მთავარი ისტორია აკაკი ბაქრაძე: “ბედნიერი ერის”, “ჯაყოს ხიზნების”, “ფიქრების” არსს რომ ჩავწვდომოდით, საქართველოსა და...

აკაკი ბაქრაძე: “ბედნიერი ერის”, “ჯაყოს ხიზნების”, “ფიქრების” არსს რომ ჩავწვდომოდით, საქართველოსა და ქართველი ხალხის ხვედრი დღეს სრულიად სხვა იქნებოდა

შეიძლება თუ არა დღეს ქართული ეროვნული ენერგიისადმი სკეპტიკურ დამოკიდებულებაზე საუბარი?

633
გააზიარეთ
ნიკოლო მიწიშვილი

დღეს კაცობრიობა წინ მიდის და ამას განსხვავებული აზრის პირობებში ცივილიზებული თანაცხოვრებით ახერხებს. ეროვნულ ენერგიას შეუძლია მთებიც კი გადადგას, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში რაში იხარჯება ის?

იხარჯება საჯარო მსჯელობებში, რომელთა ტექსტებშიც და ქვეტექსტებშიც თითქმის არასდროს არის კონსესუსის ძიება, და ამიტომ ჩვენს საზოგადოებაში კამათს შეხედულებებს შორის არსებული უფსკრულის კიდევ უფრო გაღრმავება სდევს თან. განსხვავებული აზრის მიუღებლობისა და მუდმივი ჯგუფური დაპირისპირების პირობებში ერი და საზოგადოება თვითლიკვიდაციისა და გამოლევისთვის, სულიერი და ფიზიკური გამოფიტვისთვის წირავს თავს.

როგორი იქნებოდა საქართველოსა და ქართველი ხალხის ხვედრი დღეს ქართული ეროვნული ენერგიისადმი დამოკიდებულება სხვაგვარი რომ იყოს?

ცხადია, სიბრაზე, რომელიც აჩენს სიძულვილს, ღუპავს საზოგადოებას. ერს კი თავისუფლად შეუძლია, ეს ეროვნული ენერგია შეკრას და მტრული პოლიტიკის, ადამიანთა გაჭირვებისა და ტკივილის წინააღმდეგ გააერთიანოს.

1926 წელს გამოქვეყნდა ნიკოლო მიწიშვილის “ფიქრები საქართველოზე”, რომელსაც საზოგადოებაში ცხარე სჯა-ბაასი მოჰყვა _ ავტორს ქართული ეროვნული ენერგიისადმი სკეპტიკურ დამოკიდებულებას საყვედურობდნენ.

აკაკი ბაქრაძეს კი მიაჩნია, რომ “ფიქრებს” მაშინაც და მერეც ჯეროვანი გულდასმით და გულისყურით არ მოეკიდნენ, რადგან დარწმუნებული იყო, რომ “ნიკოლო მიწიშვილის “ფიქრებში” სასოწარკვეთილების ისეთივე ტკივილი და ყვირილი იყო, როგორიც ილიას “ბედნიერ ერში” და მიხეილ ჯავახიშვილის “ჯაყოს ხიზნებში” (თუმცა ოციან წლებში ვინ დაიჯერებდა, რომ მწარედ ახდებოდა მიხეილ ჯავახიშვილის წინასწარმეტყველება _ საქართველო თეიმურაზ ხევისთავად გადაიქცეოდა). ოღონდ ილია ქართული სამყაროს უფსკრულს პოეზიის ენით ამხელს, მიხეილ ჯავახიშვილი – პროზისა და ნიკოლო მიწიშვილი – პუბლიცისტიკის. არც მარტო ყოფილა პოეტი. იმავე სევდით და გულისტკივილით იყვნენ მაშინ შეპყრობილი სერგი დანელიაც და კონსტანტინე კაპანელიც.

