მთავარი პოლიტიკა განხეთქილების ბანკი და ხაზარაძის ვა-ბანკი

განხეთქილების ბანკი და ხაზარაძის ვა-ბანკი

262
გააზიარეთ
განხეთქილების ბანკი და ხაზარაძის ვა-ბანკი

ისტორიაში არც ისე ხშირია შემთხვევები, როდესაც ბანკირი ვაბანკზე მიდის და ხელისუფლებას საჯაროდ მძიმე ბრალდებებს უყენებს, რადგან დიდძალ ფულს სიჩუმე და სიმშვიდე უყვარს. მაგრამ მამუკა ხაზარაძე ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ წავიდა და მას შემდეგ, რაც შს მინისტრი გიორგი გახარია მუქარის შემცველი წერილის გამოგზავნაში დაადანაშაულა, უკან დასახევი გზა მოიჭრა.

მამუკა ხაზარაძემ, მისი თქმით, მიიტანა დაკითხვაზე პროკურატურაში არა წერილი, არამედ მისი ასლი, ხოლო ორიგინალი ლონდონში ექსპერტიზისთვის გაგზავნა. მისმა ადვოკატმა ზვიად კორძაძემ “პალიტრანიუსის” ეთერში განაცხადა, რომ “ლონდონში წერილზე არსებული ანაბეჭდების ექსპერტიზა ტარდება, რომელიც შემდეგ გამოძიებას გადაეცემა. ლონდონში მოხდება ანაბეჭდის აღრიცხვა და არა რომელიმე სხვა ანაბეჭდთან მისი შედარება. უფრო კონკრეტულად, ლონდონის ექსპერტიზა დაადგენს, არსებობს თუ არა მასზე ანაბეჭდები, რა ანაბეჭდებია და აღრიცხავს მათ. შესაბამისად, ამის შემდეგ ადგილობრივ საგამოძიებო ორგანოს შესაძლებლობა ექნება, ეს ანაბეჭდები ნებისმიერ სხვა ანაბეჭდებს შეადაროს”.

ექსპერტიზის დასრულების შემდეგ, რომელიც, დიდი ალბათობით, აღმოაჩენს, რომ ქაღალდზე რამდენიმე ანაბეჭდია, დაიწყება სკანდალის შემდეგი ეტაპი, რომელსაც შეიძლება “ანაბეჭდების შედარება” ვუწოდოთ. ხაზარაძის მხარე და ხელისუფლების ოპონენტები, სავარაუდოდ, წინა პლანზე წამოწევენ გახარიას ან სხვა პირების ანაბეჭდების შემოწმების თემას. პროცესი, მიუხედავად იმისა, რა ფორმით წარიმართება, გარკვეულ დროს დაიკავებს და ამ პერიოდში ხელისუფლებას, ასე ვთქვათ, “ეჭვმიტანილის სტატუსი” ექნება _ შეამოწმებენ, დაკითხვებს მოუწყობენ და ა. შ. ეს ხაზარაძესა და მის პარტნიორებს შესაძლებლობას მისცემს, ინიციატივას დაეუფლონ. თუ სკანდალის დასაწყისში ეჭვმიტანილის როლი (აქ იგულისხმება არა სამართლებრივი, არამედ საინფორმაციო და ფსიქოლოგიური მხარე) 2008-ში განხორციელებული ოპერაციის გამო, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს უკავშირდებოდა, ახლა ისინი ცდილობენ, მთავარ ეჭვმიტანილად გიორგი გახარია (და ზოგადად _ ხელისუფლება) წარმოაჩინონ, ხოლო საკუთარი თავი _ სისტემის მსხვერპლად. ეს საინფორმაციო ომის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტია, რომლის გათვალისწინების გარეშე “წერილის ინტრიგა” აზრს კარგავს.

