Home რუბრიკები პოლიტიკა ნატო და ევროკავშირი უკვე დასრულებულია, არა მხოლოდ საქართველოსთვის, ჩვენ კი ისევ ილუზიებში...

ნატო და ევროკავშირი უკვე დასრულებულია, არა მხოლოდ საქართველოსთვის, ჩვენ კი ისევ ილუზიებში ვცხოვრობთ

1665

საფრანგეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი და რესპუბლიკური პარტიის ლიდერი ფრანსუა ფიიონი გამოცემა Le Monde-სთან აცხადებს, რომ საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით პოლიტიკოსები უპასუხისმგებლო განცხადებებს აკეთებენ. მისი თქმით, მუდმივი გაფართოების პოლიტიკა საბოლოოდ უნდა დასრულდეს, რადგან „ეს გეოგრაფიული წინ წაწევა ევროპელ ხალხს აწუხებს“. 

რას ნიშნავს ზემოაღნიშნული განცხადება საქართველოსთვის, არის თუ არა ეს ღია კარის პოლიტიკის უარყოფა და ევროატლანტიკური პერსპექტივის დასასრული ნატოში ინტეგრაციის მომლოდინე ქვეყნებისთვის, ამ თემასთან დაკავშირებით „საქართველო და მსოფლიომ“ კომენტარი ექსპერტებს სთხოვა.

ვახტანგ მაისაია:- დავიწყოთ იმით, რომ ფიიონი დიდი ალბათობით გახდება საფრანგეთის პრეზიდენტი. აქედან გამომდინარე, ვითარება არის ძალიან რთული. მის არჩევას ევროპაში ექნება დაახლოებით ისეთივე ეფექტი, რაც ამერიკაში ტრამპის გაპრეზიდენტებას ჰქონდა და ზოგადად, ის რაც მოხდა ამერიკაში, ძალიან მალე ევროპასაც ელის.

რაც შეეხება საქართველოს, ის პოლიტიკა, რაც ჰქონდა ევროკავშირს და ნატოს ჩვენთან მიმართებაში, ზუსტად იმ ფორმით და კონტექსტით, ბუნებრივია, შენარჩუნებული ვერ იქნება. კორექტივებს და გარკვეულ ასპექტებში ფუნდამენტურ ცვლილებებსაც, ბუნებრივია, უნდა ველოდეთ. თუმცა რამედნად არის ამისთვის მზად საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ამ ეტაპზე ძნელი სათქმელია.

ვალერი კვარაცხელია:- ვინ იქნება საფრანგეთის მომავალი პრეზიდენტი, ნაკლები მნიშვნელობა აქვს, ნატო და ევროკავშირი უკვე დასრულებულია არა მხოლოდ საქართველოსთვის, ამ გაერთიანების წევრი სახელმწიფოებისთვისაც. ამ დროს ჩვენ ისევ ილუზიებში ვცხოვრობთ და გვჯერა, რომ ევროკავშირი ჩვენი ისტორიული არჩევანია…

მე დარწმუნებული ვარ, რომ იმ პოლიტიკური გარდაქმნების შემდეგ, რაც დღეს დასავლეთში მიმდინარეობს, მოხდება მსოფლიოს ახალი გადანაწილება. დასხდებიან დიდი სახელმწიფოების ლიდერები და ისე შეთანხმდებიან მსოფლიოს ახალ წესრიგზე, რომ ჩვენ საერთოდ არაფერს შეგვეკითხებიან; თარიღიც კი არ გვეცოდინება ამ შეთანხმების, თუმცა იმ მდგომარეობაში ყოფნას, რა მდგომარეობაშიც ვიმყოფებით უკანასკნელი მეოთხედი საუკუნის განმავლობაში, ყველაფერი ჯობია. ამაზე უარესი არაფერი იქნება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here