გიორგი გახოკიძე: სახელმწიფო რელიგიად მართლმადიდებლობის გამოცხადება პირდაპირი დარტყმაა ეკლესიაზე და მის საქმიანობაში უხეშ ჩარევას ითვალისწინებს

    43
    გიორგი გახოკიძე

    საქართველოს ხელისუფლებამ წინასაარჩევნოდ სახელმწიფო რელიგიად მართლმადიდებლობის გამოცხადება გადაწყვიტა. დიდი ხანია, ეს საკითხი განხილვის საგანია, მას ყოველთვის ჰყავდა ბევრი მომხრე და ბევრიც _ მოწინააღმდეგე. ხელისუფლების გადაწყვეტილებას აღფრთოვანებით არც ამჯერად შეხვედრია საზოგადოების გარკვეული ნაწილი. პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის განცხადებით კი, საქართველოს ეკლესიას კარგად აქვს შესწავლილი პრაქტიკა, რომელიც მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებას გულისხმობს და ეს გარკვეულ რისკებს შეიცავს”… ისიც ითქვა, რომ ეს გამოიწვევს სახელმწიფოს ჩარევას ეკლესიის საქმეებში…

    რატომ გადაწყვიტეს ახლა მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება? _ ამ თემაზე გვესაუბრება პროზაიკოსი გიორგი გახოკიძე (გიგო რიონელი):

    _ “ქართული ოცნების” განცხადებით, მას არჩევნებზე საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღება 4 საკითხის გადასაჭრელად სჭირდება, მაგრამ მმართველ პარტიას კარგა ხანს არ დაუკონკრეტებია, რა არის მეოთხე საკითხი.

    „არის კიდევ ერთი, მეოთხე საკითხი, რომლის კონსტიტუციით მოწესრიგებასაც საქართველოს თვითმყოფადობისა და ეროვნული ფასეულობების დასაცავად უდიდესი მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს. ამ საკითხზე კონსულტაციები კვლავაც გრძელდება და მასზე ჩვენს პოზიციას, სავარაუდოდ, თვის ბოლომდე გაგიზიარებთ”, – იყო ნათქვამი „ქართული ოცნების” 20 აგვისტოს განცხადებაში, 31 აგვისტოს უკვე საჯაროდ განაცხადა “ქართული ოცნების~ აწ უკვე სიის პირველმა ნომერმა ბიძინა ივანიშვილმა, რომ მათი სურვილია, მართლმადიდებლობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდეს.

    ახლა, თქვენი ნებართვით, ცოტა თემიდან გადავუხვევ… ნუ დავივიწყებთ, რომ არჩევნები ახლოვდება და, ბოლო ორი-სამი თვეა, სახეცვლილებით გვევლინებიან სახელისუფლო მმართველობაში მყოფი “ვარსკვლავები~. დიახ, მათ ჩამოიტოვეს ქართველი მსახიობები და ე.წ. ფეშენსახეები, დღეს კი არჩევნებში მონაწილე საზოგადოების ნაწილი მათი ცხოვრებით ცხოვრობს.

    თემიდან ასეთ გადახვევას ერთი მიზეზი აქვს _ ეს არის იდეური თანხვედრა ხელისუფლებასა და ხალხს, ასევე, ე.წ. ოპოზიციასა და მათ მიმდევართა შორის. ფაქტია, რომ გაყოფილ საზოგადოებას ორივე მხრიდან ერთი ვექტორი აქვს და ერთმანეთს სრულად ავსებს, ამიტომ უფლის სახელით “თამაში~ დაიწყეს, საპამპულო თემად აიღეს წინასაარჩევნოდ, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ ყოველივე დამკვეთის ხელდასხმით ხდება.

    ხალხისთვის, რომელიც შუა გაკრეფილია და საზოგადოების ერთადერთ ჯანსაღად მოაზროვნე ნაწილს წარმოადგენს, ბუნდოვანია, როგორ შეძლეს ასე რადიკალური გადაწყობა ნეოლიბერალიზმიდან ორთოდოქსულ კონსერვატიზმზე. ვეცდები, ავხსნა: მათ არანაირი სახეცვლილება არ განუცდიათ და ეს არის თითზე უეკლოდ დაღდასმული ბეჭედი, რომელსაც ისე ატრიალებენ, როგორც მათ მმართველობასა და დასავლურ, გლობალურ მსოფლიო წესრიგს აძლევს ხელს.