დიდი ალბათობით, ეს იქნება საკმაოდ ხანგრძლივი, მომქანცველი სკანდალი, რომელიც ხელისუფლებას არცთუ უმნიშვნელო საიმიჯო ზიანს მოუტანს. რას მოუტანს ის მამუკა ხაზარაძეს? ის აცხადებს, რომ მისი მთავარი ინტერესი ამ ეტაპზე ანაკლიის პროექტის წარმატებული რეალიზაციაა. ამასთანავე, “ანაკლიის განვითარების კონსორციუმის” დირექტორმა ლევან ახვლედიანმა “ტვ პირველის” ეთერში ძალიან საყურადღებო კომენტარი გააკეთა: ეს პროცესები, რომლებიც ახლა მიმდინარეობს, ბუნებრივია, გვაფერხებს. შეშფოთებულნი არიან ბანკები. მოდის არაერთი შეკითხვაგვიწევს ახსნაგანმარტების გაკეთება და მათი დარწმუნება, რომ ყველაფერი რიგზეა. პირდაპირ მინდა ვთქვა, თუ ეს პროცესები არ დასრულდება და ამ გაუგებრობას ნათელი არ მოეფინება, ბანკები საბოლოო გადაწყვეტილებას არ მიიღებენ. სანამ ანაკლიის პორტის მთავარი სპონსორები გახვეულნი არიან, მსუბუქად რომ ვთქვათ, გაუგებრობაში, ბანკები ინვესტიციებზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას ვერ შეძლებენ. ეს არის ცალსახა. ეს პროცესი თუ უახლოეს პერიოდში არ დასრულდება, ანაკლიის პროექტი შეფერხდება”.

თუ ამ კომენტარით ვიხელმძღვანელებთ, გამოდის, რომ სკანდალისა და ხელისუფლებასთან დაპირისპირების გაგრძელება ანაკლიის პროექტის რეალიზაციას აფერხებს, ხოლო “წერილის ინტრიგა” ახანგრძლივებს დაპირისპირებას და მას უფრო მწვავეს ხდის. ამ საფუძველზე შეიძლება გაჩნდეს ეჭვი, რომ ხაზარაძის მიზანი არა მხოლოდ და არა იმდენად ანაკლიაა, რამდენადაც პოლიტიკაში მოსვლა თუ ხელისუფლების შეცვლა.

“წერილის ინტრიგა” მას შემდეგ დაიწყო, რაც დაპირისპირების პირველი ეტაპი დასრულდა და ხაზარაძე ჯაფარიძესთან ერთად “თიბისი ბანკის” სამეთვალყურეო საბჭოდან წავიდა (მის აქციონერად ის, ცხადია, რჩება). ხაზარაძეს შეეძლო აეღო პაუზა, რათა ანაკლიისთვის ფულის მოზიდვა უზრუნველეყო, ხოლო საუბარი იმაზე, რომ “თიბისის” საქმეში უსამართლოდ მოექცნენ, თუნდაც დროებით, წინასაარჩევნო პერიოდამდე, ოპოზიციისთვის, არასამთავრობოებისთვის და მედიისთვის დაეთმო. მაგრამ ის მაინც წინა ხაზზე გამოვიდა და წერილი ააფრიალა, რის შემდეგაც უცხოური ბანკები, დიდი ალბათობით, კიდევ უფრო დაშორდნენ “საბოლოო გადაწყვეტილებას”, რომელზეც ლევან ახვლედიანი საუბრობს. საიდან მოიტანს ხაზარაძე ფულს?

