყი იქნება იმისათვის, რაც მათთვის აქ დამსწრე ვეტერანებმა და დაღუპულმა გმირებმა გააკეთეს”, _ ნათქვამი იყო მასპინძელი ქვეყნის პრეზიდენტის მიმართვაში.

ფორუმის უმნიშვნელოვანეს მიზანს წარმოადგენდა, მხარეებს განეხილათ საერთო ისტორიული წარსულის შენარჩუნების მეთოდები, ემსჯელათ დიდი სამამულო ომის შესახებ არსებული ისტორიული მასალების პოპულარიზებაზე საზოგადოებაში (განსაკუთრებით _ ახალგაზრდებში), აგრეთვე, განეხილათ ის მექანიზმები, რომლებითაც მოხდებოდა ისტორიის გაყალბების მცდელობებთან ბრძოლა. ისიც აღნიშნა, რომ ფორუმის შედეგები დიდ გავლენას იქონიებს შემდგომში საერთაშორისო სივრცეში მიმდინარე პროცესებზე, ასევე, ხელს შეუწყობს დსთ-ის ქვეყნებს შორის ურთიერთობის გაღრმავებას.

ფორუმი (ასტანა)

15 ქვეყნის 240-ზე მეტმა წარმომადგენელმა დაღუპულ გმირებს “სამამულო მიწის დამცველთა” მოედანზე პატივი მიაგო. ცერემონია დილის 9 საათზე დაიწყო. ფორუმის მონაწილეებმა დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად გვირგვინებით შეამკეს “სამამულო მიწის დამცველთა” მონუმენტი, ხოლო მოედნის შუაგულში არსებული მარადიული ცეცხლის გარშემო დატოვეს ყვავილები. ამის შემდეგ ფორუმის მონაწილეები გადავიდნენ ყაზახეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების ნაციონალურ საბრძოლო-ისტორიულ ცენტრში, რომლის “დიდ დარბაზში” გაიმართა პლენარული სხდომა.

ფორუმი (ასტანა)

პლენარულ სხდომას მოდერატორობდნენ ყაზახეთის სპორტისა და კულტურის მინისტრი არისტანბეკ მუჰამედიული (ყაზახეთის პრეზიდენტის წარმომადგენელი) და მიხაილ შვიდკოი (რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის წარმომადგენელი). სხდომა გახსნა არისტანბეკ მუჰამედიულმა, შემდეგ კი სიტყვით გამოვიდა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უცხო ქვეყნებთან კულტურული კავშირების სამმართველოს უფროსი ვლადიმერ ჩერნოვი. მათ ისაუბრეს სამამულო ომის მნიშვნელობაზე, როლსა და ფორუმის მონაწილე ქვეყნების წვლილზე ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში.

მისალმებებით წარდგნენ, აგრეთვე, ოლჟას სულეიმენოვი (ყაზახი პოეტი, დიპლომატი), ირინა როდნინა (ოლიმპიურ თამაშებში სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონატებში ათგზის გამარჯვებული, რუსეთის დუმის საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე), ალექსანდრე ჭაჭია (ქართველი პოლიტოლოგი, პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი), ამანგელდი კაშკიმბაევი (ყაზახეთის ისტორიის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი), კიპრას მაჟეიკა (რუსეთის ფედერაციის ტელეკომპანიისა და რადიოს საერთაშორისო ევრაზიული აკადემიის ვიცეპრეზიდენტი, მრჩეველი, აკადემიკოსი), ალუა ბაიკადამოვა (ალმა-ატის საბრძოლო-ისტორიული მუზეუმის დირექტორი, გენერალ პანფილოვის შვილიშვილი), არმან გუკასიანი (სომხეთის საერთაშორისო ურთიერთობების ორგანიზაციის წარმომადგენელი).

ოლჟას სულეიმენოვი:

“საერთო გასაჭირმა დააძმობილა ჩვენი ქვეყნები. დღეს მსოფლიო დიდ განსაცდელშია. ჩვენ ვდგავართ დიდი ომის წამოწყების ზღურბლთან. ეს თითოეულმა ჩვენგანმა უნდა გააცნობიეროს. თითოეული პოლიტიკური შეცდომა, ნაბიჯი, რომელიც ხელს შეუშლის ჩვენს ქვეყნებს შორის ერთობას, ძვირად დაგვიჯდება. ჩვენ დღეს აღვნიშნავთ ამ დიად გამარჯვებას, რათა ყოველთვის გვახსოვდეს და არ განმეორდეს მსგავსი რამ, რაც მოხდა 1941 წელს”.

