Home რუბრიკები ისტორია სტალინი და კიროვი

სტალინი და კიროვი

1708

1934 წლის 1 დეკემბერს სმოლნში გასროლილმა ტყვიამ ცხადყო, რომ ტროცკისტული ბანდა ყველაფერს მოიმოქმედებდა ხელისუფლების ხელში ჩასაგდებად. “საზღვარგარეთ მცხოვრებნი”, თავიანთი უდიდესი კაპიტალით, რომელიც სტალინის დამხობას ითვალისწინებდა, მიმართავდნენ არა მხოლოდ პოლემიკას, არამედ ტერორსაც, რომლის მაგალითიც კიროვის ცინიზმით სავსე მკვლელობა იყო. მიუხედავად იმისა, რომ თავდამსხმელი სააშკარაოზე იყო გამოყვანილი და მკვლელობის გამოძიება _ დასრულებული, ეს სრულიადაც არ ნიშნავდა, რომ კიროვი ნიკოლაევმა ეჭვიანობის გამო მოკლა. აუცილებელი იყო კიროვის სიკვდილის მიზეზის გორგლის წვერის გამოჩენა, რომლითაც ფარდა აეხდებოდა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს.

კიროვის სიკვდილი სტალინისთვის მესამე დარტყმა იყო, რომელმაც გადაწყვიტა არა მხოლოდ ამ ტრაგიკული კაცის (სტალინის) მომავალი ცხოვრების გზა და მიზანი, არამედ უზარმაზარი იმპერიისა, რომელსაც საბჭოთა კავშირი ერქვა.

მეუღლის _ ეკატერინე სვანიძის სიკვდილმა, რომელმაც სტალინს ათქმევინა “კატოს სიკვდილმა გული გამიქვავაო”, ნადეჟდა ალილუევას თვითმკვლელობამ, რომელიც სტალინმა ზურგში დანის ჩარტყმად ჩათვალა და ასკეტური ცხოვრება დააწყებინა, ბოლოს კიროვის სიკვდილმა, რომელიც ერთადერთ ძმად ეიმედებოდა, სტალინს გადააწყვეტინა: “პან ილი პროპალ!” (აუცილებელი არჩევანი, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს ან დიდი წარმატება, ან კრახი _ გრ. ონიანი).

თუ 1934 წლამდე საბჭოთა კავშირი წარმოადგენდა დებატების, აზრის თავისუფლად გამოთქმისა და ნამდვილი დემოკრატიის აკვანს, ამას ვეღარ ვიტყვით 1934 წლის 1 დეკემბრის შემდეგ, როდესაც სმოლნის სასახლის მესამე სართულის დერეფანში დაქირავებულმა მკვლელმა ნიკოლაევმა ორი ტყვია დაახალა საბჭოეთის ერთ-ერთ ლიდერს, რომლის ხელიდან გამოცლითაც, ოპოზიციის აზრით, დიდი ძალა მოაკლდებოდა სტალინს.

1930-იან წლებში სტალინი თავისი ნიჭის, მომავლის განჭვრეტით, გამბედაობითა და რკინისებური ნებისყოფით იყო აღიარებული ბელადად, მაგრამ ქვეყნის ხელმძღვანელობა ხელში, ფაქტობრივად, ჰქონდათ აღებული უცხოეთიდან შემოგზავნილ და დაფინანსებულ ჯგუფებს, რომლებსაც უნდა გაენეიტრალებინათ სტალინი, რათა რუსეთი მართული ყოფილიყო ისე, როგორც ჩაფიქრებული ჰქონდათ, როდესაც ამ ქვეყნის ხელში ჩასაგდებად მილიონობით ოქროს თუმნიანი იგზავნებოდა ოპოზიციის გასაძლიერებლად. მათ რუსეთი სჭირდებოდათ, როგორც ნედლეულის ბაზა, რუს ხალხს კი “თეთრ ზანგებად” გადაკეთებას უპირებდნენ.

