Home რუბრიკები საზოგადოება გერდ მიულერი _ ბომბარდირი ღვთისგან ბოძებული ნიჭით

გერდ მიულერი _ ბომბარდირი ღვთისგან ბოძებული ნიჭით

1465
გერდ მიულერი

გერდ მიულერი _ გენიალური თავდამსხმელი, მეკარეების რისხვა, ღვთისგან ბოძებული ნიჭით, უამრავი რეკორდის ავტორი. ამ რეკორდებიდან ბევრი დღესაც დაუმხობელია. მაგალითად, გერდ მიულერი რეკორდსმენია გერმანიის ფედერაციული გერმანიის ნაკრების მაისურით გატანილი ბურთებით _ 68 გოლი 62 თამაშში. მსოფლიო ჩემპიონატების ფინალურ ეტაპებზე გატანილი აქვს 14 ბურთი. მიუნხენისბაიერნისშემადგენლობაში გამოსვლისას გერმანიის ჩემპიონატის ერთ სეზონში გაიტანა 40 ბურთი და, საერთოდ, ის ბუნდესლიგის (გერმანიის ჩემპიონატის) ყველა დროის ბომბარდირია, ხუმრობა საქმე ხომ არ არის ევროპის ერთერთ უძლიერეს ჩემპიონატში 365 (!) ბურთის გატანა?!

ამ შესანიშნავი ფეხბურთელის კარიერის დასაწყისი ია-ვარდით არ ყოფილა მოფენილი. გერდ მიულერი 19 წლის იყო, “ბავარიაში” რომ მოხვდა. “მე ვარ ბომბარდირი ნორდლინგენიდან”, _ მორიდებულად წარუდგა ჭაბუკი პარტნიორებს, რომლებმაც ამ სიტყვებზე გულიანად იცინეს. “როდესაც პირველად ვნახეთ, ბევრი ვიცინეთ. მრგვალი თავით, მოკლედ შეკრეჭილი თმით, არაპროპორციული ტანით, დაბრეცილი ფეხებით”, _ იხსენებს გერმანიის ნაკრების ყოფილი მეკარე ზეპ მაიერი. გასაკვირი არ არის, რომ გერდს მყისვე შეარქვეს დამცინავი მეტსახელი _ მსუქანა. აღსანიშნავია, რომ ნორდლინგენი არის სახელწოდება გერმანული სოფლისა, რომელიც მდებარეობს მიუნხენსა და ნიურნბერგს შორის. მიუხედავად ამისა, იქ იყო ერთ-ერთ ადგილობრივ ლიგაში მოთამაშე საფეხბურთო კლუბი და საკმაოდ კარგი სტადიონი, რომელზეც გერდმა დაიწყო ფეხბურთის თამაში.

გერდ მიულერი
გერდ მიულერი

მიულერი ვარჯიშებზე, რომ იტყვიან, მინდორს ცხვირით ხნავდა. ის ძალიან სერიოზულად უდგებოდა წვრთნას და ეს უყურადღებოდ არ დარჩენიათ მწვრთნელებსა და თანაგუნდელებს. “მსუქანას” მიმართ პატივისცემა არა დღეების განმავლობაში, არამედ ყოველ საათში იმატებდა. ახალგაზრდა სიამოვნებას იღებდა ბურთთან ყოველი შეხებისას, ხოლო თითოეული გოლის შემდეგ, სადაც უნდა გაეტანა ბურთი _ ვარჯიშზე, ამხანაგურ მატჩში ან ტურნირზე _ ენერგიით ივსებოდა და კვლავ წინ მიიწევდა, მიულერი კოშმარად იქცა მცველებისთვის _ მოხერხებულად უმკლავდებოდა 2-3 მცველს და ბურთი მოწინააღმდეგის კარში გაჰქონდა, თანაც გაჰქონდა ძალიან ბევრი.

გერდ მიულერი
გერდ მიულერი

მიულერს რთული ბავშვობა ჰქონდა. ის მეექვსე შვილი იყო ოჯახში, რომელსაც ფული იშვიათად ჰყოფნიდა, ამიტომ ვარჯიშის შემდეგ გარბოდა ფაბრიკაში, სადაც დედას ეხმარებოდა და ფულს გამოიმუშავებდა. მამამ კი ოჯახი კარგა ხნის წინათ მიატოვა. ამ სამუშაოსა და ფეხბურთის გამო მიულერს, პრაქტიკულად, არ ჰქონდა დრო სწავლა-განათლებისთვის. მან სკოლაში სიარულს მოუკლო, ბოლოს კი საერთოდ შეწყვიტა.

