Home რუბრიკები ისტორია “არჩევნებით მთელს ჩვენს საზოგადოებრივ ცხოვრებას და ყველა ჩვენს საზოგადო საქმეებს მიმართულება მიეცემა…...

“არჩევნებით მთელს ჩვენს საზოგადოებრივ ცხოვრებას და ყველა ჩვენს საზოგადო საქმეებს მიმართულება მიეცემა… ბედისკენ თუ უბედობისკენ, კარგისკენ თუ ავისკენ”

არ მივეყიდოთ ვაიპოლიტიკოსებს და არ მივცეთ ხელისუფლების სათავეში მოსვლის შანსი

690
ნიკო ნიკოლაძე

რაც კი რამ უმთავრესია ჩვენის ქვეყნის ცხოვრებაში, რასაც კი ნამდვილი გავლენა აქვს ჩვენის ერის ბედზე და მომავალზე, იმას ვერ სწვდება ჩვენში ამორჩეული პირების ასპარეზი” _ ეს საუკუნისწინანდელი გულისტკივილია ერის სასიქადულო შვილის, რომელმაც თავისი ცხოვრებითა და საქმიანობით დაამტკიცა მშობელი ქვეყნისა და ხალხის სიყვარული. ამ სიტყვების ავტორი ნიკო ნიკოლაძეა.

როგორც ადრე არაერთხელ გვითქვამს, ნიკო ნიკოლაძე ერთ-ერთია იმ ქართველ მოღვაწეთაგან, რომლის სახელიც უკვდავების ღირსია. რადგან ის იყო თავისი დროის მოწინავე აზროვნების ადამიანი, რომელმაც მიღებული განათლების, ნიჭისა და გამჭრიახობის წყალობით, ევროპული ცხოვრების ბევრი საუკეთესო მაგალითი შეისწავლა და ცდილობდა, შესაძლებლობების ფარგლებში, საქართველოში დაემკვიდრებინა. მან ევროპული ცხოვრების წესი თუ ტექნიკის მიღწევა გადმოიტანა თავის ქვეყანაში, ოღონდ მხოლოდ ის, რომელიც პროგრესული იყო და იცოდა, საქართველოს სასიკეთოდ წაადგებოდა. XIX საუკუნის უკვე 70-იან წლებში ნიკო ნიკოლაძე ძირითადად საქართველოში იმყოფებოდა და აქტიურ საზოგადოებრივ საქმიანობას ეწეოდა. მან წამოაყენა რამდენიმე იდეა და განახორციელა არაერთი ისეთი პროექტი, რომლებიც გარდამტეხი გახდა საქართველოს განვითარებისთვის.

ავიღოთ თუნდაც თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის შექმნა, რომელსაც ნიკო ნიკოლაძე აქტიურად უჭერდა მხარს.

ცესკო

მეორე _ ვაჭრობის განვითარება. ეს საკითხი, ნიკოლაძის აზრით, ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ის ქართველ ახალგაზრდებს მოუწოდებდა, ევაჭრათ, ოღონდ კეთილსინდისიერად. გლეხებს კი სთხოვდა, ქალაქში ჩამოეტანათ პროდუქტი და, თუ ღვინო ღირდა 1 კაპიკი, 10 კაპიკად მიეყიდათ ადგილობრივებისთვის და არა 1 მანეთად, როგორც ამას სირაჯები აკეთებდნენ. მაგრამ მაშინ ქართველების უმეტესობას ვაჭრობა ეთაკილებოდა. ნიკო ნიკოლაძეს კი სამარცხვინოდ ვაჭრობის მტაცებლური მეთოდები მიაჩნდა. ფიქრობდა, რომ ვაჭრობისა და მრეწველობის განვითარებით შესაძლებელი იქნებოდა კაპიტალიზმის დანერგვა. ევროპაში ცხოვრებისას მან კარგად დაინახა, თუ რა როლს ასრულებდა ქვეყნის განვითარებასა და წინსვლაში საბანკო საქმე და ვაჭრობა. სწორედ ამიტომ სურდა, საქართველოც იმავე გზით განვითარებულიყო.