ვის ხელში იყო ძალაუფლება 1930-იან წლებში? _ ბუხარინის, რიკოვის, ზინოვიევის, პიატაკოვის, იაგოდას, ტუხაჩევსკის, კრესტინსკისა და მათ ზურგს ამოფარებული ოპოზიციონერების.

ვინ იყო სტალინის გვერდით და ვის ეყრდნობოდა იგი? _ მხოლოდ ვოროშილოვს, მოლოტოვს, ორჯონიკიძესა და კალინინს. სტალინმა იგრძნო რა, რომ ქვეყანა და ზემოთ ჩამოთვლილი ოთხეულიც განწირული ჰყავდათ დასაღუპავად, არად ჩააგდო ქვეყნის დემოკრატიულად მართვის აღებული კურსი და ქვეყანა დროებით გადაიყვანა ერთმმართველ ხელმძღვანელობაზე, რომელიც მიანდო ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიუროს. ზემოთქმული უფრო დამაჯერებელი რომ იყოს, ხშირად მოვიშველიებ სტალინის პირადი დაცვის უერთგულესი და უპატიოსნესი წევრის _ ალექსეი რიბინის მონათხრობს, რომელიც ოცი წლის განმავლობაში გვერდიდან არ მოსცილებია სტალინს.

“1935 წელს სერგო ორჯონიკიძესთან ვმუშაობდი მძიმე მრეწველობის სახალხო კომისარიატში. იქ პიატაკოვთან (იმხანად ორჯონიკიძის მოადგილე იყო _ გრ. ონიანი) ზინოვიევი და ბეთალ კალმიკოვი მოდიოდნენ. კალმიკოვი იყო უგვირგვინო მეფე, თავისებური მეფისნაცვალი. მას ენუქიძის ოჯახი მასპინძლობდა. ყაბარდოელი კალმიკოვი პირველ ცოლს გასცილდა და შეირთო ყოფილი თეთრგვარდიელი პოლკოვნიკის ქალიშვილი, რომელიც მოსკოვში სწავლობდა და ენუქიძეებთან ცხოვრობდა. ბუხარინსა და ტროცკის კი წინათ, როცა კავკასიაში “სანადიროდ” მიდიოდნენ, ყაბარდო-ბალყარეთში ბეთალ კალმიკოვი მასპინძლობდა.

1936 წელი მდიდარი იყო მოვლენებით. წლის დასაწყისში იაგოდამ, პაუკერმა, სორინსონმა და ვოლოვიჩმა შექმნეს ბოევიკების ასეული, რომელშიც შედიოდნენ გაერთიანებული სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს (“ოგეპეუ”) სკოლის კურსანტები ორლოვი, სერედა, იურჩიკი. ოპოზიციას განზრახული ჰქონდა, კრემლში სტალინის დაპატიმრება და, იგულისხმება, მოსპობა, მაგრამ შეთქმულება გამჟღავნდა. კრემლის კომენდანტმა ტკალუნმა თავი მოიკლა. იაგოდა სექტემბერში “ოგეპეუ”-დან გადაიყვანეს. გოლუბევი, პაუკერი, კოზლოვი, ვოლოვიჩი და სხვები დააპატიმრეს. იაგოდას მდივანი ჩერტოკი მე-7 სართულიდან გადმოხტა. აი, რატომ დანიშნა იაგოდამ ლენინგრადში ფ. მედვედის ადგილზე იაკობ აგრანოვი (სორინსონი). ამგვარად, კიროვის მოკვლის საქმეს იძიებდნენ იაგოდა, აგრანოვი, ეჟოვი, შეინინი. სტალინი გამოძიების მსვვლელობამ შეაშფოთა. აგენტურული პატაკებით ცნობილი შეიქნა, რომ ზინოვიევი აქტიურად მოქმედებდა. ეს მალე დადასტურდა.

