Home რუბრიკები საზოგადოება ბატონებო, იცით, რომ ათიათასობით ოჯახს, მაცივარში შესანახი პროდუქტი კი არა, მაცივარიც არ...

ბატონებო, იცით, რომ ათიათასობით ოჯახს, მაცივარში შესანახი პროდუქტი კი არა, მაცივარიც არ აქვს?!

1264
მაცივარი

უკვე მივეჩვიეთ, რომ კვარტალში ერთხელ ეროვნული ვალუტა უფასურდება. არ აქვს მნიშვნელობა, დოლარის, ევროსა თუ გირვანქა სტერლინგის მიმართ, მაგრამ უფასურდება. და ამ გაუფასურების ფონზე მთავრობის პასუხი მუდამ ერთია: “ლარი არის ჯანსაღი ორგანიზმი და ხან გაუფასურდება, ხან გამყარდება. ძირითადი ფაქტორი კი მაინც საგარეოა…”

ნამდვილად ვერ გეტყვით, რატომ მოქმედებს ხოლმე ეს საგარეო ფაქტორი მხოლოდ ლარზე და კვარტალში ერთხელ რატომ არ უფასურდება მეზობელი ქვეყნების ვალუტა, მაგრამ ფაქტია: ხალხი თითქოს შეეგუა ამას და რეაქცია აღარ აქვს. ერთადერთი, რაც მოსახლეობას აწუხებს, პროდუქტების გაძვირებაა. ჩვენ ხომ არაფერს ვაწარმოებთ (კანაფი თუ არ დავძარით უახლოეს მომავალში), ყველაფერი შემოგვაქვს და, შესაბამისად, უცხოურ ვალუტაზე ვართ ჩამოკიდებულ-დამოკიდებული. შესაბამისად, ლარის ყოველი გაუფასურების შემდეგ, მზადდება სატელევიზიო სიუჟეტები, ყვებიან, როგორ მოიმატა პროდუქტების ფასებმა, როგორ გაძვირდა საწვავი, თუმცა გულზე ხელი დაიდეთ და თქვით: გახსოვთ ვინმეს სიუჟეტი პროდუქტების გაიაფებაზე? _ არა, რადგან საქართველოში ასე არ ხდება. აქ მხოლოდ ფასების მატებაა და მერე, თუ შემთხვევით ლარი გამყარდა, მომატებული ფასის შემცირება აღარ უნდა შემომტანს, აღარ აძლევს ბიზნესს ხელს გაიაფებული პროდუქტი და, ორმაგი სარგებელის მიღების მიზნით, ფასს იმავეს ტოვებს. მოსახლეობა კი იძულებულია, იყიდოს, შიმშილით რომ არ მოკვდეს, და მხოლოდ დახლთან თუ დაიწუწუნებს მაღალ ფასზე, ხმამაღლა ამას არავინ ამბობს. რატომ? იმიტომ, რომ ზედმეტად ამაყები და ამპარტავნები ვართ. გინახავთ ქუჩაში გამოსული ხალხი, რომელიც ამბობს, გვშია და იმიტომ გამოვედითო? _ არა. იმიტომ, რომ ქართველი არ იტყვის, მშიაო, ქართველი საახალწლოდ “ურიის ვალს” აიღებს, რათა სუფრას არაფერი დააკლდეს, მეზობელს თვალი დარჩეს და მერე რა, რომ მომდევნო თვეებში იმ ვალის გასტუმრების გამო შიმშილი უწევს. არადა, ისტორიას ახსოვს მშიერი ხალხის გამოსვლა და პროტესტი. “ქვაბების რევოლუციამოხდა იტალიაში _ დიასახლისებმა ცარიელი ქვაბები მიიტანეს მთავრობის სახლთან და ხმამაღლა თქვეს, რომ საჭმელი არ ჰქონდათ.

უფრო საინტერესო კი ის არის, რომ ამის შესახებ ყველაზე კარგად ხელისუფლებამ იცის. მათ ზუსტად იციან, რომ პროდუქტები არ იაფდება და მოსახლეობას კვირიდან კვირამდე, თვიდან თვემდე და წლიდან წლამდე გაძვირებული პროდუქტის შეძენა უწევს. ხმას კი არავინ იღებს და ამის მიზეზსაც გეტყვით: ყველა მსხვილი იმპორტიორის უკან მთავრობის კაცი დგას _ მინისტრი, დეპუტატი, მინისტრის მოადგილის მაზლი, პოლიციის უფროსის ქვისლი და .. ჰოდა, ხმაური რომ ატეხონ, გამოდის, საკუთარ შემოსავალზეც უნდა თქვან უარი, რაც შეიძლება იმის მანიშნებელი იყოს, რომ დილით კერძო სკოლაში წასასვლელად გამზადებულმა შვილმა კრუასანი ვერ მიაყოლოს სოფლიდან საგანგებოდ ჩამოტანილ ნატურალურ რძეს და მის ლოყებს სიღაჟღაჟე მოაკლდეს.