მას ასევე ძალიან მნიშვნელოვნად მიაჩნდა უნივერსიტეტის გახსნა, თანაც ტექნიკური უნივერსიტეტის, რადგან თვლიდა, რომ ხალხს წინსვლისთვის, კლასიკური განათლება კი არა, ტექნიკური განათლება და შესაბამისი სკოლები სჭირდებოდა. თუმცა, როდესაც გადაწყდა, ჰუმანიტარული უნივერსიტეტის გახსნა, საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ხელი არ შეუშლია ამ იდეისთვის.

ნიკო ნიკოლაძე თვლიდა, რომ პრესას შეეძლო დიდი გარდატეხა შეეტანა საზოგადოების განათლებასა და განვითარებაში. ამიტომ XIX საუკუნის 70-იან წლებში ის თანამშრომლობდა გაზეთ “დროებასთან”, 1871 წელს კი დააარსა ჟურნალი “კრებული”, რომლის ფაქტობრივი რედაქტორი თავად იყო, ხოლო ოფიციალური რედაქტორი _ გიორგი წერეთელი.

ნიკო ნიკოლაძე იყო პირველი, ვინც ერობის, ანუ თვითმმართველობის შექმნის აუცილებლობაზე საუბრობდა. მას მიაჩნდა, რომ თემს უნდა აერჩია განათლებული, ხელმძღვანელი წევრები, რომლებსაც გადაუხდიდა ხელფასს და დააკისრებდა ხალხის სამსახურს, მაგრამ ამ მოვალეობას ვინც ვერ შეასრულებდა, გადააყენებდნენ და მის ნაცვლად სხვას აირჩევდნენ.

ამგვარად ამ საკითხს ვერც ნიკო ნიკოლაძის დროს წყვეტდნენ და ვერც დღეს, რადგან ეს შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც რიგითი მოქალაქე პასუხისმგებლობით ეკიდება საკუთარი უფლებებისა და მოვალეობების შესრულებას _ პატივი სცეს და ანგარიში გაუწიოს სხვების ინტერესებს, სიფრთხილით მოეპყრას საზოგადოებრივ სიკეთეებსა და ქონებას, იზრუნოს მათ გაუმჯობესებაზე. ეს როლი, ბუნებრივია, ნებაყოფლობითია, მაგრამ იმ საზოგადოებაში, რომლის მოქალაქეები პირადი პასუხისმგებლობით არიან განმსჭვალულნი, ცხოვრება გაცილებით სასიამოვნოა. გამოდის, ჩვენ გვაკლია მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, რადგან ჩვენ მიერ არაერთხელ არჩეულმა ხელისუფლებებმა უძლურებაც და სისუსტეც ბევრჯერ გვაჩვენეს, ლაქიობის საოცარი ნიჭი და უნარიც გამოამჟღავნეს, მაგრამ ვერა და ვერ მოვიშორეთ თავიდან, თუმცა მივხვდით, რომ ამგვარად პატივისცემასა და დაფასებას ვერ ვეღირსებით უცხოთა თვალში, არავინ არასოდეს შემოგვხედავს, როგორც თანასწორს. სწორედ ამაზე წუხს ნიკო ნიკოლაძე, როცა წერს, რომ “უცხოეთისა და უცხოელების თვალში ჩვენი წარმომადგენელი მარტო იმით კი არ უნდა ჩანდეს, რომ ჩვენი წარმომადგენელია, თავის თავითაც ცოტათი მაინც ცნობილი უნდა იყოს რითამე, რომ ყველას ესმოდეს: ქართველები ღირსეულ კაცებს ირჩევენ თავიანთი საქმის მოთავედო, გონიერება დევს მათი არჩევნების საძირკვლად, და არა თვალთმაქცობა ან ცრუ-მორწმუნეობაო. ასე თუ არ იქნა, და ვიგინდარები ვირჩიეთ, მათი უძლურება და სისუსტე მალე დაუმტკიცებს მთელ ქვეყანას, რომ ქართველები თავის წარმომადგენლებზე ბევრად უფრო სუსტი და უძლური ყოფილანო…”

