Home რუბრიკები საზოგადოება ევკალიპტი _ სიცოცხლის ხე

ევკალიპტი _ სიცოცხლის ხე

6018

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა და გაზეთსაქართველო და მსოფლიოსერთობლივი პროექტი

რუბრიკას უძღვება საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი გოგოლა მარგველაშვილი

ევკალიპტი მიეკუთვნება ტვიისებრთა დიდ ოჯახს, წვრილთესლოვანთა ქვეოჯახს და ევკალიპტის გვარს. ითვლიან ევკალიპტის 380 სახეობასა და 120 სახესხვაობას. ევკალიპტის გავრცელების ბუნებრივი არეალია ავსტრალია, ტასმანია და მიმდებარე კუნძულები.

ავსტრალიაში ევკალიპტს უწოდებენ “სიცოცხლის ხეს”, “ტყის ალმასს”. მართლაც, ამ მცენარის გამოყენება უკიდურესად მრავალმხრივია. მერქანი მეტად მტკიცე და მაგარია, შეიცავს დიდი რაოდენობით ცელულოზას, მისგან იღებენ მაღალხარისხიან ქაღალდს, მწვანე მასა კი წარმოადგენს ძვირფას ნედლეულს ფარმაკოლოგიისა და პარფიუმერიის სფეროებში.

ავსტრალიაში ევკალიპტის ტყეებს დაახლოებით 20 მილიონი ჰექტარი ფართობი უჭირავს, რაც ტყეების 80%-ს შეადგენს. სამშობლოს ფარგლებს გარეთ კი ევკალიპტი ფართოდ არის გავრცელებული სუბტროპიკული და ტროპიკული ზონის 100-ზე მეტ ქვეყანაში _ ბრაზილიაში, ესპანეთში, იტალიაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ინდოეთში, ჩინეთში, ვიეტნამში, იუგოსლავიაში, კუბაზე და სხვ.

ევკალიპტის მერქანი თავისი სიმაგრით, გამძლეობითა და სხვა ფიზიკურ-მექანიკური თვისებებით არ ჩამოუვარდება კაკლის, მუხის, წიფლის, წაბლის, ფიჭვისა და სხვა ფოთლოვან და წიწვოვან მერქნიან ჯიშებს. ევკალიპტის მერქანს წარმატებით იყენებენ მიწისზედა და მიწისქვეშა ნაგებობებისთვის. განსაკუთრებით _ გემთმშენებლობაში, ჰიდროტექნიკაში, ხიდების, ხიმინჯების, რკინიგზის შპალებისთვის, ავეჯის დასამზადებლად, სასოფლო-სამეურნეო ინვენტარისთვის. ევკალიპტის მერქანი ძვირფასი სათბობი მასალაა. გამოანგარიშებულია, რომ ათი წლის ევკალიპტის ნარგავებს ერთეული ფართობიდან იმდენი მერქნის მოცემა შეუძლია, რამდენსაც ჩვეულებრივი ფოთლოვანი ჯიშები იმავე ფართობზე დაახლოებით ასი წლის განმავლობაში იძლევა.

პროფესორმა . ხაბეიშვილმა მრავალწლიანი გამოკვლევებით დაამტკიცა, რომ ჩვენს სუბტროპიკულ რაიონებში გავრცელებული ევკალიპტის რიგი სახეობების მერქანი მაღალი ფიზიკურ-მექანიკური თვისებებით ხასიათდება და წარმატებით შეიძლება გამოიყენონ სახალხო მეურნეობის სხვადასხვა დარგში, განსაკუთრებით ეთერზეთების მისაღებად. ევკალიპტიდან მიღებული უმნიშვნელოვანესი პროდუქტია ეთერზეთები, რომლებსაც ევკალიპტის ფოთოლი, სახეობების მიხედვით, 0.1-დან 0.5%-მდე შეიცავს. ქიმიური შედგენილობებისა და გამოყენების ხასიათის მიხედვით ევკალიპტის ეთერზეთები პირობით შეიძლება რამდენიმე ჯგუფად დაიყოს: 1.სამედიცინოფარმაკოლოგიური; 2. საპარფიუმეროკოსმეტიკური; 3. ტექნიკური.