ქართველი საზოგადოება ნიკოლო მიწიშვილს აუმხედრდა. ასევე მიესიენ ილიასაც, როცა “კაცია-ადამიანი?!” დაიბეჭდა. მოკვლასაც კი უპირებდნენ. მიხეილ ჯავახიშვილსაც ქვა და გუნდა დაუშინეს “ჯაყოს ხიზნებისათვის”. ამგვარი დამოკიდებულების მსხვერპლი გახდა ნიკოლო მიწიშვილის “ფიქრებიც”, თორემ “ბედნიერი ერის”, “ჯაყოს ხიზნების”, “ფიქრების” არსს რომ ჩავწვდომოდით, საქართველოსა და ქართველი ხალხის ხვედრი დღეს სრულიად სხვა იქნებოდა”, _ (“ახალი გრაალი”).

“ფიქრების” გამო გაშლილ პაექრობაში გრიგოლ რობაქიძეც მონაწილეობდა. 1927 წლის “ქართული მწერლობის” პირველ ნომერში მისი “საქართველოს ხერხემალი” დაისტამბა, სადაც გრიგოლ რობაქიძემ უარყო გულგატეხილობა, ამტკიცებდა, რომ ქართული ეროვნული ენერგია არაფრით ჩამოუვარდება სხვა ხალხებისას, პირიქით, ზოგჯერ სჯობნის კიდეცო, მაგრამ 1920 წელს ის სულ სხვა რამეს წერდა:

“ჩვენ გვიყვარს “სემიტური გამოჩენა”, მაგრამ ჩვენ არიული “გამორჩევაც” გვიყვარს. “ლაღაგადასმულობის” დასაწყისს ჩვენს ბუნებაში ეომება პრინციპი “აზნაურობის”. ჩვენ ხშირად გვძლევს ხოლმე წვრილმანობა, მაგრამ ხშირად გვაჯადოებს რაინდული “ხმალში გამოწვევა”; ჩვენ “მეწვრილმანებიცა” ვართ და “რაინდებიც”. ქართველი კაცი “ლაქიაც” არის და “მეფეც”, “ჟულიკიც” და “არისტოკრატიც”. ქართული ყოფა ფუნქციონალურია. საქართველო არის და კიდევაც არ არის… მას არ სჯერა თავისი თავის და სურს სხვა იყოს. ქართველი გაურბის თავის-თავს (ცუდს), რომ ნახოს თავის-თავი (უკეთესი), ამიტომ ისმება საკითხი: ან თავის-თავის მონახვა ან სრული დაღუპვა. გზა ხსნილი არ არის სხვა” (“ბარრიკადი”, #1).

ეს რადიკალიზმი ისევ დევს ქართველის ბუნებაში, ქართული ეროვნული ენერგიის სინაკლულეზე რომ არაფერი ვთქვათ.

ნაწყვეტი აკაკი ბაქრაძის “ახალი გრაალიდან”:

“ნიკოლო მიწიშვილი მართალი იყო. თავდაპირველად გრიგოლ რობაქიძესაც აწამებდა ეჭვი ქართული ეროვნული ენერგიის მიმართ. “და მეშინია, არა ვთქვა მაინც, რომ საქართველო არის მიქარვა” (“ბარრიკადი”, 1920წ. #3 ლექსი _ “საკუთარი ტოსტი”).

უფრო ადრე, 1913 წელს სტატიაში _ “ერის სული და შემოქმედება” _ იგი ამბობდა:

“საქართველო აღარ არის მთელი და, როგორც ცოცხალი არსი, იგი ქართველში არ არსებობს. სამაგიეროდ დარჩენილან ნაწილნი და ნაწილნი თვითონვე ცდილობენ მთელობას. საქართველო მე ვარ – აი ფსიხიური განცდა ქართველისა. ეს საბედისწერო მოვლენა ჰქმნის იმ საშინელ ტრაღიზმს, რომელიც შავი მოჩვენების სახით თანსდევს ყოველს ჩვენს გადადგმას: შური, მძულვარება, გაუტანლობა და ქუჩის, როგორც სიცოცხლის სიმბოლოს, გამეფება. დავკარგეთ მთელი ჩვენს არსებაში და მით თავზე ხელი ავიღეთ”…

საქართველოს, როგორც მთელის, შეუცნობლობას ხედავდა ნიკოლოზ ბარათაშვილის, ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის შემოქმედებაშიაც.

