Home რუბრიკები საზოგადოება პირველად საქართველოში და, საერთოდ, კავკასიაში

პირველად საქართველოში და, საერთოდ, კავკასიაში

1932

პირველად საქართველოში _ ასეთი განსაზღვრა აკადემიკოს ფრიდონ თოდუას კლინიკის საქმიანობასთან დაკავშირებით არც პირველია, არც უკანასკნელი. სიახლეთა დანერგვა ამ სამეცნიეროკვლევით ინსტიტუტში უახლესი სამედიცინო აპარატურის, ტექნოლოგიების, მკურნალობის ახალი მეთოდების პრაქტიკაში გამოყენების თვალსაზრისით კლინიკის მთავარი მახასიათებელია. მორიგი სიახლე, რომელსაც დღეს გაგაცნობთ, მაინც განსაკუთრებულია, რადგან ადამიანის უფაქიზეს და უმნიშვნელოვანეს ორგანოს _ თავის ტვინს ეხება: საქართველოში და, საერთოდ, კავკასიაში პირველად წარმატებით ჩატარდა ნეიროქირურგიული ოპერაცია თავის ტვინის ავთვისებიან სიმსივნეზე უახლესი ტექნოლოგიის .. ინტრაოპერაციული ფლუორესცენციის გამოყენებით. გვესაუბრება აკადემიკოსი ფრიდონ თოდუა:

_ ონკოლოგიური მიმართულება ერთ-ერთი პრიორიტეტული გახდა ჩვენთვის და ეს, უდავოდ, გამოიწვია იმ უახლესმა სადიაგნოსტიკო და სამკურნალო აპარატურის დანერგვამ, რომელიც აუცილებელია ონკოლოგიური დაავადებების დიაგნოსტიკისა და მკურნალობისთვის. დღეს ონკოლოგია კომპლექსური, მულტიპროფილური დარგია, რომელიც აერთიანებს კლინიცისტებსა და ფუნდამენტურ მეცნიერებათა წარმომადგენლებს _ ქირურგ-ონკოლოგებს, რადიოლოგებს, ქიმიოთერაპევტებს, ჰემატოლოგებს, იმუნოლოგებს, პათომორფოლოგებს, ბიოქიმიკოსებსა თუ ბირთვული მედიცინის სპეციალისტებს. ეს არის გუნდი, რომლის ძირითადი მიზანია ონკოლოგიური კონტინგენტის სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება. არც ერთ სხვა დაწესებულებაში საქართველოში არ არის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ისეთი შესაძლებლობები, როგორიც ჩვენს ინსტიტუტშია. ამ თემაზე “საქართველო და მსოფლიოს~ მკითხველებთან არაერთხელ გვისაუბრია.

ბოლო პერიოდში, სხვა ლოკალიზაციის სიმსივნეებთან ერთად, განსაკუთრებით იმატა თავის ტვინის სიმსივნეების გამოვლენის სიხშირემ. ამას, ცხადია, ხელი შეუწყო ნეიროვიზუალიზაციის საშუალებების სრულყოფამ. ყურადღება განსაკუთრებით მინდა გავამახვილო თავის ტვინის იმ აგრესიულ ავთვისებიან სიმსივნეებზე, რომლებსაც, მიუხედავად დიაგნოსტიკის მეთოდების გაუმჯობესებისა და სიზუსტისა, მაინც ახასიათებს რეციდივის მაღალი ხარისხი და ლეტალობა. ასეთებს მიეკუთვნება გლიობლასტომები, რომლებიც თავის ტვინის ყველა ტიპის სიმსივნის 20 პროცენტს, ხოლო პირველადი სიმსივნეების 50 პროცენტზე მეტს შეადგენს.

