Home რუბრიკები ისტორია ბრიტანელების მიერ ბათუმის ოკუპაცია 1918 წელს

ბრიტანელების მიერ ბათუმის ოკუპაცია 1918 წელს

1839
ბრიტანული გემები ბათუმის პორტში

XX საუკუნის 10-იან და 20-იან წლებში საქართველოში უამრავი სხვადასხვა სამხედრო კონფლიქტი მოხდა. დღეს გვინდა, გიამბოთ ერთერთ საინტერესო ფაქტზე, რომელიც უკვე დავიწყებას მიეცა, კერძოდ, დიდი ბრიტანეთის მიერ აჭარის ოკუპაციაზე _ 1918 წელს დიდმა ბრიტანეთმა მოახდინა აჭარის ოკუპაცია და ჩვენი ქვეყნის ეს უმშვენიერესი კუთხე 1920 წლამდე ჰქონდა ოკუპირებული.

1918 წლის დეკემბერში ბათუმის ნავსადგურში შემოვიდა 5 ინგლისური გემი 15-20-ათასკაციანი ჯარით. მუდროსის ზავის თანახმად, მათ დაიკავეს ბათუმი და მისი ოლქი, დააწესეს საოკუპაციო რეჟიმი.

1918 წლის 12 დეკემბერს სომხები ლორესა და ახალციხეში შეიჭრნენ და უიარაღო ქართველი მესაზღვრეები დახოცეს. 20 დეკემბერს ქართული ჯარი კონტრშეტევაზე გადავიდა და ტერიტორიების დიდი ნაწილი გაათავისუფლა. განწირულ სომხეთს მშველელად ინგლისი გამოუჩნდა. არბიტრის როლი დიდი ბრიტანეთის სამხედრო მისიამ იკისრა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ ომში გაიმარჯვა, პოლიტიკური შედეგებით იგი დამარცხებული აღმოჩნდა. ინგლისის ჩარევით საქართველოს ლორე დაათმობინეს და ნეიტრალურ ზონად გამოაცხადეს.

ბრიტანული მმართველობის პერიოდში ბათუმში ისეთი სიტუაცია იყო, როგორიც დიდი ბრიტანეთის სხვა კოლონიებში. ინგლისელებმა აჭარიდან დიდი რაოდენობის ოქრო და ძვირფასეულობა გაიტანეს. ისინი არც სასოფლო სამეურნეო პროდუქციისა და ხელოვნების ნიმუშების გატანას არ ერიდებოდნენ. 1919 წელს ინგლისურმა ფირმებმა აჭარიდან გაზიდეს 337,5 ათასი ტონა ნავთობპროდუქტი, რომელიც სიმბოლურ ფასად ჰქონდათ შეძენილი ან, საერთოდ, თვითონ კარნახობდნენ გასაყიდ ფასს.

ბრიტანელი ოკუპანტები ბათუმის ბულვარში
ბრიტანელი ოკუპანტები ბათუმის ბულვარში

ინგლისელი სამხედროები ბათუმში თავს ისე გრძნობდნენ, როგორც კურორტზე. სწორედ მათი აქტიური თაოსნობით იხსნებოდა ქალაქში უამრავი კაბარე, კაზინო და რესტორანი, რომლებშიც ისინი დროს ატარებდნენ. როგორც ყოველთვის, ბევრ ალკოჰოლურ სასმელს მიირთმევდნენ და მთელი ქალაქი მოსამსახურე პერსონალად ჰყავდათ გადაქცეული.

ბათუმის ოკუპაციის გადაწყვეტილება დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ იყო მიღებული 1918 წლის 13 ნოემბერს. ბათუმი ბრიტანული ფლოტის ბაზირების სტრატეგიულ ადგილს წარმოადგენდა სხვა ფრონტებზე საომარი მოქმედებების უზრუნველსაყოფად.

