მთავარი საზოგადოება ბატონო მაღალჩინოსნებო! აქ, თქვენ გვერდით, შარშან 300 ბავშვი შიმშილით მოკვდა და უკეთესი...

ბატონო მაღალჩინოსნებო! აქ, თქვენ გვერდით, შარშან 300 ბავშვი შიმშილით მოკვდა და უკეთესი პერსპექტივა წელსაც არ ჩანს

3931
გააზიარეთ
ბატონო მაღალჩინოსნებო! აქ, თქვენ გვერდით, შარშან 300 ბავშვი შიმშილით მოკვდა და უკეთესი პერსპექტივა წელსაც არ ჩანს

არჩევნებში დაიხარჯება იმდენი ფული, რამდენიც საკმარისი იქნება, სულ ცოტა, 10 წლის განმავლობაში ბავშვების შიმშილის პრობლემის მოსაგვარებლად

ხან კულუარებში, ხანაც ხმამაღლა საუბრობენ, რომ მსოფლიოს შიმშილი ემუქრება და ძალიან მალე დადგება დრო, როცა შიმშილით მილიონობით ადამიანი დაიხოცებაომილიონების რა გითხრათ, მაგრამ საქართველოში ეს მწვავე პრობლემაა და შიმშილით ბავშვთა გარდაცვალების შემთხვევაც არაერთია. გაეროს ბავშვთა ფონდიუნისეფისმონაცემებით, საკვების მწვავე დეფიციტის ან მასთან დაკავშირებული სხვადასხვა მიზეზით (ორსულთა ანემია, ახალშობილთა მცირეწონიანობა, ფოლიუმის მჟავის ნაკლებობასთან ასოცირებული თანდაყოლილი ანომალიები, ძუძუთი არასრულფასოვანი კვება და სხვ.) საქართველოში ყოველწლიურად 300 ბავშვი იღუპება.

გაეროს ბავშვთა ფონდის მონაცემებით, დაახლოებით 77 ათასი ბავშვი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს და არსებობს რისკი, რომ ისინიც შიმშილით დაიხოცონ. ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოში 4 300 ახალშობილი დაიღუპა…

იუნისეფისდასკვნით, ერთერთი გამოსავალი სოციალურ პროგრამებში დაფინანსების გაზრდაა. ფონდის გამოთვლებით, ბავშვთა ყოველთვიური შემწეობის შემოღება 30 ლარის ოდენობით ყველაზე მეტად ეფექტიანი იქნება ბავშვთა სიღარიბის შემცირების საკითხში და, თუ დღეს უკიდურესი სიღარიბე 9,1%-ია, ეს მაჩვენებელი 3,9%-მდე ჩამოვა. სახელმწიფოს ეს ყველაფერი 25 მილიონი ლარი დაუჯდება.

სანამ ამ თემას განვავრცობთ, გაგაცნობთ საქსტატის ოფიციალურ მონაცემს, რომლის მიხედვითაც, 2019 წელს საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 5,2% შეადგინა.

ჩვენი პროგნოზი გამართლდა. ექსპორტისა და ფულადი გზავნილების ზრდის ტემპი შენარჩუნებულია. მიუხედავად ზაფხულში არსებული პრობლემებისა, 2019 წლის ოქტომბრიდან ტურისტული შემოსავლები იზრდება, ბოლო პერიოდში შეიმჩნევა დაკრედიტების მაღალი ზრდა, ასევე გვაქვს კარგი მაჩვენებლები ფისკალური მიმართულებით”, _ განაცხადა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ.

ცნობისთვის: წლის დასაწყისში ხელისუფლება ვარაუდობდა, რომ ეკონომიკური ზრდა 4,6% იქნებოდა და ახლა ციფრებმა მოლოდინს გადააჭარბა _ რეალურად იმაზე უკეთესი მაჩვენებელი გვაქვს, ვიდრე ხელისუფლება ელოდა.

რა თქმა უნდა, ეს ძალიან კარგია, მისასალმებელია და ის დროა, სიხარულით ჭერში ქუდებს ვისროდეთ, მაგრამ წამით დავფიქრდეთ: რა მოხდა რეალურად 2019 წელს და რატომ არ გვაქვს სიხარულის მიზეზი?

 დავიწყოთ იმით, რომ შარშან ეროვნულმა ვალუტამ ყველა რეკორდი მოხსნა და ისე გაუფასურდა, სირცხვილით ჯიბიდან თავს ვერ ყოფდა. მაღალჩინოსნების ჯიბეს ვგულისხმობ, თორემ რიგით მოსახლეობას, ჯიბიდან ვალუტის თავის ამოსაყოფი ფული კი არა, დღიდან დღემდე საკვებისთვის სამყოფი ფულიც სანატრელი აქვს.