“ყოველი მათგანი დიდი ნიჭის პატრონი იყო, მაგრამ ვერც ერთი მათგანი მსოფლიო გენიოსად ვერ იქცა. რისთვის? მისთვის, რომ არც ბარათაშვილი, არც ჭავჭავაძე, არც წერეთელი არ გრძნობდა შეუცნობელს სფეროში საქართველოს, როგორც ერთ დიადს მთელს (ხაზი ჩემია – ა. ბ.). ისინი იტანჯებოდნენ მისი იდეალური სახისათვის და ხელოვნებით ცდილობდნენ, შეექმნათ მისი სასურველი და შესაძლო სახე. ეს “ცდილობა” გმირობათ ჩაეთვლებათ ჩვენს მგოსანთ-მამულიშვილთ, მაგრამ იგივე “ცდილობა” ხელს უშლიდა მათი ფანტაზიის თავისუფალ ნავარდსა. ამით იხსნება ის გულისხმიერი მოვლენა, რომ მათს შემოქმედებაში ხანდახან ხორცშესხმული სიმბოლოს მაგიერ მხოლოდ უსხეულო ალეგორია იბადება” (“სახალხო გაზეთი”, 1913წ., # 870).

როგორც ნიკოლო მიწიშვილს, ისე გრიგოლ რობაქიძესაც აფიქრებდა რუსთაველის განსაკუთრებულობა და გამორჩეულობა ქართულ სამყაროში. გრიგოლ რობაქიძე ივანე გომართელს ეკითხებოდა: “შოთა იმდენად ირჩევა ყოველი ქართველისაგან, რომ მის ქართველობაშიც ეჭვი გვეპარება, რით აიხსნება ასეთი საიდუმლოება?” მაგრამ 1927 წელს იგი უკვე აღარ ფიქრობდა ასე. რუსთაველი ქართული კულტურის უღრმესი ფესვებიდან ამოზრდილ მოვლენად მიაჩნდა. “საქართველოს ხერხემალში” იგი იხსენებს “შუშანიკის წამებას”, “გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებას”, ეფრემ მცირეს, დიდ მთაწმინდელებს და ასკვნის: “ამის შემდეგ, რასაკვირველია, რუსთაველი აღარ არის “გაუგებრობა”.

გრიგოლ რობაქიძის შეხედულებათა განვითარება იოლად არ მომხდარა. იგი თანდათანობით ხდებოდა, მაგრამ უკვე 1920 წელს დასვა საკითხი, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა მისი შემოქმედებისათვის: თავისთავის მონახვა. საქართველო მაშინ დაიღუპებოდა, თუ თავისთავს ვერ მონახავდა. თავისთავის მონახვა იყო უპირველესი და არსებითი(წიგნიდან “კარდუ”, თბილისი, “ლომისი”, 1999).

“მწერალი საცოდავი კაცია დღეს, _ წერდა მიწიშვილი, _ ახლა აღარ კმარა, იყვე ის, რაც ბუნებითა ხარ მოცემული”, კიდევ უნდა იყო მებრძოლი, რევოლუციონერი და თანამედროვეო.

დღეს?

დღეს რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს შემოქმედი ადამიანი, რომ შეძლოს საზოგადოების ფართო წრისთვის თავის გაცნობა? ვის ურიგებენ დღეს “საბას” პრემიებსა და ჯილდოებს?

ფაქტია, რომ ქართულ მწერლობაში შეიქმნა ტენდენცია, რომელიც ადამიანის ნიველირებას, მისი ღირსების, ზნეობის შელახვას ემსახურება, რაც საკმაოდ თვალშისაცემია. ბურჭულაძემ, დეისაძემ და მსგავსმა “მწერლებმა” ეს მშვენივრად მოახერხეს. იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს მათ ვიღაც ავალებს, ასე წერონ, რათა საზოგადოება გარყვნან და გადააგვარონ.

