მთავარი ისტორია გლდანი

გლდანი

273
გააზიარეთ
გლდანი

თბილისის ყველა ცენტრალური დასახლება ოდესღაც ქალაქის გარეუბანი იყო. ასე რომ, სამომავლოდ დედაქალაქის დღევანდელ გარეუბნებს დიდი შანსი და პერსპექტივა აქვს, ქალაქის ცენტრალურ ნაწილებად იქცეს. ერთერთი ასეთი გარეუბანია გლდანი, სადაც დედაქალაქის მოსახლეობის დიდი ნაწილი ცხოვრობს.

გლდანი ისტორიულ წყაროებში პირველად მოხსენიებულია თამარ მეფის ისტორიკოსის, ბასილი ეზოსმოძღვრის, თხზულებაში “ცხოვრება მეფეთ-მეფისა თამარისი”. მასში აღნიშულია: “დააწყუეს კარითგან ქალაქისათა ხევამდე გლდანისა ტყუე ყოველი…”.

გლდანი განსაკუთრებით ხშირად იხსენიება XVI-XVIII საუკუნეების საბუთებში. მათ შორის უნდა დავასახელოთ 1579 წლის საბუთი, რომელშიც აღნიშნულია, რომ ალექსანდრე კახთა მეფემ განუახლა სვეტიცხოველს გლდანში ღაჭიძეების შეწირულობა. საქართველოს სამეფო-სამთავროებად დაშლის შემდეგ გლდანი კახეთის სამეფოს შემადგენლობაში შედიოდა და მისი ყმა-მამულის დიდი ნაწილი კახეთის თავადთა შორის უწარჩინებულესსა და შემძლებელს _ ჯანდიერებს ეკუთვნოდა, ხოლო ნაწილი _ ისევ სვეტიცხოვლის მონასტერს. 1579 წელს კახთა მეფე ალექსანდრე II-მ სვეტიცხოველს განუახლა მამულები გლდანში. XVI-XVIII საუკუნეებში ჯანდიერის შვილებს გლდანის ყმა-მამულების ნაწილს გურამიშვილები ედავებოდნენ. კახეთის სამეფო კარი ცდილობდა, სვეტიცხოვლისთვის წაერთმია ყმა-მამული და თავის ვასალებისთვის გადაეცა. შუა საუკუნეების ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფის საფუძველზე გლდანი, ისევე როგორც მთელი კახეთის სამეფო, შედიოდა რუსთველის სადროშოში, რომელსაც რუსთველი ეპისკოპოსი უძღვებოდა. ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმებისა და რუსული მმართველობის დამყარების შემდეგ სოფელი ტფილისის გუბერნიის თიანეთის მაზრაში შევიდა. გაზეთ “დროებაში” (1885 წ. 180 ) ცნობილი საზოგადო მოღვაწე და ისტორიის მკვლევარი ზაქარია ჭიჭინაძე წერდა: “თბილისის ახლო-მახლო სოფლებში გლდანისა და დიღომისთანა ნაყოფიერი და სარგებლიანი სოფლები, მგონი, არც ერთი არ უნდა იყოს. ეს ორი სოფელი მართლაც ხომ სანაქებონი არიან, როგორც ვენახებით, ისე ჰაერით, ერბოთი და წყლით”. გლდანის რეგიონი უძველესი პერიოდიდან ყოფილა დასახლებული. მთელი ამ ხნის მანძილზე მან ისეთივე ბედი გაიზიარა, როგორც თბილისმა და აღმოსავლეთ საქართველოს სხვა ადგილებმა, რომელთა ისტორიიდან იგი არასოდეს ყოფილა ამოვარდნილი. მიუხედავად ამისა, მრავალჯერ მტრისაგან განადგურებული ძალას იკრებდა, მტერს სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლას უმართავდა, ცხოვრება დროდადრო ჩვეულ რიტმში დგებოდა და ძველებურ სიდიადეს უბრუნდებოდა.

სოფელი გლდანი დღეს თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებშია მოქცეული, მდებარეობს საგურამოს ქედის სამხრეთ კალთის ძირში, მცხეთიდან 15 კილომეტრის დაშორებით მდ. გლდანის წყლის ორივე ნაპირზე. სოფელი გლდანი დედაქალაქის საგარეუბნო სოფელს წარმოადგენს.

