მთავარი პოლიტიკა აზერბაიჯანი ყარაბაღის პრობლემას აგვარებს. საქართველო ისევ ერთ ადგილს ტკეპნის

აზერბაიჯანი ყარაბაღის პრობლემას აგვარებს. საქართველო ისევ ერთ ადგილს ტკეპნის

1348
გააზიარეთ
აზერბაიჯანი ყარაბაღის პრობლემას აგვარებს. საქართველო ისევ ერთ ადგილს ტკეპნის

გასულ კვირას ექსპერტები ყარაბაღის კონფლიქტის მოახლოებულ დარეგულირებაზე ალაპარაკდნენ. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც დავოსის ფორუმზე აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და სომხეთის პრემიერმინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ხანგრძლივი არაოფიციალური შეხვედრა გამართეს, რომლის შემდეგ ბაქოსა და ერევანში გაკეთდა ფრთხილი, მაგრამ მკაფიო მინიშნებები მოახლოებულ პროგრესზე კონფლიქტის დარეგულირების საქმეში. რა და რატომ შეიცვალა ყარაბაღში?

ფაშინიანი და ალიევი ერთმანეთს მესამედ ხვდებიან. ბოლო შეხვედრას წინ უძღოდა საგარეო საქმეთა მინისტრების _ ელმარ მამედიაროვის? და ზოგრაბ მნაცაკანიანის ოთხსაათიანი მოლაპარაკება, რომლის შემდეგ მამედიაროვმა თქვა, რომ “პირველად ხანგრძლივი დროის შემდეგ სომეხ კოლეგასთან ურთიერთგაგებას მიაღწია”.

ფაშინიანი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მას არ შეუძლია, მთიანი ყარაბაღის სახელით ილაპარაკოს და საუბრობს მხოლოდ, როგორც სომხეთის პირველი პირი, ხოლო ყარაბაღის კონფლიქტის თემატიკას საგარეო საქმეთა მინისტრები განიხილავენ. ფორმალურად, ალიევთან შეხვედრის ერთადერთი ხელშესახები შედეგი იყო შეთანხმება ინციდენტების პრევენციისთვის “ცხელი ხაზის” შექმნის თაობაზე, თუმცა არც ერთ ექსპერტს არ სჯერა, რომ ხანგრძლივი საუბარი მხოლოდ ამ თემას მიეძღვნა.

ფაშინიანის სიფრთხილე გასაგებია. როგორც სომხეთში, ისე აზერბაიჯანში ყარაბაღის კონფლიქტი, უპირველესად, არა საგარეო, არამედ საშინაო პოლიტიკის პრობლემაა. მან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა სომხეთის პირველი პრეზიდენტის _ ლევონ ტერპეტროსიანის დაცემაში. მას ბრალი დასდეს, რომ “ყარაბაღის ჩაბარებას აპირებდა”. ის 1998 წლის თებერვალში გადადგა, მას შემდეგ, რაც პრემიერმინისტრმა რობერტ ქოჩარიანმა, თავდაცვის მინისტრმა ვაზგენ სარქისიანმა და შს მინისტრმა სერჟ სარქისიანმა მხარი არ დაუჭირეს სამშვიდობო დარეგულირების გეგმას, რომელიც ტერ-პეტროსიანმა შესთავაზა. ის კონფლიქტის ზონის დემილიტარიზაციას და აზერბაიჯანისთვის რიგი დასახლებული პუნქტების გადაცემას ითვალისწინებდა პრინციპით “მშვიდობა ტერიტორიების სანაცვლოდ”. ჩამოთვლილი მაღალჩინოსნები ე.წ. ყარაბაღელების ჯგუფს შეადგენდნენ, რომლის დომინირება სომხურ პოლიტიკაში 2018 წლამდე გაგრძელდა. 1999 წელს ოპოზიციამ “ყარაბაღის ჩაბარების” ბრალდება რობერტ ქოჩარიანსაც წაუყენა, რადგან ჩათვალა, რომ გარკვეული ტერიტორიების დათმობას ისიც აპირებს. 1999-ში დარეგულირების გეგმამ ვნებათაღელვა ბაქოშიც გამოიწვია _ პროტესტის ნიშნად ჰეიდარ ალიევის ადმინისტრაციის სამი მაღალჩინოსანი გადადგა. ყოველივე ამის გათვალისწინებით, გასაკვირი არ არის, რომ ორივე ქვეყნის ხელმძღვანელი ფრთხილობს, ცდილობს, მოვლენებს წინ არ გაუსწროს, რადგან ერთ გაუფრთხილებელ სიტყვას დიდი აჟიოტაჟის, მეტიც, პოლიტიკური კრიზისის გამოწვევა შეუძლია. ილჰამ ალიევი სიტუაციას აზერბაიჯანში მყარად აკონტროლებს, მაგრამ ფაშინიანს შეიძლება სერიოზული პრობლემები შეექმნას, მითუმეტეს, რომ მისი ურთიერთობა მთიანი ყარაბაღის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ხელმძღვანელ ბაჩო სააკიანსა და სხვა ადგილობრივ ლიდერებთან კვლავინდებურად რთულია.