1920 წლის 10 ივნისს დიდი ბრიტანეთის მთავრობის სხდომაზე დაადგინეს, გაეუქმებინათ ბათუმის ოკუპაცია და ოლქი გადაეცათ საქართველოსთვის. 1920 წლის 28 ივნისს ხელმოწერილი საქართველოდიდი ბრიტანეთის შეთანხმებით, ინგლისის მთავრობის მიერ ოლქის, პორტისა და ქალაქ ბათუმის საქართველოს მთავრობისათვის გადაცემის შემდეგ საქართველოს მთავრობა გარანტიას იძლეოდა, რომ უზრუნველყოფდა დამოუკიდებელი რესპუბლიკების _ სომხეთისა და აზერბაიჯანის ტვირთების თავისუფალ ტრანზიტს ბათუმის პორტში და პორტიდან საქართველოს რკინიგზებით და ვალდებულებას იღებდა, რომ აღნიშნულ რესპუბლიკებს ბათუმის პორტით თავისუფალი სარგებლობის უფლებას მისცემდა. შეთანხმებას საქართველოს მხრიდან ხელი მოაწერეს საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებმა: ევგენი გეგჭკორმა და ნოე რამიშვილმა, ხოლო დიდი ბრიტანეთის მხრიდან _ საოკუპაციო ჯარების წარმომადგენელმა, პოდპოლკოვნიკმა უილიან სტოქსმა.

1920 წლის ივლისის დასაწყისიდან აჭარას დამოუკიდებელი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა მართავდა, რომელმაც მალე დაკარგა ხელისუფლება საბჭოთა რუსეთისა და ქემალისტური თურქეთის ჯარების ერთობლივი შეტევის შედეგად. ბათუმში პირველები თურქეთის ჯარები შევიდნენ, მაგრამ მათი ოკუპაცია ხანმოკლე აღმოჩნდა:

1921 წლის 16 მარტს თურქეთმა აჭარის მიერთება გამოაცხადა, მაგრამ იმავე დღეს მოსკოვში უკვე გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის შესახებაც სტალინმა კავკასიაში მყოფ სერგო ორჯონიკიძეს აცნობა: თურქებთან მიღწეული შეთანხმების შედეგად, ბათუმი საქართველოს რჩება. შეეცადე, რომ ძლიერი დარტყმით თურქები ბათუმიდან გაყარო, შემდეგ კი გამოაცხადე, _ ეს გაუგებრობით მოხდაო”.

ბრიტანელი სამხედროები ბათუმში
ბრიტანელი სამხედროები ბათუმში

მაგრამ თურქები დანებებას არ აპირებდნენ: 1922 წლის 9 ნოემბერს სტალინი ასეთ დეპეშას უგზავნის რკპ(ბ) ამიერკავკასიის სამხრეო კომიტეტის მდივან სერგო ორჯონიკიძეს:

როგორც ანკარიდან მიღებული ცნობებით ირკვევა, თურქები აჭარაში პლებისციტის ჩატარების მოსათხოვად ემზადებიან და ქართულ და თურქულ აჭარას ერთ ავტონომიად აერთიანებენ. თურქებს, ალბათ, საფრანგეთი და ინგლისი დაუჭერენ მხარს. თუ თურქები საიდუმლოდ ხმებს მოაგროვებენ და ეფექტს მიაღწევენ, დიდი სკანდალი მოხდება. ისე ჩანს, რომ აჭარის საბჭოთა ორგანოები და მოსახლეობის ნაწილი მხარს თურქებს უჭერენ. აუცილებელია, დაუყონებლივ იქნას მიღებული ზომები და აჭარა პროთურქული პროვოკატორებისაგან გაიწმინდოს, ხოლო ადგილობრივი საბჭოთა ორგანოებიპანისლამისტებისაგან”.

როგორც მოგეხსენებათ, საბოლოოდ, აჭარა საქართველოს დაუბრუნდა.

politicano01.wordpress.com

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here