1960-იან წლებში, როდესაც ქალაქ თბილისის ინტენსიური სამოსახლო განაშენიანება მიმდინარეობდა, სოფელ გლდანის მიმდებარე ტერიტორიაზე გაშენდა გლდანის მასივი. გლდანის დასახლების მშენებლობისათვის თავდაპირველად გამოიყო 750 ჰექტარი ფართობი. ამ პერიოდში გლდანის ტერიტორიაზე აშენდა საცხოვრებელი კვარტლები.

გლდანი სხვა მასივებიდან იმითაც გამოირჩეოდა, რომ აქ არის მეტროსადგური “ახმეტელი”, თეატრი (1979 წელს დაარსდა თბილისის სახელმწიფო დრამატული თეატრი, რომელსაც 1987 წლის 14 იანვარს ქართველი რეჟისორის _ სანდრო ახმეტელის სახელი მიენიჭა).

1975-1976 წლებში დედაქალაქის გლდანის საცხოვრებელი მასივის მშენებლობის გამო მასივის ტერიტორიაზე გათხრებს აწარმოებდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის, არქეოლოგიური კვლევის ცენტრის გლდანის არქეოლოგიური ექსპედიცია. გათხრებთან ერთად ექსპედიციამ დაზვერვითი სამუშაოები ჩაატარა სოფ. გლდანის, აგრეთვე, მისი მიმდებარე ჯოხთანისა და ვეჯინის ხევების მიდამოებში. აღსანიშნავია, რომ გლდანის მიდამოებში არქეოლოგიური გათხრები გაცილებით ადრე _ 1903 წელს ჩაუტარებია ე. რესლერს; 1964 წელს სოფელში, მშენებლობის დროს, დანგრეულა ადრე შუა საუკუნეების ქვის სამარხები, რომლებშიც აღმოჩნდა ბრინჯაოსა და რკინის რამდენიმე სამკაული. 1979 წელს კი ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის არქეოლოგიური კვლევის ცენტრის თბილისის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ მდ. ხევძმარის მარჯვენა ნაპირზე, გლდანის მასივის V მიკრორაიონის ტერიტორიაზე გათხარა გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანის სამაროვანი და შუა საუკუნეების ნამოსახლარი. 1975-1976 წლებში დაზვერვის შედეგად გლდანის მიდამოებში მიაკვლეს სხვადასხვა ეპოქისა და ხასიათის არქეოლოგიური ძეგლებს, ნასახლარებს, აღმოჩენილია უამრავი უძველესი და საყურადღებო ნივთი. ჩატარებული გათხრების შედეგად, ნათელი გახდა, რომ გლდანის მიდამოებში მრავალი ნასოფლარია. არც ისე დიდი ხნის წინათ აქ დასახლებული პუნქტები იყო ვეჯინი, მამკოდა, მშრალიხევი, ლელუბანი, თუმცა უკანასკნელი სამი ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ დაყოფაში მოქმედ დასახლებულ პუნქტებადაა შეტანილი, გაცილებით ძველი ნასოფლარებია _ დიდმანიანი, პატარა მანიანი, ზედვაკე, ნატუსები, საყინულე, ხოდაბუნები და სხვ.

ღვთისმშობლის ეკლესია
ღვთისმშობლის ეკლესია

სოფელ გლდანის სამხრეთით, ახალ სასაფლაოზე დგას ღვთისმშობლის ეკლესია, რომელიც თარიღდება VIII-IX საუკუნეებით. ეკლესია დარბაზულია, ნაგებია რიყის ქვითა და ქვიშაქვით. აღდგენამდე სრული სიმაღლით შემორჩენილი იყო აღმოსავლეთი კედელი. შესასვლელი დასავლეთიდანაა. სწორკუთხა საკურთხეველში ერთი ვიწრო სარკმელია. ჩრდილოეთისა და სამხრეთის კედლებში თითო მაღალი თაღოვანი სარკმელი და თითო სწორკუთხა ნიშია.

გლდანის ჩრდილოეთით, ძველ სასაფლაოზე წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველის ეკლესია დგას, აგებულია IX-X საუკუნეებში.

არქიტექტურული ძეგლია ვეჯინის კომპლექსი, რომელიც სოფელ გლდანის დასავლეთით, ვეჯინის ხევში, გლდანი-თიანეთის გზიდან 1,5 კმ-ზე მდებარეობს. იგი VIII-IX საუკუნეებით თარიღდება.