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადება უკვე დაიწყო. ყველა პოლიტიკური პარტია თუ გაერთიანება კვლავ შეეცდება იმ გზებისა და საშუალებების ძიებას, რომლითაც შეძლებენ ხელისუფლების მაღალ ეშელონებში მოკალათებას და პირად კეთილდღეობაზე ზრუნვას, თუ ამის საშუალებას თავიანთი გულგრილობითა და პასიურობით ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები კვლავ მისცემენ _ ან საერთოდ არ მივლენ არჩევნებზე, ან “ფოჩიანი კანფეტებით” ისევ მოიტყუებენ თავს. ამაზე მეტყველებს ის სტატისტიკა, რომელსაც ყოველი არჩევნების შემდეგ გვაცნობებს ხოლმე საარჩევნო კომისია, როცა არჩევნებში მოსახლეობის მონაწილეობის დაბალ პროცენტებს აქვეყნებს.

ასეთ შემთხვევაში “როგორ უნდა მოიქცეს მამულის ერთგული შვილი, ან რა საქციელს უნდა სთვლიდეს ქვეყნისთვის სასიკეთოდ და რას – სავნებლად და სამარცხვინოდ?”

ნიკო ნიკოლაძე ფოთის ნავსადგურის მშენებლობაზე
ნიკო ნიკოლაძე ფოთის ნავსადგურის მშენებლობაზე

გვმართებს დაფიქრება _ როგორ მოვიქცეთ, რა რჩევა წაგვადგება სწორი არჩევანის გასაკეთებლად. ამ თემაზე მკითხველს ვთავაზობთ ამონარიდებს ნიკო ნიკოლაძის სტატიიდანშინაური მიმოხილვა”, რომელიც 1894 წელს (#5) დაიბეჭდამოამბეში”.

ჰოდა, რაკი “ვიგინდარები თვითონ გამოდიან საზოგადოების წინ და თხოულობენ, თუ ყიდულობენ, არჩევნის კენჭებს”, “როგორ უნდა მოიქცეს მამულის ერთგული შვილი, ან რა საქციელს უნდა სთვლიდეს ქვეყნისთვის სასიკეთოდ და რას – სავნებლად და სამარცხვინოდ”?

საკითხავი აი ეს არის.

* * *

“ქართველობას ამ თვეში სხვა რა შინაური საქმეები ექნება, ან რა სხვა შინაური მიმოხილვისათვის ეცლება, არჩევნების გარდა? არც აქვს, და არც უნდა ჰქონდეს ამაზე უფრო საყურადღებო საგანი თუ საქმე. მართლაც, ამ გაზაფხულზე როგორც ტფილისს, ისე ქუთაისსაც თითქმის ერთ და იმავე დროს ამოსარჩევი გვყვანან ყველა ჩვენი საზოგადო საქმეების და დაწესებულებების მეთაურები: მარშლები, საადგილ-მამულო ბანკის მმართველები და ზედამხედველები, სააზნაურო სკოლების განმგებლები და სხვ. ამასთანავე ქუთაისში, ბათუმში, ფოთში, გორში და ახალციხეში ქალაქის ხმოსნებიც და მოურავებიც ამოსარჩევნი არიან. ამ გაზაფხულზე ამ არჩევნებით მთელს ჩვენს საზოგადოებრივ ცხოვრებას და ყველა ჩვენს საზოგადო საქმეებს მიმართულება მიეცემა, სამი ან ოთხი წლის ვადით, ბედისკენ თუ უბედობისკენ, კარგისკენ თუ ავისკენ. ამ მდგომარეობაში დიაღაც საფიქრებელი და საზრუნველიც არისთუ როგორ უნდა მოიქცეს მამულის ერთგული შვილი, ან რა საქციელს უნდა სთვლიდეს ქვეყნისთვის სასიკეთოდ და რას _ სავნებლად და სამარცხვინოდ.

