Home რუბრიკები საზოგადოება ავტორბოლების წითელი ბარონი

ავტორბოლების წითელი ბარონი

762
მიხაელ შუმახერი

ამა წლის 3 იანვარს 50 წელი შეუსრულდაფორმულა-1”-ის გერმანელ ავტომრბოლს, მსოფლიოს 7-გზის ჩემპიონს, უამრავი რეკორდის ავტორ მიხაელ შუმახერს. მან 50-დან 40 წელიწადი ავტოსპორტს მიუძღვნა. მიუხედავად რბოლებში უამრავი გამარჯვებისა (91 გამარჯვება _ მოქმედი რეკორდი), შუმახერი ყველაზე წინააღმდეგობრივი ფიგურაა ავტოსპორტში.

როგორ დაიწყო

მიხაელ შუმახერი დაიბადა 1959 წლის 3 იანვარს გერმანიის ქალაქ ჰიურტ-ჰერმიულჰაიმში. 4 წლის იყო, როცა კარტის (მარტივი სარბოლო ავტომობილი) საჭეს მიუჯდა. მიუხედავად იმისა, რომ ავტომობილის მართვის პირველი მცდელობა ავარიით დასრულდა, _ ბოძს შეეჯახა, _ პატარა მიხაელმა სამომავლო წარმატებებს საფუძველი ჩაუყარა. მამამ ახალი კარტი აუწყო ბიჭს და ის ქალაქ კარტინგ-კლუბში ჩაწერა.

მომავალი ჩემპიონის მშობლები მდიდრები არ იყვნენ, ამიტომ, ვაჟის გატაცებას ფუჭად რომ არ ჩაევლო, როლფ შუმახერმა მეორე სამუშაო მოძებნა, მაგრამ ესეც არ აღმოჩნდა საკმარისი და, როცა მიხაელს 800 დოიჩმარკის (დაახლოებით 500 დოლარი) ღირებულების ძრავა დასჭირდა, ოჯახმა თანხის გადახდა ვერ შეძლო. შუმახერებს იმ მომენტში დაეხმარა გერმანელი ბიზნესმენი, რომელმაც მიხაელს ახალი კარტი შეუძინა.

ამ ეპიზოდმა მნიშვნელოვნად განაპირობა შუმახერის მიდგომა რბოლებისადმი, რაც შესაძლებლობების სრულად გამოვლენაში გამოიხატებოდა, მიხაელი ბავშვობიდანვე ათვითცნობიერებდა, რომ, თუ ის არ მოიგებდა რბოლას აქ და ახლა, შემდეგი შეიძლება არც ყოფილიყო. ავტოსპორტი ძვირი სიამოვნებაა და შუმახერმა ეს ბევრზე უკეთ იცოდა.

მიხაელ შუმახერი
მიხაელ შუმახერი

მზის ბიჭუნა

“ფორმულშა-1”-ში შუმახერი 1991 წელს გამოჩნდა, თანაც გუნდში ადგილი შემთხვევით მოიპოვა. “ჯორდანის” პილოტი ბერტრან გაშო “ტაქსის” მძღოლზე თავდასხმის გამო ციხეში ჩასვეს და გუნდს სასწრაფოდ დასჭირდა მისი შემცვლელი. შუმახერის მენეჯერი, ვებერი, დაუკავშირდა ედი ჯორდანს და თავის პროტეჟეს რეკომენდაცია გაუწია. ჯორდანმა ჰკითხა, იცნობდა თუ არა მრბოლი სპას (“ფორმულა-1”-ის ტრასა ბელგიაში) ტრასას, და ვებერმაც დაარწმუნა, რომ მიხაელმა ტრასა შესანიშნავად იცოდა. სინამდვილეში შუმახერი ტრასას არ იცნობდა და დებიუტისთვის ბრმად ემზადებოდა. ამას, სხვათა შორის, ხელი არ შეუშლია, გადაესწრო გუნდის ძირითადი პილოტისთვის და მეშვიდე ადგილი დაეკავებინა საკვალიფიკაციო რბოლაში.

შემდეგ გრან-პრიში შუმახერი უფრო მძლავრი გუნდის _ “ბენეტონის” _ სახელით გამოვიდა. 1992 წლის მარტში შუმახერი მესამე ადგილზე გავიდა თავის მერვე გრან-პრიში და პირველად დაიკავა ადგილი “ფორმულა-1”-ის პოდიუმზე. 1992 წლის აგვისტოში კი მან მოიგო ბელგიის გრან-პრი. მიხაელი ძალიან მალე იქცა “ფორმულა-1”-ის ამომავალ ვარსკვლავად, მაგრამ ტიტულებზე ფიქრი ჯერ კიდევ ადრე იყო, თანაც “ბენეტონის” მანქანა ისეთი მძლავრი არ გახლდათ, როგორც “უილიამსისა” და “მაკდონალსის”.