    მათი ორიენტაცია _ ჯიუტად ევროპულობა _ ცხადყოფს პოზიციას დამკვეთის მიმართ და ეს ქმედება დასტურია მათი პერფორმანსული ნაბიჯებისა.

    _ რა საფრთხე შეიძლება შექმნას მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებამ?

    _ საფრთხე აშკარაა და სურვილიც სახელწიფო დამოკიდებულებისა ეკლესიისა და, ზოგადად, რელიგიის, რწმენის მიმართ. ეს იყო ფანდი. დანამდვილებით იცოდნენ, რომ კონკორდატის ფარგლებში ამ შეთავაზებას მწვანეს არ აუნთებდა საპატრიარქო.

    კონკორდატი განსაზღვრავს სახელმწიფოს როლს ეკლესიის მიმართ და პირიქით _ ეკლესიის როლს სახელმწიფოს მიმართ.

    ასეთ პირობებში არც ერთი ნორმალური ხელისუფლება არ შესთავაზებდა ეკლესიას სახელმწიფოს მფარველობის ქვეშ რელიგიის მოქცევას, რადგან ეს ეწინააღმდეგება კონკორდატს და პირდაპირი მნიშვნელობით უადგილო შეთავაზებაა. დიახ, ეს იციან, მაგრამ წინასაარჩევნოდ ორი კურდღლის მდევრის როლში ყოფნა ხელსაყრელია _ ერთი მხრივ, ხალხის გულის მოგება, იმ ნაწილის, რომელიც ვერ ხვდება, რა რისკს შეიცავს მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება და, მეორე მხრივ, დასავლეთევროპული დაკვეთის ოსტატურად აღსრულება.

    სახელმწიფო რელიგიად მართლმადიდებლობის გამოცხადება პირდაპირი დარტყმაა ეკლესიაზე და მის საქმიანობაში უხეშ ჩარევას ითვალისწინებს, ანუ სახელმწიფოს ეძლევა კანონებში ხელის ფათურისა და კონკრეტული დაჯგუფებების სასარგებლოდ გადაწყვეტილებების ერთპარტიულად მიღების უფლება. ასეთი გადაწყობა ამ რეალობაში საგანგაშოა ქართველი მართლმადიდებელი ერისთვის.

    თუ მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების სარგებლიანობაზე ვისაუბრებთ, გეტყვით, რომ სახელმწიფო მოწყობის სხვა პირობებში ის არა საშიში, არამედ სავალდებულოცაა, რადგან ამ შემთხვევაში ხაზს უსვამს რწმენას, მართლმადიდებლობას და ერის იდენტობას; აძლიერებს სახელმწიფოს, როგორც თვითმყოფად ერთეულს, რომელსაც ექნება არა განვითარებადი სტატუსი, არამედ განვითარებულის. ნუ დაგვავიწყდება, რომ ერი სახელმწიფოზე მაღლა დგას და თანხვედრაშია “ენა, მამული, სარწმუნოება~-სთან!

    ჩვენი რწმენა _ მართლმადიდებლობა, ყოველთვის იყო პრიორიტეტი. გავიხსენოთ გრიგოლ ხანძთელი და გიორგი ჭყონდიდელი. ამ ორი პიროვნების მაგალითი საკმარისია იმის გასაცნობიერებლად, რარიგ ძლიერი იყო სახელმწიფო იმხანად. დღეს, კლასიკური გაგებით, კაპიტალიზმიც არ გვაქვს. გაურკვეველია, რა ფორმაციის სახელმწიფოს ვაშენებთ და ასეთ რეალობაში მართლმადიდებლური რელიგიისთვის სახელმწიფო სტატუსის მინიჭება საფრთხეა.

    _ მაშ, რისთვის დასჭირდა დღეს სახელმწიფოს ამის გაკეთება?

    _ კარგად ათქვეფილი გოგლიმოგლი ადამიანებისთვის ჩამოსარიგებლად ტკბილია, მსუყე და სარგებლიანი. ამას დაამატეს რეგიონული სანახაობები, რაც, ჯამში, იძლევა ფორმულას, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ნაცადი და შედეგიანია…

    ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here