მთავარი ისტორია გავიცნოთ და ვისწავლოთ სტალინი

გავიცნოთ და ვისწავლოთ სტალინი

სტალინი _ მონატრება თუ აუცილებლობა?

1788
გააზიარეთ
სტალინი და რომენ როლანი

სტალინის ფენომენზე ჩემი ხანგრძლივი მუშაობის განმავლობაში მკითხველს უამრავი შტრიხი მოვაწოდე მისი პორტრეტის შესაქმნელად. შტრიხები არამხოლოდ მის ფენომენურ პოლიტიკურ, სამხედრო, სამეცნიერო, საკონსტრუქტორო, არქიტექტურულ, მხატვრულ, მთარგმნელობით თუ პოეტურ გენიალურობაზე, არამედ მის ზებუნებრივ შრომისმოყვარეობასა და შინაგანი ფარული ხმის მიღების საიდუმლოებაზეც კი.

სტალინის ფენომენზე მომუშავე მეცნიერებმა პოსტსაბჭოთა სივრცესა თუ მსოფლიოს სხვადასხვა ინსტიტუტში ათასობით სქელტანიანი ტომი შექმნეს. ერთ-ერთმა, სტალინის ფენომენის შესწავლაზე თავშეწირულმა უცხოელმა მეცნიერმა მას ორასი სქელტანიანი ტომი მიუძღვნა. ბოლოს, როდესაც დაინახა, რომ სტალინის პიროვნებასა და შემოქმედებაზე წერას დასასრული არ უჩანდა, კვლევას თავი დაანება.

სტალინის მიერ გაკეთებული საქმეები და გიგანტური ნაბიჯები, რომლებიც სინამდვილედ ქცეული ფანტასტიკაა, მინდა, გავაანალიზო და გაგაცნოთ დასკვნა, რომლის კრებითი სახელი იქნება: “გავიცნოთ და ვისწავლოთ სტალინი”.

1935 წელს კრემლში სტალინთან სტუმრად დიდი ფრანგი ჰუმანისტი რომენ როლანი იმყოფებოდა. სტალინი მას დიდი გულისხმიერებითა და ქართული სტუმართმოყვარეობით შეხვდა. შეხვედრას პარტიული ჩინოსნები და ინტელიგენციის თვალსაჩინო წარმომადგენლები დაესწრნენ. სტალინთან შეხვედრის შემდეგ კრემლის კაბინეტიდან ბევრი უცხოელი ჟურნალისტი, სახელმოხვეჭილი სახელმწიფო მოღვაწე თუ საქვეყნოდ აღიარებული ჰუმანისტი ნირწამხდარი გამოსულა. ისინი სტალინის ძალისხმიერი პოლიტიკიდან გამომდინარე კი არ გამოსულან დამარცხებულები, არამედ სტალინის სიბრძნითა და კოსმოსური ხედვის მიუწვდომლობით. ბევრიც სპეციალური მომზადებით სწვევია სტალინს დასამარცხებლად, მაგრამ, როგორც ამერიკელი მეცნიერი, მწერალი და სოვეტოლოგი ალექს დე იონგი აღნიშნავს, “ჩერჩილს ეგონა, რომ, როდესაც კრემლში სტალინს ეწვეოდა, მას თავის ნებას თავს მოახვევდა, მაგრამ მოხდა საპირისპირო რამ _ ჩერჩილი სტალინის ნებისა და სურვილის შემსრულებლად იქცა”.

რომენ როლანმა პირველივე წუთებიდანვე გამოიწვია ხალიჩაზე “დიქტატორი” სტალინი და, როგორც დიდ ჰუმანიტს შეეფერება, პირველივე ილეთის ჩატარება სწორედ რეპრესიების მოშველიებით სცადა:

_ ნებისმიერი სახის რეპრესიები, რაოდენ კეთილ მიზანსაც უნდა ემსახურებოდეს, ბოროტებაა და კეთილსინდისიერებისგან შორს დგას.