მივმართოთ ზინოვიევის სასამართლო პროცესს. 1936 წლის აგვისტოში ბრალდებულებმა რეინგოლდმა და პიკულმა სასამართლოს ღია სხდომაზე ასეთი ჩვენება მისცეს: “ზინოვიევმა რეკომენდაცია მისცა თავის მდივან ბოგდანს, როგორც “ბოევიკს”, საკავშირო კპ(ბ) ხელმძღვანელების წინააღმდეგ ტერორისტული აქტების განსახორციელებლად. მაშინ “ბოევიკმა” ბაკაევმა თქვა: “შენ ყოყმანობ პარტიის ხელმძღვანელების დახოცვის თაობაზე. ან თავი მოიკალი, ან ჩვენ მოგსპობთ”. ბოგდანმა ამდენს ვერ გაუძლო და თავი მოიკლა”.

ამას წერს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახალხო კომისარიატის მე-2 პოლკის პოლიტხელი ვ.ფ. ალექსეევი, რომელიც მსჯავრდებულთა დაცვას მეთაურობდა, როგორც 1936 წელს, ისე 1938 წლის მარტშიც.

გადავდივართ სასამართლო პროცესზე _ იაგოდას, რიკოვის, ბუხარინის, გრინკოს, როზენგოლცის, კრესტინსკის მემარჯვენე-ტროცკისტული ბლოკის ჩვენებებზე. იაგოდამ 1938 წლის 3 მარტს ასეთი ჩვენება მისცა: “…მე კატეგორიულად ვაცხადებ, რომ კიროვი მოკლეს მემარჯვენე-ტროცკისტული ბლოკის გადაწყვეტილებით. მათივე გადაწყვეტილებით განხორციელდა ტერორისტული აქტები, რომელთა შედეგადაც დაიხოცნენ კუიბიშევი და მეჟინსკი”.

გერმანიაში ყოფილი ელჩის _ ს. ბესონოვის განცხადებით, ტროცკიმ მასთან შეხვედრისას გამოთქვა აზრი გორკის მკვლელობის შესახებ, რადგან დასავლეთის იტელიგენცია მის მხარეზე გადადიოდა. ბუხარინის მითითებით, ტროცკის დრო და დრო ერიცხებოდა 300 ათასი დოლარი. ისინი იგზავნებოდა იაგოდას, გრინკოს, როზენგოლცის ხაზით.

ჩვენებას განაგრძობს იაგოდა: “კიროვის მკვლელობა რომ მზადდებოდა, აბელ ენუქიძემ იცოდა… მან გამომიძახა და მითხრა: “კიროვის მკვლელობას დაბრკოლებებს ნუ შეუქმნით”. ამ მიზნით გამოვიძახე ი. ზაპოროჟეცი და მითითება მივეცი ენუქიძის დირექტივების საფუძველზე” (ტ.2, პირადი საქმე 209). გამოძიებისას სწორედ ეს დაადასტურეს ზაპოროჟეცმა და ენუქიძემ. რიკოვმა კი სასამართლოს ასეთი ჩვენება მისცა: “1933 წელს იყო სასახლის გადატრიალების მცდელობა. კრემლის ხელში ჩაგდების ამ გეგმის ბურჯი იყო ენუქიძე. შეიქმნა კრემლის ხელში ჩაგდების ცენტრი, რომელშიც შევიდნენ კამენევი, პიატაკოვი, ბუხარინი, ტომსკი. მასში გაერთიანდა ტუხაჩევსკისა და იაგოდას ჯგუფიც”.

კიროვის მკვლელობაში ბუხარინის მონაწილეობა დაადასტურეს იაგოდამ, რიკოვმა, რადეკმა. 1937 წლის იანვარში სტალინისა და პოლიტბიუროს წევრების, თითო-თითოდ კი არა, ჯგუფურად დახოცვას აპირებდნენ.