მიხაელ შუმახერი
მიხაელ შუმახერი

მსოფლიოს ჩემპიონი

როცა შუმახერი იწყებდა “ფორმულა-1”-ის ტრასებზე გამოსვლას, დომინირებდნენ ალენ პროსტი და აირტონ სენა, მაგრამ ფრანგმა კარიერა დაასრულა 1993-ში, ბრაზილიელი სენა კი 1994 წელს სან-რემოს გრან-პრიში მონაწილეობისას დაიღუპა. ისე გამოვიდა, რომ მონაკოს გრან-პრის ტრასის სტარტზე არც ერთი ჩემპიონი არ ყოფილა. ტიტულისთვის ბრძოლა წარიმართა მიხაელ შუმახერსა (“ბენეტონი”) და დეიმონ ჰილს (“უილიამსი”) შორის. იმხანად “ბენეტონი” უფრო კარგად გამოდიოდა _ აქტიური საკიდარის აკრძალვის შემდეგ “უილიამსი” ჩამორჩა. თუმცა, როგორც ამბობდნენ, “ბენეტონი” განაგრძობდა აკრძალული ტექნოლოგიის გამოყენებას _ ამაში აირტონ სენა დარწმუნებული იყო.

რბოლების ორგანიზატორებმა, ბოლოს და ბოლოს, იპოვეს აკრძალული ტექნოლოგია, მაგრამ რბოლაში მისი გამოყენება ვერ დაამტკიცეს ან არ მოისურვეს. ფედერაციამ მაინც დასაჯა “ბენეტონი”: სილვერსტოუნში (ტრასა დიდ ბრიტანეთში) ე.წ. შავი ალმის იგნორირების გამო შუმახერი დისკვალიფიცირებული იქნა 2 რბოლით, ბელგიის გრან-პრიში გამარჯვება კი ჩამოართვეს. შედეგად ბრიტანელმა ჰილმა მინიმუმამდე შეამცირა ჩამორჩენა და სეზონის ფინალური რბოლის წინ მიხაელ შუმახერი მხოლოდ 1 ქულით უგებდა მას.

მიხაელ შუმახერი
მიხაელ შუმახერი

საკვანძო რბოლას მიხაელი იგებდა, მაგრამ ერთერთ მოსახვევში, ჰილის ზემოქმედებით, საჭე ვერ დაიმორჩილა, ტრასიდან გადავიდა და დამცავ ზოლს შეეჯახა. მანქანა მოძრაობდა, მაგრამ გატეხილი საკიდრით ფინიშზე პირველი ვერ მივიდოდა. ამ მომენტში დეიმონ ჰილი დაეწია შუმახერს და დაიწყო გასწრებამიხაელს ჰქონდა ტიტულის მოპოვების მხოლოდ ერთი შანსი _ ჰილი ტრასიდან გადაეგდო. ასეც მოიქცა. ორივე მანქანა გამოეთიშა რბოლას და შუმახერმა ავტომატურად მოიპოვა მსოფლიოს ჩემპიონობა. ეს იყო ყველაზე საკამათო გამარჯვება ჩემპიონატის ისტორიაში, შუმახერის მოქმედება კი დღესაც ყველაზე არასპორტულ საქციელად ითვლება. მომდევნო წელს შუმახერმა კვლავ გაიმარჯვა ჰილთან ჭიდილში, უკვე აკრძალული ტექნოლოგიისა და ტარანის გარეშე.