ნიკო ნიკოლაძე ფოთის ნავსადგურში
ნიკო ნიკოლაძე ფოთის ნავსადგურში

ჩვენს დროში, მთელი კაცობრიობის აზრით, არჩევანი ერის წყობილების და ბედის საძირკველია. ყოველი განათლებული ხალხი უმთავრეს თავის ყურადღებას იმას აქცევს, რომ პატიოსანი და გონიერი კანონები შეადგინოს არჩევნების შესახებ და ყველა თავის არჩევნები წესიერად, გულწრფელად და სვინდისიანად მოახდინოს, ამ კანონების გადუხვეველად და გადუხდომელად. სადაც ეს მტკიცედ არაა დაცული, იქ არეულობის, მატყუვრობის და ძალადობის მეტი არაფერი მეფობს საზოგადო და საქვეყნო ცხოვრებაში. მცირედი უკანონობა ან გარყვნილობა არჩევნებში სწორედ იმნაირადვე რევს და შლის ერის საქმეებს და წყობილებას, როგორც საძირკველის გამოთხრა სახლს აზიანებს და კიდეც აქცევს ხოლმე. ამ მიზეზით განათლებულ ქვეყნებში ერთი ნამცეცი მოქრთამვა, ძალადობა ან უკანონობა რომ შეამჩნიონ კენჭის-ყრას, მაშინვე დაარღვევენ არჩევანს და ხელმეორედ ახალს ნიშვნენ. თვითონ საზოგადოების თვალშიაც მიუტევებელ ბიწიერებად, თითქმის მომაკვდინებელ ცოდვად ითვლება რიგიანობის მცირეოდნად შელახვა არჩევნის დროს. რასაკვირველია, ყოველი პატიოსანი კაცი განსაკუთრებით იმას ნატრობს, ცდილობს და ეძებს, რომ ხალხის საკუთარი და თავისუფალი სურვილით იქნეს ამორჩეული, ერის ნების ნამდვილი წარმომადგენელი გახდეს, და არა მატყუვრობით ირქმევდეს ამ სახარბიელო სახელს.

საცა არჩევანს ასე რიგიანად აფასებენ და უფრთხილდებიან, იქ კენჭის-ყრა ან მისგან გამოწვეული პარტიების ბრძოლა საუკეთესო სკოლაა ქვეყნის წარმატებისათვის. იქ ამ ბრძოლის წყალობით თანდათან უმჯობესდება ქვეყნის ზნეობა, და მთელი ხალხი ნელ-ნელა დიდძალ მეცნიერებას თუ გამოცდილებას იძენს საზოგადოებრივ ან პოლიტიკურ საქმეებში. ამასთანავე ერი ცნობილობს თავის მოწინავე პირებს, მეთაურებს, და, რამდენიმე აუცილებელ შეცდომებს შემდეგ, მართლა ხეირიანების ამორჩევას ეჩვევა. იგებს, ვინ სად ან რაში არგებს და გამოადგება. მაშინ მისი საზოგადო საქმეებიც წესიერ გზაზე დგება, ღირსეულ კაცებს ჰბარდება. მარტო ამ გზით ხერხდება ამ საქმეების წარმატება და ხალხის კეთილ დღეობის დამყარება.

ჩვენშიაც რომ ამნაირად უყურებდეს ხალხი არჩევნების საქმეს, ბევრად უფრო კარგ მდგომარეობაში ვიქნებოდით დღეს, ვინემ ეხლა ვართ. მართალია, ჯერ-ჯერობით დიდი-რამ არაფერი აქვთ გადასაწყვეტი ან გასარიგებელი ჩვენ-მიერ ამორჩეულ პირებს. რაც კი რამ უმთავრესია ჩვენის ქვეყნის ცხოვრებაში, რასაც კი ნამდვილი გავლენა აქვს ჩვენის ერის ბედზე და მომავალზე, იმას ვერ სწვდება ჩვენში ამორჩეული პირების ასპარეზი. მაგრამ ყოველთვის ხომ ასე არ იქნება, და ყოველგან ხომ სწორედ ასე იყო, რომ ამორჩეულების ასპარეზი თანდათან ფართოვდებოდა, მარტო დაკავებული ასპარეზის გონიერად ხმარებით, გამოყენებით. დიდი-რამ არაფერი გვაქვს ჯერ, მართალია, მაგრამ არც სულ დასაწუნი და შეუმჩნეველია ის, რაცა გვაქვს. უფრო ყურ-საგდები აქ ის არის, რომ ჯერ, რაცა გვაქვს, იმითაც ვერ გვისარგებლნია, და ის ასპარეზიც არ დაგვიმუშავებია, რომელზედაც თავისუფლად ტრიალის ნება და შეძლება გვაქვს. მცირედი ვერ მოვიხმარეთ, დიდს რას მოვუხერხებთ?

