Home რუბრიკები სამართალი გიორგი ტიგინაშვილი: ეს საქმე მომავალშიც გაგრძელდება და იქნება ძალიან ფატალური და მტკივნეული...

გიორგი ტიგინაშვილი: ეს საქმე მომავალშიც გაგრძელდება და იქნება ძალიან ფატალური და მტკივნეული საქართველოს ეკლესიისთვის

2856
გიორგი ტიგინაშვილი

9 აგვისტოსციანიდის საქმეზემსჯავრდადებული გიორგი მამალაძის ადვოკატებმა საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს ოფიციალურად მიმართეს დეკანოზის შეწყალების თხოვნით.

განცხადებაში, რომელიც მოგვიანებით მედიაში ფართო განხილვის საგნად იქცა, ნათქვამია, რომ დეკანოზი ქართული მართლმსაჯულების მსხვერპლია და იგი გარკვეული ჯგუფების ინტერესს შეეწირა: “ვის, თუ არა საქართველოს პრეზიდენტს, აქვს პასუხისმგებლობა და უფლება, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე შეიწყალოს, ვინაიდან ჩვენ ყველა სამართლებრივი დარღვევა, რაც საქმეშია, რა თქმა უნდა, მივაწოდეთ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას”, _ განაცხადა მამალაძის ერთერთმა ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ. მანვე ჟურნალისტის შეკითხვას, აქვს თუ არა პრეზიდენტის მხრიდან თხოვნის დაკმაყოფილების მოლოდინი, უპასუხა, რომ ვერ წარმოუდგენია, პირველმა პირმა სწორი გადაწყვეტილება არ მიიღოს და დეკანოზი არ შეიწყალოს. ფანცულაიას განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილება საზოგადოებაში უკმაყოფილებას არ გამოიწვევს, პირიქით _ მოიწონებს პრეზიდენტის გადაწყვეტილებას. შეიწყალებს თუ არა მარგველაშვილი პატრიარქის მდივანრეფერანტ შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მცდელობისთვის მსჯავრდადებულ გიორგი მამალაძეს და, თუ შეიწყალებს, რა პოლიტიკურ ჟესტად შეიძლება ეს შეფასდეს? _ “საქართველო და მსოფლიოსესაუბრება თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი.

_ ბატონო გიორგი, “ციანიდის საქმეისევ აქტუალურია, მამალაძის ადვოკატებმა პრეზიდენტს, რომელსაც კონსტიტუციური ვადის ამოწურვამდე, სულ რაღაც, ორი თვე დარჩა, შეწყალების თხოვნით მიმართეს. პარალელურად ისმის ურთიერთბრალდებები, როგორც სასულიერო პირებს შორის, ისე მათი გარემოცვის წევრების მხრიდან. თქვენი აზრით, თუ პრეზიდენტი მამალაძეს შეიწყალებს, რა პოლიტიკური ნაბიჯი იქნება ეს მისი მხრიდან და, საერთოდ, რა პროცესები შეიძლება ამას მოჰყვეს?

_ თუკი პრეზიდენტი დეკანოზს შეიწყალებს, ეს ნიშნავს, რომ არ დაელოდა სხვადასხვა ინსტანციას, რომლებსაც აქვთ უფრო მაღალი კომპეტენცია, მტკიცებულებები, სამხილები და არგუმენტები. პირველი პირის მოქმედება ამ შემთხვევაში შეზღუდულია იმ მორალური ფაქტორით, რომელიც გულისხმობს ეკლესიის საპატრიარქო ადმინისტრაციის მიმართ ნდობასა და პატივისცემას. შესაბამისად, რაკი კანონიკური სამართლის აღსრულების კუთხით ბრალდებულს ჯერ კიდევ არ დასდო ერთსახოვანი მსჯავრი წმინდა სინოდმა, ვფიქრობ, პრეზიდენტი არ აჩქარდება და ვერ გაბედავს დეკანოზის შეწყალებას; ვერ გარისკავს თუნდაც იმის გამო, რომ საზოგადოებაში არის ძალიან დიდი დაძაბულობა, ორაზოროვნება ამ საკითხის გარშემო

_ მაგრამ მამალაძის ადვოკატები ასე არ ფიქრობენ. ისინი ამბობენ, რომ დეკანოზის შეწყალება პროტესტს არ გამოიწვევს, პირიქით, ამ საკითხზე ყველა გაიზიარებს პრეზიდენტის აზრს.