გლდანის დასახლებით ჩრდილოეთით სერზე დგას პატარა გვიან შუასაუკუნეების დარბაზული ეკლესია _ იყდრიას საყდარი. ნაგებია რიყის ქვით. დასავლეთის მხრიდან აქვს კარი, ხოლო დანარჩენ კედლებზე _ თითო სარკმელი. აფსიდი სწორკუთხაა და რამდენიმე ნიში კედელშია.

როგორც გაზეთი “ივერია” წერდა, აქ სამონასტრო სკოლა აკურთხეს 1897 წლის 20 იანვარს, რომლისთვისაც შენობა უფასოდ დაუთმია ექიმ სპირიდონ ვაწაძეს. იგი 1897 წლის 8 ივნისს ამავე სკოლის მეთვალყურედ დაუნიშნავთ. აღნიშნული სასწავლო დაწესებულების ბაზაზე შეიქმნა სამი ჯგუფისაგან შემდგარი სკოლა _ ქართული, რუსული და საღმრთო სჯული. ამ სასწავლებლის ხელმძღავანელი იყო ქართველი პედაგოგი გიორგი ფარადაშვილი. ახლა ეს სკოლა ასზე მეტი წლისაა და მისი აღზრდილი დამსახურებული მოღვაწის, პროფესორის _ შალვა გოგიძის სახელს ატარებს. სკოლაში არაერთი გამოჩენილი ადამიანი გაიზარდა.

გლდანის ტერიტორიაზე არის დიდი გლდანის ტბა (თეთრი ტბა). ტბის წარმოშობა ტექტონიკურია. მდებარეობს ზღვის დონიდან 546 მ სიმაღლეზე. ზედაპირის ფართობი 0,2 კმ-ია, აუზის ფართობი _ 0,77 კმ. ტბის სიგრძე დაახლოებით 900 მ-ია, ხოლო სიგანე _ 300 მ. ტბა, ძირითადად, წვიმისა და თოვლის წყლებით, აგრეთვე, მარილოვანი წყაროებით საზრდოობს, რის გამოც იგი დამლაშებულია და თითქმის მოკლებულია იხტიოფაუნას. მაღალი დონეა გაზაფხულზე, დაბალი _ ზაფხულში. ტბა გაუდინარია და სიბერის სტადიაშია; მისი ფართობი თანდათან მცირდება და სანაპიროები მლაშობის მცენარეულობით არის დაფარული.

XIX საუკუნის ბოლოს გლდანში 150 კომლი ცხოვრობდა, 1926 წლის მოსახლეობის აღწერით, 288 კომლი (1277 სული) ითვლებოდა. აღსანიშნავია, რომ გლდანი 1930 წლის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით ავჭალის სასოფლო საბჭოში შედიოდა.

გლდანის რაიონის ტერიტორიაზე ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომამდე მწყობრში ჩადგა რამდენიმე ქარხანა: 1934 წელს ამოქმედდა ქარხანა “ცენტროლიტი”, 1940 წელს _ ავჭალის შამპანურის ქარხანა, 1941 წელს _ ჩაის საწონი ფაბრიკა, 1954 წელს _ კონიაკის ქარხანა, 1967 წელს _ საფუარის ქარხანა, 1978 წელს _ სამკერვალო ტრიკოტაჟის ფაბრიკა, 1984 წელს _ ჩაის კომბინატი “ბახმარო”.

როგორია გლდანი დღეს?

გლდანი დღეს თანამედროვე ტიპის დასახლებაა, მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსებითა და სხვადასხვა დაწესებულებებით. 2014 წელს გლდანში აიგო და ფუნქციონირებს “გლდანი მოლი” _ 7 სართულიანი სავაჭრო ცენტრი, რომელიც ერთ კომფორტულ სივრცეში სხვადასხვა ტიპის მაღაზიებს, კაფეებს, რესტორნებს, ბავშვთა გასართობ და სადღესასწაულო ცენტრს აერთიანებს. “გლდანი მოლში” 100-მდე კომერციული ობიექტი მუშაობს, მათ შორისაა ცნობილი საერთაშორისო ბრენდებისა და ქსელების მაღაზიები. მოკლე ხანში გლდანში ახალი პარკის მშენებლობა იწყება. პროექტის ფარგლებში მოეწყობა კალათბურთის მოედანი, ამფითეატრი, სასეირნო სივრცე, სათამაშო მოედნები, ბილიკები… გლდანის მე-6 მიკრორაიონს რამდენიმე თვეში ულამაზესი პარკი ექნება.

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here