ნიკო ნიკოლაძის სახელობის ხიდი და ტაძარი ფოთში
ნიკო ნიკოლაძის სახელობის ხიდი და ტაძარი ფოთში

…ჩვენს საზოგადოებას, ჩვენს საზოგადო საქმეებს “პატრონები” რომ ჰყავდეთ, ამისთანა მარცხი როდი დაემართებოდათ. რიგიანი პატრონი, ხომ, თავის საქმეს ისე უვლის, ყოველთვის, რომ არც დროს ჰკარგავს, არც შემთხვევას, და რაც უფრო ხეირიანად ხმარობს ამ დროს, ან რაც უფრო სრულად სარგებლობს შემთხვევით, მით უმჯობესად მიდის მისი საქმე. განათლებულ ქვეყნებში, საცა საზოგადოება თუ ერი თავისი საქმეების მმართველებს თვითონ ირჩევს, ყველას ესმის, რომ პატრონი უნდა უპოვონ და აურჩიონ ამ საქმეებს, ისეთი რიგიანი პატრონი, რომელიც საერო საქმეს სწორედ ისე მოუვლის, თითქო მისი საკუთარი იყოს: დროს დაუკარგველად, შემთხვევის გაუშვებლად. ამისთვისაც იქ, არჩევანი რომ დადგება, საზოგადოება თვითონ ეძებს, თვითონ ჰფიქრობს: ნეტა ამ ალაგზე ვინ იქნება უმჯობესი, უგონიერესი, უპატიოსნესი პატრონი ჩვენი საზოგადო საქმისაო. ეძებს, და არჩევს უმჯობესს. ამიტომაც მიხედეთ, აბა, მის საქმეებს: საცა გინდათ და არ გინდათ, ყველგან რიგიანი კი არა, უწარჩინებულესი მოთავეები უყენიათ, საქმის მცოდნენი, საქმეზე ერთგულნი, მუყაითნი. რაღა გასაკვირველია, რომ იქ საზოგადო თუ საერო საქმე კარგად და ღირესულად მიდიოდეს? უკეთესებს, უმჯობესებს ირჩევენ ყოველთვის საქმის მოთავედ…

ადვილიც არის იქ, კერძო მოკენჭესთვის, მიგნება, თუ ვინ ემჯობინება ამა და ამ ადგილზე. კენჭის-ყრის რამდენიმე კვირის წინათ თვითეული სოფელი თუ უბანი თითო სანდო კაცს გზავნის საერო კრებაზე: ერთად ვარჩიოთ, ვის უყაროთ კენჭიო, ვინ გამოვიყენოთ კანდიდატადო. თვითეული პარტია თავ-თავის კრებას ჰმართავს. კრება მოიწვევს იმ პირებს, ვისაც არჩევის ღირსად სთვლის და მათ შეხედულობას, მათ აზრს, სურვილს თუ განზრახვას ცნობილობს და ადარებს. მაშინ მის წინ შესანიშნავი და ამაღლებული შეტაკება ხდება ხოლმე სხვა-და-სხვა აზრებისა და მიმართულებისა, ის შეტაკება, რომელიც, ფრანგული ანდაზით, ჭეშმარიტებას ჰბადავს. თვითეული მაძიებელი არჩევნისა გამოდის და კრებას თავის შეხედულებას, რწმუნებას, განზრახვას, პროგრამას უხსნის. მთელი მისი წარსული, მაშინ, ამ კრებას წინ ირჩევა და ისინჯება. მერე, როცა ყველასი წარსული საქციელი და მომავალი პროგრამა მკვიდრად გადითვალიერება, კრება სწყვეტს: ერს კანდიდატად ეს პირი წარვუდგინოთო. ამ სახით, კენჭის ყრის დღეს ხალხს წარდგენილი ჰყავს სხვა-და-სხვა მიმართულების კანდიდატები: მოწინავე პარტიის კრება მას თავის კანდიდატს ურდგენს, კონსერვატორების კრება _ თავისას, და სხვ. ყველასი ღირსება, წარსული, მიმართულება მტკიცედაა აწონილი და გამოკვლეული. ამ “უმჯობესებიდან” ხალხი, კენჭის-ყრის დღეს იმას ირჩევს, ვისი აზრი და რწმუნებაც უფრო შეეფერება მეკენჭეების უმრავლესობას. მაგრამ, ვინც უნდა შეიქნეს ამორჩეული, მარცხენა მხრის კანდიდატი, თუ მარჯვენისა, უეჭვო კია, რომ ყოველ შემთხვევაში ღირსეული კაცი იქნება არჩეული, რადგანაც არცერთი პარტია ხალხს ისეთს კანდიდატს არ წარუდგენს, რომელსაც მისი შერცხვენა და სახელის გატეხა შეეძლოს…