მათი მკურნალობის ძირითადი მეთოდია მიკროქირურგიული რეზექცია და ქიმიოთერაპია. ტექნიკის წინსვლის მიუხედავად, ამ სიმსივნით დაავადებულთა მხოლოდ 2% თუ იხანგრძლივებს სიცოცხლეს 3-წლით. ეს პროგნოზი პრაქტიკულად არ შეცვლილა გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან. ამის მიზეზია სიმსივნის ინფილტრაციული ზრდა, რომლის გამოც მისი გამოყოფა ტვინის ჯანსაღი ქსოვილებიდან გართულებულია და, ამდენად, სიმსივნის სრულად ამოკვეთა _ შეუძლებელი.

ერთ-ერთი ინოვაციური ტექნოლოგია, რომელმაც ბოლო წლებში შეცვალა გლიობლასტომების ქირურგიული კონტროლის შესაძლებლობა, ე.წ. ინტრაოპერაციული ფლუორესცენციაა. ამ დროს ორგანიზმში შეყვანილი გარკვეული ნივთიერებები აკუმულირდება სიმსივნურად გადაგვარებული უჯრედების მიერ და იწვევს ფლუორესცენტულ ნათებას, რომელიც საშუალებას აძლევს ქირურგს, დაინახოს, მოძებნოს და ამოკვეთოს პათოლოგიური ქსოვილი ირგვლივ მდებარე ტვინის ქსოვილის დაზიანების გარეშე.

ჩვენი კლინიკის მედიკოსებს გვსურს, შევქმნათ ძლიერი ონკოლოგიური სამსახური, რათა არც ერთ ონკოლოგიურ პაციენტს არ მოუწიოს დიაგნოსტიკისა და მკურნალობისთვის საქართველოს საზღვრებს გარეთ გამგზავრება. ამისთვის საჭირო ყველა ინტელექტუალური და მატერიალურ-ტექნიკური რესურსი გვაქვს.

ინტრაოპერაციული ფლუორესცენცია არის უახლესი ინოვაცია, რომელსაც შეუძლია შეცვალოს იმ პაციენტების სიცოცხლის ხარისხი და ხანგრძლივობა, რომელთა ბედიც პრაქტიკულად გადაწყვეტილი იყო დიაგნოზის დასმისთანავე.

ამ საკითხზე დაწვრილებით გესაუბრებათ ჩვენი ინსტიტუტის ნეიროქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი დავით ბერძენიშვილი.

_ საქართველოში პირველად თქვენ გააკეთეთ ნეიროქირურგიული ოპერაცია უახლესი ტექნოლოგიის გამოყენებით. გილოცავთ წარმატებას!

_ მადლობას მოგახსენებთ მოლოცვისთვის და, სანამ ამ ინოვაციაზე ვისაუბრებ, მოკლედ შევეხები თავის ტვინის სიმსივნეების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის პრობლემატიკას.

თავის ტვინის ავთვისებიანი სიმსივნეები (განსაკუთრებით გლიური სიმსივნეები) მსოფლიოში პრობლემური საკითხია და მოიცავს კომპლექსურ მკურნალობას, რომელიც შედგება 3 ეტაპისგან. ესაა ქირურგია, ქიმიოთერაპია და სხივური თერაპია. გლიობლასტომა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ტიპის ავთვისებიანი სიმსივნეა ტვინის სიმსივნეებს შორის; არის ძალიან აგრესიული და სწრაფად მზარდი. იგი ვითარდება გლიური უჯრედებისგან _ ასტოციტებისგან და ხშირად ახასიათებს ინფილტრაციული ზრდა, ისე, რომ შეუძლებელია ჯანსაღი ქსოვილების დიფერენცირება სიმსივნურად დაზიანებულისგან. ამის გამო გლიობლასტომის მკურნალობა საკმაოდ გართულებულია და ამ სირთულის დასაძლევად მთელ მსოფლიოში მიმდინარეობს კვლევითი სამუშაოები და უზარმაზარი სახსრები იხარჯება.