ბუხარინის ინიციატივით, ორგანიზებულ იქნა შიმშილობა ჩრდილოეთ კავკასიაში. სასამართლოზე ჩვენებით ეს დაადასატურა პარტიის ჩრდილოეთ კავკასიის სამხარეო კომიტეტის მდივანმა ივანოვმა _ მეფის ოხრანკის ყოფილმა მდივანმა. როცა მემარჯვენე-ტროცკისტების სასამართლო პროცესის მასალებსა და ბრალდებულთა მიერ ხელმოწერილ დოკუმენტებს გავეცანი, ბრალდებულთა დაცვის უფროს ვ. ფ. ალექსეევს ვკითხე: “იქნებ ბრალდებულებს სცემდნენ, აწამებდნენ?”

ვ. ფ. ალექსეევი: “ჩემი ასეული რიკოვს, იაგოდას, ბუხარინს, გრინკოს, კრესტინსკის, როზენგოლცს, ბესონოვს იცავდა. მათ ჩვენ ვაჭმევდით და ვასმევდით, ყოველდღე მიგვქონდა ახალი გაზეთები. ისინი ჩვენ მიგვყავდა გამომძიებლებთან დაკითხვაზე. მათთვის თითიც არავის დაუკარებია. ისინი ჩვენს წითელარმიელებზე უკეთ იკვებებოდნენ”.

მე შესაძლებლობა მქონდა, დიდხანს მედევნებინა თვალყური კიროვის დაცვისთვის, იმისთვის, თუ როგორ მუშაობდა ის და როგორი იყო მისი სტრუქტურა. საკავშირო კპ(ბ) XVII ყრილობაზეც მომიწია ყოფნამ, სადაც ასევე თვალყურს ვადევნებდი კიროვის, სტალინის, ორჯონიკიძის ქმედებებს.

სტალინმა კიროვს საკავშირო კპ(ბ) მდივნის პოსტი შესთავაზა. კიროვმა უარი თქვა. მას მხარი დაჭირეს ორჯონიკიძემ და კუიბიშევმა. რაკი კიროვის თანხმობა ვერ მიიღო, სტალინმა დატოვა სხდომა. ამის შემდეგ ეს საკითხი სამუშაო წესით წყდებოდა, მაგრამ კიროვმა მაინც არ მიიღო სტალინის წინადადება.

1934 წლის 3 დეკემბერს სტალინის მითითებით ლენინგარდის მმართველები ძიებას ჩამოაცილეს. ძალიან გონივრული გადაწყვეტილება იყო: სისულელე იქნებოდა, გამოძიების ლენინგრადის “ოგეპეუ”-სთვის დაკისრება, რადგან საქმე სწორედ მათ ჩააფლავეს. კიროვი მათ თვალწინ მოკლეს და გამოძიების ჩატარებაც მათვე უნდა დაკისრებოდათ? ეს სისულელე იქნებოდა”.

ისტორიკოსები 60 წლის განმავლობაში იძიებდნენ კიროვის მკვლელობის მიზეზებს. ჩვენ უფლება გვაქვს, გამოვრიცხოთ ეგრეთ წოდებული ანალიტიკოსები ოლგა შატუნოვსკაია, დიმიტრი ვოლკოგონოვი, ბესტუჟევლადა, . ავტორხანოვი, . იაკოვლევი და მათი მსგავსნი ჩვენ უნდა დავემყაროთ თვითმხილველთა ან .თუნდაც იმათ ჩვენებებს, ვისაც ურთიერთობა ჰქონდა ლენინგრადთან, მოსკოვთან და სტალინთან. სამწუხაროდ, იმ პერიოდის ადამიანთა დიდი უმეტესობა უკვე ცოცხალი აღარ არის. სწორედ ამიტომ ქაღალდის მთხუპნელ კალმოსანთა გავლენის ქვეშ მოქცეული ბევრი ჩვენი თანამედროვე ქმნის პასკვილებს სტალინზე, ცდილობს, მას მიაწეროს 1934 წლის 1 დეკემბრის ტრაგედია.

