საუდის არაბეთში ხელისუფლებამ გასულ კვირაში 60-ზე მეტი ადამიანი დააპატიმრა, მათ შორის, პრინცები და სხვა გავლენიანი პირები. მათ ბრალად ედებათ ფულის გათეთრება, ძალაუფლების ბოროტად გამოყენება, სახელმწიფო სახსრების მითვისება და მოხელეთათვის ფულის გამოძალვა. საუდის არაბეთის ცენტრალურმა ბანკმა გაყინა კორუფციული სკანდალის ფიგურანტების საბანკო ანგარიშები.
კორუფციონერებისთვის ჩამორთმეული აქტივები სახელმწიფოს საკუთრება ხდება. ხელისუფლებას განზრახული აქვს, ამ გზით მიიღოს 3 ტრილიონი რიალი (800 მილიარდ დოლარამდე). ამ თანხის მნიშვნელოვანი ნაწილი საზღვარგარეთის ბანკებშია, რაც ართულებს მათ დაბრუნებას, მაგრამ ამ თანხის ნაწილის დაბრუნებაც კი გამოასწორებს საუდის არაბეთის ფინანსურ მდგომარეობას. დიდი ხნის განმავლობაში ნავთობის დაბალმა ფასმა აიძულა მთავრობა, ვალად აეღო სესხი ფასიანი ქაღალდების საერთაშორისო ბაზარზე, დაეხარჯა ოქროსა და ვალუტის რეზერვის სახსრები.
შეგახსენებთ, რომ კორუფციასთან ბრძოლის უმაღლესმა კომიტეტმა, რომელსაც ხელმძღვანელობს მემკვიდრე პრინცი მუჰამედ ბენ სალმან ბენ აბდელ აზიზ ალ შაუდი, მიიღო გადაწყვეტილება 11 პრინცის, 30-მდე ყოფილი და მოქმედი მინისტრისა და მეწარმეების დაპატიმრების შესახებ კორუფციაში მონაწილეობის ბრალდებით.
ეს ახალი ორგანო ჩამოყალიბდა საუდის არაბეთის მონარქის სალმან ბენ აბდელ აზიზ ალ საუდის ბრძანებულების თანახმად, რომელმაც კორუფციის წინააღმდეგ მასშტაბური კამპანიის დაწყება გამოაცხადა.