მთავარი პოლიტიკა “ამერიკული” ავღანეთის დაცემა

“ამერიკული” ავღანეთის დაცემა

მოსახდენი მოხდა, რადგან უნდა მომხდარიყო

166
გააზიარეთ

ჩვენი გაზეთის რედაქციის აგვისტოს ბლიცშვებულების პერიოდში თვითმარქვიაპუბლიცისტებმა” (ამოჩემებული აქვთ და ვინ რას დაუშლის) გაილაღეს და ავღანეთზე ლაპარაკით დაიღალნენ: ამერიკელების ქურდულად გაპარვაზე თალიბების ახალი ხელისუფლების დაწესებულ ვადაში (31 აგვისტოს ჩათვლით), იქაური პრეზიდენტის გაქცევაზე ქაბულის დაცემის პირველივე დღეს (საკუთარი თავისთვის რომ არ მეშველა, მომკლავდნენო), ავღანეთის 300-ათასიანი არმიის აორთქლებაზე და ამდამრტყმელი ძალისშექმნაზე შტატებს თითქოს ასობით მილიარდი დოლარი კი არა, ერთი ცენტიც არ დაუხარჯავს. ზოგიერთი ექსპერტი ტრილიონსაც ასახელებს.

ბევრი ილაპარაკეს, მაგრამ მაინცდამაინც გასაგები ვერაფერი გვითხრეს.

მაინც რა მოხდა ავღანეთში ისეთი კატასტროფული, რომ ამერიკელების შეიარაღებული კონტინგენტის გასვლა ამ ცხელი წერტილიდან უკანმოუხედავად გაქცევას უფრო ჰგავდა, ვიდრე სამხედრო ოპერაციის დაგეგმილ დამთავრებას?

ამ აქტუალურ შეკითხვაზე პასუხის მიღება უცხოურ მედიაში გამოქვეყნებული ინტერვიუებისა და წერილების მიმოხილვით ვცადოთ.

ისტორიის რომელ ეტაპზე გადავიდა ავღანეთი “ამერიკული” დემოკრატიის კრახის შემდეგ?

იაკობ კედმი აღნიშნავს:

_ ავღანეთი, როგორც თალიბებმა განაცხადეს, საამიროდ ჩამოყალიბდება. მუსლიმების ფუნდამენტურ-ტერორისტული იდეოლოგია დაეუფლება სახელმწიფოს საამიროს ფორმითა და არსით.

(სახალიფო _ არაბულმუსლიმური სახელმწიფო, რომელიც შექმნა წინასწარმეტყველმა მუჰამედმა და შემდგომში მართავდნენ ხალიფები (“მოადგილეები, მემკვიდრეები”), თეოკრატული ისლამური სახელმწიფოა).

_ დაგავიწყდათ კავკასიის საამირო? _ ეკითხება კედმი ჟურნალისტებს ისეთი ტონით, რომ ახლო წარსულში ჩრდილოეთ კავკასიაში განვითარებული მოვლენები, რომლებიც, საბოლოო ჯამში, ამ სახის სახელმწიფოს ჩამოყალიბებას ითვალისწინებდა, ისეთ გაკვეთილად უნდა გვახსოვდეს, რომლის დავიწყება არ ეგების.

და, საერთოდ, ახლო აღმოსავლეთის სირთულე, ძირითადად, სუნიტებისა და შიიტების დაპირისპირებით არის განპირობებული. აქ ერთმანეთსაა გადახლართული რელიგიური, ისტორიული და გეოპოლიტიკური წინააღმდეგობანი.

ცნობისთვის: ავღანეთში დომინანტი ეთნოსი პუშტუნებია, რომლებიც ირანულ ხალხად არის მიჩნეული. მათი საერთო რაოდენობა დაახლოებით 42 მილიონია, 30 პროცენტი სახლობს ავღანეთში და პაკისტანის ჩრდილოდასავლეთში.

სუნიტები _ “სუნას და თემის თანხმობის ადამიანები”. ისინი არ აღიარებენ ადამიანების უცოდველობას და მიაჩნიათ, რომ ყველა ადამიანი (წინასწარმეტყველების გარდა) ცოდვილია.

შიიტებს კი სჯერათ, რომ უცოდველები არიან იმამები. ყველა საქმეში, აქტში, პრინციპსა თუ რწმენაში, 12 შიიტი იმამი ყველა ისლამურ წინასწარმეტყველზე მაღლა დგას, გარდა წინასწარმეტყველ მუჰამედისა.