ორი მიულერი
ორი მიულერი

შესაძლოა, სახელგანთქმულ გერმანელ ფეხბურთელს არ ჰყოფნიდა განათლება, სამაგიეროდ, საფეხბურთო მოედანზე ყველაფერი იცოდა და ყველაფერს ახერხებდა. უცნაურია, მაგრამ “მსუქანა” არ მოეწონა “ბავარიის” იმჟამინდელ მწვრთნელს, იუგოსლავიელ ზლატკო ჩაიკოვსკის. მწვრთნელმა ვერ მიიღო მოუხეშავი, გლეხის გარეგნობის მქონე გოლეადორი, მაგრამ მიულერი განაგრძობდა ბურთების გატანას, ჩაიკოვსკის კი მალე დაატოვებინეს კლუბი. იმ პერიოდში მიულერმა “ბავარიასთან” ერთად გერმანიის ჩემპიონის ორი ტიტული მოიპოვა და ამით მიიპყრო გერმანიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ჰელმუტ შიონის, ყურადღება. გერდი ნაკრებში მიიწვიეს და იქ კიდევ უფრო გაიბრწყინა მისმა ნიჭმა.

გერდ მიულერმა 1970 და 1972 წლებში ევროპის საუკეთესო ბომბარდირის ჯილდო “ოქროს ბუცი” მოიპოვა, ამასთანავე, ევროპის ჩემპიონის ტიტული (1972 წელს) ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში, მაგრამ კარიერის პიკი წინ ჰქონდა _ 1974 წლის მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატის ფინალში, როცა ანგარიში 1:1 იყო, იოჰან კროიფის ჰოლანდიის ნაკრების კარში გაიტანა კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი ბურთი და გერმანიის გმირად იქცა. მუნდიალზე ტრიუმფალურად გამოსვლის შემდეგ 28 წლის გოლვადორმა, მიუხედავად უამრავი თხოვნისა, დაღლილობა მოიმიზეზა და შეწყვიტა ნაკრების მაისურით თამაში, თუმცა “ბაიერნის” შემადგენლობაში გამოსვლაზე უარი არ უთქვამს. გერდმა “ბაიერნის” მაისურით მოიპოვა ევროპის ჩემპიონთა 3 თასი, საკონტინენტთაშორისო თასი და, რაც მთავარია, თითქმის ყველა მატჩში და ყველა ფინალში გაჰქონდა ბურთი.

მიულერმა გადაწყვიტა, კარიერა ამერიკის შეერთებულ შტატებში დაესრულებინა. მან ამერიკის კონტინენტზეც დაამტკიცა თავისი ოსტატობა და 1982 წელს საბოლოოდ დაანება თავი აქტიურ ფეხბურთს.

ყოველდღიურ ცხოვრებაში მიულერმა თავისი ადგილი ვერ იპოვა, გავლენა იქონია განათლების არქონამ. გერდი ალკოჰოლს მიეძალა. “როდესაც ფეხბურთს თავი დავანებე, უცებ მივხვდი, რომ ცხოვრებამ აზრი დაკარგა. ყოველ დილით მივდიოდი ერთსა და იმავე ბარში და ჭიქა ღვინით ხელში ვუყვებოდი გარშემო მყოფებს, როგორ გავიტანე ესა თუ ის ბურთი. საღამოს შინ ვბრუნდებოდი, სადაც მელოდებოდა ვისკი და “კოკა-კოლა”. მიუხედავად იმისა, რომ გერდი გულმოდგინედ მალავდა ალკოჰოლის სიყვარულს, მალე ყველამ შეიტყო, რომ ცოლმა მიატოვა და ცხოვრების ფსკერზე ეშვებოდა, მაგრამ მეგობრებმა “ბავარიიდან” არ მიატოვეს ბედის ანაბარა. ფრანც ბეკენბაუერმა გერდ მიულერი კლინიკაში გაგზავნა. 1995 წელს, როცა ბეკენბაუერის 50 წლისთავი დიდი ზარ-ზეიმით აღინიშნებოდა, გერდი კვლავ აღმოჩნდა ალკოჰოლური სასმელით სავსე მდიდრულ სუფრასთან, მაგრამ მოწვეულ სტუმრებს შორის ის ერთადერთი იყო, ვინც მინერალური წყლით იკლავდა წყურვილს.

მოამზადა ნიკა კორინთელმა

მიღწევები

კლუბში:

* გერმანიის ჩემპიონი _ 1968/69, 1971/72, 1972/73, 1973/74 წწ.

* გერმანიის თასის მფლობელი _ 1965/66, 1966/67, 1968/69, 1970/71 წწ.

* ევროპის ჩემპიონთა თასის მფლობელი _ 197374, 1974/75, 1975/76 წწ.

* თასის მფლობელთა თასის მფლობელი _ 1965/67 წწ.

* საკონტინენტთაშორისო თასის მფლობელი _ 1975 წ.

ნაკრებში:

* მსოფლიოს ჩემპიონი _ 1974 წ.

* ევროპის ჩემპიონი _ 1972 წ.

პირადი:

* ევროპის საუკეთესო ფეხბურთელისთვის განკუთვნილი პრიზის “ოქროს ბურთის” მფლობელი _ 1970 წ.

* მსოფლიოს ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი _ 1970 წ.

* ევროპის საუკეთესო ბომბარდირის პრიზ “ოქროს ბუცის” მფლობელი _ 1970, 1972 წ.

* გერმანიის საუკეთესო ბომბარდირი _ 1966/67, 1968/70, 1971/72, 1972/73, 1973/74, 1977/78 წწ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here