ჰუმანისტის ესოდენ გაბედულ შეტევას სტალინმა თავშეკავებით უპასუხა:

_ ვერ წარმოვიდგენდი, თუ მწერალი პოლიტიკოსთან პოლიტიკაზე პოლემიკაში დახარჯავდა დროს. ვფიქრობდი, გაცილებით მნიშვნელოვანი იქნებოდა თქვენი შეხვედრა საბჭოთა კოლეგებთან, თუმცა გპირდებით, პაექრობის შემთხვევაში არ დაგინდობთ.

_ მე თქვენი თვალსაზრისი უფრო მაინტერესებს, ამხანაგო სტალინ.

_ მაშინ უნდა მოგახსენოთ, რომ წმინდანთა სწავლება კარგია და სასარგებლოც, მაგრამ სახელმწიფოს მართვა სჭირდება და ამ დროს ბოროტებას აღვირი უნდა ამოსდო, ადამიანების გარკვეული ჯგუფის დაუსჯელობის შემთხვევაში, ზიანი ხალხს მიადგება. კარგია, როდესაც სულის გადარჩენას ლამობ, მაგრამ სხვაა, როცა, როგორც პოლიტიკოსი, ვალდებული ხარ, ადამიანთა სულსა და სხეულზე იზრუნო. განდეგილობა და ბერობა სხვადასხვა პასუხისმგებლობაა, მეფის ხელისუფლება _ აბსოლუტურად სხვა.

ფრანგმა მწერალმა უკან არ დაიხია:

_ მიზანი არ ამართლებს საშუალებას, ამხანაგო სტალინ.

სტალინმა უპასუხა:

_ გული შეიძლება სხვას გკარნახობს და ადამიანად დარჩენას გთხოვს, მაგრამ სახელმწიფო მოღვაწე ხარ და ძალას პოულობ საკუთარ თავში, მოიქცე ისე, როგორც არასოდეს მოიქცევა ჩვეულებრივი მოქალაქე. იმისათვის, რომ ძლიერი სახელმწიფო გინდოდა, დესპოტს დაგიძახებენ. ეს ადვილი არ არის, სამაგიეროდ ბოროტება დაითრგუნება და პატიოსანი ადამიანი გაიხარებს. ბუნებრივია, გაგიჩნდებათ კითხვა: რომელი სიკეთის დასამკვიდრებლადაა საჭირო ეს, არსებობს კი ასეთი სიკეთე? – არსებობს, და ეს არის სახელმწიფო. ამიტომ, თუ ადამიანი გადაწყვეტს, პოლიტიკას მისდიოს, საკუთარი თავისთვის არაფერი უნდა აკეთოს. ყველაფერი სახელმწიფოსთვის _ აი როგორი დევიზი უნდა ჰქონდეს მას. მეფე ტყუილად არ ატარებს ხმალს. ის უნდა აშინებდეს ბოროტმოქმედთ და ახალისებდეს ღირსეულთ.

როლანმა აღიარა, რომ სტალინთან პოლემიკაში იგი სასტიკად დამარცხდა. გარდა ამისა, საუბრის შემდეგ აღნიშნა:

_ მისი მყისიერი ანალიზის, შედარების, შესაძლებლობათა გამოთვლის არაემოციური და, ამასთანავე, ობიექტური მიდგომის უნარი გაკვირვებას იწვევს ჩემში. ის უდავოდ გენიოსია.

სოჭის აგარაკზე სტალინმა თვალი მოჰკრა გაზეთ “პრავდა”-ში გამოქვეყნებულ ჩერჩილის სიტყვებს. ბრიტანეთის პრემიერი მეტისმეტად აქებდა წითელ არმიას და პანეგრიკს უძღვნიდა სტალინს: მე არ ძალმიძს, უდიდესი აღფრთოვანების გარდა სხვა რამეს განვიცდიდე ამ ჭეშმარიტად დიდი ადამიანის, თავისი ქვეყნის მამის მიმართ, რომელიც მშვიდობიანობის პერიოდში განაგებდა ქვეყნის ბედს და გამარჯვებით დაიცვა იგი ომის პერიოდშიც”.