ცალკე აღშფოთების საგანია ის, რომ ერთსა და იმავე პიროვნებას სამჯერ, ოთხჯერ და მეტჯერაც აძლევენ “საბას”; ამ დროს კი იმ მწერლებს, რომლებიც მართლაც იმსახურებენ ამ პრემიას, საზოგადოება ნაკლებად იცნობს მხოლოდ იმის გამო, რომ მათი შემოქმედება განსხვავებულია _ მასში არ არის დედის გინება; ისინი არ არიან “ტელეპოეტები”, “ტელეპროზაიკოსები”, ჩრდილში არიან, მაგრამ ეს მხოლოდ ჯერჯერობით, რადგან ჭეშმარიტ ხელოვნებას დრო თავის ადგილს მიუჩენს ისტორიაში.

1917 წლის ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ უცხოეთში მყოფი მიწიშვილი სვამს კითხვას: “რაღა დამრჩა მე სარევოლუციო და საბრძოლველი? რევოლუცია მოხდა უჩემოდ, განვითარდა უჩემოდ, უჩემოდ გაიმარჯვა რევოლუციამ და გაიმარჯვა ისე, რომ არ მინახავს არც რევოლუცია, არც ის ბრძოლა, რამაც რევოლუცია გამოსჭედა. შემდეგ კი იმდენი ხალხი დაეპატრონა რევოლციას, რომ დიდი საქმის გაკეთებამ ჩემამდე არ მოაღწია, პატარა საქმეს ისედაც კი ვაკეთებდი, ურევოლუციოდ.

ჰოდა, ახლა მრცხვენია _ როგორ გამოვდგე და ვიძახო, რევოლუციონერი ვარ-მეთქი. ამას ბევრი შვება დღეს”.

კამათი წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე, 1901 წ. (შარჟი); დაიბეჭდა „ცნობის ფურცელში“
კამათი წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე, 1901 წ. (შარჟი); დაიბეჭდა „ცნობის ფურცელში“

რა უცნაურ დამთხვევადაც უნდა მოგეჩვენოთ, ფაქტია, რომ დღეს ბევრ გულანთებულ მამულიშვილს, ქვეყნის უანგარო სამსახური რომ სწყურია, შეუძლია იგივე თქვას: “ვარდების რევოლუცია” უჩემოდ მოხდა, “ოცნებამაც” უჩემოდ გაიმარჯვა, ისე, რომ არც ერთის მოსვლასა და წასვლაში დიდი არაფერი გამიკეთებია, მაგრამ ვინც იაქტიურა _ რევოლუცია “გამოსჭედა” და მერე დაამხო სადისტი ნაციონალების ხელისუფლება _ ახლა აქვს პრეტენზია ხელისუფლებაში ყოფნის, ქვეყნის ბატონისა და მმართველის. ისინი ბევრნი არიან. ასე რომ, დიდი საქმის გაკეთებამ ჩემამდე არ მოაღწია, პატარა საქმეს ისედაც კი ვაკეთებდიო.

ისევ მიწიშვილს მოვუსმინოთ: “ჭკუა ამბობს, რომ დროება გადაბრუნდა მშრომელი ქვეყნის საკეთილოდ. გაიგე ეს, მოუარე და შეინახეო. მე ვასრულებ ამას, რადგან ვიცი, რომ ეს მართლაც ასეა, მაგრამ როგორ გადაბრუნდა, რამ გადააბრუნა? _ ეს კითხვა ცივად დგას განზე, უპასუხოდ…

ეს უნდა განიცადო, იგრძნო და უნდა იგრძნო თავიდან. შემდეგ კი, როცა ფაქტი ხდება და ამ ფაქტს ყველა აეტორღიალება _ აქ იწყება უკვე სიყალბე, გამარჯვებულის ეტლი და ტრიუმფი…

ცხოვრება კი მიჰქრის წინ, ძნელდება და რთულდება. მგზავრი, რომელიც აიარს მაღალ მთას და მთის წვერზე დაჯდება, დასვენებაში სიამოვნებას პოულობს, მაგრამ, ნუთუ ის იქნება ბედნიერი, თუ მოვთხოვთ მას, რომ მუდმივ იქ იჯდეს და ისვენებდეს?”