_ მაშინ ჩვენ უნდა ველოდოთ ადვოკატების მხრიდან საჯარო, ღია და გამჭვირვალე სივრცეში მამალაძის უდანაშაულობის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოჩენას, მაგრამ, თუ მსგავსი მტკიცებულებები ჰქონდათ, აქამდეც შეეძლოთ მათი გასაჯაროება. საერთოდ, ვფიქრობ, რომ ციანიდის საქმეარ არის ერთი კონკრეტული საქმე. ეს არის ერთგვარი ლაკმუსის ქაღალდი, რომელმაც წარმოაჩინა სისტემაში (ვგულისხმობ როგორს საერო, ისე საეკლესიო სივრცეს) არსებული პრობლემები. შესაბამისად, ეს პროცესი მალე არ დასრულდება, იგი გაჭიანურდება და იმ შემთხვევაში, თუ დანაშაულებრივი ნარატივი რეალურია, დიდი ალბათობით, მომავალში სხვა დამნაშავეებიც გამოვლინდებიან.

_ ფიქრობთ, რომ დანაშაულის მომზადებაში, თუ ის მართლა მზადდებოდა, მამალაძესთან ერთად სხვა პირებიც შეიძლება ყოფილიყვნენ?

_ ზუსტად ეს შეკითხვები მაქვს პროკურატურასთან: თუკი ვიღაცამ ციანიდი შეიძინა, მიგვითითონ: სად შეიძინა, ვისგან, რა ვითარებაში. ასევე, როცა გვაჩვენებენ სიუჟეტს, სადაც მამალაძე თავმოწონებით აღნიშნავს, რომ გარკვეულ ძალებს სურდათ მისი დაწინაურება, აღზევება და თანამდებობრივი წინსვლა, გვითხრან, ვინ არიან ის ადამიანები. აი, ეს საკითხებია დღეს საზოგადოებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და ბუნებრივია, ჩნდება შეკითხვა: თუკი მამალაძე დამნაშავეა, რატომ არ არის გამორკვეული და დადგენილი თანამზრახველები, დამკვეთები, ის ანტურაჟი და გარემოცვა, რომელიც მუდმივად მის გარშემო იყო და ემსახურებოდა მისი პიროვნების რეკორდული სისწრაფით ზესვლას? მხედველობაში მაქვს მისი დაწინაურება, როგორც საეკლესიო რეგალიების თვალსაზრისით, ისე ადმინსტრაციული თანამდებობების კუთხით და სხვ. ამასთანავე, ცნობილია, რომ იგი მოღვაწეობდა ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიაში, იქ ეწეოდა გაურკვეველ საქმიანობას და იყო ერთერთი გავლენიანი ფიგურა

_ რუსეთში მამალაძის მოღვაწეობაზე რა იცით?

_ რუსეთში მის მოღვაწეობაზე, სამწუხაროდ, კარგი არაფერი მსმენია. პირიქით, თუ მოარულ ხმებსა და იმ კონტაქტებს დავეყრდნობი, რომლებიც ჩვენ, თეოლოგებს, გვაქვს სხვადასხვა ეკლესიაში, მისი პიროვნების მიმართ ძალიან ნეგატიური აზრები არსებობდა. ცნობილია, რომ იგი გაეხვია რამდენიმე სკანდალში და მათ შორის იყო როგორც ქონებრივი დავა, ასევე გარკვეული ტიპის ზნეობრივი საკითხები, თუმცა ეს, რა თქმა უნდა, არ არის იმის საფუძველი, რომ მას მკვლელობაში ერთმნიშვნელოვნად დასდონ ბრალი; მით უფრო, იმ დროს, როცა გამოძიება ამაზე მხოლოდ ირიბად ამახვილებს ყურადღებას და დანაშაულის მტკიცების პარალელურად ღიად, საჯაროდ არ საუბრობს მსჯავრდებულის გარემოცვაზე. შესაძლოა, ადამიანი იყოს დევიაციური, მაგრამ ეს აპრიორი სულაც არ ნიშნავს იმას, რომ იგი დავადანაშაულოთ უმძიმეს ბოროტებაში.