სამედიცინო ეთერზეთების ჯგუფს, ჩვეულებრივ, მიეკუთნება ცინეოლითა და პინენით მდიდარი ევკალიპტის ზეთი. ასეთ ეთეროვან ზეთებს იძლევა: ლეგა ევკალიპტი, სფერული ევკალიპტი, ევკალიპტი ბოტრიოდე და ზოგიერთი სხვა სახეობა.

სამედიცინო ევკალიპტის ჯგუფს მიაკუთნეს ჩვენს სუბტროპიკებში ყველაზე ფართოდ გავრცელებული სახეობები, ტირიფისებრი პერინიის, სამეფო მეიდენის ევკალიპტები, რომლის ფოთლებიდანაც მიიღეს მაღალი აქტივობის გრიპის საწინააღმდეგო ანტივირუსული პრეპარატი “ევიმინი”. ეთერზეთოვნებიდან ტექნიკური დანიშნულებისაა ისეთი ეთერზეთები, რომელთა შემადგენლობაში ჭარბობს ფელანდრენი და ჰიპერიტონი. ასეთ ზეთს იძლევა ვიმინალის, ნაცარა, პიპერიტა, სამეფო, დივესი, ნუშისებრი ევკალიპტები და სხვ. რომლებსაც დიდწილად ტექნიკური მიზნებისთვის იყენებენ, მაგალითად, სამთამადნო მრეწველობაში ქანის მადნით გასამდიდრებლად, აგრეთვე, ფისების, კაუჩუკის, გუტაპერჩის გამხსნელად, ლაქების, საღებავებისა და წებოს წარმოებაში და სხვ., ასევე მისგან მიღებულ ეთერზეთებს საავტომობილო მრეწველობაში იყენებენ საწვავ მასალად.

* ევკალიპტის ფოთლები ბიოლოგიური სამკურნალო ნივთიერებებისა და ეთერზეთებით მდიდარი ლაბორატორიაა. ევკალიპტის ფოთლების ნაყენს ყველაზე მეტად იყენებენ ჩირქოვანი, ხანგრძლივად შეუხორცებელი ჭრილობების სამკურნალოდ, პირის, ანთებითი პროცესების, ანგინის, აგრეთვე, სასუნთქი გზების სხვა ანალოგიური დარღვევებისას. ევკალიპტის ფოთლის ნახარშს იყენებენ, აგრეთვე, ვეტერინარიაში მეწველი პირუტყვის სარძევე ჯირყვლების ანთებისა და სხვადასხვა ინფექციური დაავადების სამკურნალოდ და სხვ.

* ევკალიპტის მერქნის კანი მნიშვნელოვანი რაოდენობით (45%-მდე) შეიცავს მთრიმლავ ნივთიერებას, რომელიც ძვირფასია ტყავის მრეწველობისთვის. ევკალიპტს გარკვეული ღირებულება აქვს, აგრეთვე, როგორც ქარსაფარ და სატყეო მელიორაციაში ტენიანი ნიადაგების გამაჯანსაღებელ მცენარეს. ის ასევე ჩინებული თაფლოვანი მცენარეა, რომელთაც სახეობათა შესაფერისი შერჩევისას, შეუძლია მთელი წლის განმავლობაში უზრუნველყოს ფუტკრის ღალიანობა. ევკალიპტის თაფლი გამოირჩევა სპეციფიკური სურნელით და სამკურნალო თვისებებით, როგორც დეკორატიული მცენარე თავისი ქათქათა ღეროთი, ლამაზი ვარჯითა და მარადმწვანე მოლივლივე ფოთლებით, სასიამოვნო, დამამშვიდებელ ემოციებს იწვევს. იგი ჩვენი საკურორტო ზონის ბაღპარკებისა და ხეივნების დამამშვენებელი და კლიმატის გამაჯანსაღებელია.

რეკომენდებულია, რომ ევკალიპტის ნარგავები გაშენდეს ყოველ დასახლებულ პუნქტში, საავადმყოფოების, სკოლებისა და წარმოება-დაწესებულებათა ნაკვეთებზე.

ამჟამად საქართველოში გვხვდება ევკალიპტის 40-მდე სახეობა, სახესხვაობა და ჰიბრიდული ფორმა, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდება, როგორც მორფოლოგიური, ისე ბიოლოგიური ნიშან-თვისებებით, მათ შორის ყინვაგამძლეობითაც.

