ზოგიერთი მკვლევარი მიიჩნევს, რომ საბჭოთა კავშირ-ჩინეთის კეთილმეზობლობა სტალინისა და მაოს ურთიერთპატივისცემის შედეგი იყო. შეიძლება, ეს თეზა ნაწილობრივ მართალიც არის, მაგრამ საბჭოთა კავშირ-ჩინეთის საჭადრაკო დაფაზე სტალინმა რამდენჯერმე დააწყო და აშალა ფიგურები, სანამ ყველა თავის ადგილზე არ დაალაგა.
პირად სიმპათია-ანტიპათიაზე სტალინი სახელმწიფოებრივ პოლიტიკას არასოდეს აგებდა, რეალურს არარეალურში არ გაცვლიდა. ის სახელმწიფოსა და თავის თავს (ეგზიუპერის მსგავსად) გარედან უყურებდა. როცა, ბოლოს და ბოლოს, დარწმუნდა მაო ძედუნის შესაძლებლობებში და მის უსაზღვრო ძალისხმევაში თავისი ქვეყნის გადასარჩენად, უამრავ კანდიდატთა შორის ყურადღება მაოზე შეაჩერა და ისე დაეხმარა, როგორც სტალინსა და ჩინეთს ეკადრებოდა.
სტალინი უშუალოდ ჩადგა ჩინეთის რევოლუციის მოწყობის საქმეში და ყველა პოლიტიკური და ტექნიკური რესურსი ჩინეთისკენ მიმართა. პლანეტაზე ორი უდიდესი ქვეყნის _ საბჭოთა კავშირისა და ჩინეთის ლიდერების, იმდროინდელი მსოფლიოს ორი პოლიტიკური გიგანტის _ სტალინისა და მაოს შეხვედრისა და დამეგობრების აპოთეოზი 1949 წლის 21 დეკემბერს მოხდა, სტალინის დაბადებიდან 70 წლისთავზე. ერთმანეთს შეუერთდა მსოფლიოში ორი სრულიად ახალი ძალა, რომელთა მსგავსიც დედამიწაზე სიცოცხლის გაჩენიდან არც ერთ ცივილიზაციას ნანახი არ ჰქონდა.
სტალინის ყოვლისმომცველი პოლიტიკური მოღვაწეობის დემონსტრირება იყო ის, რაც იმ დღეს მეორე რომში (მოსკოვში) ხდებოდა. ომის ღმერთს დამარცხებული ჰყავდა მსოფლიოს ხაკისფერი ჭირი; ხელთ ეპყრა უდიდესი დამანგრეველი ძალის ატომური თუ წყალბადის ბომბები; ევროპული ნაწილის ხუთი ზღვა ერთ სანაოსნო სისტემად ჰქონდა გადაქცეული; უტევდა ბუნებას და ებრძოდა მზით გადამწვარ უკიდეგანო უდაბნოებს, გაჰყავდა სარწყავი სისტემები, სათავეში ედგა 11-მილიონიან ძლევამოსილ არმიას, რომლის წინაშეც უძლური იყო მსოფლიოს დანარჩენი ქვეყნების არმიები, მისი კბილებამდე შეიარაღებული ჯარი იდგა ევროპის თითქმის ყველა დიდ ქალაქში და ფხიზლად დარაჯობდა ხალხთა მშვიდობას, ჩრდილოყინულოვან ოკეანეს კი შეუფერხებლად მიაპობდა პირველი ატომური ყინულმჭრელი ხომალდი. შეუძლებელი იყო, ყოველივე ამას არ შეეეშფოთებინა იმპერიალისტური სამყარო, უწინარესად, ამერიკის შეერთებული შტატები.
თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში ცოფმორეული გადი-გამოდიოდა ამერიკის პრეზიდენტი ჰარი ტრუმენი, რომელმაც ვერა და ვერ გაბედა თავის დროზე სტალინზე თავდასხმა, როდესაც მხოლოდ მას ჰქონდა მასობრივი განადგურების იარაღი _ ატომური ბომბი და ახლა, როდესაც სტალინს “ატომური ბომბიც აქვს და ატომზე მეტიც”, ამაო იქნება მუქარა სტალინის მიმართ, რომელიც კოღოს ნაკბენად ჩათვლის ტრუმენის ყოველგვარ ცდას, “დინგი შეყოს საბჭოეთის ბოსტანში”.