ცხოვრება თვითონ სცემს პასუხს ამ კითხვას. ათეული წლებია, გაგვინელდა თავისუფლებით ტკბობის სიხარული, მოგვბეზრდა “ვარსკვლავებთან თამაში”, მხოლოდ სუფთა ჰაერის სუნთქვა არ აღმოჩნდა საკმარისი ბედნიერად ცხოვრებისთვის… მაგრამ ძირს _ მშობელ მიწაზე უმტკივნეულოდ დასაშვებად ყველა გზა მოვაშთეთ, ხიდები დავწვით და ახლა სასწაულის მოლოდინში, ამ მთის წვერზე წამოსკუპებულებს, ზედმეტად გატოკებისაც კი გვეშინია, _ ემანდ არ გადმოვცვივდეთ, თორემ მიწამდე სული არ დაგვყვებაო. ის კი, ვინც “ხელი შეგვაშველა” ასვლისას, ულვაშებში ცბიერად იღიმება და ჩვენს მიწაზე, რასაც უნდა, იმას აკეთებს, თან თვალს არ გვაშორებს, _ სასწაული არ მოხდეს და ეს ქვეყანა ხელიდან არ გამოგვაცალონო.

დღეს ახალი ევროპელები ბატონობენ საქართველოში და აქა-იქ შემორჩენილი ამბოხებული ქართული სული კვლავ იბრძვის დამოუკიდებლობისთვის, თავისუფლებისთვის… იბრძვის ევროპის წინააღმდეგ, რომელიც სწამლავს და ხრწნის ჩამორჩენილ ერებს ფულით, თვალთმაქცობით და ცბიერებით, რომელიც ასე უხვად მოეპოვება დღევანდელი ევროპის სახელოვან კულტურას. როგორ მიესადაგება ნიკოლო მიწიშვილის ეს შეფასება დღევანდელ ევროპას, რომელიც გვაიძულებს, ცხვირში გვჩრის ლგბტ-ზაციას, ნარკოტიკების ლეგალიზებას, განათლების სფეროში ისეთი მეთოდების დანერგვას, რომელთა შედეგად მამულიშვილების ნაცვლად მანქურთებს მივიღებთ, რომელთათვისაც სამშობლო ჩირად არ ეღირება და რომლებსაც წინაპართაგან რუდუნებით შემონახული ადათ-წესები სასაცილოდ არ ეყოფათ… დღეს საქართველოს წინააღმდეგ გამოცხადებულია იდეოლოგიური ომი, რომელსაც კოორდინაციას უწევენ ყველაზე დიდი და გავლენიანი დასავლური ინსტიტუციები.

თუ ახალგაზრდობას საშუალებას მივცემთ, ნარკოტიკი განუსაზღვრელი რაოდენობით მოიხმარონ, ეს ერის დაღუპვის ტოლფასია. ნარკოტიკების პროპაგანდას ზემოთ ნახსენები ე.წ. მწერლებიც ეწევიან. დეისაძემ ერთხელ “იმედის” ეთერში თქვა კიდეც: კარგ ნაწარმოებსა და მუსიკას მაშინ ვწერ, როცა მარიხუანა მაქვს მოწეულიო. ამ პროპაგანდაში ჩართული იყვნენ სხვა მწერლებიც, მსახიობებიც, პოლიტიკოსებიც, რომლებიც ამბობდნენ, რომ ნარკოტიკი კარგია. ეს ყველაფერი ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ არის მიმართული.

ამაზე არ ვოცნებობდით არც “ვარდების რევოლუციამდე” და არც მის შემდეგ!