ჩვენში არჩევნები სულ სხვაფრივ იმართება. აქ საზოგადოება კი არ ეძებს თავისი საერთო საქმეების პატრონს, მომვლელს და მოთავეს, – ვიგინდარები თვითონ გამოდიან საზოგადოების წინ და თხოულობენ, თუ ყიდულობენ, არჩევნის კენჭებს. აქ პარტიებიც გვყავს, უეჭველია, მაგრამ სულ სხვანაირი, ჩვენებური. აქ საქვეყნოდ, აშკარად, როდი ვინ არდგენს კრებას, არცარავინუმჯობესს ეძებს”. აქ გამოხტება, ვინც 346 თავზე ხელაღებულია და აღარაფრის მორიდება არა აქვს, და პარტიასირდგენს”, სწორედ ისე, ძველს დროშისაშოვნელადწამყოლია ამხანაგობის გამოწვევა რომ იცოდნენ. “საშოვარიადგილი ყოფილაო, საზოგადო სამსახურისა, ჩინებული ჯამაგირით, პატივიც დიდი აქვს, თურმე, სახელიც და გავლენაცაო. არიქა, ვიშოვნოთ; მარჯვე ბიჭი ვინცა ხართ, ეხლა გამოჩნდებაო! შეიყრის ასე თავს რამდენიმე ამხანაგი ან მეზობელი, და პლანს დააწყობს: ჩუმად, მალულად, ისე, რომ ვერავინ გაიგოს, მიეპარონ საერო კრებას, კენჭის ყრას, და უცბად შევარდენსავით ფრთა ჰკრან და ბრჭყალი სტაცონსაშოვარ ადგილს”. კანდიდატს არც წარსული აქვს თვალსაჩენი, არც არაფერი ღვაწლი მიუძღვის საზოგადოების წინაშე. მისი სახელი, ამ საზოგადოების უმრავლესი ნაწილისთვის, და მთელი მხარისთვის, სრულიად უცნობია. საზოგადოებას და ქვეყანას გაგებაც არა აქვს, თუ რა რწმუნებისა, რა მიმართულებისა, რა პროგრამისაა ეს კანდიდატი. რა მოუქმედნია, რას იზამს, ვინ იცის! განათლებულ ქვეყნებში კანდიდატს საზოგადოების წინ რომ ყოველთვის თავდებები ჰყავს, მისი გამოყვანილი, მისი განზრახვის მცოდნენი. აქ, ჩვენში, ახალ გამოხტომილ კანდიდატებს თავის ნათესაობის მეტი თანამოაზრე და თავდები არავინა ჰყავს. რისი თავდებობა, სადაური პროგრამაო. ისმის ყოველგან ჩვენში; ან წარსული რად უნდა კაცს, ან ღვაწლი, ან გავლენა: მთელი საქმე კენჭში ყოფილაო. კენჭი იშოვნე ბლომად, მეტს ნურას ეძებ, მეტი არაფერი ყოფილა თურმე საჭიროო. კენჭი, კენჭი, მარტო კენჭი. თუ თავის ნებით არ მოვიდეს მეკენჭე, მოიყვანე, მოიქრთამე: თვლაში ყველა ერთნაირად გამოდგება, დიდი და პატარა, გულრწფელი და ნაქირავები, კარგი და ავი