შეერთებული შტატების მთავრობა აგონიაში ჩავარდა თავისი ისტებლიშმენტითა და მსოფლიოს მართვის ფარული ხელით. მათ ყველგან კომუნისტები ელანდებოდათ. შიში ისეთი შემაძრწუნებელი შეიქნა, რომ გაიხსენეს კარგად დავიწყებული “კუდიანებზე ნადირობა”.
ცნობილი ამერიკელი სენატორი ჯოზეფ რეიმონდ მაკარტი პირველი იყო, რომელმაც გამოთქვა ღრმა შიში, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ჩინეთივით გასაბჭოვდება და დაიკარგება ნანატრი თავისუფლებაო (თავისუფლება ვისი? _ გრ. ონიანი). მან გამოაცხადა, რომ ამერიკის სამთავრობო სტრუქტურებში, დეპარტამენტებში ყველგან კომუნისტები ან კომუნისტების აგენტები იყვნენ შეგზავნილნი და რადგან კომუნისტებისა და სტალინის გავლენა ამერიკის შეერთებულ შტატებში ყოველდღიურად მატულობს, ამიტომ სასწრაფოდ მისაღებია გადამჭრელი ზომები ამ საფრთხეების სალიკვიდაციოდო.
ამერიკის შეერთებულ შტატებში 1937 წლის საბჭოთა კავშირისეულმა ნიავმა დაჰბერა. მაკარტის ლოზუნგი ნოყიერ ნიადაგში მოხვდა. დგებოდა კომუნისტების სიები და სტალინური აგენტების ფართო ქსელი ნელ-ნელა ფართოვდებოდა თითქოს, რასაც უამრავი სისხლი და ოჯახების გაუბედურება მოჰყვა. სახელმწიფოს წმენდამ “მტრულ ელემენტებისგან” მაკარტიზმის სახელწოდება მიიღო.
მაკარტიზმმა ისეთი პოპულარობა მოიხვეჭა ამერიკაში, რომ ის პრეზიდენტობის მომავალმა კანდიდატმა დუაიტ ეიზენჰაუერმა თავისი საარჩევნო პროგრამის ნაწილად აქცია. ამერიკაში მაკარტიზმის გაძლიერებას საბჭოთა კავშირისა და ჩინეთის უფრო დაახლოება მოჰყვა. მთავარი ის იყო, რომ საბჭოთა კავშირი ჩინეთის ახალგაზრდა სახელმწიფოს თანადგომას, მატერიალურ და პოლიტიკურ დახმარების დაჰპირდა. უკვე 1950 წლის თებერვალში დაიდო საბჭოთა კავშირ-ჩინეთის “მეგობრობის, მოკავშირეობისა და ურთიერთდახმარების” ხელშეკრულება. ამასთანავე, საბჭთა კავშირმა უარი თქვა ყველა იმ უფლებასა და პრივილეგიაზე, რომლებიც ჩან კაიშის მთავრობასთან სტალინს უკვე მიღწეული ჰქონდა. საბჭოთა ჯარებმა დატოვეს პორტ-არტური, უარი თქვეს ჩრდილოეთ ჩინეთის რკინიგზის მართვისა და განკარგვის თავისუფლებებზე და ა.შ. მეტიც, საბჭოთა კავშირმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შეთანხმების საფუძველზე საკმაოდ შეღავათიანი პირობებით (წლიურად 1%) მისცა 300 მილიონი დოლარის ეკვივალენტის ოდენობის ხუთწლიანი სესხი საბჭოთა კავშირში საჭირო ნედლეულის, ტექნიკის, ტექნოლოგიების, სამრეწველო პროდუქციის შესაძენად. სწორედ ეს სესხი დაედო საფუძვლად ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის აღორძინების საქმეს. იმ წლებში მართლაც ძლიერი საფუძველი ჩაეყარა საბჭოთა კავშირისა და ჩინეთის მეგობრობასა და ურთიერთთანამშრომლობას. დადებული ხელშეკრულება ითვალისწინებდა დახმარებას სამრეწველო კადრების მომზადებაშიც. ჩინელი ახალგაზრდების დიდი ჯგუფები საბჭოთა კავშირის სხვადასხვა ქალაქში ეუფლებოდნენ ქვეყნისთვის მეტად საჭირო პროფესიებს: მეტალურგის, მანქანათმშენებლის, ენერგეტიკოსისა და ა.შ.