ხელისუფლების პოზიცია ამ საკითხზე ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა გაახმიანა: სახელმწიფომ ამ პროექტთან დაკავშირებული ვალდებულებების დიდი ნაწილი შეასრულა ან შესრულების პროცესშია და ველოდებით იგივე დინამიკას კერძო ინვესტორების მხრიდან. ჩვენც თანდათანობით გავაკეთებთ იმის მიხედვით, თუ რა დინამიკას დაინახავს კერძო სექტორის მხრიდან. აქ არის დიდ თანხებზე საუბარი. ჩვენ, უბრალოდ, არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ავდგეთ და ჩავანთხიოთ რამდენიმე ასეული მილიონი და მერე წლები ვუცადოთ კერძო ინვესტორს. ეს ხომ დაკარგული ფული გამოვა? …გვინდა, რომ არსებულმა კონსორციუმმა მოახდინოს მობილიზება თანხების, მოიზიდოს ინვესტორები და ეს პროექტი შედგეს (ტვ “პირველი”).

სიტუაცია ჩიხშია. თუ ხაზარაძის მოქმედებიდან გამომდინარე ვივარაუდებთ, რომ მისი მთავარი ინტერესი არა პორტის აშენება, არამედ ხელისუფლების შეცვლაა, ეს ბუნებრივად გაგვახსენებს გასული წლის გაზაფხულის მოვლენებს, როდესაც ხელისუფლებამ ლამის პირდაპირ დაადანაშაულა კვირიკაშვილისა და ხაზარაძის ალიანსი ივანიშვილის წინააღმდეგ მოქმედებაში; იმავე პერიოდში გახმაურდა ტერმინი “ბანკირების შეთქმულება”. როგორც ბიძინა ივანიშვილის შემდგომი კომენტარებიდან გამოჩნდა, დაპირისპირება 2017 წლის მიწურულს დაიწყო. მაშინ საზოგადოების ნაწილმა ჩათვალა, რომ ივანიშვილს რაღაც მოელანდა, ხოლო ცუდი დამოკიდებულება ხაზარაძის მიმართ გამოწვეულია რაღაც უმნიშვნელო ინციდენტით, წყენით და ა. შ., მაგრამ, როდესაც ხაზარაძეს სამართალდამცველები მიადგნენ, ბევრი მიხვდა, რომ საქმე გაცილებით სერიოზულადაა.

ბიძინა ივანიშვილი უცნაური კაცია, მაგრამ სულელს ნამდვილად არ ჰგავს. მას უნდა სცოდნოდა, რომ “თიბისი ბანკში” საგამოძიებო ორგანოების მოქმედება უარყოფით რეაქციას გამოიწვევდა, მას ბიზნესმენების დატერორებაში დაადანაშაულებდნენ და დაიწყებოდა საუბარი იმაზე, რომ “ქართული ოცნება” “ნაცმოძრაობისგან” არაფრით განსხვავდება, მაგრამ მან ხელი არ შეუშალა პროცესის წარმართვას ამ მიმართულებით, მიუხედავად იმისა, რომ ამის შესაძლებლობა ჰქონდა. რა ამოძრავებდა მას ამ შემთხვევაში _ რომელიმე აქტივის დაუფლების ან შურისძიების სურვილი? თუ მან ჩათვალა, რომ ხაზარაძე რეალურ საფრთხეს უქმნის? მეორე ვერსია ირიბად დასტურდება იმ სერიოზულობით, რომლითაც ის და მისი გუნდი კვირიკაშვილთან დაკავშირებულ ეჭვებს მოეკიდა.

ანაკლიის საკითხში სამი დიდი სახელმწიფოს ინტერესი იკვეთება _ რუსეთის, აშშ-ისა და ჩინეთის. პროექტის საწყის სტადიაზე იყო საუბარი ამერიკული და ჩინური ინტერესების ლობისტების დაპირისპირებაზე. ახლა ხელისუფლების ოპონენტებმა წინა პლანზე რუსეთის თემა წამოწიეს და ამბობენ, რომ მოსკოვს პროექტის ჩაშლა სურს, ხოლო ივანიშვილი და გახარია მას ხელს უწყობენ.