სამწუხარო აქ მარტო ის როდია, რომ ჩვენი საზოგადო საქმეები ოხრად, უპატრონოდ, გვირჩება, უმთავრესი თვისება ჩვენი არჩევნებისა ის არის, რომ მარტო თანამდებობის პირებს კი არ ვირჩევთ. განათლებულ ქვეყნებში ბანკის მმართველი, მაგალითად, მარტო ბანკის მმართველია, მეტი არაფერი, ამიტომ რომ იქ საზოგადოებას, ერს, ქვეყანას თავ-თავისი ინტერესების გამომთქმელად, დამცველად და მომვლელად ბევრი სხვა დაწესებულება აქვს და წარმომადგენელი ჰყავს. ჩვენში, კი ბანკის მეტი რომ არა გვაბადია-რა, ბანკის მმართველს ათასნაირი ტვირთი ჰმართებს საზოგადოების და ერის წინაშე. განათლებულ ქვეყნებში ბანკის მმართველის არჩევა დიაღაც ადვილი საქმეა: ოღონდ კი ქურდი ან გაიძვერა არ იყოს, და ბანკის ანგარიშები ესმოდეს, _ მეტს მისგან არავინ არაფერს თხოულობს. ჩვენში კი ბანკის მმართველი ბანკსაც გონიერად უნდა უვლიდეს, და თან თითქმის ყველა ჩვენი საზოგადო საქმეების მეთაურად ვარგოდეს. ქალაქის თავიც ამგვარ მდგომარეობაშია, მარშალიც. ერთი სიტყვით, ყველა ჩვენს არჩევნებს ბევრად უფრო რთული და მძიმე როლი აქვთ, ვინემ ამნაირივე თანამდებობის პირებს უცხოეთში ან რუსეთში. მარტო ჩვენ თვითონ კი არ ვუცქერით იმათ ამისთანა თვალით, მარტო ქართველობა კი არ შეჰჩერებია იმათ გაზვიადებული იმედით, რუსობაც ასე უყურებს, და თვით მთავრობაც ასე ეპყრობა… იმ მიზეზით, რომ ჩვენს საერო საქმეებს ჯერ საკუთარი წყობა და მართვა არ მიჰნიჭებია, ჩვენი საერო ინტერესების ტვირთი ამ ჟამად ჩვენგან ამორჩეულ პირებს აწევს ზურგზე. მათ ხელშია _ ან მათ ხელში უნდა იყოს _ ჩვენი წარსულის განძის დაცვა, ჩვენი ეხლანდელი შრომის წინამძღოვრობა, ჩვენს მომავალ ბედზე მზრუნველობა. ამ მძიმე ტვირთს და პასუხისგებას კაი მაგარი ბეჭი სჭირია. როგორიც მეთაური გვეყოლება არჩეული, ისეთიც მსვლელობა ექნება ჩვენს საერო საქმეს, და ისეთივე პატივი გვეღირსება მეზობლებისა და უცხოელებისგანუცხოეთის და უცხოელების თვალში ჩვენი წარმომადგენელი მარტო იმით კი არ უნდა ჩანდეს, რომ ჩვენი წარმომადგენელია, თავის თავითაც ცოტათი მაინც ცნობილი უნდა იყოს რითამე, რომ ყველას ესმოდეს: ქართველები ღირსეულ კაცებს ირჩევენ თავიანთი საქმის მოთავედო, გონიერება დევს მათი არჩევნების საძირკვლად, და არა თვალთმაქცობა ან ცრუმორწმუნეობაო. ასე თუ არ იქნა, და ვიგინდარები ვირჩიეთ, მათი უძლურება და სისუსტე მალე დაუმტკიცებს მთელ ქვეყანას, რომ ქართველები თავის წარმომადგენლებზე ბევრად უფრო სუსტი და უძლური ყოფილანო…”

მოამბე”,

1894 წელი, #5

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here