* ევკალიპტის ნარგავებს ჭარბტენიანი ნაკვეთების დაშრობის დაჩქარების უნარი აქვს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ევკალიპტი ჭაობში დავრგათ და მის დაშრობას ველოდოთ, როგორც ზოგიერთი ურჩევს მოსახლეობას.

* ევკალიპტს ეთეროვანი ზეთები ფოთლებსა და ახალგაზრდა ყლორტებშიც აქვს. ამ ეთერზეთებზე ისე დიდია მოთხოვნა, რომ ყოველწლიურად ავსტრალიიდან მსოფლიო ბაზარზე 500 ათას კგ ევკალიპტის ეთერზეთი გააქვთ. გასული საუკუნის 60-იან წლებში საქართველოში ევკალიპტის ეთერზეთის წარმოება წელიწადში 3000 კგ უდრიდა, მოთხოვნა კი გაცილებით მეტი იყო, ამიტომ მკვლევარებმა და დარგის მეცნიერებმა დაიწყეს ევკალიპტის ეთერზეთის მეტი რაოდენობით მიღების გზების ძიება. ამ მიზნით საქართველოს სუბტროპიკულ რაიონებში გაშენდა ევკალიპტები ამონაყარი კულტურის სახით.

* ევკალიპტი მრავლდება გენერაციულად, ე. ი. თესლით, რომლის დადებითი მხარეა რეპროდუქციის მაღალი კოეფიციენტი, სიადვილე, გარემო პირობებისადმი შეგუების უკეთესი უნარი. მისი გამრავლება შეიძლება კალმითაც, მაგრამ ამ მეთოდს იშვიათად მიმართავენ, რადგან კალმების დაფესვიანება ძნელია, გახარების პროცენტი _ მეტად მცირე. ევკალიპტის თესლი წინასწარშერჩეული და აპრობილებული სადედე ხეებიდან უნდა შეგროვდეს. სადედე ხე, რომლიდანაც თესლი უნდა დაამზადონ, ყოველმრივ, განსაკუთრებით _ ყინვაგამძლეობის მხრივ, უნდა შეისწავლონ. თესლი უნდა შეაგროვონ ამა თუ იმ სახეობის ყვავილობისა და თესლმსხმოიარობის მიხედვით, შემოდგომის, ზამთრის ან გაზაფხულის პერიოდში.

* ევკალიპტის წარმატებით გასაშენებლად დიდი მნიშვნელობა აქვს ადგილს, სახეობის სწორად შერჩევას, ნიადაგის ძირითადი დამუშავების წესს და სხვ. დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ რაიონებში, ევკალიპტის კულტურის პერსპექტიული განვითარება რამდენიმე დანიშნულებით შეიძლება წარიმართოს: 1. სწრაფმზარდი მაღალპროდუქტიული სამერქნე კორომების შექმნა; 2. ქარსაფარის ტყის ზოლების გაშენება; 3. სამკურნალწამლო და საპარფიუმერო ნედლეულის წარმოებისთვის სპეციალური ამონაყარსაკაფი მეურნეობის შექმნა; 4. ლანდშაფტურ საპარკესაბაღე მშენებლობაში გარემოს კლიმატის გამაჯანსაღებელი და დამამშვენებელი ტყეპარკების, ხეივნებისა და სხვა სახის ნარგავების შექმნა.

* სამერქნე ტყის კორომების გაშენება შეიძლება, როგორც დაბლობ, ისე ფერდობ ადგილებში, 300 მ-ის სიმაღლემდე ზღვის დონიდან. ამ მხრივ დიდი პერსპექტივა აქვს ევკალიპტს კოლხეთის დაბლობზე, სადაც მან უნდა შეცვალოს მდარე ღირსების მერქნიანი ჯიშები (თხმელა, ჯანგარი და სხვ).