“სჭირდებოდა კი სტალინს კიროვის ჩამოშორება? _ ეს სრულიად გამორიცხულია. რატომ? _ მე და სხვებს სტალინთან დაახლოებით 20 წლის განმავლობაში მოგვიწია მუშაობა. არც მე, არც ტუკოვს, ორლოვს, სტაროსტინს, რუმიანცევს, ისტომინს, ეფიმოვს არასოდეს შეგვიმჩნევია, რომ სტალინი თავის განსჯაში გაორებული ყოფილიყო. მით უფრო არ შეგვიმჩნევია, რომ მას სხვა ან საკუთარი თავი მოეტყუებინოს. სტალინს ზოგჯერ ბოდიშიც კი მოუხდია დაცვის უდანაშაულო თანამშრომლისთვის, ვთქვათ, ხრუსტალიოვისთვის, ტუკოვისთვის, სტაროსტინისთვის. მაინც რატომ სთხოვა სტალინმა კიროვს ცეკას მე-2 მდივნობა? ვინ იყო 30-იან წლებში სტალინის გარემოცვაში? ვის ხელში იყო ძირითადი ძალა? _ ყოველ შემთხვევაში, არა სტალინის ხელში. ძალა, უწინარეს ყოვლისა, ბუხარინს, რიკოვს, ზინოვიევს, გრინკოს, როზენგოლცს, პიატაკოვს, იაგოდას, ტუხაჩევსკის, კრესტინსკის და მათ ზურს უკან მდგარ ასობით ოპოზიციონერს ეპყრა ხელთ. სტალინი კი ემყარებოდა მხოლოდ ვოროშილოვს, მოლოტოვს, ორჯონიკიძეს. მაშასადამე, საკავშირო კპ(ბ) ცეკაში სტალინის მხარეს იდგა სამი კაცი და მეოთხე _ კალინინი, ბუხარინსა და რიკოვს კი მხარს რამდენიმე ათეული ოპოზიციონერი უჭერდა.

სტალინი ამას თვალნათლივ ხედავდა და დასკვნებს აკეთებდა: კიროვი სწორედ ის ადამიანია, რომელსაც უნარი აქვს, ნებისმიერ მუშასთან თუ ინტელიგენტთან გამონახოს საერთო ენა. სტალინთან კიროვზე უფრო ახლოს არავინ იდგა. სტალინმა კიროვს სწორედ ასეთ ვითარებაში სთხოვა თანადგომა, სწორედ ოპოზიციის წინააღმდეგ ბრძოლაში. ამისთვის მოამზადეს ოპოზიციონერებმა “ბოევიკების” ასეული, რომელშიც შევიდნენ “ოგეპეუ”-ს სკოლის კურსანტები: ორლოვი, სერედა, იურჩიკი, მაგრამ, ჩვენი მონაცემებით, შეთქმულების ერთ-ერთი მონაწილე (იგულისხმება გოლუბკოვი) პაუკერისა და სხვების დაპატიმრების შემდეგ გაათავისუფლეს. გოლუბკოვს კარგად ვიცნობდი, ზოგჯერ მისი ხელქვეითი ვიყავი. ის ფორმის საყელოზე ორ რომბს ატარებდა და ჩვენთვის გამოუცნობი პიროვნება იყო.

ცოტა გვიან გოლუბკოვმა ჩემს თანამშრომელს სთხოვა, დამეხმარე, მოსკოვში ჩავეწეროო. გოლუბკოვი ცხოვრობდა ტაშკენტში, იმ მომენტში კი მოსკოვში გადმოსვლა მოიწადინა, მაგრამ ჩემი თანამშრომელი იცნობდა და არ დაუდგა თავდებად და არ უშუამდგომლა.