დღეს ჩვენ შეგვიძლია გლიობლასტომის იდენტიფიცირება სიმსივნის განვითარების ადრეულ ეტაპებზე, რომლის საშუალებასაც იძლევა ჩვენს ინსტიტუტში კონცენტრირებული სადიაგნოსტიკო საშუალებები. ამას ძალზე დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან გლიობლასტომები, როგორც წესი, სწრაფად პროგრესირებს, პროგრესირებს სიმპტომებიც, რომელთა ხასიათი და ინტენსივობა სიმსივნის ადგილმდებარეობაზეა დამოკიდებული. დროულად დასმული დიაგნოზი კი წარმატებული მკურნალობის საფუძველია.

სიმსივნის მკურნალობა სრულყოფილი დიაგნოსტიკით იწყება. ამისთვის კი ჩვენი კლინიკა სრულად არის აღჭურვილი, დანერგილია მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია, სპექტროსკოპია, რომლებიც საშუალებას გვაძლევს, ზუსტად განვსაზღვროთ სიმსივნური წარმონაქმნის საზღვრები და მთლიანად, გარშემო ჯანსაღი ქსოვილების დაუზიანებლად, ამოვკვეთოთ იგი.

ქირურგიის სირთულე არის ის, რომ ჩვეულებრივი სინათლის მიკროსკოპით სიმსივნური ქსოვილისა და ტვინის ჯანსაღი ქსოვილის ერთმანეთისგან ზუსტი დიფერენცირება, ფაქტობრივად, შეუძლებელია _ მისი სრულად ამოკვეთა ვერ ხერხდება, რადგან, სიმსივნესთან ერთად იკვეთება ტვინის ჯანმრთელი ქსოვილიც, რომლითაც ნევროლოგიური დეფიციტის ალბათობა იზრდება. ინტრაოპერაციული ფლუორესცენციის უპირეტესობა შემდეგია: ოპერაციამდე 4 საათით ადრე პაციენტი ღებულობს სპეციალურ პრეპარატს, რომელიც ლაგდება სიმსივნურ ქსოვილში და იწყებს მის ნათებას, სიმსივნურად შეცვლილი ქსოვილები ხილვადი ხდება. ამით იოლდება სიმსივნის დიფერენცირება ჯანმრთელი ტვინისგან მაშინაც კი, როცა სიმსივნე გავრცელებულია ჯანსაღ ქსოვილებში და ვიზუალიზაციის ყველა სხვა მეთოდით მათი ერთმანეთისგან გამორჩევა შეუძლებელია. ეს საშუალებას გვაძლევს, მაქსიმალურად რადიკალურად ამოვკვეთოთ იგი ისე, რომ არ დავაზიანოთ ტვინის ჯანმრთელი ნაწილი. შესაბამისად, ოპერაციის შემდგომი ნევროლოგიური დარღვევების ალბათობა მკვეთრად მცირდება და მკურნალობის შემდგომი საფეხური _ ქიმიო და სხივური თერაპია უფრო ეფექტიანი ხდება, მცირდება რეციდივების რისკი და დაავადების გამოსავალი მნიშვნელოვნად უმჯობესდება.

დღეს ინტრაოპერაციული ფლუორესცენციით შედეგები, სულ მცირე, 2-ჯერ არის გაუმჯობესებული.