იმავე დღეს სტალინმა დეპეშა გაგზავნა კრემლში ოთხეულის სახელზე:

შეცდომად მიმაჩნია, რუსეთისა და სტალინის ქებადიდების შესახებ ჩერჩილის სიტყვის გამოქვეყნება _ ეს ჩერჩილს იმისთვის სჭირდება, რომ სინდისი (რომელიც სუფთა არ აქვს) დაიმშვიდოს და შენიღბოს თავისი მტრული დამოკიდებულება საბჭოთა კავშირისადმი, კერძოდ, შენიღბოს ის ფაქტი, რომ სწორედ ჩერჩილი და მისი მოწაფეები ლეიბორისტული პარტიიდან არიან საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ ინგლისურამერიკულფრანგული ბლოკის ორგანიზატორები. ამჟამად ჩვენთან ბევრი პასუხისმგებელი მუშაკი გულუბრყვილოდ აღტაცებულია ჩერჩილების, ტრუმენების თუ ბირნსებისგან ქებადიდების გაგონებაზე. ამგვარი განწყობა სახიფათოდ მიმაჩნია, რადგან საზღვარგარეთელი ფიგურების მიმართ მაამებლობას ამკვიდრებს ჩვენში. იმაზე აღარაფერს ვამბობ, რომ საბჭოთა ლიდერებს არაფრად სჭირდებათ უცხოეთის ლიდერების ქება, მე რაც შემეხება, ამგვარი ქება, უბრალოდ, მეჩოთირება კიდეც. . სტალინი”.

ძვირფასო მკითხველო! რამით ჰგავს ზემოთ მოყვანილი მაგალითები იმ ხელმძღვანელებს, რომლებიც დღეს განაგებენ პოსტსაბჭოთა სივრცეს?

მსოფლიოს ერთერთმა უდიდესმა ჰუმანისტმა რომენ როლანმა უკან წაიღო სტალინის მიმართ დასმული შეკითხვა რეპრესიების შესახებ და მას გენიოსი უწოდა. ჩვენ რატომ უნდა ვუწოდოთ მას უცოდინარი, მკვლელი და ტირანი?!

იტალიის მშვენიერებითა და სიმდიდრით ყველაზე ცნობილ საზოგადოებრივი თავშეყრის დარბაზში დუჩე მუსოლინის პანოა გაკეთებული, დუჩე მუსოლონისა, რომელიც იტალიელმა ხალხმა ავტობუსების გაჩერებაზე ჩამოახრჩო საყვარელთან ერთად. ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში “დაცემულთა ველად” წოდებულ სასაფლაოზე შემაღლებულ ადგილას ცამდე აწვდილი გიგანტური ჯვარი სრულიად ესპანეთს ამცნობს, რომ ამ ქრისტიანული სიმბოლოს ქვეშ ასვენია კატალონიის ჯალათად წოდებული ფრანსისკო ფრანკოს ნეშტი. აშშ-ის ერთმა გამომცემლობამ დასტამბა წიგნი სათაურით “ჰიტლერი _ პლანეტის ყველაზე დიდი ადამიანი”.

მოსკოვში ელცინის უდიდესი მემორიალური მუზეუმია და ანდროპოვის ქუჩა, მაშინ, როდესაც არსად მოიხსენიება ბრეჟნევი, ჩერნენკო, სტალინი… ხოლო გარბაჩოვის საერთაშორისო ფონდი არსებობს, როგორც სახელმწიფოებრივი საგანძური.

როდესაც დამნაშავე მამის დასმენის გამო პავლიკ მოროზოვის სახელმწიფო ჯილდოზე წარდგენის ბრძანებულების პროექტი ხელმოსაწერად სტალინს შეუტანეს, მან წაიკითხა და განაცხადა: “მე ამ ბრძანებულებას ხელს არ მოვაწერ, ხელი სხვამ მოაწეროს. ისე, კარგი გარეწარი ყოფილა ეს თქვენი პავლიკა”.

