Home რუბრიკები საზოგადოება თემურ ქორიძე: ივანიშვილი მერკანტილური ძველი ქართველია, ლუარსაბ თათქარიძის შთამომავალი

თემურ ქორიძე: ივანიშვილი მერკანტილური ძველი ქართველია, ლუარსაბ თათქარიძის შთამომავალი

1553

ბოლო პერიოდში ბევრს საუბრობენ ხელისუფლების წარმომადგენელთა მიერ დახარჯულ კოლოსალურ თანხებზე, აღებულ პრემიებსა და დანამატებზე. 

პრეზიდენტ მარგველაშვილის სამივლინებო ხარჯებზე ატეხილმა აჟიოტაჟმა კი ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა. არადა, მას ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ფუნქციის შესრულება არ შეუძლია. და, საერთოდ, არავინ იცის, სად, რისთვის დადის, რა მიაქვს ან რა მოაქვს. ქვეყნის მოსახლეობა კი გაუსაძლის მდგომარეობაშიადა, როდესაც ასეთ ინფორმაციას ისმენ, უახლოესი წარსულიდან გახსენდება ადამიანები, რომლებმაც ქვეყანას თავი შესწირეს, სამშობლოსთვის ისე დაიხოცნენ, თვალიც არ დაუხამხამებიათსაქართველოს პირველ პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიაზე სასაუბროდ ეროვნული მთავრობის წევრს, თემურ ქორიძეს, ვესტუმრეთ. ბატონი თემური იუბილარი აღმოჩნდა. კეთილშობილ კაცს, წლების მომატებასთან ერთად, გულჩვილობა შეჰპარვია _ თავის დაბადების დღეზე პრობლემებზე საუბარს, ცოტა არ იყოს, თავი აარიდა და მხოლოდ ქართველთა უნიკალურობაზე გაამახვილა ყურადღება. ბევრჯერ თქვა, რომ წარმავალია და სურს, ბედნიერ საქართველოში დატოვოს გონიერი ახალგაზრდობაბატონ თემურს ვუსურვებთ დიდხანს სიცოცხლეს ბედნიერ საქართველოში, როგორზეც თანამებრძოლებთან _ ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავასთან _ ერთად ოცნებობდა.

_ ბატონო თემურ, როგორ დაეცა ერიცა და ხელისუფლებაც ასე? რამდენიმე თვეა, საქართველოს ამჟამინდელი პრეზიდენტის სამივლინებო ხარჯებს ითვლიან და ვერაფრით დათვალეს. არადა, გვახსოვს პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია, რომელსაც არც კი ახსოვდა, რომ ხელფასი სჭირდებოდა

_ არ ვფიქრობ, რომ ერია დაცემული. პროგრესის ლოგიკაა ასეთი _ ქვეყანა წინ უნდა წავიდეს, არაფრით შეიძლება, უკან ბრუნდებოდეს და სულ ჩამორჩენილი იყოს.

პრეზიდენტი თუ გვყავს ასეთი, არა უშავს. სამაგიეროდ, გვყავს ძალიან კარგი ახალგაზრდობა, მათ არ ვგულისხმობ, რომლებიც გამუდმებით ტელეკრანებზე ჩანან. ჩემო ძვირფასებო, მართლაც კარგი თაობა მოდის, სწავლას მოწყურებული. უკვე ვბერდები, წარმავალი ვარ და მხოლოდ ამ ახალგაზრდების ნათელი გონება და თვალები მაიმედებს. მათზე უნდა ვიზრუნოთ, მათ აღზრდაზე უნდა დავხარჯოთ დრო. ბევრი მოწაფე მყავს და ვამაყობ კიდეც. მათ ცხოვრების ფილოსოფია ესმით.

ჩვენ თავის დროზე ვერ შევძელით, საკმარისი პასუხისმგებლობა აგვეღო საკუთარ თავზე, რადგან დავიბენით. ქაოსურები, თავქარიანები ვართ ქართველები. ფეხზე მყარად დადგომა ვერ მოვახერხეთ. არადა, პოტენციალი დიდი გვქონდა, დღესაც გვაქვს. გამჭრიახები, ენერგიულები ვართ. ქართველ ერს შეუძლია იცხოვროს ნამდვილი ცხოვრებით.

1990-იანი წლები დიდი კრიზისის ეპოქა იყო _ ირყეოდა მთელი ქვეყანა. ამ რყევამ შეიწირა უნიკალური ქართველები _ ზვიადი და მერაბი. ასეთი ადამიანები ეწირებიან ქვეყანას, რაც ასეც უნდა მოხდეს. ყველა არ არის ერის რჩეული.

კარგი იქნებოდა, გაკვეთილად მიგვეღო მომხდარი, მაგრამ, სამწუხაროდ, ასე არ მოხდა. ახლა 21-ე საუკუნის დასაწყისია და უნდა ჩავთვალოთ, რომ უფრო დიდი და მნიშვნელოვანი პრობლემების წინაშე ვდგავართ…

მიხაკო წერეთელმა, როდესაც ილია მოკლეს, თქვა: “თურმე კიდევ უფრო დაცემულ ვართ”… არ მაქვს სურვილი, იგივე განცდა დაგვეუფლოს, როგორიც 1907 წელს ილიას მკვლელობის შემდეგ დაეუფლა გონიერ ქართველ საზოგადოებას. იმხანად ეგონათ, რომ ილიას ღვაწლით წინ წავიდნენ, რაღაც შეძლეს, მაგრამ აღმოჩნდა, რომ დაეცნენ…

არ მინდა, საფლავში ისე ჩავიდე, ეს განცდა მიმყვებოდეს.