შიიტები _ მიმდევრები, მომხრეები _ ისლამის ერთ-ერთი მიმდინარეობის წარმომადგენლები არიან, აერთიანებენ თემებს, რომლებიც მუჰამედის ბიძაშვილსა და სიძეს _ ალი იბნ თალიბსა და მის შთამომავლებს აღიარებენ მუჰამედის ერთადერთ, კანონიერ სულიერ მემკვიდრეებად.

ავღანელი შიიტები ქვეყნის მოსახლეობის 15-19 პროცენტს შეადგენენ… აზერბაიჯანში კი, მაგალითად, 85 პროცენტია.

ყურანის შაჰადას სუნიტები კითხულობენ ასე: “ვადასტურებ, რომ არა არს ღმერთი გარდა ალაჰისა და კიდევ ვადასტურებ, რომ მუჰამედი ალაჰის წინასწარმეტყველია”.

შიიტები კი ბოლოს ამატებენ სიტყვებს “…და ალი ალაჰის მეგობარია”.

მართლმორწმუნე ხალიფი ალი იბნ თალიბი ერთ-ერთი პირველი ხელმძღვანელია ახალგაზრდა ისლამური სახელმწიფოსი. ალის მკვლელობას და მისი ვაჟის, ჰუსეინის, ტრაგიკულ სიკვდილს თეოკრატები მიიჩნევენ სამოქალაქო ომის პროლოგად, რომელმაც მუსლიმური თემი ორად გახლიჩა _ სუნიტებად და შიიტებად.

შიიზმის ბურჯად დღეს ირანია აღიარებული. სუნიტებად კი, ძირითადად, მიიჩნევენ მრავალრიცხოვანი რადიკალური მიმართულებების წარმომადგენლებს, რომლებიც ომობდნენ სირიასა და ერაყში, მათ შორის, “ისლამური სახელმწიფოს” მოთარეშეებსაც. საერთოდ კი, 20 არაბული ქვეყანა (ბაჰრეინისა და ერაყის გამოკლებით) უმეტესად სუნიტურია.

წინააღმდეგობათა ასეთი გორგალის გაანალიზების მაგალითად წარმოგვიდგება იაკობ კედმის სატელევიზიო ინტერვიუები.

_ ცნობილია, რომ ირანი ფუნდამენტალისტური ისლამური სახელმწიფოა, მაგრამ, ამასთანავე, ისლამური რესპუბლიკაა. ავღანეთში რესპუბლიკაზე არ ლაპარაკობენ. ავღანეთს წარმოგვიდგენენ თეოკრატულ სახელმწიფოდ _ არავითარი მინიშნება არჩევით ან რესპუბლიკურ პრინციპებზე.

ის, რაც “ისლამურ სახელმწიფოს” დაემართა, იგივე გადახდება თავს ავღანეთს. ისე მოხდება, როგორც თალიბანის პირველ პერიოდში იყო. თუ რამ დარჩება ავღანეთში _ მთელი მწარმოებელი ძალა, სახელმწიფო ძალა, სრულად დატოვებს ავღანეთს ადრე თუ გვიან. ვინც ცოცხალი გადარჩება, ყველა წავა. რამდენიმე წლის შემდეგ ქვეყანაში არ დარჩება ავღანეთის ისედაც სუსტი პოლიტიკური სახელმწიფო, ეკონომიკური, საინჟინრო, მათ შორის, საგანმანათლებლო ელიტის თითქმის არც ერთი წარმომადგენელი.

მაშინ ავღანეთი, ისევე, როგორც “ისლამური სახელმწიფო”, იძულებული იქნება, დაიქირავოს მუშაკები სხვა ქვეყნებიდან, მაგრამ ეს არ გადაწყვეტს ავღანეთის არც ერთ შიდა პრობლემას, ძალაუფლების პრობლემის გარდა: ხელისუფლება გახდება უფრო ძლიერი, უფრო მტკიცე. “თალიბანი” საკუთარი შესაძლებლობებით ვერ შეძლებს დანარჩენი პრობლემების მოგვარებას თავისი სტრუქტურის, თავისი ღირებულებების გამო.