პოეტმა ოლჟას სულეიმენოვმა ხაზი გაუსვა ყაზახი ხალხის როლს სამამულო ომში და აღნიშნა, რომ 300 ათასზე მეტი ყაზახის სიცოცხლე შეიწირა ამ დამანგრეველმა ომმა.

ალუა ბაიკადამოვა:

“ძალიან ვღელავ, მაგრამ, ამასთანავე, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მომეცა შესაძლებლობა, დავსწრებოდი ამ ღირსშესანიშნავ ღონისძიებას. ეს ფორუმი უდიდესი მნიშვნელობის აა, რადგან გვაძლევს შესაძლებლობას, არა მხოლოდ აღვნიშნოთ გამარჯვების დღე, გავიხსენოთ ისტორია და პატივი მივაგოთ დაღუპული გმირების ხსოვნას, არამედ ვიზრუნოთ იმაზე, რომ არ დავუშვათ მსგავსი რამ მომავალში. ვთვლი, რომ დღეს მოგვეცა უდიდესი შესაძლებლობა გამოვასწოროთ ისტორიული უსამართლობა. ეს ადამიანები მამაცურად იბრძოდნენ სამამულო ომში, იბრძოდნენ სამშობლოს ინტერესებისა და გადარჩენისთვის, ამიტომაც ისინი ღირსნი არიან, იწოდებოდნენ გმირებად. ჩვენ გვახსოვს, რომ გმირის წოდებას ანიჭებდნენ კონკრეტული პირები და ისინი წყვეტდნენ, მიენიჭებინათ თუ არა მეომრისთვის ეს სტატუსი. ძალიან ბევრი უსახელო გმირი გვყავს, რომლებიც აღიარების გარეშე წავიდნენ ამ ქვეყნიდან, რომლებიც იმსახურებდნენ და იმსახურებენ აღიარებას, ამიტომ მივმართავ რუსულ მხარეს, იზრუნოს ამ საკითხზე, ის, როგორც საბჭოთა კავშირის მემკვიდრე, რომელიც ფლობს შესაბამის არქივებს, დამსახურებული პატივი მიაგოს ყველა დაღუპული გმირის ხსოვნას”.

ფორუმის მონაწილეებმა განსაკუთრებული ყურადღებით მოუსმინეს ქართველ პოლიტოლოგს, პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორ ალექსანდრე ჭაჭიას, რომელსაც 7-ჯერ გააწყვეტინეს სიტყვა აპლოდისმენტებით. მან აქცენტი სწორედ ერთობის აუცილებლობაზე გააკეთა: ჩვენი ხალხის დაღვრილი სისხლი, სიმართლისკენ, ერთობისკენ, მეგობრობისა და ურთიერთგაგებისკენ მოგვიწოდებს”.

მიწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ ვეტერანებიც. ერთ-ერთი მათგანი უკრაინიდან ჩამოვიდა, რათა დასწრებოდა და პატივი მიეგო დაღუპული გმირების ხსოვნისთვის. პლენარული სხდომის ყველაზე ემოციური ნაწილი იყო ყაზახი ვეტერანის _ ასილხან ბეკბაევის გამოსვლა, რომელმაც სიტყვა ითხოვა. ვეტერანმა თავისი პირადი ისტორიით შეკრებილ საზოგადოებას სახეზე ღიმილი მოჰგვარა, მან რამდენჯერმე ახსენა სახელი “ტატიანა” (ომში მიღებულ ჭრილობებს სწორედ ბელორუსიელი ექთანი ტატიანა უმუშავებდა ვეტერანს, რომელიც მან შემდგომ ცოლად შეირთო). ვეტერანმა ისაუბრა, რა რთული იყო ფიზიკური გადარჩენისთვის ბრძოლა და როგორ შეცვალა სამამულო ომმა მისი ცხოვრება.

“10 წელი არმიაში სამსახური, მათგან ომში გატარებული _ 4 წელიწადი. მე გავიარე აღმოსავლეთი პრუსია, დავკრძალე თანამებრძოლები. მძიმედ დამჭრეს, საავადმყოფოში მივლიდა ბელორუსიელი მედდა ტატიანა ნოვიკოვა. მე ჩემს მშობლებს გავუგზავნე წერილი, რომელშიც ვთხოვდი ნებართვას, მექორწინა მასზე. ისინი დამთანხმდნენ, ოღონდ იმ პირობით, თუ მასზე ყაზახეთში ვიქორწინებდი. მოვიყვანე ცოლად, დავტოვე და წავედი, რათა ჯარში მემსახურა. როცა დავბრუნდი, მან უკვე იცოდა ყაზახური ენა, გაეცნო ჩვენს ტრადიციებს და ვცხოვრობდით ბედნიერად. ახლა კი ჩემი ტატიანა განისვენებს მუსლიმურ სასაფლაოზე…” ყაზახ ომის ვეტერანს დამსწრე საზოგადოება რამდენიმე წუთის განმავლობაში ფეხზე მდგომი უკრავდა ტაშს, ასილხან ბეკბაევი კი ცრემლს ვერ იკავებდა.