ოქსფორდის უნივერსიტეტის გამომცემლობამ დასტამბა სამეცნიერო წიგნი “რუსეთის ისტორია”. ამ წიგნის დასაწერად გარდაქმნის პერიოდში საბჭოთა კავშირის “საიდუმლო” და “სრულიად საიდუმლო” მასალების “გასაცნობად” არქივებში შეუშვეს 7 ინგლისელი და 6 ამერიკელი “მკვლევარი-ისტორიკოსი”. გარბაჩოვის მიერ დაქირავებული “მკვლევარ-ისტორიკოსები” სიმართლეს ვერ გაექცნენ (სავარაუდოდ, ერთმანეთის შიშით) და იმ თავში, რომელშიც სტალინის ეპოქაზეა საუბარი, დაწერეს:

ვისაც იოსებ სტალინი მონსტრად მიაჩნია, ცდება. იგი პრინციპული ადამიანი იყო და გაცილებით ნაკლები დანაშაული მიუძღვის რეპრესიებში, ვიდრე მას მიაწერენ. თუ გამოვრიცხავთ ხრუშჩოვის მიერ გაყალბებულ დოკუმენტებს, ყოველგვარ პროპაგანდას, მითებსა და სენსაციებს, რეპრესირებულთა საერთო რაოდენობა 700 000 ადამიანს არ აღემატება”.

მეცნიერი და ჟურნალისტი ლევ ონიკოვი წერს:

თავს შევიკავებდი სიტყვათა წყობის _ “კომუნისტური დიქტატურა” _ გამოყენებისგან. უნდა შეიგნოთ, რომ სტალინი კომუნისტი არ იყო. სტალინი უდიდესი პოლიტიკური მოღვაწე გახლდათ, რომლის მსგავსი, ალბათ, ათას წელიწადში ერთხელ იბადება. იგი ჩვეულებრივი ადამიანებისათვის მიუწვდომელი ნიჭისა და გონების პატრონი იყო, შემუშავებული ჰქონდა უდიდესი პოტენციალის მქონე, უზარმაზარი სახელმწიფოს მმართველობის დოქტრინა. 1944 წელს ყველა დარწმუნებული იყო, რომ საბჭოთა კავშირი, როგორც ქვეყანა, გაქრებოდა მსოფლიოს რუკიდან, ხოლო 1945 წელს ფიქრი იმაზე გადავიდა, რომ დანგრეული რუსეთის აღდგენა 1965 წლამდე გაგრძელდებოდა, 1940 წლის დონეს რომ დაბრუნებოდა. ომში მონაწილე ქვეყნებს შორის საბჭოთა კავშირმა პირველმა მოხსნა მოსახლეობისთვის საბარათო სისტემა 1947 წელს. დიდმა ბრიტანეთმა კი მხოლოდ 1950 წელს შეძლო პურზე საბარათო სისტემის გაუქმება”.

ამერიკის ელჩი რუსეთში ავერელ ჰარიმანი ომის შემდგომ თავის ჩანაწერებში იგონებს:

ჩემი მთავრობის დავალებით მივედი სტალინთან და ვუთხარი: თქვენს ქვეყანას ახლა ძალიან უჭირს, ჩვენ გავიტანთ კრემლიდან საგანძურის ნაწილს და გავგზავნით ამერიკაში, სანაცვლოდ, ხუთი ხუთწლედის ფულს გადაგიხდით (წარმოიდგინეთ, რამხელა თანხა იქნებოდა _ გრ. ონიანი). სტალინმა შემომხედა, ძლივს დაიოკა რისხვა და გაღიზიანებულმა მითხრა: ბატონო ჰარიმან, გადაეცი თქვენს პრეზიდენტს და თქვენს ხალხს, რომ მე რუსეთის ღირსებით არ ვვაჭრობ”.

სტალინი, მით უმეტეს, არ ვაჭრობდა ქართული ღირსებითა და ქართული მიწებით. მან 1944 წელს პოლიტბიუროს სხდომაზე გაიტანა საკითხი და დადგენილებაც მიიღო მენშევიკების მიერ გატაცებული საქართველოს განძეულობის საქართველოში დაბრუნების თაობაზე და მოსთხოვა საგარეო საქმეთა სამინისტროს, დაეწყოთ ოფიციალური მოლაპარაკება განძის დაბრუნებაზე, რაც 1945 წლის გაზაფხულზე შესრულდა კიდეც.