_ მოდი, ლოგიკურად შევხედოთ ამ ყველაფერს. რატომ უნდა იკავებდეს თავს გამოძიება მსჯავრდადებულის გარემოცვის _ დამკვეთების, თანამზრახველების, ხელშემწყობი პირების სრულად გამოაშკარავებისგან?

_ ჩემი ვარაუდით, ვინაიდან კათოლიკოს-პატრიარქის ოჯახის წევრები არიან ამ საქმეში გარეული, ვგულისხმობ მიტროპოლიტ დიმიტრი შიოლაშვილსა და მის სიძე სოსო ოხანაშვილს, სახელმწიფომ, ალბათ, გაითვალისწინა მისი უწმინდესობის მორალური ფაქტორი და ბრალი არ დასდო იმ ადამიანებს, რომლებსაც უზარმაზარი წვლილი მიუძღვით გიორგი მამალაძის პიროვნებად ჩამოყალიბებაში. მამალაძე, მოგეხსენებათ, პირდაპირ არის დაკავშირებული მეუფე დიმიტრის ოჯახთან, ის არის მისი ნათესავი. ზუსტად ეს ფაქტორები ახდენდა, ჩემი აზრით, ზეგავლენას გამოძიების პროცესზე და ამიტომ ვფიქრობ, რომციანიდის საქმეარ დასრულებულა.

გიორგი მამალაძე
გიორგი მამალაძე

ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს მისი უწმინდესობა და უნეტარესობა, მაგრამ, როდესაც ახალი პატრიარქის კურთხევის საკითხი დადგება, რეალურად ამოტივტივდება და გამოვლინდება ყველა თანამზრახველი, რომლებიც რამე ფორმით ჩართული იყვნენ “ციანიდის საქმეში”. ეს არ არის მხოლოდ ჩემი მოლოდინი, ეს არის ამ საკითხში ჩახედული და კარგად გარკვეული ადამიანების თვალსაზრისიც. კიდევ ვიმეორებ: ეს საქმე მომავალშიც გაგრძელდება და იქნება ძალიან ფატალური და მტკივნეული საქართველოს ეკლესიისთვის…

_ ზოგიერთი სასულიერო (და არა მხოლოდ სასულიერო) პირი ფიქრობს, რომ ის პროცესები, რომლებიცციანიდის საქმესმოჰყვა, წინასწარ იყო დაგეგმილი, რათა გარკვეულ ძალებს საპატრიარქოში არსებულ პრობლემებზე აპელირებით ეკლესიის დისკრედიტების მეტი საშუალება ჰქონოდათ. თქვენ რა აზრის ხართ ამაზე?

_ რა თქმა უნდა, “ციანიდის საქმე” დაგეგმილი იყო, მაგრამ არის მეორე მხარეც: ნებისმიერ პრობლემას საყრდენი შიგნით აქვს, ანუ, თუ ეს ყველაფერი მოამზადეს გარკვეულმა ანტიეკლესიურმა ძალებმა, მაინც ეკლესიაში არსებულ პრობლემებზე მეტყველებს, თუმცა სხვა თვალსაზრისითაც შეიძლება მივუდგეთ ამ ყველაფერს…

_ კონკრეტულად?

_ ის, რაც მოხდა და დღემდე გრძელდება, იყო ღვთის მიერ დაშვებული განსაცდელი ეკლესიისთვის, რათა მოხდეს გარკვეული ფილტრაცია და გაჯანსაღება.

თვით პროცესს რაც შეეხება, ცხადია, არის მტკივნეული, მაგრამ, ჯამში, ეს მოვლენები, როგორი დრამატულიც უნდა ჩანდეს ახლა ეს ყველაფერი, ვფიქრობ, უფრო მეტ დადებით შედეგს გამოიღებს. საერთოდ, ეს “ციანიდის საქმე” და პროცესები, რომლებიც შემდეგ განვითარდა, პირადად ჩემთვის გასაკვირი არ ყოფილა. მეტიც, ბოლო პერიოდში გარკვეულწილად აუცილებლობაც კი იდგა იმის, რომ ეკლესია არ ყოფილიყო სტაგნაციაში, დახუთულობასა და ჩაკეტილობაში, რათა რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ერთგვარ უცვლელ მოცემულობად ქცეული უძრაობა საპატრიარქოსი საბოლოოდ დასრულდეს…

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here