ამერიკელების დაინტერესება ამ პროექტით ტრამპის გაპრეზიდენტებამდე დაიწყო, ანუ სანამ სამხრეთ კავკასიისა და სხვა შორეული რეგიონების პრიორიტეტულობა აშშ-ის საგარეო პოლიტიკაში შემცირდებოდა. იმ პერიოდში რუსულ მედიაში გაჩნდა რამდენიმე წერილი იმის თაობაზე, რომ კრემლმა არ უნდა დაუშვას საქართველოში ამერიკული საზღვაო ბაზის შექმნა. ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსი და ექსპერტი დღეს პროექტის გეოპოლიტიკურ მნიშვნელობაზე საუბრობს, იმაზე, რომ ანაკლია ხელს შეუწყობს ამერიკული გავლენის ზრდას.

ამერიკული და რუსული ინტერესების გადაკვეთა ანაკლიაში სერიოზული კონფლიქტის საფრთხეს ქმნის, ხოლო ჩინური ფაქტორის გაძლიერებამ წინააღმდეგობა შეიძლება შეარბილოს და პროექტს სუფთა ეკონომიკური ხასიათი მისცეს, რაც, ალბათ, მისაღები იქნება უმრავლესობისთვის, მაგრამ არა ყველასთვის. სხვათა შორის, ერთი წლის წინათ ირაკლი ღარიბაშვილი ერთერთი უმსხვილესი ჩინური კომპანიის რეგიონულ მრჩევლად დაინიშნა. მას ჩინეთთან სხვა კავშირებიც აქვს. ცხადია, მისი დაბრუნება პოლიტიკაში იმ მომენტში, როდესაც ანაკლია ყურადღების ცენტრში მოექცა, შეიძლება უბრალო დამთხვევა არ იყოს.

ყველაზე საინტერესოა, რას ურჩევენ ხაზარაძეს მისი დასავლელი პარტნიორები _ გამწვავებაზე წავიდეს თუ კონფლიქტი ჩააქროს, მაშინ, როდესაც დღეს ის ანაკლიის პროექტის მიმართ სულ უფრო ხშირად ხელმძღვანელობს პოლიტიკის და არა ბიზნესის ლოგიკით.

ხელისუფლება ამ ეტაპზე აგებს საინფორმაციო ომს; “წერილის ინტრიგის” დაწყების შემდეგ, მას ახლო მომავალში გაუჭირდება “თიბისი ბანკთან” დაკავშირებული 2008 წლის ამბის გამოძიების მოსალოდნელ ფინალამდე მიიყვანა, რადგან საზოგადოების დიდი ნაწილი მის მოქმედებას უხეშ ზეწოლად აფასებს. ქართულ ოცნებაშიგანხეთქილებაა, მისი ამომრჩეველი უკმაყოფილოა, ოპოზიცია გაზაფხულზე აპირებს მაჟორიტარული არჩევნების გაუქმების მოთხოვნით საპროტესტო ტალღა ააგოროს. თუ ამ ფონზე მამუკა ხაზარაძე ბიზნესმენების თუნდაც მცირე ნაწილსააბუნტებს” (ამ ეტაპზე მისთვის სასურველი ნაბიჯები ვასილ სოფრომაძემ და ფადი ასლიმ გადადგეს), ხელისუფლების მდგომარეობა შეიძლება მეტად გართულდეს. ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ივანიშვილსა და ხაზარაძეს და მათ უკან მდგომ ძალებს შორის კონფლიქტის დარეგულირება ნაკლებად სავარაუდოა. ეს ვერ მოხერხდა კვირიკაშვილის გადაყენებისა და საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში, ახლა კი, “წერილის ინტრიგის” დაწყების შემდეგ, პრაქტიკულად გამოირიცხა. კონფლიქტის გაწელვა უსასრულობამდე არც ერთ მხარეს ხელს არ აძლევს. შესაბამისად, უნდა ვივარაუდოთ, რომ ორივე ერთმანეთს მთელი ძალით შეუტევს.

ლუკა ნემსაძე

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here