რა ხერხს არ მიმართა, როგორმე ომში ჩაეთრია თურქეთი, რათა ჰიტლერის დამარცხების შემთხვევაში, საქართველოს ისტორიული მტერი და მტანჯველი ოსმალეთი სისხლში ჩაეხრჩო და საქართველოს კუთვნილი მიტაცებული მიწების სანაცვლოდ ორმაგად აენაზღაურებინა თავისი სამშობლოს დანაკლისი.

სტალინის განზრახვა მხედველობიდან არ გამორჩა ჩერჩილს, რის გამოც ცდილობდა კავკასიაში ჯარის შემოყვანას, რათა ბათუმითა და ახალციხით დაინტერესებულ თურქეთს საბჭოთა კავშირისთვის ომი არ გამოეცხადებინა რასაც თურქეთის საბოლოო გაქრობა მოჰყვებოდა, როგორც სახელმწიფოსი. ჩერჩილის თხოვნა კავკასიაში ჯარების განლაგებაზე ვიაჩესლავ მოლოტოვმა სტალინს მოახსენა, რაც მოლოტოვის მიერ მწერალ ჩუევისავის მიცემულ ინტერვიუშია აღნიშნული:

სტალინმა შეუმჩნეველი ღიმილით ულვაშებზე ჩიბუხის ტარი გადაისვა და მომმართა: “გადაეცით ჩერჩილს, რომ კავკასიას ჩვენ დავიცავთ. თუ მათ ჩვენი დახმარება სურთ, ფრონტის ხაზი 2000 კილომეტრზეა გადაჭიმული”. მოლოტოვმა მტკიცე უარი განუცხადა ჩერჩილს კავკასიაში ბრიტანული ჯარების შეყვანაზე. ნირწამხდარმა ჩერჩილმა 1941 წლის 8 ოქტომბერს ყველაზე კრიტიკულ მომენტში შემდეგი შინაარსის წერილი გაუგზავნა ჯერ ბრიტანელ პოლიტიკოს სტეფორდ კრიპსს, შემდეგ კი ამერიკის პრეზიდენტს:

“ვწუხვარ, რომ მოლოტოვი უარს ამბობს, ჩვენი ძალები გაგზავნილი იქნას კავკასიაში. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა თურქეთი არ აჰყვეს გერმანიის მიერ რუსეთის ხარჯზე აღქმული ტერიტორიების გაფართოების ცდუნებას”.

ჩერჩილის ეს წერილიც იმის უტყუარი დოკუმენტია, რომ სტალინს ნებისმიერ ფასად უნდოდა, თურქეთზე ჯავრი ეყარა. დღეს კი თავცარიელი ქართველები, დიდი თუ პატარა, გაიძახიან: რატომ არაფერი გაუკეთა სტალინმა საქართველოსო.

მოლოტოვის მიერ ჩერჩილის უარით გასტუმრების შემდეგ სტალინი ესაუბრა მოლოტოვს:

დიახ, ინგლისი და ამერიკა დაგვეხმარებიან, მაგრამ არა მანამდე, სანამ არ შეიქმნება შემდეგი სამი სიტუაცია: პირველი _ როდესაც ჩვენ, როგორც სახელმწიფო, განადგურების პირას აღმოვჩნდებითაი მაშინ კი გამოეშურებიან დასახმარებლად, რადგან შეეშინდებათ, რომ გამარჯვებული გერმანია მოინდომებს ინგლისის დაპყრობასაც; მეორე _ როდესაც დაინახავენ, რომ სისხლისგან ვიცლებით და შეიძლება ზავზე დავთანხმდეთ, თუკი გერმანია შემოგვთავაზებს; რაც შეეხება მესამე სიტუაციას, მასზე ჯერ ადრეა ლაპარაკი. ეს მაშინ მოხდება, როცა წითელი არმია გაანადგურებს ჰიტლერის არმიას. მაშინ ინგლისი და ამერიკა მოაწყდებიან ევროპას, ერთი მხრივ, ფაშისტების გასანადგურებლად და, მეორე მხრივ, მათი უმთავრესი მიზანი იქნება, არსად, არც დასავლეთ და არც სამხრეთაღმოსავლეთ ევროპაში, სოციალიზმი არ დაფუძნდეს”.