გულის სიღრმეში დღეს ყოველ ქართველს მაინც აქვს საგულდაგულოდ შენახული იმედის ნაპერწკალი, რომ ამ ყველაფერს წერტილი დაესმება, მბჟუტავი ნაკვერჩხალი გაღვივდება, აი მერე კი აგიზგიზებულ კოცონს, არათუ ვინმე ჩააქრობს, ვერავინ მიუახლოვდება.

ისტორიას ახსოვს მსგავსი ფაქტები.

მთავარია, ღმერთმა არ გაგწიროს, თორემ კაცი ვერაფერს დაგაკლებსო, _ ნათქვამია.

ამის დასტურად ისევ მიწიშვილს მივუბრუნდეთ:

“სტამბოლი… ბოსფორისა და ოქროს რქის ტალღებზე დგას იგი თითქმის ჩვიდმეტი საუკუნე. და ჩვიდმეტი საუკუნე მიმართულებას აძლევდა ყოველ ქარს, რომელიც ბრუნავდა აღმოსავლეთ ევროპაში და აზიის მხარეზე.

ახალი რომი…

კონსტანტინე დიდმა დაამკვიდრა ქრისტიანული მოძღვრება, აღმართა მდიდარი და ძლევამოსილი ჯვარი ამ ქალაქში, საიდანაც ის მბრძანებლობდა მსოფლიოზე.

აქ უკანასკნელად შეებრძოლა ელინიზმი და კლასიკური წარმართობა ახალ ქრისტიანულ მოძღვრებას და ივლიანე განდგომილმა აქ უკანასკნელად სცადა, აღედგინა დამსხვრეული კერპების ძლევამოსილება. აქ დაიღუპა იგი ძველ სარწმუნოებასთან ერთად, ბრწყინვალე და ბრძენი, რომლის არსება სავსე იყო წარმართ საუკუნეთა სინათლით.

მეორე რომი…

არა, ის უნდა შეჯიბრებოდა პირველობაში დიდ რომს, კონსტანტინოპოლი უნდა ყოფილიყო ადგილი, რომელიც დაჩრდილავდა დიდი რომის ხსენებასა და ბრწყინვალებას.

და აღმოცენდა ქალაქი…” ქალაქი, რომელიც დამკვიდრდა ძველი ცივილიზაციის ნანგრევებზე ახალგაზრდა ქრისტიანობის მღელვარე და თავგანწირული ენერგიით.

კონსტანტინოპოლი გადაიქცა ცენტრად, სადაც თავი მოიყარა იმ დროს რჩეულთა და გონიერთა კრებულმა.

აქ შეიქმნა არქიტექტურა, რომელმაც დასტოვა კვალი საუკუნეებში და რომელმაც დაჰფარა თავის გავლენით ხუროთმოძღვრება მთელი ქრისტიანული აღმოსავლეთის.

აქ წარმოიშვა მხატვრობა, რომელიც დაკანონდა, როგორც სრულყოფილის მიახლოება და რომელიც ჩაექსოვა ხელოვნების აღორძინების ხანას დასავლეთ ევროპაში.

ამ ქალაქს ახსოვს რელიგიური კამათი და კრებები, სადაც თავმჯდომარეობდნენ მეფეები; დისპუტები და მსოფლიო ყრილობანი. აქ მთელი საქრისტიანო მსოფლიოდან წარმოდგენილი მღვდელთმსახურნი ჰქმნიდნენ წესებს ქრისტიანულ დოგმატიკისას და აქ გამოიჭედა ურყევი კანონები, რომლებიც დაედო საფუძვლად რელიგიურ აზროვნებას მთელ მართლმადიდებელ მსოფლიოში.

აქ წარმოთქმულა სიტყვები, რომლის მსგავსი არ ახსოვს ორატორულ ხელოვნებას.

აქ დაწერილა მოწოდებანი, რომელნიც ცეცხლის ენებად ელვარებდნენ ქვეყნიდან ქვეყნად და ალში ხვევდნენ წარმართობის უკანასკნელ ნაშთებს _ სირიაში, საბერძნეთში, რომში, ხმელთაშუა ზღვასა და არქიპელაგზე…

ბიზანტია იყო სტიმული, ბიზანტია იყო ორგანიზაცია და ჭკუა.