როდესაც ფორუმის მონაწილეები ავტობუსებში სხდებოდნენ, ერთ-ერთმა რუსმა დელეგატმა თქვა: “ყოველ წელიწადს სულ უფრო ნაკლები…”

პლენარული სხდომის დამთავრების შემდგომ სომხეთის საერთაშორისო ურთიერთობების ორგანიზაციის წარმომადგენლის _ არმან გუკასიანის სიტყვით გამოსვლას გამოხმაურება მოჰყვა, რადგან იგი ცდილობდა, აქცენტი გაეკეთებინა დიდ სამამულო ომში სომხების განსაკუთრებულ წვლილზე.

პლენარული სხდომის შეფასება ყაზახეთის ისტორიის ინსტიტუტის დირექტორს _ ბურკიტბაი გელმანული აიაგანს ვთხოვეთ:

“მინდა, დიდი სიყვარული და პატივისცემა გამოვხატო ქართველი ხალხის მიმართ, ძალიან მომეწონა ბატონი ჭაჭიას გამოსვლა. მიმაჩნია, რომ ყაზახეთის წარმომადგენლებიც ძალიან კარგად გამოვიდნენ პლენარულ სხდომაზე, ორივე წარმომადგენელმა აღნიშნა ის, რომ შეგვეძლო ბევრი მეომრის გადარჩენა სწორი ტაქტიკის წყალობით. შეიძლებოდა, ნაკლები მსხვერპლი ჰყოლოდა დიდ სამამულო ომს, მაგრამ, სამწუხაროდ, საბჭოთა კავშირი ამ ომისთვის მოუმზადებელი აღმოჩნდა. შეფასებისას სწორი აქცენტი გააკეთა ჩვენმა წარმომადგენელმა ციფრებზე, როცა ის საუბრობდა ქართველებსა და ყაზახებზე. მართლაც, უამრავი მეომრის სიცოცხლე შეეწირა ამ ომს და ქართველთა როლი ძალიან დასაფასებელია, რადგან თქვენ ხართ პატარა, მაგრამ ძალიან ძლიერი ძალა. 300 000 დაღუპული _ ეს კოლოსალური რაოდენობაა, სწორად იქნა პარალელი გავლებული, რადგან აშშ-სა და ბრიტანეთს, ჯამში, სწორედ ამდენი მსხვერპლი ჰყავდათ მეორე მსოფლიო ომში. თუმცა ციფრებით მანიპულირება მართებულად არ მიმაჩნია, მსხვერპლი დიდი იყო და საუბარი იმაზე, ვინ უფრო დიდი მსხვერპლი გაიღო და ვის უფრო დიდი წვლილი მიუძღვის გამარჯვებაში, არასწორია. სხდომაზე სწორედ ამაზე ცდილობდნენ აქცენტი გაეკეთებინათ და ეს არ იყო მართებული. ეს ჩვენ არ მოგვეწონა.

როგორ მოხდა, რომ სწორედ ყაზახებმა და ქართველებმა დავკარგეთ ამდენი ადამიანი. ეს ბევრი რამითაც აიხსნება: მათ არ ესმოდათ ბრძანებები, სერიოზული ენობრივი ბარიერი ხელს უშლიდათ, ემოქმედათ ოპერატიულად და ბევრი შენაერთი არ იყო კარგად მომზადებული. ისინი ხომ ევროპის ყველაზე კარგად მომზადებულ და სასტიკ არმიას უპირისპირდებოდნენ? ვერმახტის არმია არა მხოლოდ კარგი მომზადებით გამოირჩეოდა, არამედ შეიარაღებითაც და ასეთ ძალასთან ბრძოლა ძალიან რთული იყო. წარმომადგენლები, ცოტა არ იყოს, დაუფიქრებელ განცხადებებს აკეთებდნენ სხდომაზე: “ჩვენ გავიმარჯვეთ”, “ეს ჩვენი გამარჯვებაა…” მათი განცხადებები შეიცავდა პროპაგანდისტულ სარჩულს. მაგალითად, უკრაინას არავისზე ნაკლები წვლილი არ მიუძღვის ფაშიზმზე გამარჯვებაში. როცა ომზე საუბრობ, ზოგადი და ძალიან ხმამაღალი, პოპულისტური განცხადებებით კი არ უნდა შემოიფარგლო, არამედ გააანალიზო და შეაფასო ყოველივე. ეს იყო საერთო, ერთობლივი გამარჯვება. ოლჟას სულეიმენოვმა მართებულად აღნიშნა: ჩვენ დღესაც ანალოგიური საფრთხის წინაშე ვდგავართ და აუცილებელია კონსოლიდაცია. დღეს მსოფლიოში ბევრი გადაუჭრელი კონფლიქტია, რომლებიც კარგს არაფერს გვიქადის. თუმცა, არა მგონია, რომ ჩვენ ამ რეალობის წინაშე დავდგეთ, რადგან შეიცვალა ბრძოლის მეთოდები და, თუ დაპირისპირება გლობალური იქნება, მას გამარჯვებული მხარე არ ეყოლება. ეს ბირთვული სამყაროს ეპოქაა და ყველას ინტერესებშია, მსოფლიო არ მიიყვანოს იმ ეტაპამდე, რომელსაც კაცობრიობის განადგურება მოჰყვება.