გასულ კვირას სომხეთის ახალ ლიდერთან შეხვედრის შემდეგ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ფაშინიანის მოლაპარაკებებს ალიევთან “გაბედული ნაბიჯი” უწოდა. ამით მან, შესაძლოა, მიანიშნა, რომ მხარეები, ისევე, როგორც 1998-99 წლებში, ახალი კომპრომისული გეგმის შემუშავებას მიუახლოვდნენ. 20 წლის წინათ ყველაფერი ჩაიშალა იმის გამო, რომ ორივე მხარე არ იყო მზად, გაეზიარებინა პრინციპი “მშვიდობა ტერიტორიების სანაცვლოდ”, ხოლო კონფლიქტის დარეგულირებაში ჩართულმა ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე ქვეყნებმა (საფრანგეთი, რუსეთი, აშშ) საერთო ხედვა ვერ ჩამოაყალიბეს. არაერთი ექსპერტი აღნიშნავს, რომ ვერც ახალი სამშვიდობო შეთანხმება ვერ შედგება იმ შემთხვევაში, თუ პროცესში ჩართული, სულ ცოტა, ერთი მძლავრი სახელმწიფო საკუთარ თავზე მოდერატორისა და სამშვიდობო შეთანხმებების შესრულების მთავარი გარანტორის როლს არ დაიკისრებს. საფრანგეთს დღეს არც ამის რესურსი და, შესაძლოა, არც სურვილი არ აქვს. აშშ ყოველთვის ცდილობდა, დაებლოკა რუსეთის ძალისხმევა, მაგრამ ბოლო პერიოდში მისი პოზიცია ნაწილობრივ შეიცვალა. ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირება არასოდეს არ მიეკუთვნებოდა აშშ-ის საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვან პრიორიტეტებს, ხოლო მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ტრამპმა “ახალი იზოლაციონიზმის” პოლიტიკის გატარება დაიწყო, ინტერესი მის მიმართ კიდევ უფრო შემცირდა. შეიქმნა სიტუაცია, როდესაც რუსეთმა შეიძლება საკუთარ თავზე აიღოს მთავარი გარანტორის მისია, ისე, რომ ამერიკელების გააფთრებულ წინააღმდეგობას არ წააწყდეს.