ნეტავ, თუ ხვდებიან მაღალჩინოსნები, რომ მხოლოდ საკუთარ შვილებსა და მომავალზე ზრუნავენ და სხვა არაფერი აინტერესებთ? უფრო ზუსტად, სხვა ფეხებზე ჰკიდიათ, რადგან არც დიდი ჯიპების დაბურული მინებიდან ჩანს დამათხოვრებული ხალხი და ირგვლივაც მხოლოდ ისეთი ადამიანები ახვევიათ, რომლებსაც პურის ფულის პრობლემა არ აქვთ. იმაზე თუ გიფიქრიათ, სკოლის დაწყების პირველ დღეს რამდენიმეათასიანი მობილურებით შეიარაღებულმა თქვენმა შვილებმა იმ ბავშვებს, რომლებმაც სოფელში წასვლა ძლივს მოახერხეს, უცხოურ კურორტებზე გადაღებული ფოტოები რომ აჩვენეს, მათ რა დაემართათ?! ჰო, მათ, რიგით მოკვდავებს, რომელთა მშობლებიც ფულს ტელეკამერების წინ გამოჩენაში არ იღებენ და მხოლოდ იმაზე ფიქრობენ, რომ კონკრეტულ დღეს საკმარისი საკვები ჰქონდეთ, რათა ძილის წინ შვილმამშიაოარ უთხრას. ის მაინც თუ იცით, რომ ცენტრალურ უბნებში მათხოვრობა და ნაგვის ქექვა უმკაცრესად კონტროლდება, _ აქაოდა, ნაგავში მსუყე ნაჭრებს ყრიან, ფულსაც კარგად იმეტებენო?! ანუ, თქვენს ნარჩენებზე ცოცხლობენ ადამიანები და ისიც კი გეზარებათ, ბიზნესს, იმ ბიზნესს, რომლის უკანაც დგახართ, ხანდახან შემოუძახოთ და უსაშველოდ გაძვირებული პროდუქტი ცოტა მაინც გააიაფებინოთ.

ზუსტად ვიცი, ამის პასუხად “საქსტატის” კვლევას მოიშველიებთ, სადაც ეწერება, რომ მანანის ბურღული გასულ კვარტალთან შედარებით 1.1%-ით გაიაფდა, რომ წიწიბურაზე ფასმა 4 თეთრით მოიკლო და იტყვით, აგერ, ბატონო, იაფდება, მაგრამ თქვენ ვერ გრძნობთო. ჯერ კიდევ მოქმედმა პრეზიდენტმა თქვა ერთხელ: როგორ ცხოვრობენ ადამიანები, ყველაზე კარგად მათი მაცივრებიდან ჩანსო… და იცით, რომ ათიათასობით ოჯახს, მაცივარში შესანახი პროდუქტი კი არა, მაცივარიც არ აქვს?! ის თუ იცით, 12-13 წლის ბავშვები რომ მუშაობენ და წელებზე ფეხს იდგამენ იმის გამო, რომ შიმშილით არ მოკვდნენ? კანონით ხომ აკრძალეთ არასრულწლოვანთა შრომა, რატომ ვერ აკონტროლებთ? ვერ კი არა, არ აკონტროლებთ, ბატონებო, იმიტომ, რომ ალტერნატიული რამ უნდა შესთავაზოთ მერე ამ ბავშვებს და ალტერნატივაში მხოლოდ თქვენს საცხოვრებელ უბნებში მდგარი ნაგვის ურნებია, სხვა არაფერი.

გაგიკვირდებათ და, არსებობს შესაბამისი სამსახური, რომელმაც ბაზარზე ფასები უნდა აკონტროლოს, ამ სამსახურში რამდენიმე ათეული ადამიანი მუშაობს, ხელფასს იღებს და ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, რომელიმე გამოსულიყოს და ეთქვას: აგერ, ბატონო, მონიტორინგის შედეგად დავადგინეთ, რომ კონკრეტულ პროდუქტზე ფასი მომატებულია და შემომტანი დავაჯარიმეთო. არ ყოფილა ასეთი რამ და ეს სამსახური მაინც არსებობს, ჩვენი გადასახადებიდან ხელფასსაც იღებენ (დანამატპრემიებსაც) და არიან მაძღრად და ბედნიერად. სამაგიეროდ, ის გვახსოვს, დიმიტრი ქუმსიშვილმა რომ თქვა: თამბაქოსა და საწვავზე აქციზურ მარკას ვაძვირებთ, რაც ბიუჯეტში დამატებით 600 მილიონს შემოიტანსო. მაშინ ქუმსიშვილმა ისიც თქვა, გავაკონტროლებთ, რომ ორივე შემთხვევაში აქციზის ფასნამატი მოგების მარჟიდან დაიფაროს და არა ხალხის ხარჯზეო, მაგრამ სწორედ ხალხის ხარჯზე დაიფარა მაშინაც, ახლაც ასე იფარება და ვინ არის პატრონი, რომ ან ქუმსიშვილს, ან მის მემკვიდრეს პასუხი მოსთხოვოს? ახლა, მით უმეტეს, აღარავინ ჰკითხავს, წავიდა ხელისუფლებიდან და იმ მონაპოვარის შენარჩუნებას ცდილობს, მინისტრობისას რომ “დაითრია და დაალაგა”.

და მაინც, გვგონია, რომ პრობლემა ჩვენშია. თითოეულ ჩვენგანში, ადამიანებში, რომლებიც ამ ყველაფერს მორჩილად ვიტანთ და ვეგუებით. იმას კი არ ვამბობთ: გინდათ თუ არა, ქუჩაში გავიდეთ და ხელისუფლების შეცვლა მოვითხოვოთ-თქო, მაგრამ პროტესტი გამოვთქვათ, მშვიდობიანი პროტესტი და იქნებ ვინმემ ინებოს, პასუხი გაგვცეს და აგვიხსნას, რატომ ხდება მხოლოდ საქართველოში ის, რომ გაძვირებული პროდუქტი აღარ იაფდება და ასე ვცხოვრობთ, აგერ უკვე მერამდენე წელიწადია

ბესო ბარბაქაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here