აქედან შემოაღო საქართველოში კარი დასავლეთმა; ამ გზით შემოიჭრა ჩვენში სხივი ფილოსოფიის, მეცნიერების; ეს იყო გზა ყველა მთაწმინდელისა და აქედან დაამხო ჯვარმა არმაზის კერპი. ბიზანტიიდან ჩაეთესლა ქართულ ბუნებას სკეპსისი და შეიძლება ის ცბიერებაც, რაიც ეგზომ აკვირვებს ადამიანს ქართველი კაცის ვაჟკაცურ და რაინდულ ბუნებაში.

ველურობა და დეკადანსი _ ეს მოგვცა ბიზანტიამ.

ბიზანტიამ შუაზე გააპო ქართული ბუნება, მუსლიმური აღმოსავლეთისაგან უკვე დაზიანებული.

ქრისტიანულმა ბიზანტიამ შეაბრუნა საქართველოს გზები და ბედი დასავლეთისკენ. და როცა სულთან მაჰმად მეორემ აია-სოფიას დამძიმებული შენობიდან ჩამოხსნა ჯვარი, რათა ნამგალა მთვარე აღემართა მის გუმბათზე, _ იმდენად ძლიერი იყო ლტოლვა ევროპისა და ქრისტიანული კულტურისაკენ, რომ საბა ორბელიანმა გვერდი აუარა განადგურებულ მართლმადიდებელ ბიზანტიას და ჩააღწია პარიზს, ნახა კათოლიკე ლუდოვიკო მეფე, რათა მისთვის ეთხოვა შველა აღმოსავლეთის ბარბაროსების წინააღმდეგ.

მაგრამ სულთნის ხელში ამართული ბასრი მთვარე ყოველთვის ბინდავდა საქართველოს ნათელ მზეს.

ამ ადგილზე ბრაზითა და ვნებით სავსე სულთნები გრეხდნენ საქართველოს ბედს წამების ბაწრად და ნამგალა მთვარე სჭრიდა პონტოს ზღვას, რომ დაჰკიდებოდა ჩვენს ცას, როგორც ლახვარი და როგორც მოდრეკილი ხანჯალი დამასკური.

აქ, იმ ადგილას, საცა მე გუშინ პირველად დავადგი მიწაზე ფეხი, მოჰყავდათ ქართველი მონები საქართველოს ზურმუხტოვანი ნაპირებიდან და ხელფეხშეკრული ქართველები ეყარნენ აქ მუშტრის მოლოდინში, როგორც პირუტყვები.

ამ ადგილას ულამაზესი ქართველი ქალები იხდიდნენ ლეჩაქს, რომ სამუდამოდ დაეფარათ მშვენიერი სახე სულთანის ჰარამხანების სამგლოვიარო ჩადრით.

აქ სულთან სელიმი ზრდიდა ქართველ ვაჟებს ოსმალეთის ერთგულ მხედრებად.

აქ ავიწყებდა მათ ისლამი სამშობლოს, ოჯახს, სისხლის ძახილს და “იავნანას”. და ამის მოგონებით მოგვცა ილიამ “იანიჩარი”.

…რამდენმა საუკუნემ განვლო მას შემდეგ და ჩვენ მაინც ვერ ავუხვიეთ გვერდი ამ გზაჯვარედინზე მდგომს “დამღუპველ ოსმალეთსა”…

რა ხდება დღეს აქ?

…დღეს ახალი სარკინოზები ბატონობენ სტამბოლში და სადღაც შორს, ანატოლიის ყრუ, მზით გადამხმარ პროვინციაში იბრძვის ამბოხებული ოსმალეთი დამოუკიდებლობისათვის, თავისუფლებისათვის… იბრძვის ევროპის წინააღმდეგ, რომელიც სწამლავს და ხრწნის ჩამორჩენილ ერებს ფულით, თვალთმაქცობით და ცბიერებით, რომელიც ასე უხვად მოეპოვება დღევანდელ ევროპის სახელოვან კულტურას.