საქართველოს ფაბრიკა-ქარხნებშიც გამოჩნდნენ ჩინელი ახალგაზრდები. ჩვეული ქართული ტრადიციული სტუმარმასპინძლობით დახვდნენ მათ ქართველი მეგობრები _ რაც იცოდნენ, ყველაფერი გაუზიარეს, არაფერი დაიშურეს. ჩინელი ახალგაზრდა განსაკუთრებით ბევრი იყო თბილისის სალოკომოტივო დეპოს კოლექტივში, რომელსაც ელექტრომავლების ექსპლუატაციისა და მართვის ჩინებული გამოცდილება ჰქონდა.
ჩინელი სტუმარი ორ თვეს დარჩა საბჭოთა კავშირში, რომლის მსგავსი პატივიც არც ერთ უცხოელ მაღალ სტუმარს არ ღირსებია სტალინისგან. სტალინმა მაო ძედუნი პირად სტუმრად მიიღო კუნცევოზე თავის სახლში. მაო ძედუნი თავისი ამალით კუნცევოს აგარაკის მეორე სართულზე ცხოვრობდა. სტალინი კი პირველ სართულზე მუშაობდა და ცხოვრობდა. აღსანიშნავია, რომ სტალინის სიკვდილის შემდეგ ცილისმწამებლები ამბობდნენ, სტალინს მაო ძედუნი შინაპატიმრობაში ჰყავდაო. მკითხველს ქვემოთ მოვუთხრობ, როგორ შინაპატიმრობაში ჰყავდა სტუმარი მასპინძელს.
კომუნისტური პარტიის ცენტრალურ კომიტეტში საზღვარგარეთის კომუნისტური და მუშათა პარტიების განყოფილების გამგის მოადგილე ოლეგ რახმანინი იგონებს:
“მაო ძედუნთან ჩემი პირველი შეხვედრა 1953 წლის გაზაფხულზე სტალინის გარდაცვალების გამო მოხდა ჩინეთის საელჩოში. თავდაპირველად, საბჭოთა ელჩ ა. ს. პანიუშკინთან, რომელიც მალე ვ. ლ. კუზნეცოვმა შეცვალა, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობის ხელმძღვანელი ჯოუ ენლაი მივიდა. ორივემ იტირა, შემდეგ განაგრძეს საუბარი და ინფორმაციები გაცვალეს. პანიუშკინი და ჩჟოუ ენლაი ერთმანეთს კარგად იცნობდნენ 30-40-იანი წლებიდან. მოგვიანებით მოვიდა მაო ძედუნი ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცკ-ის პოლიტბიუროს ყველა წევრის თანხლებით. ის ცდილობდა, თავი შეეკავებინა და ემოციები არ გამოემჟღავნებინა, მაგრამ თავს ვერ ერეოდა. ნათელი იყო, რომ მაო გულწრფელად იყო მომხდარით შეძრწუნებული. თვალებში ცრემლი უბრწყინავდა, მისი თანამებრძოლები ტიროდნენ. საელჩოს “თეთრ დარბაზში” სტალინის პორტრეტთან იცვლებოდა საპატიო ყარაული, ხოლო ჩინეთის პარტიულ და სახელმწიფო მოღვაწეებს, საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებს, პეკინისა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სხვა ქალაქების მოსახლეობას კი გვირგვინების ზღვა მოჰქონდათ.