ამიტომ, ქუჩაში ასი ადამიანი შემთხვევითი შერჩევის პრინციპით რომ გამოჰკითხოთ, სულ ცოტა, 98 გეტყვით, რომ ეკონომიკური ზრდა საკუთარ ჯიბეზე ვერ იგრძნო და სწორედ ვალუტის გაუფასურების გამო, 2019 წელს, წინა წელთან შედარებით, ნაკლები შემოსავალი ჰქონდა. ტურისტულ სექტორს რომ გადავხედოთ (ტურიზმიდან ხომ მილიონობით ლარი შედის როგორც ბიუჯეტში, ისე რიგითი ადამიანების ჯიბეში), 2019 წელი აშკარად ჩავაგდეთ, რადგან პირდაპირ სატელევიზიო ეთერში გინების გამო ტურისტების მთავარი სეგმენტი, რუსული ტურიზმი, საკონტროლო გასროლით მოვკალით, ხოლო ვინც ამ ზაფხულს ზღვისპირეთში დაისვენა, დაგვეთანხმება, რომ საოჯახო სასტუმროების მფლობელები ლამის სახეს იხოკავდნენ ტურისტების არყოფნის გამო, ანუ ამ მიმართულებითაც მატება არ ყოფილა. გაძვირდა პროდუქტი, გაძვირდა პური და არსად არავის უთქვამს, რომ საჯარო თუ კერძო სექტორში დასაქმებულ ადამიანებს ჯამაგირი მოემატათ. უფრო პირიქით _ გვესმოდა მხოლოდ ის, რომ კომპანიები ეკონომიკური კრიზისის გამო იძულებულნი იყვნენ, შტატები შეემცირებინათ. ყველაზე მეტად ეს სამედიცინო სფეროზე აისახა, სადაც შტატების შემცირება დღესაც აქტიურად მიმდინარეობს. ამ მხრივაც მატება არ ყოფილა. დარჩა სამთავრობო სექტორი. იმის გათვალისწინებით, რომ პარლამენტის დაფინანსებამ მოიმატა, მოიმატა საზღვარგარეთ ვიზიტების რაოდენობამაც; რამდენიმე ათეული მილიონი ცალკე ტურიზმის რეკლამირებაში დაიხარჯა და ცალკე სხვა ქვეყნებიდან (რუსეთის გარდა) ტურისტების უფასოდ ჩამოსაყვან ჩარტერულ რეისებში. მატება აშკარად შეინიშნება, ანუ მატება ჰქონდა ხელისუფლებას; ჰქონდათა პარლამენტშიც როგორც პოზიციას, ისე ოპოზიციას.

ამიტომაც არის, მინისტრების, დეპარტამენტის ხელმძღვანელებისა თუ პარლამენტარების დეკლარაციაში ახალი ქონება რომ არის მითითებული _ სახლი, მანქანა, მიწის ნაკვეთი, ფერწერული ტილო. ჰო, ძლიერნი ამა ქვეყნისანი ფერწერულ ტილოებში ათასობით დოლარს ისე იხდიან, როგორც არაფერი. ეს ის თანხაა, რომელსაც წლიდან წლამდე 3-4 ოჯახი იმყოფინებს თავის სარჩენად; ის ოჯახები, რომლებსაც შიმშილით შვილები უკვდებათ, რადგან პურის ფული უჭირთ.

ახლა რაც შეეხება ბავშვებისთვის დასამატებელ 30 ლარს, რომელიც სახელმწიფოს წლიურად 25 მილიონი დაუჯდება. ამ თანხის მოძიება უმარტივესად შეიძლება. ყველაზე მარტივი არის ის, რომ დასავლეთის კომპანიებისთვის პიარსა თუ ლობირებაში გადასახდელი თანხა შევამციროთ. არ გეგონოთ, ვაჭარბებდე. მაგალითად, სააკაშვილის ხელისუფლებამ ერთ წელს ლობისტებისა და პიარისთვის 275 მილიონი ლარი დახარჯა. არ ვხუმრობთ _ ორას სამოცდათხუთმეტი მილიონი ლარი. მოქმედი ხელისუფლება ნაკლებ გულუხვია, მაგრამ არც ისე, წლიურად 20-30 მილიონ ლარს რომ არ იმეტებდეს. ვინმემ გვითხრას: ამ თანხებიდან საქართველომ ან მისმა მოსახლეობამ რა იხეირა? იქნებ ერთეულებმა იხეირეს და აქედან გადარიცხული ფულის ნაწილი ვიღაცის ჯიბეში მშვიდად დაბრუნდა? საფუძვლიანი ეჭვი წინა ხელისუფლების პერიოდშიც არსებობდა და ახლაც არსებობს. კიდევ გავიმეორებ, რომ არანაირი შედეგი არ მოაქვს რომელიმე უცხოური ტელევიზიის რომელიმე გადაცემაში მორბენალ სტრიქონზე თუ დაიწერება, რომ საქართველოში დასვენება კარგია. თანაც, იქ არ წერენ, რომ ეს ძალიან ძვირიცაა, რადგან იმავე ფულით, რომელიც ტურისტმა საქართველოში უნდა დახარჯოს, უფრო კარგად დაისვენებს თურქეთში, ეგვიპტეში, კვიპროსზეპრინციპი, რაც კარგები ვართ, ქართველები ვართ, ჩვენ კი ვიცით, მაგრამ სანამ უცხოელებს ავუხსნით ამას, ბევრი წელი გავა და ბევრი მილიონი ჩაიყრება წყალში.

