Home რუბრიკები პოლიტიკა ციანიდი მათი არსობისა

ციანიდი მათი არსობისა

595

მეათე დღეა, საქართველოს აზანზარებსციანიდის სკანდალი”. მას თან სდევს საპატრიარქოში არსებულ პრობლემებზე დისკუსია, რომელიც ადრე თუ გვიან მაინც დაიწყებოდა, “რამეთუ არა არს დაფარული, რომელი არა გამოცხადნეს, არცა საიდუმლო, რომელი არა საცნაურ იყოს და ცხადად მოვიდეს (ახალი აღთქმა, ლუკას სახარება, თავი 8, 17).

მთლიანობაში, პროცესი საკმაოდ მტკივნეულია, როგორც სასულიერო პირების უმრავლესობისთვის, ისე მრევლისთვის, მაგრამ, ალბათ, კარგია, რომ ის დაიწყო ახლა და არა მოგვიანებით, გაცილებით დრამატულ ვითარებაში.

მაღალი რანგის იერარქები ერთმანეთს საჯაროდ უპირისპირდებიან. საზოგადოება, რომელსაც მსგავსი რამ არასოდეს უნახავს, ყურადღებით აკვირდება მათ და ნაკლებად მსჯელობს იმაზე, რა როლს ასრულებს ყოველივე მომხდარში ხელისუფლება ან რა მიზნის მიღწევას ცდილობს ის. არადა, ეს ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან განვითარებული მოვლენები არა მხოლოდ საპატრიარქოს, არამედ მთელ საზოგადოებას და ქვეყნის მომავალს შეეხება.

დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეში არის რამდენიმე დეტალი, რომლებშიც, რომ იტყვიან, “ეშმაკი იმალება”. განცხადება მისი დაკავების თაობაზე მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ გააკეთა. მან გამოიყენა შემდეგი ფორმულირება: “უნდა მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა”. მიუხედავად იმისა, რომ შოთაძეს ამ პირის ვინაობა არ დაუკონკრეტებია და, ამასთანავე, არა საკუთარი აზრი, არამედ ბრალდების მოწმის სიტყვები გაახმიანა, საზოგადოებაში მომენტალურად გავრცელდა ვერსია იმის თაობაზე, რომ იგეგმებოდა პატრიარქის მოწამვლა. ეს, უპირველეს ყოვლისა, განპირობებული იყო პრემიერმინისტრისა და “ქართული ოცნების” სხვა წარმომადგენლების თანმდევი პათეტიკური განცხადებებით _ “აღკვეთილია ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ დაგეგმილი დანაშაული _ ეკლესიის წინააღმდეგ ვერაგული თავდასხმა” და ა. შ.

მოგვიანებით ადვოკატმა მამუკა ნოზაძემ განაცხადა, რომ მამალაძეს პატრიარქის მდივანრეფერენტის _ შორენა თეთრუაშვილის მოწამვლის მცდელობა ედება ბრალად და სწორედ მისი გვარი ფიგურირებს სასამართლოს განჩინებაში. სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა კი დაკავებულ დეკანოზთან შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ მამალაძეამბობს, სასულიერო პირზე და უმაღლესი იერარქიის მქონე სასულიერო პირზე საერთოდ არ არის საუბარი ბრალში, რომელიც მას წარედგინა”. ომბუდსმენმა მიუთითა იმაზე, რომ მამალაძის მიმართ “ირღვევა უდანაშაულობის პრეზუმფცია, მათ შორის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან” (ამაზე ბოლო დღეებში არაერთმა უფლებადამცველმა ისაუბრა). ნანუაშვილმა, ამასთანავე, აღნიშნა, რომ მხარეები არათანაბარ პირობებში იმყოფებიან: “ბრალდების მხარეს აქვს სრული უფლება, ისაუბროს საქმის დეტალებზე და დაცვის მხარეს რაღაცის თქმის უფლება არ გააჩნია. ეს სერიოზული დარღვევაა” (ინტერპრესნიუსი).

მიუხედავად იმისა, რას აპირებდა (ან არ აპირებდა) გიორგი მამალაძე, ხელისუფლება 13 თებერვალს აბსოლუტურად არაადეკვატურად იქცეოდა. ამის უკან შეიძლება იდგეს როგორც კლინიკური იდიოტიზმი, ისე საკმაოდ მზაკვრული გეგმა.