* ნაკვეთის გამოყოფის შემდეგ უნდა განსაზღვრონ ნიადაგის პირველადი ან ძირითადი დამუშავების წესი. ევკალიპტის გასაშენებლად გამოყოფილი ნაკვეთის მიხედვით ნიადაგის ძირითადი დამუშავების წესი განსხვავებულია. თუ გამოყოფილ ფართობზე მდარე ღირსების ჯანგარი ან ეკალ-ბარდია, ჯერ ის უნდა გაწმინდონ, შემდეგ ნიადაგი 1-2 წელს 25-30 სმ სიღრმეზე გადახნან. ნიადაგის გაკულტურების მიზნით, უნდა დაითესოს სათოხნი და პარკოსანი კულტურები, ამის შემდეგ კი ნიადაგი საბოლოო სიღრმემდე უნდა დამუშავდეს. უნდა ითქვას, რომ ბოლო პერიოდამდე სპეციალურ ლიტერატურაში იყო არასწორი მითითება, რომლის მიხედვითაც ნიადაგის ძირითადი დამუშავების სიღმედ 30-35 სმ ითვლებოდა, რაც მცდარია.

 * საქართველოში ევკალიპტის ეთერზეთის მისაღებად მიზანშეწონილი იქნება სპეციალური პლანტაციების გაშენება და მისი ექსპლუატაცია. ამ პლანტაციებს ის უპირატესობა აქვს ევკალიპტის სხვა სახის ნარგავებთან შედარებით, რომ მისაგან გაცილებით მეტი ეთერზეთის მიღება შეიძლება. მხედველობაში გვაქვს ევკალიპტის ამონაყარი ისე, როგორც დაფნის, ქაფურის, გუტაპერჩის ხისა და სხვ. ამ წესით, შესაძლოა, ყოველწლიურად ან წელგამოშვებით ძირკვების ამონაყრიდან მივიღოთ ფოთლები, რომლებიც უფრო მეტ ეთერზეთს შეიცავს, ვიდრე ევკალიპტის ხის ფოთლები. ამ მხრივ ჩვენში საკმაოდ დამაჯერებელი ცდებიც ჩატარდა.

* ევკალიპტის ტოტების აჭრას დარგვიდან მეორე წლის იანვარ-თებერვალში აწარმოებენ, რადგან, როგორც მისი ბიოლოგიიდან ჩანს, ამ პერიოდში ფოთლები დიდი რაოდენობით შეიცავს ეთერზეთს. თუ პლანტაციას ყინვებისგან დაზიანების საფრთხე ემუქრება, მწვანე მასის მოსავალს დეკემბრის დასაწყისში იღებენ. ევკალიპტს ჭრიან ფესვის ყელიდან ზემოთ 15-20 სმ-ის სიმაღლეზე და, ყინვებმა რომ არ დააზიანოს, დარჩენილ ნაწილს მიწას შემოაყრიან.

* მთრიმლავი ნივთიერებების მისაღებად მოჭრილი ევკალიპტის ხეს აცლიან ქერქს. ევკალიპტის ზოგი სახეობა ქერქში 30-35 პროცენტ მთრიმლავ ნივთიერებებს შეიცავს. შესაძლებელია მთრიმლავი ნივთიერებების მიღება იმ ქერქიდანაც, რომელსაც ევკალიპტის ზოგი სახეობა ყოველწლიურად იცვლის. ამ ქერქში მთრიმლავი ნივთიერებების რაოდენობა მცირეა, მაგრამ მისი წარმოება მაინც მიზანშეწონილია.

ევკალიპტის საწარმოო პლანტაციის გაშენების მიზანია უახლოეს პერიოდში საქართველოს მომარაგება ევკალიპტის ნედლი მასით. შავი ზღვის სანაპიროზე გავრცელებული ევკალიპტებიდან ეთეროვან ზეთებს იღებენ შემდეგი სახეობებიდან: ცისფერი, ანუ სფერული ევკალიპტიდან, ლიმონის ევკალიპტიდან, ტირიფისებრი ევკალიპტიდან, მაკარტურის ევკალიპტიდან და ლეგა ევკალიპტიდან.

ამრიგად, საქართველოს საწარმოების დაკმაყოფილება სამამულო ნედლეულით მნიშვნელოვანი წვლილი იქნება ქვეყნის პოლიტიკური და მატერიალური აღმავლობის საქმეში. მრავალწლიანი დაკვირვების შედეგები იძლევა მყარ გარანტიას იმისა, რომ საქართველოს ფარმაკოთერაპიისა და სამედიცინო საწარმოები უწყვეტ ნაკადად მოვამარაგოთ ევკალიპტის მწვანე მასის ადგილობრივი ნედლეულითა და ნაწარმით.

რეზო ჯაბნიძე,

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, პროფესორი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here