ქემალი იბრძვის, იბრძვის ოსმალეთი და ევროპის სამხედრო ფლოტით სავსე ბოსფორი ახრჩობს ახალგაზრდა ოსმალეთს. ფოლადი ზარბაზნებისა ბრწყინავს სტამბოლის წინ და ადუნებს უკვე დაძაბუნებული ქალაქის გულისცემას.

მაგრამ გაიმარჯვებს ახალი ოსმალეთის ძალა და გაიმარჯვებს სამართლიანობა. გაიმარჯვებს ერი და მოვა დრო, როცა სარკინოზები დასცლიან ბოსფორს, როცა ფოლადის დრედნოუტების ჯოგი დაეშვება დარდანელის გზით ხმელთაშუა ზღვისაკენ და გენუელების კოშკზე, გალატას რომ ზევიდან დაჰყურებს, ჩამოეხევა ბრიტანეთის იმპერიის დროშა.

და საკვირველია!.. დღეს ამ ქალაქში ქართველები შემოხიზნულან…

თუ ესაა დაცინვა ბედისა, ჩვენს ქვეყანას რომ ყოველთვის ჰკორტნიდა. თუ ერთი ფურცელია ეს ჩვენი ისტორიის, ამ უცნაური წიგნისა, რომლის პირველი ფურცელი იმავე შინაარსისაა, როგორიც უკანასკნელი?!

უკანასკნელი ფურცელი ერის ისტორიისა?!

არა, უკანასკნელი ფურცელი დღევანდლამდე, ვინაიდან დღეს საქართველოში ახალი წიგნი იწერება ისტორიის. შეიძლება აქ მართლა შეშინდეს ადამიანი, რადგან ამ წიგნს უჩვეულო ხელი წერს. რას დაწერს შიგ? როგორ დაწერს, ან დაწერს კი? თუ წერისათვის არ მოიცლის და დაეღვრება მას ახალი ისტორია იმგვარსავე სისხლად, როგორც ეს ხდებოდა ძველთაგან დღემდე.

ვინ იცის!

ყოველ შემთხვევაში ფიქრი ახალის გამარჯვებაზე არაა გასაკვირი, როცა სტამბოლში ხარ და ფიქრობ; როცა ფეხი გიდგია იმ მიწაზე, სადაც ერთ დროს დაიწვა ძველი ისტორია, ბრწყინვალებით დაიწერა ახალი წიგნი ახალი გამარჯვებისა და ამაღლებისა და შემდეგ ყველაფერი ეს ჩაემხო ოსმალთა ბარბაროსულ ცეცხლში, რათა დღეს ახალი მოძრაობა აღმოცენებულიყო, ახალი ხალხი დამდგარიყო ფეხზე ახალი მისწრაფებით და ნებისყოფით.

მოდი და აქ, სტამბოლში, ნუ შეგაშინებს კაცს ფიქრი ისტორიის ცვალებადობისა.

თუმცა რად უნდა გვეშინოდეს ჩვენ? იქნება საქართველომაც შესძლოს ახალი ისტორიის დაწერა დაკოჟრებული ხელით. ახალი საქართველო შესძლებს ამას.

ჩვენ შევძლებთ და ჩვენ გავიმარჯვებთ.

ამას გვასწავლის მიწაც ბიზანტიის…” (ნიკოლო მიწიშვილი, ქართული ქრონიკა რევოლუციის დროიდან, თავი მეექვსე).

სარკინოზების კალთას დღესაც უამრავი ქართველია შეფარებული, სიდუხჭირისა და გაჭირვებისთვის თავის დასაღწევად სამშობლოდან გაქცეული. მათ უმრავლესობას იმის იმედი აქვს, რომ იქნებსაქართველომაც შესძლოს ახალი ისტორიის დაწერა დაკოჟრებული ხელითდა ფეხზე დადგომა.

რატომაც არა!

სხვებმა ხომ შეძლეს

რუბრიკას უძღვება დარეჯან ანდრიაძე

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here