მაო ძედუნი და სტალინი _ მათი ურთიერთობა ძალზე რთული და მრავალმხრივი საკითხია, თუ მხედველობაში მივიღებთ ამ ორი ლიდერის როლს ორი ქვეყნის ბედის გადაწყვეტაში. ამ შემთხვევაში მსურს, იმ მომენტებზე შევჩერდე, რომლებიც საარქივო დოკუმენტების გამოქვეყნებას ეხება. აი, ასე აფასებდა მაო საბჭოთა ლიდერს 1949 წელს, თანაც არა საჯარო გამოსვლისას (როგორც მოსკოვში, დიდ თეატრში, 1949 წლის დეკემბერში, სტალინის 70 წლის იუბილეზე), არამედ იმ საუბრებში, რომელთა ჩანაწერები ადრე პარტიის არქივებში ინახებოდა, როგორც საიდუმლო მასალები.
სკკპ ცკ-ის საანგარიშო მოხსენებაში მაოსთან სიბეი პოში (ჩრდ. ჩინეთი) საუბრების შესახებ 1949 წლის თებერვალში ანასტას მიქოიანი წერდა: “მაო ძედუნი საკუთარ როლს, როგორც ხელმძღვანელისა და პარტიის თეორეტიკოსისა, ამდაბლებდა”, ამბობდა, რომ “ის მხოლოდ სტალინის მოწაფეა და საკუთარ თეორეტიკულ შრომას არ ანიჭებს მნიშვნელობას, რადგან მარქსიზმში ახალი მას არაფერი შეუტანია და ა.შ.”. მაო ძედუნი აცხადებდა, რომ “მას, როგორც პარტიის ლიდერს, არ შეუძლია საკუთარი თავი მარქსს, ენგელსს, ლენინსა და სტალინს გაუთანაბროს”. მაომ ხაზი გაუსვა, რომ ჩინეთის რევოლუციის თეორიულ გამარჯვებას საფუძვლად უდევს ლენინ-სტალინის სწავლებანი და სტალინი არა მხოლოდ სსრ კავშირის ხალხების, არამედ ჩინელი და მსოფლიო ხალხების მასწავლებელიცაა”.
1949 წლის 5 თებერვალს სიბეი პოდან გამოგზავნილ ტელეგრამაში მიქოიანი საბჭოთა ხელისუფლებას ამცნობდა: ერთ-ერთ საუბარში მაო ძედუნმა თქვა, რომ “ჩინეთის რევოლუციის საკითხის დამუშავებისას იყენებდა სტალინის გამონათქვამებს, რომლებიც 1927 წელს მიეკუთვნება, და მის გვიანდელ შრომებს, რომლებიც ჩინეთის რევოლუციის ხასიათს ეხება”. ყურადღებას იქცევდა, აგრეთვე, მაო ძედუნის, ლიუ შაოცის (1949 წლის დასაწყისში და უფრო გვიან) და ჯოუ ენლაის მყარი პოზიცია, რათა საბჭოთა ხელმძღვანელობას, პირადად სტალინს მიეცა მათთვის “რჩევები”, “მითითებები” ჩინეთის რესპუბლიკასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხში.
1949 წელს ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიუროსთან ჩინეთის კომუნისტური პარტიის დელეგაციის (რომელსაც ლუ შაოცი და გაო განი ხელმძღვანელობდნენ) საუბრისას იგივე საკითხები კვლავ წამოიჭრა. სტალინმა მაშინ თქვა: “ჩინეთის დელეგაცია აცხადებს, რომ ჩინეთის კომუნისტური პარტია სსრ კავშირის კომუნისტური პარტიის გადაწყვეტილებებს დაემორჩილება. ეს ჩვენ ძალიან გვაკვირვებს _ ერთი ქვეყნის პარტია მეორე ქვეყნისას ემორჩილება. ასეთი რამ არ ყოფილა და ეს დაუშვებელია. ორივე პარტიამ საკუთარი ხალხის წინაშე უნდა აიღოს პაუხისმგებლობა, მოითათბირონ ზოგიერთი საკითხის შესახებ, დაეხმარონ ერთმანეთს, ხოლო სირთულეების წარმოქმნისას კი შეკავშირდნენ _ ეს სწორია. აი, პოლიტბიუროს დღევანდელი სხდომა თქვენი მონაწილეობით ჩვენს პარტიებს შორის ურთიერთობის ერთ-ერთ ფორმად იქცა. ასეც უნდა იყოს”.