1941 წლის ნოემბერში მტერი მოსკოვის მისადგომებთან იდგა და დიდ თეატრს ბომბავდა. ჩერჩილს არ გამოუთქვამს სურვილი, რომ ბრიტანული ჯარები მოსკოვის მისადგომებს დაიცავდნენ. მას მხოლოდ ის აწუხებდა, თურქეთი მომავალში არ დაზარალებულიყო საბჭოთა კავშირისგან. სტალინიც ზუსტად ხვდებოდა მოკავშირეთა ვერაგობას. საბჭოთა კავშირი 1941-42 წლებში არ დაიცალა სისხლისგან. ამით პირველი ეტაპი დამთავრდა და მეორე ფრონტიც არ გახსნილა, მაგრამ მოხდა სხვა რამ: 1942 წლის ბოლოს მოულოდნელად ჩაესვენა ფაშისტური გერმანიის საბჭოთა კავშირზე გამარჯვების მზე. სტალინის ქალაქში მტრის 300 ათასი ჯარისკაცი რკინის სალტეში მოექცა და ფელდმარშალი პაულიუსი ტყვედ აიყვანეს.

ტყვედ აყვანილი და გმირულად დაღუპული ფელდმარშალი პავლიუსის მდიდრულად მორთულ კუბოზე ბერლინში ჰიტლერმა ბრილიანტებით შემკული ფელდმარშლის ხმალი დადო და სიტყვა წარმოთქვა: “მხეცებთან ტყვედ ყოფნას ფელდმარშალმა მათთან თავგანწირული შებმა და სიკვდილი არჩია”. არადა, ამ დროს ოფიცრის ღირსებაშენარჩუნებული ფელდმარშალი პაულიუსი მოსკოვში წითელი არმიის შტაბში ინტელიგენტური მანერებით ეცნობოდა სტალინგრადის უკვე ჩატარებული ოპერაციის გეგმას.

ჩერჩილი და რუზველტი ყველანაირად ცდილობდნენ საბჭოეთის მმართველთან შეხვედრას. უამრავი შეთავაზებისა და თხოვნის შემდეგ სტალინი დათანხმდა, მოკავშირეებს თეირანში შეხვედოდა. ამერიკის პრეზიდენტი რუზველტი და სტალინი პირველად ხვდებოდნენ ერთმანეთს, ჩერჩილი და სტალინი კი _ მესამედ. თავისი ქცევითა და ჩაცმულობით გამორჩეულ სტალინს თეირანში ჩასული ყველა პოლიტიკოსი და სამხედრო პირი განსაკუთრებული ყურადღებით აკვირდებოდა. ბედნიერი იყო ის, ვისაც წილად ხვდებოდა, სტალინს მისალმებოდა თუ მასთან წუთიერად ესაუბრა. სხდომებზე ხომ ყველა სტალინს უყურებდა, საუბრობდა თუ არა ის”, _ იგონებს იმხანად სსრკ-ის წარმომადგენელი აშშ-ში, ხოლო მოგვიანებით საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი გრომიკო.

თეირანის კონფერენციის ყველა სხდომის მონაწილე იყო ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი კორდელ ჰალი, რომელმაც თავის სამახსოვრო დღიურში ჩაწერა: “სტალინი განსაცვიფრებელი პიროვნებაა. იგი იმ უიშვიათესი ხელმძღვანელთაგანია, რომლის მსგავსი აღარ ეყოლება მსოფლიოს უახლოესი 500 წლის განმავლობაში”.