ავღანეთი გადაიქცევა წვრილმან, პრიმიტიულ, კლერიკალურ სახელმწიფოდ, რომელიც გაჭირვებით იარსებებს. ამ ქვეყანას გარედან მხარს არავინ დაუჭერს. არის ერთადერთი გამონაკლისი სახელმწიფო, მაგრამ მის მიმართ ძალიან ბევრი შეკითხვა ჩნდება. ეს სახელმწიფო პაკისტანია. იგი ერთადერთია, ავღანეთთან ერთად, რომელშიც “თალიბანს” უძლიერესი პოზიციები აქვს მოპოვებული არმიაში, პოლიტიკაში. ეს ნიშნავს, რომ, ერთი მხრივ, გაძლიერდება პაკისტანის გავლენა ძმურ, იდეურ თალიბანურ ავაღანეთზე; მეორე მხრივ კი, შეიძლება პირიქითაც მოხდეს: გაძლიერდეს პაკისტანური “თალიბანი” გარკვეული პერსპექტივით _ პაკისტანური “თალიბანის” მიერ ავღანეთის დაპყრობით.

ანალიტიკოსები შეგვახსენებენ, რომ ავღანეთში დღეს არსებულითალიბანიშეიქმნა პაკისტანში სამხედრო პოლიციის მიერ ქაშმირში ინდოეთის მოქმედების საწინააღმდეგოდ. ეს ნიშნავს, რომ არსებობს ბუნებრივი ისტორიული კავშირი პაკისტანსა და ავღანეთის ამჟამინდელ ხელისუფლებებს შორის. ეს კი, უწინარესად, ინდოეთის პრობლემაა.

ჩინეთის გავლენა პაკისტანზე ერთგვარად შეანელებს პაკისტანის ტერორისტულ აქტივობას ჩინეთის წინააღმდეგ, მაგრამ ისტორიულ პროცესებს ვერ შეაჩერებს.

_ შეიძლება თუ არა, ავღანეთი და პაკისტანი რომელიმე მომენტში გაერთიანდნენ ერთიან სახელმწიფოდ?

_ რადგან საამიროზეა ლაპარაკი, მას არ აქვს ერთიანი ეროვნული საზღვარი, მაგრამ შესაძლებელია და დღეს უკვე იგრძნობა მზარდი თანამშრომლობის ტენდენცია, პაკისტანის გავლენის გაძლიერება “თალიბანზე” პაკისტანში და _ პირიქით. რა მოჰყვება ამას _ გაერთიანება თუ უფრო მტკიცე თანამშრომლობა, თქმა დღეს ძნელია, მარჩიელობა კი უაზრობაა. მაგრამ, რომ გაძლიერდება, ბუნებრივი პროცესი ამ ორი მსგავსი სტრუქტურის, უეჭველია.

ისიც უნდა ვთქვათ, რომ პაკისტანში საკმარისად არიან “თალიბანის” წინააღმდეგ მებრძოლი ძალები, რომლებისთვისაც “თალიბანი” ან პოლიტიკური, ან შიდა მოწინააღმდეგეა. ამან შეიძლება გამოიწვიოს სხვა პრობლემები პაკისტანში, სახელმწიფოში, რომელიც სულ უფრო შესამჩნევად აღწევს თავს ამერიკის თუ სხვა სახელმწიფოს გავლენას ქვეყნის საშინაო პრობლემების კუთხით.

მაგრამ საფრთხეც არ არის გამორიცხული, რადგან იქვე არსებობს იდეოლოგიურად შეკრული სახელმწიფო, რომელიც ამოზრდილია ისლამური ფუნდამენტალიზმიდან.

იგი არ არის ირანის ისლამური რესპუბლიკა. ირანს არ აქვს სახელმწიფოს გაფართოების პრეტენზია, რადგან სხვა სახელმწიფოებრივი სისტემაა. საამიროს აქვს, რადგან იგი ხალიფის საამიროა. ვინც იცის, რას ნიშნავს ისლამი და რა შესაძლებლობებს ფლობს ხალიფი ისლამში, დამეთანხმება, რომ სწორედ ეს არის ძირითადი სტრუქტურა. ხოლო საამიროს არ აქვს საზღვრები, მისი საზღვრები გადის იქ, სადაც მუსლიმები ცხოვრობენ.

რუსეთსა და ჩრდილოეთს საფრთხე არ ემუქრებათ, არც ტაჯიკეთს, არც უზბეკეთს, არც ყირგიზეთს. ავღანეთი რამდენიმე წლის განმავლობაში დაკავებული იქნება თავისი გარდაქმნით, ხელისუფლების გაძლიერებითა და განვითარებით, “თალიბანის” იდეოლოგიის განმტკიცებით სრულად ავღანეთის მოსახლეობაში.