მთავარ წინაპირობას ამისთვის ორივე დაპირისპირებულ ქვეყანასთან რუსეთის განსაკუთრებული ურთიერთობა ქმნის, კერძოდ კი, რუსეთ-აზერბაიჯანის ბოლოდროინდელი დაახლოება, რადგან ერევანსა და მოსკოვს, ათწლეულებია, მჭიდრო სამოკავშირეო ურთიერთობა აქვთ. ამ დაახლოებას რამდენიმე წინაპირობა ჰქონდა. ერთ-ერთი მათგანი ეკონომიკური კავშირების განმტკიცებაა, აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრ შაჰინ მუსტაფაევის თქმით, აზერბაიჯანმა რუსეთის ეკონომიკაში მილიარდ დოლარზე მეტი დააბანდა, რუსეთმა აზერბაიჯანში ოთხ მილიარდზე მეტი ჩადო, მათ შორის 1,5 მილიარდი პირდაპირი ინვესტიციის სახით. რუსეთში მილიონობით აზერბაიჯანელი მუშაობს. ამასთანავე, აზერბაიჯანმა მოინდომა, აქტიურად ჩაერთოს რუსეთირანის სატრანზიტო პროექტებში. მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ცვლილებებმა რეგიონულ პოლიტიკაში, კერძოდ კი, მზარდმა დაპირისპირებამ აშშ-სა და თურქეთს შორის, რომლის პოზიციას აზერბაიჯანის ხელისუფლება საგარეო პოლიტიკის ფორმირების პროცესში განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს. მიუხედავად იმისა, რომ ალიევისთვის მნიშვნელოვანია თანამშრომლობა დასავლეთთან ნავთობის ექსპორტის კონტექსტში, მას ძალიან არ მოსწონს უცხოელების კონტაქტები აზერბაიჯანულ ოპოზიციასთან და მინიშნებები შესაძლო რევოლუციაზე, რომელიც ხშირად შანტაჟს აგონებს, მაგრამ ყველა ეს ფაქტორი მეორეხარისხოვანია. მთავარი როლი აზერბაიჯანისა და რუსეთის დაახლოებაშია, და სავარაუდოდ, ამის ფაქტორია აზერბაიჯანის მიერ იმის გააზრება, რომ ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირების დამაკმაყოფილებელი ფორმულის მოძებნა რუსეთის გვერდის ავლით ვერ მოხერხდება, მითუმეტეს აშშის ახალი საგარეო პოლიტიკის ფონზე. ალტერნატივა კონფლიქტის მრავალწლიანი გაყინვაა ან ტოტალური ომი ამოუცნობი შედეგით.

გასული წლის აგვისტოში აზერბაიჯანის მილიმეჯლისის (პარლამენტის) სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ალი ჰუსეინლიმ განაცხადა, რომ ახალ გეოპოლიტიკურ პირობებში შესაძლებელია აზერბაიჯანის “ოდკბ”-ში (კოლექტიური უსაფრთხოების შესახებ შეთანხმების ორგანიზაცია) შესვლის საკითხის განხილვა (ეს, ფაქტობრივად, რუსეთთან სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსში შესვლას ნიშნავს). იმის ალბათობა, რომ აზერბაიჯანის მმართველი პარტიის წარმომადგენელმა მსგავსი განცხადება გეოპოლიტიკურ თემაზე პირველ პირთან შეუთანხმებლად გააკეთა, 0,00001%-ია, მსგავსი პრეცენდენტი მეზობელ ქვეყანაში, უბრალოდ, არ აღრიცხულა. ეს იყო ძალიან მკაფიო მესიჯი კრემლის მისამართით. საინტერესოა, რომ, როდესაც ახლახან ალიევს დავოსში ამ თემაზე კითხვა დაუსვეს, მან უპასუხა, რომ “ეს საკითხი დისკუსიის სტადიაში ჯერ არ არის”. როგორც ჩანს, ალიევს სურს, ვაჭრობა განაგრძოს და მოსკოვისგან მაქსიმალური ბონუსები მიიღოს. ფსონი აზერბაიჯანისთვის ძალზე დიდია _ მშვიდობიანი გზით იმ რაიონების დაბრუნება, რომლებიც სომხურმა ძალებმა მთიანი ყარაბაღის ყოფილი საბჭოთა ავტონომიური რესპუბლიკის ფარგლებს გარეთ დაიკავეს. ეს შექმნის წინაპირობებს დარეგულირების ახალი ეტაპისთვის, რომლის ფარგლებში ბაქოს მთავარი მიზანი იქნება ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ყარაბაღის მოსახლეობისთვის ფართო უფლებების მინიჭებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის სანაცვლოდ.