ამ საუბრის მონაწილემ, ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცკ-ში მოსკოვის წარმომადგენელმა ი. ვ. კოვალიოვმა სტენოგრაფიულად ჩაიწერა სტალინის შემდეგი სიტყვები: “ჩვენ ძალიან მადლობელნი ვართ ასეთი პატივისცემის გამო, მაგრამ ჩვენ მიერ გამოთქმული ზოგიერთი გამონათქვამის მითითებად მიღება არ შეიძლება. შეიძლება ითქვას, რომ ეს, ასე ვთქვათ, ძმური რჩევებია და ეს არამარტო სიტყვით, არამედ საქმითაც გამოიხატება. ჩვენ შეგვიძლია, გირჩიოთ და არა მიგითითოთ, რადგან ჩვენ კარგად არ ვართ ინფორმირებული ჩინეთში არსებული მდგომარეობის შესახებ, არ ვიცით გარემოებების დეტალები. მთავარი კი ისაა, რომ არ შეგვიძლია მითითებების მოცემა იმის გამო, რომ ჩინეთის საკითხები მთლიანად თქვენ უნდა გადაწყვიტოთ. ჩვენ თქვენსმაგივრად გადაწყვეტილებებს ვერ მივიღებთ”.
და შემდგომ: “თქვენ უნდა შეიგნოთ, _ განაგრძობდა სტალინი, _ თქვენ მიერ დაკავებული მდგომარეობის მნიშვნელობა და ის, რომ თქვენზე დაკისრებულ მისიას ისტორიული, აქამდე არნახული მნიშვნელობა აქვს და ეს არამარტო კომპლიმენტია. ეს იმაზე მეტყველებს, რამდენად დიდია თქვენი პასუხისმგებლობა და ისტორიული მისია. ჩვენს ორ პარტიას შორის აუცილებელია აზრთა გაცვლა-გამოცვლა, მაგრამ ჩვენი აზრი მითითებად არ უნდა მიიღოთ. სხვა ქვეყნების კომპარტიებს შეუძლიათ ჩვენი წინადადებების უარყოფა და ჩვენც, რა თქმა უნდა, შეგვიძლია, არ დავეთანხმოთ სხვა პარტიების წინადადებებს”.
განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ჩინეთის კომპარტიის მიდგომის შესწავლა სტალინის როლის შეფასებაში სკკპ-ის XX ყრილობის შემდგომ (1956 წლის თებერვალი). მაო ძედუნი და მისი თანამებრძოლები, ადგილობრივი პარტიული კადრები, არ იზიარებდნენ მოსკოვის მიერ სტალინის როლის უარყოფითად შეფასებას. XX ყრილობაზე სტალინის პიროვნების კულტის შესახებ ჩინეთის კპ ცკ-ის პირველ ოფიციალურ რეაქციად იქცა ჩინეთის კომუნისტური პარტიის ორგანოს გაზეთ “ჟენმინ ჟიბაოს” სტატია “პროლეტარიატის დიქტატურის ისტორიული გამოცდილების შესახებ”. მასში, კერძოდ, ნათქვამი იყო, რომ “ი.ბ. სტალინი შემოქმედებითად იყენებდა და ავითარებდა მარქსიზმ-ლენინიზმს, რომ ლენინიზმის მტრებისა და ტროცკისტების, ზინოვიევის მიმდევრებისა და ბურჟუაზიის სხვა აგენტებისგან ლენინის მემკვიდრეობის დაცვისათვის ბრძოლაში ის ხალხის ნებას გამოხატავდა. იყო მარქსიზმ-ლენინიზმისათვის ღირსეული და გამოჩენილი მებრძოლი”.
შვიდი თვის შემდეგ, 1956 წლის 29 დეკემბერს (პოლონეთისა და უნგრეთის მოვლენების შემდეგ), “ჟენმინ ჟიბაომ” კვლავ გამოაქვეყნა სარედაქციო სტატია სტალინის დასაცავად _ “კიდევ ერთხელ პროლეტარიატის დიქტატურის ისტორიული გამოცდილების შესახებ”, რომელიც უფრო უხეშად, კონფრონტაციულად იყო დაწერილი. ორივე სტატია სსრ კავშირის მიერ სტალინის კრიტიკისა და XX ყრილობის გადაწყვეტილებების შესახებ ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცკ-ის გაფართოებული სხდომების შედეგი იყო.