ბავშვები, მხოლოდ ჩვენი კი არა, ყველა ქვეყნის მომავალი რომ არის, რა ბევრი მოყოლა და ახსნა უნდა. ეს არის ის სფერო, რომელშიც არც ერთმა ნორმალურმა სახელმწიფომ თანხები არ უნდა დაზოგოს. ეს არის სფერო, რომლის განვითარებაზეც მუდმივად უნდა იფიქროს ყველა ხელისუფალმა და ახლა მარტივ და ჩამჭრელ კითხვას დავსვამ: წინა, იმის წინა, კიდევ იმის წინა ან წლევანდელ ბიუჯეტში რამდენი ლარია გამოყოფილი ბავშვების პრობლემაზე? იმ ბავშვებს ვგულისხმობ, რომლებიც შიმშილით იხოცებიან, და კიდევ იმათ, რომელთაც ეს უახლოეს მომავალში ემუქრებათ? არ თქვათ ახლა, სოციალური პაკეტი გვაქვს და იქ შედის ეს პრობლემაო. სოციალური პაკეტი კი არა, ბატონო მაღალჩინოსნებო, აქ, თქვენ გვერდით, შარშან 300 ბავშვი შიმშილით მოკვდა და უკეთესი პერსპექტივა წელსაც არ ჩანს. მაშინ, როცა თქვენ რესტორნებში სახელმწიფოს ხარჯზე ათეულობით მილიონს ხარჯავთ, ბევრ მშობელს იმის ფული არ აქვს, რომ შვილი შიმშლისგან იხსნას და არ მოუკვდეს. მწვადი და ხინკალი კი არა, ხმელი პური და წყალი ენატრებათ ადამიანებს და სწორედ ამის გამო, შარშან 300 სიცოცხლე შეწყდა _ 300 მომავალი ოჯახი აღარ იქნება ბუნებაში და ქართულ სინამდვილეში. ისიც ხომ იცით, რომ სიკვდილიანობა, ძირითადად, ქართველ მოსახლეობაშია და არა ეროვნულ თუ ეთნიკურ უმცირესობებში. ამით ვინმეს დადანაშაულებას კი არ ვცდილობ, პირიქით _ იმას ვამბობ, რომ საქართველოში ქართველი კვდება და ამას სახელმწიფომ როგორმე უნდა უშველოს, თუმცა ეს “როგორმე” წლევანდელი, უკვე გაცხადებული ბიუჯეტით არ გამოვა და მომავალში რა იქნება, კაცმა არ იცის.

ისე, ცოტა ღიმილისმომგვრელია, არჩევნების ჩასატარებლად ათეულობით მილიონი ლარი რომ არის გამოყოფილი და, სულ ცოტა, ათ მაგდენს პარტიები დახარჯავენ წინასაარჩევნოდ. ერთ წელიწადში არჩევნებში დაიხარჯება იმდენი ფული, რამდენიც საკმარისი იქნება, სულ ცოტა, 10 წლის განმავლობაში ბავშვების შიმშილის პრობლემის მოსაგვარებლად. ათი წლის შემდეგ კი… ისევ გამოვა სხვა კოვზანაძე და ისვე იტყვის: დაგეგმილი ეკონომიკური ზრდა გვქონდა და შედეგმაც არ დააყოვნაო. მოსახლეობა მას ვერ იგრძნობს, მაგრამ ხელისუფლების წარმომადგენელთა ქონებრივი დეკლარაციებით ისევ მივხვდებით, რომ ეკონომიკური ზრდა მათ ნამდვილად იგრძნეს.

რატომ ასეთი პესიმიზმი? ჯერ ერთი, პესიმისტი ინფორმირებული ოპტიმისტია; და მეორეც, ოპტიმიზმის საფუძველი და უახლოეს ათ წელიწადში სიტუაციის რადიკალურად შეცვლის მიზეზი თუ გვაქვს, გვითხარით ვინმემ.

ბესო ბარბაქაძე

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here