ჰიტლერის “ვახშმის საუბრებში” შეხვდებით სახელმწიფოთა მეთაურების ჰიტლერისეულ შეფასებებს: “რუზველტი _ დამნაშავე, ნაძირალა, სულით ავადმყოფი; ჩერჩილი _ ლოთი, გამყიდველი, მატყუარა, კვადრატული სიფათით, დაღებული პირით; სტალინი _ მსოფლიო ისტორიის უმნიშვნელოვანესი ფიგურა, გიგანტი, კოლოსალური პიროვნება; ჩერჩილი ტურაა, სტალინი – ვეფხვი”.

1939 წელს სტალინმა, როდესაც საბოლოოდ დარწმუნდა, რომ გერმანიასთან ომი გარდაუვალი იყო, ხოლო სახელმწიფო არ იყო მზად ომისთვის, ახალ-ახალი იარაღის ათვისებასთან ერთად ქვეყანაში პატრიოტიზმის ასამაღლებლად ფართოდ გაშალა პროპაგანდისტული მოძრაობა. იქმნებოდა მხატვრული ნაწარმოებები, იდგმებოდა სხვადასხვა სახისა და ჟანრის პატრიოტული პიესები და სამშობლოსთვის თავდადების ამსახველი სპექტაკლები.

სტალინმა საქართველოს ხელმძღვანელობას მოსთხოვა, სახალხო გმირ გიორგი სააკაძის თემაზე შექმნილი კინოსცენარი, რომლის მიხედვითაც სასწრაფოდ უნდა გადაეღოთ ფილმი. ქართველებმაც არ დააყოვნეს დავალების შესრულება და სტალინს წარუდგინეს გიორგი სააკაძის ფილმისთვის ორი კინოსცენარი: ერთი _ გიორგი ლეონიძის რომანის მიხედვით შექმნილი, ხოლო მეორე _ ანა ანტონოვსკაიასა და ჩორნის რომანის მიხედვით შექმნილი. სტალინმა ორივე სცენარი გულდასმით განიხილა და ისტორიის ღრმა ცოდნითა და კინოხელოვნების გათვალისწინებით, ორივე 1940 წლის 11 ოქტომბერს თავისი რეზოლუციით გაუგზავნა საბჭოთა კავშირის კინემატოგრაფიის საკავშირო კომიტეტის თავმჯდომარე ბოლშაკოვს.

გიორგი სააკაძე

გთავაზობთ ამ წერილის სრულ ტექსტს:

ამხანაგ ბოლშაკოვს!

ასლი ლეონიძეს, ასლი ანტონოვსკაიასა და ჩორნის!

ამ დღეებში მივიღე ორი სცენარი თემაზე “გიორგი სააკაძე”. ერთი ანტონოვსკაიასა და ჩორნის, მეორე _ ლეონიძის. ჩემი აზრით, ლეონიძის სცენარი წარუმატებელია. იგი ღარიბია მხატვრულად. რამდენადმე პრიმიტიულია ისტორიული მასალის შერჩევისა და გამოყენების თვალსაზრისითაც. ანტონოვსკაიასა და ჩორნის სცენარი თავისუფალია ამგვარი ნაკლოვანებებისგან, მაგრამ მას აქვს სხვა ხარვეზი. იგი მთავრდება სააკაძის პოლიტიკის გამარჯვებით, აპოთეოზით. მაგრამ ასეთი ფინალი, როგორც ცნობილია, არ შეეფერება ისტორიულ სინამდვილეს და ქმნის ყალბ წარმოდგენას საქართველოს წარსულზე. სინამდვილეში, როგორც ისტორია მოგვითხრობს, სააკაძის პოლიტიკამ, თუმცა პროგრესულმა საქართველოს მომავალი პერსპექტივის თვალსაზრისით, მარცხი განიცადა (ხოლო თვითონ სააკაძე დაიღუპა), რადგან სააკაძისდროინდელი საქართველო ჯერ კიდევ არ იყო მომწიფებული ასეთი პოლიტიკისთვის ე.ი., მისი გაერთიანებისათვის ერთ სახელმწიფოდ სამეფო აბსოლუტიზმის განმტკიცებისა და თავადთა ხელისუფლების ლიკვიდაციის გზით. მიზეზი ნათელია: თავადები და ფეოდალები უფრო ძლიერნი აღმოჩნდნენ, ხოლო მეფე და აზნაურები _ სუსტნი, ვიდრე სააკაძე ფიქრობდა. სააკაძე გრძნობდა ამ შინაგან სისუსტეს და შეეცადა, დაეძლია იგი საქმეში გარეშე (უცხო) ძალის ჩართვით, მაგრამ საგარეო ფაქტორის ძალას არ შეეძლო ქვეყნის შინაგანი სისუსტის კომპენსაცია. როგორც ცნობილია, ეს ასე მოხდა. ამ გადაუჭრელი წინააღმდეგობების ვითარებაში სააკაძის პოლიტიკას უნდა განეცადა და კიდეც განიცადა დამარცხება. ვფიქრობ, ეს ისტორიული სიმართლე უნდა აღდგეს ანტონოვსკაიასა და ჩორნის სცენარში. და, თუკი აღდგენილი იქნება, ანტონოვსკაიასა და ჩორნის სცენარი შეიძლება მივიჩნიოთ საბჭოთა კინემატოგრაფიის ერთ-ერთ საუკეთესო ნაწარმოებად”.

