Home რუბრიკები პოლიტიკა ალიანსისთვის ცვლილებების პერიოდი დადგა

ალიანსისთვის ცვლილებების პერიოდი დადგა

579

გამოცემა The American  Conservative აზრით, ალიანსის ბევრი წევრი თავს არიდებს თავდაცვითი ვალდებულებების შესრულებას.

დადგა დრო, წევრმა სახელმწიფოებმა ცვლილებები შეიტანონ ჩრდილოატლანტიკურ ხელშეკრულებაში, 70-წლიანი ისტორიის მქონე დოკუმენტში, რომელსაც ხელი ცივი ომის დასაწყისში მოაწერეს.

ყველაზე თავგამოდებული ატლანტისტებისთვის იმის თქმა, რომ ნატოს ძირითადი დოკუმენტი უნდა გადაიხედოს, მსოფლიოში ყველაზე მძლავრი სამხედრო ალიანსის, როგორც წარსულის გადმონაშთის, განადგურების მცდელობას ნიშნავს, მაგრამ ეს თვალსაზრისი სწორი არ არის.

თუ ნატოს სურს, გადარჩეს, მან უნდა შემოიღოს პასუხისმგებლობის ახალი ფორმები იმ წევრებისთვის, რომლებიც ამცირებენ სამხედრო ხარჯებს. ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად, თავდაცვაზე ნატოს მხოლოდ 5 წევრი ქვეყანა ხარჯავს მთლიანი შიგაპროდუქტის 2%-ს. ამ საკითხზე ალიანსის პოლიტიკურმა ლიდერებმა კარგა ხნის წინათ მოილაპარაკეს. აღნიშნული 4 ევროპული ქვეყნიდან მხოლოდ დიდი ბრიტანეთის გამოყოფა შეიძლება. ევროპის სხვა წამყვანი ქვეყნები _ გერმანია, საფრანგეთი და ესპანეთი განაგრძობენ სამხედრო ხარჯების შემცირებას. მაგალითად, ესპანეთი თავდაცვაზე მთლიანი შიგაპროდუქტის 1%-ზე ნაკლებს ხარჯავს.

ეს ქვეყნები დიდად აზარალებენ ალიანსს, როდესაც ვაშინგტონის დახმარებას იღებენ. ობამას ადმინისტრაციის მიერ მიმდინარე წლის დასაწყისში 3,4 მლრდ დოლარის გამოყოფა შეკავების ევროპული ინიციატივის განსახორციელებლად ნაწილობრივ წარმოადგენს პასუხს ევროპელების სურვილის უქონლობაზე, დახარჯონ იმდენი, რამდენიც თვითონ ივალდებულეს.

ამერიკის კონგრესსაც უნდა დაეკისროს თავისი წილი პასუხისმგებლობა. 2016 წელს სენატის საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტმა განსახილველად გამოიტანა საკითხი ალიანსისთვის ჩერნოგორიის მიერთების შესახებ. მოხსენებაში აღნიშნული იყო, რომ “ჩერნოგორიას აქვს პოტენციალი, ნატოს წევრობის შემთხვევაში წვლილი შეიტანოს ალიანსის განვითარების საქმეში. და ჩერნოგორიის წევრობა სტიმულს მისცემს მშვიდობისა და დემოკრატიის განვითარებას რეგიონში, აგრეთვე, გაზრდის ნატოს რესურსებს”. არადა, ჩერნოგორია არის ქვეყანა, რომლის მთლიანი შიგაპროდუქტი დაახლოებით 1,4 მლრდ დოლარია, ამ თანხიდან კი თავდაცვაზე მხოლოდ 1,6% იხარჯება. ამ ქვეყნის არმიაში მხოლოდ 2000 მოქმედი სამხედრო მოსამსახურეა. ჩერნოგორიის მთავრობასა და სპეცსამსახურებში ფართოდ არის გავრცელებული კორუფცია. ამას გარდა, ნატოს კარის გაღებამ ევროპის სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარე კიდევ ერთი ქვეყნისთვის შეიძლება გამოიწვიოს ის, რომ რუსეთმა საპასუხო ნაბიჯები გადადგას.

აშშ-ის ახალმა ადმინისტრაციამ, ისევე, როგორც კონგრესის წევრებმა, თუკი ისინი მართლა შეშფოთებულნი არიან ნატოს ბედით, უნდა შეიმუშავონ ახალი პუნქტი, რომლის მიხედვითაც შესაძლებელი იქნება წევრობის შეჩერება ან, საერთოდ, ჩრდილოატლანტიკური ალიანსიდან გაძევება იმ სახელმწიფოებისა, რომლებიც არ იცავენ დემოკრატიულ პრინციპებს და უარს ამბობენ თავდაცვისთვის აუცილებელი თანხის დახარჯვაზე. ნატო უნდა შეიცვალოს.

1 COMMENT

  1. ნუთუ არ. შეიძლება სახელმწიფოებს შორის სიყვარული დამტკიცდეს და ის ფული რაც შეიარაღებას. და ერთმანეთის დახოცვად უნდა მოხმარდეს,ხალხს პენსიები და ხელფასებიოემატოს და სიცოცხლე ტკბილად გავატაროთ?
    ყველამ ვიცით რომ სიცოცხლე ძალიან მოკლეა!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here