_ ფასეულობები, რომლებზეც ზვიად გამსახურდია საუბრობდა, დღეს აღარ არსებობს

_ ზვიადი ბუმბერაზი იყო, ის სხვის დასანახავად არაფერს აკეთებდა, მას სტკიოდა, თავისუფლება სწყუროდა, გზას ეძებდა, სამშობლოსთვის იწვოდა. ზვიადს შეუძლებლად არაფერი მიაჩნდა, გულანთებული ქართველისთვის შეუძლებელი არაფერია.

ვიცი, რისი მოსმენაც გსურთ, მაგრამ ისე ჩახედული არ ვარ ამ საქმეში, რომ გიპასუხოთ. რა ხდება ჩვენს თავს, ვერ გეტყვით. აწმყოზე საუბარი ყველაზე მძიმე ყოფილა. მომავლის განჭვრეტა არ არის ძნელი, წარსულზე ლაპარაკიც ადვილია…

რაც გვჭირს და სადაც მოვედით, არის ამაში რაღაც ლოგიკა. ჩვენ, როგორც მგრძნობიარე ერს, გაგვიჭირდა მრავალწლიანი პერიოდის გავლა, როდესაც სახელმწიფო არ გვქონდა. თანაგრძნობა არ ვიცით ერთმანეთის. ვთვლით, ვიღაცამ ეკლესია ააშენა და ის ყველაზე მაგარი კაცია, ასე იმიტომ გვგონია, რომ გიორგი მთაწმინდელის ცხოვრება არ წაგვიკითხავს. არ ვიცით, ეკლესიის შესასვლეთან მათხოვარი რომ ზის, ის არის უმთავრესი და არა ის, ვინც აშენებაში ფული გადაიხადა.

ნელნელა გამოვალთ სინათლეზე, ნამდვილ ქრისტიანებად ვიქცევით. მჯერა, ეს ჭუჭყი, რომელიც 90-იანი წლებიდან წამოგვყვა, ჩაირეცხება.

ყველაფერი გადაივლის, ჩვენი შვილებისა და შვილიშვილების თაობა მოვა და ყველაფერი დალაგდება. ცუდ პერიოდში ვიცხოვრეთ, ეს ყველას მოგვყვება. ახლა ისეთი ახალგაზრდები მოდიან, რომლებმაც შური არ იციან, არ ებრძვიან ერთმანეთს. თქვენ არ იჯავროთ, უნდა თუ არა ხელისუფლებებს, ნათელი დღეები მაინც დაგვიდგება.

მთავარია, ხელისუფლებაზე დამოკიდებულები არ ვიყოთ, დროულად გამოვცვალოთ.

_ თქვენ ისე თბილად, ლამაზად საუბრობთ ქართველებზე, ისეთი იმედი გაქვთ, ყველაფერი რიგზე იქნებაო, რომთუ ასეთი გამჭრიახები ვართ, როგორ მოვედით ზვიად გამსახურდიადან მარგველაშვილამდე?

_ დღეს უვარგისი ხელისუფლება გვყავს. ჩვენ არ გვიდგას საკითხი ასე _ ზვიადიდან მარგველაშვილამდე… ჩვენ ერთადერთი კაცის პრობლემა გვიდგას, ეს არის ბიძინა ივანიშვილი. როგორღაც უნდა მოვახერხოთ და ის ხელისუფლებას ჩამოვაცილოთ, ქვეყანას მოვაშოროთ. ვისურვებდი, ქველმოქმედად დარჩენილიყო, მაგრამ ვერ იქნება ბილ გეითსივით ქველმოქმედი. სამწუხაროდ, ივანიშვილი მერკანტილური ძველი ქართველია, ლუარსაბ თათქარიძის შთამომავალი. ივანიშვილი ჩვენი ქვეყნის ტრაგედიაა და, სანამ ამას ვერ მივხვდებით, ჩაკეტილ სივრცეში ვიტრიალებთ.

მთავარია, ზედმეტი ტვირთისგან გავთავისუფლდეთ; მთავარია, მივხვდეთ, ვინ და რა გვღუპავს, თორემ მარგველაშვილები ქართველს ვერ დაღუპავენ.

ჩვენ მოვკალით ილია, მოვკალით ზვიადი, მაგრამ კათარზისი აუცილებლად მოვა, განვიწმინდებით. ჩვენი ქვეყნის მომავალი კარგად აღზრდილმა ახალგაზრდებმა უნდა გამოჭედონ.

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

3 COMMENTS

  1. zusti shepaseba ivanishvilisa!!! gaixaret batono zviad ise rogorc koveltvids simartles sheuparavad da pirdapir brdzanebt!!! torem gaivso kvekana mlikvneli msaxiobebita tu sxva \\\”mogvaweebit\\\” romlebsac ivanishvilis puli samshoblos da rac mtavaria momavali taobis beds urchevniat imirtom rom taviat ojaxis ikit ar ixedebian, muclebis amokorvit araian dakavebuli iseve rogorc prezidenti da mtavroba!!, magram ert rameshi mainc shegekamatebit, chevn tu aseti kargi eri vart ratom vart am dgeshi saukuneebis ganmavlobashi???

  2. ბატონი თემური პატიოსანი ადამიანის მაგალითია და ძალზედ განათლებული. უფლა გაანათლო მისი სული.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here