ჩვენი ინსტიტუტის ქიმიოთერაპიის განყოფილება ერთ-ერთი საუკეთესოა ევროპაში. აქ ტარდება სხვადასხვა ლოკალიზაციისა და სტადიის სიმსივნური დაავადებების მკურნალობა, მათ შორის, თავის ტვინის სიმსივნეების, უახლესი საერთაშორისო პროტოკოლებისა და გაიდლაინების შესაბამისად. სოლიდური ავთვისებიანი სიმსივნეებისა და ლიმფომების მედიკამენტური მკურნალობა _ ქიმიოთერაპია, ჰორმონოთერაპია, იმუნო და ტარგეტული, ანუ დამიზნებითი თერაპია. როგორც მონოთერაპიის სახით, ასევე სხივურ თერაპიასთან კომბინაციაში. სიმსივნის ტიპის, დაავადების სტადიისა და პაციენტის ზოგადი მდგომარეობის გათვალისწინებით მკურნალობა შეიძლება ჩატარდეს როგორც ამბულატორულად, ასევე სტაციონარის პირობებში. მკურნალობის ტაქტიკის შერჩევა ხდება ინდივიდუალურად თითოეული პაციენტისთვის მულტიდისციპლინური მიდგომით, რომელიც გულისხმობს პაციენტის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის პროცესში სხვადასხვა დარგის სპეციალისტების ერთობლივ მონაწილეობას. გვყავს პროფესიონალთა გამოცდილი გუნდი. მათ გავლილი აქვთ სტაჟირება და სწავლების კურსები საზღვარგარეთ წამყვან ევროპულ და ამერიკულ კლინიკებში.

რადიაციული ონკოლოგიის დეპარტამენტში დამონტაჟებულ Varian-ის ფირმის უახლესი თაობის ორხაზოვან ამაჩქარებელ Truebeam-ს დაემეტა ამავე ფირმის რადიოქირურგიული სისტემა EDGE და ბრაქითერაპიის აპარატი, რომლებიც სამიზნე უბნის მაღალი სიზუსტით, ჯანსაღი ქსოვილების დაუზიანებლად დასხივებისა და გამოჯანმრთელების დიდ შესაძლებლობას იძლევა. ასეთი აპარატი მსოფლიოში სულ 17-ია, აქედან 10 _ ამერიკაში.

ნეიროქირურგების ამოცანა, რომელსაც XXI საუკუნეში ვუყენებთ საკუთარ თავს, არის პაციენტისთვის არა მხოლოდ სიცოცხლის გახანგრძლივება, არამედ, უპირველეს ყოვლისა, ცხოვრების ნორმალური ხარისხის შენარჩუნება, რასაც ნებისმიერი ნეიროქირურგიული ჩარევისას პირველ ადგილზე ვაყენებთ. ექიმის მიზანია, სიმსივნეს ისე უმკურნალოს, რომ ორგანიზმის ფუნქციები არ დააზიანოს, რომლის რისკიც ნეიროქირურგიაში ყოველთვის არსებობს.

_ ეს რისკი თქვენ მიერ გაკეთებული ოპერაციების დროსაც იქნებოდა უთუოდ.

_ რისკი, რა თქმა უნდა, იყო, მაგრამ ექვსივე ოპერაცია, რომლებიც დღემდე ჩავატარეთ, გართულების გარეშე დამთავრდა. სამ პაციენტს არავითარი პრობლემა არ აქვს, დანარჩენი სამის მდგომარეობა ნელ-ნელა უმჯობესდება.

_ არც იაფია.

_ ასეა. ადამიანი შეიძლება არ იყოს უმწეო თავისი სოციალური სტატუსით, მაგრამ აბსოლუტურად უმწეო აღმოჩნდეს ისეთი პრობლემის წინაშე, როგორიცაა ავთვისებიანი სიმსივნე. ონკოლოგიურ პაციენტებს, როგორც წესი, სჭირდებათ საკმაოდ ბევრი და სერიოზული გამოკვლევა და მკურნალობის პროცესში არა მხოლოდ ქირურგიული ჩარევა, არამედ დამატებით სხივური და ქიმიოთერაპიის არაერთი კურსის ჩატარება. მას შემდეგ, რაც ამოქმედდა საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამა. სახელმწოფო მზრუნველობის ქვეშ აღმოჩნდნენ ის ადამიანები, რომლებიც აქამდე, ფაქტობრივად, განწირულნი იყვნენ.

ესაუბრა

არმაზ სანებლიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here