პრობლემა არის ის, რომ ავღანეთის ტერიტორიაზე მცხოვრები ტაჯიკები, უზბეკები და თურქმენები უფრო და უფრო განიმსჭვალებიან ამ იდეოლოგიით და მაშინ ჩამოყალიბდებათალიბანისტაჯიკეთი და სხვა ტაჯიკეთი, “თალიბანისუზბეკეთი და სხვა უზბეკეთი. იგივე შეიძლება ითქვას თურქმენეთის შესახებაც.

ცენტრალურ აზიაში თავს იჩენს ის პრობლემები, რომლებიც იქ ყოველთვის არსებობდა. გავიხსენოთ, რა მოხდა ყირგიზეთში შარშან. ამ ქვეყნებში “თალიბანი” გაძლიერდება და თვალსაჩინო როლს შეასრულებს როგორც იდეოლოგიურ, ასევე ტომობრივ და ეროვნულ სივრცეებში.

ტაჯიკები “თალიბანის” იდეოლოგიის დახმარებით დაიწყებენ და მზარდ გავლენას მოიპოვებენ. მათ საზღვრები ვერ დააბრკოლებს.

ამასთანავე, თუ სუსტი ხელისუფლება ვერ შეძლებს ამ სახელმწიფოების პრობლემების გადაწყვეტას ან რაღაც კრიზისი იფეთქებს _ “თალიბანი”გამოვა ასპარეზზე.

“თალიბანის” იდეოლოგიის შეღწევა საამიროების არსებობის პირობებში ამ სამი რესპუბლიკის საზღვრებზე იქნება პოტენციური, სულ უფრო მზარდი საფრთხე ავღანეთის ჩრდილოეთში, ანუ იმ რეგიონისთვის, რომელიც შუა აზია იყო ერთ დროს. ნეონაციონალური ისლამური ტერორისტული ორგანიზაციების წარმატება ეფუძნებოდა სწორედ ამ რესპუბლიკების მოქალაქეთა ერთგულებას. მათ ძალით არავინ ერეკებოდა, ლუკმაპურის საშოვნელად არ მიდიოდნენისლამურ სახელმწიფოშისაბრძოლველად, იდეოლოგიურად იყვნენ განწყობილნი.

ეს კი ნიშნავს, რომ ამჟამადაც ეყოლება ამ რესპუბლიკებში “თალიბანს” ასეთი მოხალისეები და მომხრენი. შემდეგ კი ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, რა და როგორ განვითარდება, ვინ და როგორ შეეწინააღმდეგება.

თუ ადამიანებს საკვებით ვერ უზრუნველყოფ, უნდა აიძულო, ილოცონ. აიძულებენ, ილოცონ! სოციალური პრობლემების ნებისმიერი გამოვლენის ჩასახშობად გააძლიერებენ იდეოლოგიურ ზეგავლენას ყველა იმ მეთოდით, რომლებსაც იყენებენ ამგვარი სახელმწიფოები. შეიძლება ისე არა, როგორც “ისლამური სახელმწიფო”, როცა ადამიანებს საჯაროდ თავებს ჰკვეთდნენ, მაგრამ რეჟიმის სიმკაცრე და დაუნდობლობა, რა თქმა უნდა, გაძლიერდება, რადგან მას არ ძალუძს, გადაწყვიტოს არც ერთი სახელმწიფო პრობლემა.

გარდა ერთისა _ რელიგიურის.

კედმის შეახსენეს ერთი განცხადება, რომლის ავტორი ამტკიცებდა, რომ “თალიბანით” არავინ უნდა შეშინდეს, რადგან თალიბები ვერასოდეს ისწავლიან თვითმფრინავის პილოტირებას, მაშასადამე, არც რაიმე საშიშროებას უნდა ველოდოთ მათგან.

იაკობ კედმი

იაკობ კედმი უპასუხებს:

_ მინდა, შევახსენო ამ სპეციალისტებს ორი რამ: პირველი _ თვითმფრინავი, რომელიც ახლახან ჩამოაგდეს უზბეკეთში; მეორე _ ვინ აიძულა რუსეთის სატრანსპორტოილ-76”, რომელიც ავღანეთის ცაში მიფრინავდა, შეეწყვიტა რეისი და დაშვებულიყო? ეს იყოთალიბანისმომხრე ავღანელი პილოტი, რომელიც საბჭოთა ავიაგამანადგურებელმიგ-21”- მართავდა. არ უნდა აჰყვე ზეგულუბრყვილობას, მათ ეყოლებათ თავიანთი მფრინავები, ტანკისტები. ექნებათ თუ არა თვითმფრინავები, სხვა საკითხია.