1958 წლის მარტში ჩენ დუში გამართულ თათბირზე მაო ძედუნმა თქვა: “ხრუშჩოვმა ერთი ხელის დაკვრით მოსპო სტალინი, ჩინეთის კომუნისტურ პარტიაში უმრავლესობა ამას არ ეთანხმება. ჩვენ მუხლი უნდა მოვიყაროთ მარქსის, ენგელსის, ლენინისა და სტალინის წინაშე, რატომაც არა, თუ კი ჭეშმარიტება მათ ხელშია?”
ჩინელებთან კამათი სტალინის შეფასებების შესახებ 1956 წლიდან დაწყებული, 60-იანი წლების ეგრეთ წოდებული ,დიდი პოლემიკის განმავლობაში გრძელდებოდა. ამასთანავე, პეკინი ყოველთვის იცავდა სტალინს.
1957 წლის 19 ნოემბერს ანდრია გრომიკოსთან საუბრისას მაო ძედუნმა განაცხადა: “ჩვენი აზრით, სტალინს 70% დამსახურება და 30% შეცდომა აქვს. ჩვენ არ გეთანხმებით იმაში, რომ ამ საკითხის დასმისას არ იყო განსაზღვრული სტალინის დამსახურებისა და შეცდომების მასშტაბები”.
მოგვიანებით მაო ძედუნმა თქვა, რომ ეს საკითხი მხოლოდ სტალინს კი არა, სკკპ-ს, სრულიად საბჭოთა ხალხს ეხება, რადგან სტალინის სიცოცხლეში 30 წლის განმავლობაში დასრულდა რევოლუცია და სოციალიზმის მშენებლობა, გაიმარჯვეს სამამულო ომში. ეს დამსახურებები მხოლოდ საბჭოთა კავშირის ხალხს, სკკპ-ს, მის ცკ-სა და სტალინს უკავშირდება. ჯერ არ გამოქვეყნებულა 1963 წლის ივლისში სკკპ-ის და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომუნისტური პარტიის დელეგატების შეხვედრის მასალები, რომელსაც მიხეილ სუსლოვი და დენ სიაოპინი ხელმძღვანელობდნენ. როგორც ამ შეხვედრის მონაწილისთვის, ჩემთვის ცნობილია დენ სიაოპინის გამონათქვამები სტალინის როლის შესახებ. 8 ივლისს დელეგაციების სხდომაზე დენ სიაოპინმა თქვა:
“ჩვენ ყოველთვის ვთვლიდით და ვთვლით, რომ კომპარტიის XX ყრილობამ წამოაყენა მარქსიზმ-ლენინიზმის საწინააღმდეგო მოსაზრება ომისა და მშვიდობის საკითხების, მშვიდობიანი თანაცხოვრებისა და მშვიდობიან ცხოვრებაზე გადასვლის შესახებ. განსაკუთრებით სერიოზულია ორი საკითხი: ე.წ. მშვიდობიანი გადასვლის საკითხი, ყოვლად უასაფუძვლო უარყოფის საკითხი ე.წ. პიროვნების კულტთან ბრძოლის საბაბით. საბჭთა კავშირის კომუნისტური პარტიის XX ყრილობის შემდგომი ფაქტები გვიჩვენებს, რომ სტალინის სრული და უსაფუძვლო უარყოფა იქცა სერიოზულ ნაბიჯად, რომელიც საბჭოთა კავშირის კომპარტიის ხელმძღვანელმა ამხანაგებმა განახორციელეს სხვადასხვა საკითხზე მარქსიზმ-ლენინიზმის რევიზიისკენ გზის გასაკვლევად.