ბოლო ხუთი წლის მოვლენები ცალსახად მიუთითებს იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილი ცდილობს, თავის გავლენას დაუქვემდებაროს უკლებრივ ყველა რამდენადმე მნიშვნელოვანი ინსტიტუტი: იქნება ეს პარლამენტი, აღმასრულებელი თუ სასამართლო ხელისუფლების ესა თუ ის შემადგენელი ნაწილი, სხვადასხვა მედიასაშუალება და .. თქმული არ ნიშნავს, რომ ის, სააკაშვილის მსგავსად, ცდილობს, მათი ფუნქციობის ყველა ნიუანსი განსაზღვროს და დღედაღამ ტოტალურად აკონტროლოს. სავარაუდოდ, მას სურს, ისეთ მდგომარეობაში ჩააყენოს ისინი, რომ გამორიცხოს მათ წიაღში ხელისუფლებისთვის საფრთხის აღმოცენების თეორიული შანსიც კი. ამ პროცესში ბიძინა ივანიშვილი წარმატებას ჯერჯერობით ყველა მიმართულებით აღწევს.

მართლმადიდებლურ ეკლესიას საქართველოში განსაკუთრებული სტატუსი აქვს და მის საქმეებში უხეში ჩარევის მცდელობა საერო მმართველებისთვის ხშირ შემთხვევაში ცუდად მთავრდებოდა, მაგრამ ბოლო წლებში მის შიგნით დაიწყო გავლენისთვის სერიოზული ბრძოლა სხადასხვა ჯგუფს შორის და ღია საუბრები იმაზე, ილია II-ს შემდეგ (ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს!) თუ ვინ გახდება პატრიარქი. ამან საერო ხელისუფლებას პოლიტიკური მანევრის განხორციელების შესაძლებლობა მისცა. მარტივად რომ ვთქვათ, ციხე შიგნიდან გატყდა.

“ციანიდის სკანდალი”, რომელიც მთავარი პროკურორის რეზონანსული განცხადებით დაიწყო (სინამდვილეში ის დაიწყო რამდენიმე დღით ადრე, ჭორების გავრცელებით), შეიძლება შეფასდეს, როგორც ხელისუფლების მკაფიო მესიჯი ყველა დაინტერესებული მხარისთვის, რომ სასულიერო პირებისთვის მთავარი საკითხის გადაწყვეტა ივანიშვილის მონაწილეობის გარეშე არ გამოვა, რომ მისი პოზიციები ძალიან ძლიერია და პრეტენზია აქვს, მთავარი არბიტრის როლი შეასრულოს, სწორედ ივანიშვილის და არა ხელისუფლების _ ეს ტერმინოლოგიური განსხვავება მნიშვნელოვანია. პრემიერ კვირიკაშვილს შეიძლება ჰქონდეს განსაკუთრებული ურთიერთობა მეუფე იაკობთან, ხოლო “ქართული ოცნების” სხვა წარმომადგენლებს _ მეუფე დიმიტრისთან ან სხვა იერარქთან, მაგრამ ბიძინა ივანიშვილისთვის, რომელიც ამ სიტუაციას მენეჯერის პოზიციიდან აფასებს, პერსონალური მომენტი, სავარაუდოდ, მეორეხარისხოვანია. მისთვის, დიდი ალბათობით, მნიშვნელოვანია მხოლოდ ის როლი, რომელსაც საპატრიარქოივანიშვილის საქართველოშიშეასრულებს და, სავარაუდოდ, სურს, რომ ამ მიმართულებიდან თუნდაც მცირე საფრთხის ან უსიამოვნების გაჩენის შესაძლებლობა გამორიცხოს.

მიუხედავად იმისა, რომ საპატრიარქო მუდამ ღიად გამოხატავს, რომ პოლიტიკაში არ ერევა, ყველასთვის ცხადია, რომ გამსახურდიას, შევარდნაძისა და სააკაშვილის ხელისუფლების ლეგიტიმურობა და, საბოლოო ჯამში, მათი ბედი მნიშვნელოვანწილად დამოკიდებული იყო ეკლესიის პოზიციაზე, რომელიც თითქმის ყოველთვის არა მკაფიო დეკლარაციის, არამედ მინიშნების ან სულაც, “მრავლისმთქმელი დუმილის” ფორმით ვლინდებოდა და მრევლზე ძალიან სერიოზულ გავლენას ახდენდა. ბიძინა ივანიშვილმა ეს კარგად იცის და, სავარაუდოდ, თავის დაზღვევას ცდილობს.

დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეში უამრავი სხვა, ერთი შეხედვით მეორეხარისხოვანი, უცნაური და საეჭვო ნიუანსია; მაგალითად, დაჟინებული მითითება ციანიდის ნატრიუმზე. თავი დავანებოთ იმას, რომ მამალაძე საავადმყოფოს ხელმძღვანელობდა და შეეძლო, მოეპოვებინა გაცილებით დახვეწილი საწამლავი სხვა პირების ჩარევის გარეშე, რადგან თეორიულად ამქვეყნად შეიძლება ყველაფერი მოხდეს. მთავარი აქ, ალბათ, ისაა, რომ მოწამვლა ციანიდის ნატრიუმით ვერ დაიმალება, აუცილებლად დადგინდება, რომ მსხვერპლი მოწამლეს და ამიტომ ამ მეთოდს შეიძლება მიმართონ მხოლოდ სულელებმა ან მათ, ვისაც სურს, დემონსტრაციულად დააფიქსიროს, რომ ადგილი სწორედ მოწამლვას ჰქონდა (არის ასეთი შემთხვევებიც). ამ ეპიზოდში მნიშვნელოვანია ყველა ნიუანსი, შოთაძის განცხადების თითოეული სიტყვა _ “მაღალი იერარქიის სასულიერო პირით” დაწყებული, ციანიდის ოთხგზის ხსებით დამთავრებული. გამორიცხული არაა, რომ ხელისუფლებამ მიანიშნა საპატრიარქოში განვითარებული კონფლიქტის ყველა მხარეს, რომ ისინი ვერ გადაწყვეტენ თავიანთ პრობლემებს ვიწრო წრეში და იძულებულნი გახდებიან, ივანიშვილის არბიტრაჟს დათანხმდნენ, რომლის კონტროლქვეშ მყოფ ხელისუფლებას, თავისი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, ნამდვილად ხელეწიფება აღმოაჩინოს შეთქმულება იქ, სადაც ის არის (ან არ არის), გამოავლინოს (ანდანიშნოს”) დამნაშავე და .. დონ ვიტო კორლეონეს თქმის არ იყოს, ეს შეიძლება ყოფილიყო “წინადადება, რომელზეც უარის თქმა შეუძლებელია”. ზოგიერთმა სასულიერო პირმა, როგორც ჩანს, უკვე მიიღო თამაშის ეს წესები.

მხოლოდ მას შემდეგ, რაც მოხდა ძალის დემონსტრირება, პროკურატურამ “პირველი ჩვენება” შეცვალა და დააზუსტა, რომ ირაკლი შოთაძემ ბრალდების მოწმის ვერსია გაახმიანა და ბრალი წარდგენილია არამაღალი იერარქიის სასულიერო პირის”, არამედ ერთერთი პირის (როგორც შემდგომ გაირკვა _ შორენა თეთრუაშვილის) მკვლელობის მომზადების ფაქტზე. ძალიან ძნელი დასაჯერებელია, რომ ის, რაც 13 თებერვალს მთავარი პროკურორის ბრიფინგიდან გამომდინარე მოხდა, იყო შემთხვევითობა და არა მიზანმიმართული ზემოქმედება საზოგადოებრივ აზრზე, მძლავრი საინფორმაციო იერიშის მიტანა კონკრეტულ იერარქებზე (საბოლოო ჯამში, მთელ ეკლესიაზე) და, ამასთანავე, ერთგვარი “მესიჯის” გაგზავნა წმინდა სინოდის წევრებისთვის, რომელიც ჩვეულებრივ ენაზე შეიძლება ასეც გადაითარგმნოს: “უჩემოდ ვინ იმღერეთო?”. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ პროკურატურა საკუთარ იმიჯს დარტყმის ქვეშ არა მნიშვნელოვანი მიზნების მიღწევისთვის, არამედ, უბრალოდ, გონებრივი შესაძლებლობების მწვავე უკმარისობიდან გამომდინარე აყენებს.

ჩვენ საქართველოს ისტორიის იდეალიზება გვჩვევია და მეფის, ფეოდალების, პატრიარქისა და ეპისკოპოსების ურთიერთობას იუსტინიანეს “ხელისუფლებათა სიმფონიასთან” მაქსიმალურად მიახლოებულად წარმოვაჩენთ. სინამდვილეში მხარეები თითქმის ყოველთვის ერეოდნენ ერთმანეთის საქმეებში, როდესაც ამის შესაძლებლობა ეძლეოდათ და ადგილი საკმაოდ დრამატულ დაპირისპირებასაც ჰქონდა, თუმცა ძალიან ძნელია ისეთი შემთხვევის გახსენება, როდესაც ხელისუფლება ასე უხეშად, მეტიც, უტიფრად იქცეოდა.

ბიძინა ივანიშვილი ჯერჯერობით არავის დაუმარცხებია. მისი “ქართული ოცნება”, როგორც ვერმახტი 1941 წლის დეკემბრამდე, გამუდმებით წინ მიიწევს და მუდამ წარმატებებს აღწევს, თუმცა, შესაძლოა, განხილულ ეპიზოდში ეს შთამბეჭდავი პოლიტიკური ბლიცკრიგი “ბუქსაობას” დაიწყებს, ხოლო ივანიშვილი პირველად იგემებს სტრატეგიულ მარცხს და უკან დაიხევს.

დიმიტრი მონიავა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here