რაც შეეხება სომხურ მხარეს, მას ბოლო წლებში მდიდარ აზერბაიჯანთან სამხედრო პარიტეტის შენარჩუნება უჭირს. ამასთანავე, ის მოქცეულია მარწუხებში თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის, მნიშვნელოვანწილად იზოლირებულია რეგიონული სატრანზიტო პროექტებისგან, რესურსების უდიდეს ნაწილს სტატუს კვოს შენარჩუნებაზე ხარჯავს, რაც განვითარების შესაძლებლობას ართმევს. რევოლუციას, რომელიც სომხეთში ახლახან მოხდა, არა მხოლოდ (და, შესაძლოა, არა იმდენად) პოლიტიკური, არამედ სოციალური ქვეტექსტი ჰქონდა. სომეხი პოლიტიკოსები ყურადღებით აკვირდებიან ცვლილებებს, რომლებიც აზერბაიჯანისა და რუსეთის, თურქეთისა და აშშ-ის, რუსეთისა და თურქეთის ურთიერთობებში აღინიშნება და, ალბათ, მიდიან დასკვნამდე, რომ იმ შემთხვევაში, თუ შეეცდებიან, არაფერი არ დათმონ, შეიძლება ყველაფერი დაკარგონ. ამ კონტექსტში ძალზე ნიშანდობლივია ოფიციალური ერევნის მცდელობა, შეინარჩუნოს და გააღრმავოს სამოკავშირეო ურთიერთობა რუსეთთან და პარალელურად დასავლეთში დამატებითი გარანტიები შეიქმნას, თუმცა რამდენად წარმატებული გამოდგება ის ტრამპის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის ფონზე, ძნელი სათქმელია.

ასეა თუ ისე, ორივე მეზობელი ქვეყანა აქტიურად მოქმედებს, ესაუბრება და ევაჭრება ერთმანეთს, ვაშინგტონს, მოსკოვს, ანკარას, მოკლედ, ყველას, ვისაც შეუძლია მათი მდგომარეობა სასიკეთოდ შეცვალოს. საქართველოს ხელისუფლების საგარეო პოლიტიკა განსხვავებულია. მან საკუთარ თავს რამდენიმე ტაბუ დაუწესა (თუ დაუწესეს), მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ რუსეთის ხელისუფლებას მხოლოდ გარკვეულ პირობებში და მხოლოდ დასავლელი პარტნიორების ზედამხედველობის ქვეშ დაელაპარაკება. ეს ტაბუ, ფაქტობრივად, გამორიცხავს პირდაპირ დიალოგს მოსკოვთან, მათ შორის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხზე (ასეთ პირობებშიჩვენი დასავლელი მეგობრებირუსეთთან უჩვენოდ ლაპარაკობენ და ჩვენ გარეშე და ჩვენს ხარჯზე წყვეტენ ჩვენსავე საკითხებს. _ რედ.). აზერბაიჯანი და სომხეთი ერთმანეთსაც და რუსეთსაც ესაუბრებიან, ხოლო საქართველო და რუსეთი განცხადებებს ცვლიან. აზერბაიჯანის საგარეო პოლიტიკა რეალურ მოლაპარაკებებს ეფუძნება, საქართველოს საგარეო პოლიტიკა კი _ მყვირალა და ფუჭ განცხადებებს. პირველ შემთხვევაში საქმე გვაქვს დიპლომატიასთან; მეორეში კი, ალბათ, _ მიტინგთან საერთაშორისო არენაზე. საინტერესოა, რომელი მიდგომა მოიტანს უკეთეს შედეგს?

ლუკა ნემსაძე

გააზიარეთ

1 COMMENT

  1. ყარაბაღის პრობლემა ჩვენსას არ ჰგავს. ყარაბაღი არც ესაზღვრება რუსეთს და არც რუსეთი ედავება მას რომელიმე მხარეს. ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებული სა ანექსირებულუა სწორედ რყსეთის მხრიდან. რუსეთი არ ცნიბს საქართველოს სახელმწიფოებრიობას. მას მთლიანად უნდა საქართველო თავის ფედერალუე სუბიექტად გადააქციოს. სტატია დემაგოგიურია, რეალურ ვითარებას არ ასახავს. ყარაბაღი კი მშვიდობიანას არ დაუბრუნდება აზერბაიჯანს. თქვენ სომხები არ გცნობიათ…

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here