მაგრამ დღეს თალიბები მიიღებენ იარაღს მონათესავე რეჟიმისგან, თუმცა “თალიბანის” ძირითადი იარაღი არც თვითმფრინავები იქნება, არც ტანკები. ძირითადი იარაღი, როგორც თავის დროზე “ისლამური სახელმწიფოსი”, იქნება ექსტრემისტულ-ფუნდამენტალური ისლამური იდეოლოგია, რომელიც წარმატების კვალზე იზიდავდა და კვლავაც მიიზიდავს მუსლიმებს მთელი მსოფლიოდან.

ექსპერტები ასკვნიან, რომ, თუ იარსებებს “თალიბანის” საამირო (არადა, იარსებებს, რადგან დღეს არავინ არის დაინტერესებული მისი განადგურებით), ყველა მოძებნის მასთან თანაარსებობის გზებს, სწორედ მისი რეაქციულ-რევოლუციური ინდოქტრინაციის მეშვეობით, იგი შეაღწევს ყველა რესპუბლიკაში. არა მხოლოდ ცენტრალურ აზიაში, არამედ შეიძლება უფრო შორს _ თათრეთშიც, შეიძლება _ კავკასიაშიც. თუ სხვა მუსლიმები არ დაჯაბნიან _ ომი ხომ მუსლიმთა შორის გაჩაღდება.

თალიბები ავღანეთის პრეზიდენტის სასახლეში

კვლავ შეგახსენებთ ბოლო პერიოდში ტაჯიკეთში მომხდარ ამბოხს, რომელშიც ტაჯიკი სამხედროებიც მონაწილეობდნენ, გენერლები და ოფიცრები. ისეთები, ვისზეც ხელისუფლება იყო დამოკიდებული.

იმხანად, _ ამბობს იაკობ კედმი, _ დუშანბეში ტაჯიკეთის ხელისუფლება უფრო ეფექტიანი აღმოჩნდა, მაგრამ მე ვლაპარაკობ “თალიბანზე”, რომელიც ამ და სხვა რესპუბლიკებში შეაღწევს ისევე, როგორც თავის დროზე “ისლამურმა სახელმწიფომ” შეაღწია ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში: როცა ერაყში ხელისუფლება დაინგრა, როცა სირიაში ცდილობდნენ სახელმწიფოს განადგურებას…

დასასრულ, “თალიბანისპრობლემა არსებობს და იგი ავღანეთში თავს იჩენს, ხოლო აშშის ავღანეთიდან წასვლა პრობლემაა მათთვის, ვინც ამერიკელების იმედად იყო.

_ 20 წლის განმავლობაში ბატონობდა შტატები ავღანეთში, მაგრამ ამ ქვეყნის არც ერთი პრობლემა არ გადაუწყვეტია _ არც ეკონომიკური, არც პოლიტიკური, არც საგანმანათლებლო.

არც ერთი! მეტიც: ამერიკელებმა თავის დროზე გაანადგურეს ერაყი, ხელთ იგდეს ქვეყანა, მოსპეს ყველაფერი კარგი, რაც ერაყში მოქმედებდა; ყველა დადებითი ძალა, რომლებიც კი არსებობდა მიწასთან გაასწორეს.

ასე იყო ყველგან, სადაც კი ამერიკელებმა ფეხი შედგეს.

ასეა ავღანეთში, საიდანაც ფეხი ამოაკვეთინეს.

_ შეერთებული შტატები უბრუნდება ბუნებრივ საზღვრებს. დღეისთვის მისი გავლენა, მისი ეკონომიკის გავლენა ზომაზე მეტად არის გაბერილ-გაბუქებული.

ის, რაც შტატებს ავღანეთში დაემართა, სამხედრო მარცხის გარდა, სხვა უფრო ღრმა პრობლემის მაჩვენებელია.

ამერიკელები ტრაბახობდნენ, რომ ყოველთვის მხარს უჭერენ დემოკრატიას, რომ სწორედ ის ქვეყნები, რომლებშიც დემოკრატია მათ სტილშია გაგებული და მათი ხელმძღვანელობით არის დამკვიდრებული, აღწევენ წარმატებას. მაგალითად ასახელებდნენ ავღანეთს და მის მსგავს სხვა ქვეყნებს.

ავღანეთში კი იყო ხელისუფლება, რომელსაც არავითარი კავშირი არ ჰქონდა არც ხალხთან, არც ქვეყანასთან, არც მათ ინტერესებთან.