“მაო ძედუნი, _ აღნიშნა დენ სიაოპინმა, _ საბჭოთა კავშირის ელჩთან შეხვედრის დროს, 1956 წლის 23 ოქტომბერს და 30 ნოემბერს, სტალინის შესახებ ამბობდა: “თქვენ მთლიანად უარყავით ისეთი ხმალი, როგორიც სტალინია, და გადააგდეთ ის. შედეგად, მტრებმა აიტაცეს ეს ხმალი, რათა მისი საშუალებით ჩვენ დაგვხოცონ. ეს იგივეა, რომ ქვა აიღო და ფეხებზე დაიგდოთ”. სტალინის მმართველობის პერიოდის ძირითადი კურსი სწორია და არ შეიძლება საკუთარ ამხანაგს ისე მოექცე, როგორც მტერს”.
1965 წლის აპრილში მაო ძედუნმა კოსიგინთან საუბრისასას განაცხადა:
“მე თავს ვესხმი საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის მე-20 და 22-ე ყრილობებს, მე არ ვეთანხმები ამ ყრილობებს იმასთან დაკავშირებით, თითქოს იყო, რაღაც პიროვნების კულტი”.
მაო ძედუნმა ისიც თქვა, რომ შეუძლია სტალინთან მისი ურთიერთობების შესახებ ბევრი ტომის დაწერა.
იქიდან, რაც ჩვენთვის ცნობილია, ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს მაო ძედუნი სტალინის ავტორიტეტს თავგამოდებით იცავდა. ეს, ალბათ, იმით აიხსნება, რომ მაო ეჯიბრებოდა სტალინს და სურდა, ასე ვთქვათ, მისი “შეცვლა” საერთაშორისო კომუნისტურ მოძრაობაში, როგორც მაღალ ავტორიტეტს. ამან თავისი კვალი დატოვა ჩინეთის პარტიული ხელმძღვანელობის ერთი ნაწილის კურსზე საბჭოთა კავშირთან ურთიერთობისას, რომელიც უფრო გამწვავდა პარტიის მე-20 ყრილობის შემდეგ, განსაკუთრებით კი “კულტურული რევოლუციის წლებში” (1966-1976 წწ.). მხედველობაშია მისაღები ისიც, რომ საბჭოთა კავშირში სტალინის კულტის კრიტიკას მაო ძედუნი, როგორც საკუთარი კულტის ძირის გამოთხრას, ისე იღებდა. შემთხვევითი არ არის, რომ 50-იანი წლების ბოლოდან ჩინეთში “ჩინური კედლის” აღმართვა სცადეს “ჩრდილოეთიდან მონაბერი ქარისგან” თავის დასაცავად.
ამასთანავე, ოფიციალური განცხადებებისას მაო ყოველთვის უპირისპირებდა სკკპ-ს თავის განსაკუთრებულ პოზიციას, იცავდა სტალინს, ნიღბავდა საკუთარ ხაზს, სადღესასწაულო ღონისძიებებზე ტიანანმენის მოედანზე ყოველთვის გამოჰქონდათ სტალინის პორტრეტი.
მას შემდეგ 40 წელი გავიდა და ახლა უკვე ყველას როდი ახსოვს, როგორ მძაფრად აყალიბებდა პეკინი სკკპ-ის “გადაგვარებას”. სსრ კავშირში “პრივილეგიური ფენის” დამკვიდრებისა და გაძლიერების, “ხრუშჩოვის რევიზიონისტული მოწოდების შესახებ საკითხებს, რომელსაც საბჭოთა საზოგადოება კაპიტალიზაციამდე მიჰყავს”.
ამ მასალებში, რომლებიც იმ პერიოდის პოლემიკას ასახავს, როგორც ვხედავთ, სკკპ-ის გარდაქმნისა და სსრ კავშირში სოციალიზმის დემონტაჟის საშიშროება გამოსჭვივის. “ხრუშჩოვის რევიზიონიზმმა, _ წერდა ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცკ, _ მსოფლიოში პირველი სოციალისტური სახელმწიფო, რომლის შექმნაში საბჭოთა ხალხმა ბევრი სისხლი დაღვარა, ძალზე სერიოზული საფრთხის, კაპიტალიზმის რესტავრაციის წინაშე დააყენა”.
გრიგოლ ონიანი