რაც შეეხება ფორუმს, მინდა, აღვნიშნო, რომ მსგავსი შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია განსაკუთრებით ევრაზიული რეგიონისთვის. ამ შეხვედრებმა უნდა უზრუნველყოს ჩატეხილი ხიდების მშენებლობა ქვეყნებს შორის, უნდა დაგვაახლოვოს ერთმანეთთან. ჩვენ, საბჭოთა რესპუბლიკები, 1941 წელს გაგვაერთიანა საერთო ბოროტებამ, მაგრამ ახლა უნდა დადგეს დრო, როცა გაგვაერთიანებს მშვიდობა და მშვიდობისთვის ბრძოლა.

საჭირო არ არის, ვეძებოთ მტრები, უნდა ვეძებოთ მეგობრები და ამ მეგობრების დაახლოების არც ერთ შანსზე უარი არ უნდა ვთქვათ. ჩვენ, ყველანი, საერთო ინტერესებიდან გამომდინარე ვმოქმედებთ და ეს სწორია”.

ფორუმზე სულ 3 სამუშაო სესია ჩატარდა, თითოეულისთვის შერჩეული იყო შესაბამისი თემა:

I სესია: “ჩვენი საერთო გამარჯვება: თაობებს შორის ხსოვნა”.

II სესია: “ევრაზიული რეგიონის ახალგაზრდა ლიდერები: გმირების მიერ ჩადენილი გმირობების ღირსნი”.

III სესია: “გამარჯვება იჭედებოდა ფრონტზე, გამარჯვება იჭედებოდა ზურგში”.

სესიებზე აქტიურად იყო განხილული ალუა ბაიკადამოვას ინიციატივა ზოგიერთი დაღუპული მეომრისთვის გმირის სტატუსის მინიჭების შესახებ. ასევე გაჩნდა ინიციატივა, სასკოლო პროგრამაში შეტანილ იქნას სახელმძღვანელო “სამამულო ომის” შესახებ, რომელიც შეასწავლის მომავალ თაობებს ისტორიის ამ პერიოდს. ახალგაზრდულ სესიაზე კი განხილულ იქნა საკითხები, რომლებმაც ხელი უნდა შეუწყოს ტრადიციებისა და ოჯახის სიმტკიცის შენარჩუნებას პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, სადაც ეს ღირებულებები ყველაზე მეტად ფასობს. გარდა ამისა, გაჩნდა ინიციატივა, შეიქმნას საერთო სამუშაო ორგანიზაცია, სადაც ექსპერტები და პოლიტოლოგები ისაუბრებენ ევრაზიის რეგიონის საჭირბოროტო საკითხებზე.

ფორუმი ერთობით მოპოვებული დიადი გამარჯვება: ფრონტის სიმამაცე _ უდრეკი ზურგიდასრულდა ვახშმითა და გალაკონცერტით.

საერთაშორისო ფორუმი საშუალებას აძლევს მონაწილე ქვეყნებს, შექმნან პლატფორმა სამომავლო დიპლომატიურ-პარტნიორული ურთიერთობებისთვის, გაუზიარონ ერთმანეთს თვალსაზრისი, ინტერესები და დასახონ ახალი მიზნები. რუსულმა მხარემ სრული მზადყოფნა გამოხატა და მიესალმა ინიციატივას _ შეიქმნას ევრაზიული ერთობა, რომელიც გაამარტივებს ქვეყნებს შორის ურთიერთობებს.

ნათია თათარიშვილი

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here