დღეს ავღანეთიდან წავიდა მის ისტორიაში ყველაზე უფრო კორუფცირებული ხელისუფლება, რომელმაც ვერ გადაწყვიტა ვერც ერთი პრობლემა და ერთადერთი საზრუნავი ჰქონდა: იმ დახმარების დატაცება, რომელსაც შეერთებული შტატები მის მიერ შექმნილი სახელმწიფოსთვის გაიღებდა.

თალიბები ქაბულში

ამიტომ პირველივე დაძაბულობისთანავე ხელისუფლება, რომელიც მიჩვეული იყო, რომ მის ყველა პრობლემას წყვეტდა შეერთებული შტატები, გაიძურწა საზღვრებს მიღმა, როგორც ეს საქართველოში მოხდა 08.08-ის მოვლენებისას.

აშშ ავღანეთის ყველა პრობლემას ერთი და იმავე მეთოდით “აგვარებდა” _ კიდევ ფული, კიდევ დამატებით ფული! ეს ფული დაიტაცეს და, რაგინდ სამარცხვინო იყოს, ყველასგან მიტოვებული პრეზიდენტი (“ვით მეფე ლირი”), მათი ხელდასმული და საიმედო “მმართველი”, გაიქცა ქაბულის აეროპორტიდან (ჩვენი “წითელი ხიდივით” სააკაშვილისტების თავის გადარჩენის მსგავსი გზით), იმ ფულის ნარჩენებით გატენილი მეორე თვითმფრინავის თანხლებით, არადა, თანხა მის სახელმწიფოს უნდა მოხმარებოდა.

ისე მიდიოდა ტრაპისკენ ყოფილი პრეზიდენტი ამრულა სალაჰი, როგორც ჩვენი ნაცების ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარე ნიკანდრო მელია _ პიზის კოშკივით წელში გადახრილი, რომელსაც ალექსანდრიის შუქურას მოვალეობაც აჰკიდეს _ გაძღოლოდა რევოლუციურ მასებს “საქართველოში დამკვიდრებული ოლხოკრატიის აღმოსაფხვრელად”.

თუმცა ამის არც სურვილი ჰქონია, არც უნარი, არც შესაძლებლობა.

უარსაც ვერ ეტყოდა, რადგან ეს დავალება პატრონისგან მოდიოდა.

იმედი რჩებოდა ამერიკელი ლობისტების, რომლებიც ჩვეულებისამებრ დაიცავდნენ მას. არ დაიცვეს, არც აღშფოთებულან.

ეს ყველაფერი ლაპარაკობს თვით ამერიკის შეერთებულ შტატებზე, მის ზნეობრივ პრინციპებზე, იმაზე, რომ მას კაცობრიობა მიჰყავსახალი, უფრო წარმატებული, უფრო მყარი, უფრო სამართლიანი მსოფლმოწყობისკენ” (?!).

“ამერიკული პერიოდი” დასრულდა. საით მიდის ავღანეთი? როგორც “თალიბანმა” განაცხადა, ავღანეთი იქნება საამირო _ ფუნდამენტურ-ტერორისტული მუსლიმური იდეოლოგია სრულუფლებიანი სახელმწიფოს ფორმით.

რას გვასწავლის ავღანეთის მაგალითი?

უნდა შეწყდეს მავანის ფასეულობების სხვისთვის თავსმოხვევის უპასუხისმგებლო პოლიტიკა, მავანის ლეკალოებით დემოკრატიის დამყარების უსაფუძვლო მცდელობა ისტორიული, ეროვნული, რელიგიური თავისებურებების უგულებელყოფის გზით. სახელმწიფოს მართვის უცხო მეთოდებითა და ფორმით დანერგვა ავღანეთში კონტრპროდუქტიულია. მსგავსი სოციალურ-პოლიტიკური ექსპერიმენტები არასოდეს წარმატებით არ დასრულებულა. შედეგი ყოველთვის ერთი იყო: სოციალური და პოლიტიკური სისტემების დეგრადაცია და სახელმწიფოს მოშლა და ნგრევა.

მიმოხილვა მოამზადა

არმაზ სანებლიძემ

P.S. _ “ძაღლი გადააბრძანეთო, _ თქვა მეფემ გზაზე დაგდებული მკვდარი ძაღლის დანახვაზე.

_ მეფეო, ძაღლს კი არ გადააბრძანებენ, გადაათრევენო, _ შეჰბედეს მეფეს.

_ ამას მე ჩემს პირს არ ვაკადრებო, _ უპასუხა მეფემ”.

..

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here