წითელი ბარონი

შუმახერის მთავარი წარმატებები დაკავშირებულია “ფერარისთან”. ამ გუნდში ის 1996 წელს გადავიდა, სწორედ ამ წელს მოიგო მან სამი გრან-პრი, რასაც “ფერარი” რამდენიმე წლის განმავლობაში ვერ ახერხებდა. 1997 წელს “ფერარიმ” მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა, და ეს უკვე ძალიან ძლიერი მანქანა იყო “უილიამსთან” ერთად, მაგრამ საფინალო რბოლა ჟაკ ვილნეკმა მოიგო. ისევე, როგორც 1994 წელს, საფინალო რბოლის წინ შუმახერი მეტოქეს 1 ქულით უგებდა. ბოლო რბოლაში მიხაელმა თავისი მანქანა დააჯახა ვილნების მანქანას. შედეგად შუმახერმა ტრასა დატოვა, ვილნევმა კი, ჰილისგან განსხვავებით, განაგრძო რბოლა და ფინიშზე მესამე მივიდა. 1998 წელს მსოფლიო ჩემპიონის ტიტული ფინელმა მიკა ჰაკონენმა მოიგო. შუმახერმა რევანშის აღება დაგეგმა, მაგრამ ავარიაში მოყვა, ორივე ფეხი მოიტეხა და რამდენიმე თვით გამოეთიშა რბოლებს. შემდეგ კი შუმახერის შეჩერება შეუძლებელი იყო. მიხაელთან ერთად “ფერარი” გამართულ მექანიზმად იქცა _ მარანელოში დამზადებული ავტომობილები შეუდარებელი იყო. და დაიწყო წითელი ბარონის ეპოქა. 2000-2004 წლებში მიხაილ შუმახერმა ზედიზედ 5-ჯერ მოიპოვა მსოფლიოს ჩემპიონობა. არც მანამდე და არც შემდეგ “ფორმულა-1”-ში არ ყოფილა ერთი პილოტის ასეთი დომინირება. ამას ხელს უწყობდა გუნდიც, რომელიც სრულად იყენებდა თავისი პილოტის ძლიერ მხარეებს.

წითელ “ფერარისთან” ერთად შუმახერი ყველაზე ტიტულოვან მრბოლად იქცა “ფორმულა-1”-ის ისტორიაში.

ლეგენდა

2006 წელს შუმახერმა კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა, მაგრამ, როდესაც 2009 წლის ბოლოს “მერსედესმა” დაბრუნება შესთავაზა, მიხაელმა უარი ვერ თქვა და კიდევ 3 წლის განმავლობაში მონაწილეობდა რბოლებში. იმ წლებში “მერსედესის” გუნდი ახალი ჩამოყალიბებული იყო და შუმახერმა წარმატებებს ვერ მიაღწია, მაგრამ შეცვალა ავტოსპორტის სამყარო. რბოლების მიმდინარეობისას ტრასის გარეთ არავინ იმდენს არ მუშაობდა, რამდენსაც შუმახერი. მას რეგულარული ურთიერთობა ჰქონდა ინჟინრებთან, ყიდულობდა მათთვის პიცას, ხოლო თავისუფალ დროს სპორტდარბაზში ატარებდა ფიზიკური კონდიციების გასაუმჯობესებლად.

შუმახერი კარგად იცნობდა გუნდის თითოეულ წევრს _ ტოპ-ინჟინრებსა და დამლაგებელს. მან იცოდა, რომ გუნდის გარეშე ვერც ერთ რბოლას ვერ მოიგებდა. და კიდევ _ რადგან ეჭვი ეპარებოდა თავის შესაძლებლობებში, თავდაუზოგავად ვარჯიშობდა და ხშირად ურთიერთობდა ინჟინრებთან. ის ყოველთვის იბრძოდა, როგორც ამბობენ, სისხლის უკანასკნელ წვეთამდე და სწორედ ამიტომ უყვარდათ.

თვით შუმახერმა კი ბავშვობიდან იცოდა: თუ ამ რბოლას ვერ მოიგებდა, შემდეგი შეიძლება აღარც ყოფილიყო…

2013 წლის 29 დეკემბერს მიხაელ შუმახერი თავის ვაჟსა და მის მეგობრებთან ერთად კურორტ მერიბელის (საფრანგეთი) სამთო-სათხილამურო ტრასაზე წავიდა. მიხაელი მოსახვევში ტრასიდან გადავიდა და თოვლით დაფარულ ქვას შეეჯახა. მან თავის ტრავმა მიიღო და კომაში ჩავარდა (ქალაქ გრენობლის საავადმყოფოში გადაყვანისას)…

2016 წლის დეკემბერში გავრცელდა ინფორმაცია, რომ შუმახერის ოჯახმა მიხაელის სამკურნალოდ 16 მლნ დახარჯა და იძულებული შეიქნა, გაეყიდა სახლი ნორვეგიაში და ვერტმფრენი.

2018 წლის ოქტომბერში საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტმა ჟან ტოდმა განაცხადა, რომ თვეში, სულ ცოტა, ორჯერ მაინც მოინახულებს ხოლმე შუმახერს, მისი ჯანმრთელობის შესახებ კი თქვა: “კარგი იქნებოდა, ვითარება სხვაგვარი რომ იყოს”… მოგვიანებით ცნობილი შეიქნა, რომ ტოდმა და შუმახერმა ერთად უყურეს ბრაზილიის გრან-პრის და შუმახერი საწოლს მიჯაჭვული არ არის…

მოამზადა ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here