კინოთეატრებში 1941 წელს გამოვიდა ფილმის პირველი სერია, რომელიც იმხანად უპოპულარულესმა ქართველმა კინორეჟისორმა მიხეილ ჭიაურელმა გადაიღო. გადაღების ყველა ეპიზოდი საჭირო მასობრივი სცენებით სტალინის უშუალო ბრძანებითა და დახმარებით იქნა შესრულებული. ფილმმა წამოუდგენელი ეფექტი გამოიღო. მეორე სერიის გადაღება 1942 წელს დასრულდა, მას პირდაპირი მინათებით სტალინგრადის შენობების ჩამონგრეულ კედლებზე აჩვენებდნენ, როგორც მომხვდურ მტერს, ისე საბჭოთა ჯარიკაცებს. სწორედ ეს ფილმი ჰქონდა წაღებული თეირანში სტალინს, რომელიც საზეიმოდ უჩვენა ჯერ რუზველტსა და ჩერჩილს, შემდეგ კი _ თეირანში ჩასულ ყველა სტუმარს, აგრეთვე, მასპინძლებს.

ირანის ახალგაზრდა შაჰმა სტალინს შეჰბედა და სთხოვა, საბჭოთა კავშირს ირანისათვის დაეთმო შაჰ-აბასის როლის შემსრულებელი მსახიობი, რომელსაც ირანში ხელისგულზე ატარებდნენ. რა უპასუხა სტალინმა ირანის შაჰს, ამას შევიტყობთ, როდესაც გავეცნობით აკაკი ვასაძის მოგონებებს სტალინზე.

გრიგოლ ონიანი

(გაგრძელება შემდეგ ნომერში)

გააზიარეთ

3 COMMENTS

  1. გააგრძელეთ, ბატონო გრიგოლ, კალმის დადების დრო არ არის. თქვენს გასაკეთებელს სხვა ვერ გააკეთებს.

  2. აი რას უნდა კითხულობდეს, სწავლობდეს და ითავისებდეს ჩვენი მოსახლეობა (განსაკუთრებით ახალგაზრდობა!)!!! ვაგლახ, რომ ამ დროს იგი სიბინძურით სავსე საინფორმაციო სივრცეში “იძენს ცოდნას”!!!

  3. grigol onians! RA ARIS BATONO GRIGOL MIZEZI IMISA ROM,KOVEL CELS,AXALI PARTIEBI IKMNEBIAN DA IKMNEBIAN. KMNIAN PARTIAS PULIT,AMITOMAC AM PARTIEBIS MIZANI.DAXARDJULI PULIS AMOGEBAA UPIRVELESI.TKVENI AZRIT RA XDEBA? XOM AR DJOBIA ,KOMUNISTEBIS METODIT;PARTIULI BILETIS MKONES SACEVRO GADASAXADEBIS AGDGENAZE DA GACEVRIANEBIS PROCEDURUL SISTEMAZE; TU UKVE AR GAKVT HAMOKALIBEBULI. MAGALITI XOM GVAKVS HINETI.

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here