კიროვს, სტალინთან მეგობრული ურთიერთობის მიუხედავად, ლენინგრადიდან მოსკოვში გადასვლა არ უნდოდა. იქ მას ჰყავდა გულითადი მეგობრები _ შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის ლენინგრადის სამმართველოს უფროსი და სხვები. ამას გარდა, სტალინისგან განსხვავებით, კიროვს ჰქონდა საოპერო თეატრის ზოგიერთ ბალერინასთან არშიყობის მიდრეკილება. მთავარი კი იყო ის, რომ კიროვი ლენინგრადის ქარხნების მუშათა შორის პოპულარული იყო. არადა, ყველამ იცის, რომ იმხანად ლენინგრადში ძლიერი ზინოვიევური ოპოზიცია არსებობდა.

კიროვი შეცდომებს უშვებდა. რადგან დარწმუნებული იყო, რომ ლენინგრადელ მუშებს უყვარდათ, ცდილობდა, ოპოზიციის ხელახლა აღზრდას და მასთან საერთო ენის გამონახვას. ამის საზღაურად ოპოზიციისგან ტყვია მიიღო. ის, ისევე როგორც ლენინი, ზინოვიევსა და ბუხარინში თანაპარტიელ “მეგობრებს” ხედავდა, ძალ-ღონის დაუზოგავად ცდილობდა ოპოზიციისა და კომუნისტების გაერთიანებას. ამის პასუხად ლენინმა კაპლანისგან ტყვია მიიღო.

კიროვს ისიც გამოეპარა, რომ 1934 წლიდან ოპოზიციამ ცხვრის ნიღაბი ჩამოიხსნა და “ბოევიკად” გადაიქცა, მოკლეს მეჟინსკი, თავი მოიკლა ზინოვიევის მდივანმა ბოგდანმა. ბუხარინმა ერთ-ერთი საოლქო კომიტეტის მდივანს _ ივანოვს ამიერკავკასიაში შიმშილობის ორგანიზება შესთავაზა. ორგანიზებულ იქნა შიმშილობა უკრაინაში. აცნობიერებდა თუ არა ამ ყველაფერს კიროვი? მეხთატეხის ჟამი ახლოვდებოდა, ცაში ოპოზიციის ღრუბლები უკვე შეყრილი იყო. ოპოზიციას უყვარდა უმნიშვნელო პიროვნებების გამოყენება. ასეთები იყვნენ ბოგდანიც და ლეონიდ ნიკოლაევიც. ლენინგრადის ყველა რანგის ხელმძღვანელი გასაქანს არ აძლევდა ნიკოლაევს, შხამავდა მას, უპატრონო ძაღლივით ექცეოდა. ამასთანავე, სმოლნის შენობაში ყოფნის შესაძლებლობასაც აძლევდა. ლენინგრადის “ოგეპეუს” თანამშრომლები, ზაპოროჟეცი და მედვედი, ყურში აწვეთებდნენ კიროვს, რომ უნდა შეშინებოდა ნიკოლაევისა. ლენინგრადელებს კიროვი უყვარდათ, ხოლო ნიკოლაევს _ ეზიზღებოდა. “ოგეპეუ”-მ ისე მომართა საქმე, რომ ნიკოლაევისგან ხალხის მტერი შექმნეს… კიროვის დაღუპვაში სრული პასუხისგება ჯერ მედვედის მოადგილე ნ. ზაპოროჟეცს ეკისრება, მერე კი _ ფომინსა და კიროვის პირადი დაცვის სხვა წევრებს. არ არის გამორიცხული, რომ თვით ლენინგრადის “ოგეპეუ”-შიც იყვნენ ოპოზიციის მომხრეები. იაგოდასთან ურჩობა, როგორც წესი, “ოგეპუ”-დან გაგდებით მთავრდებოდა და, თუ იაგოდასა და ფრინოვსკისთვის ცნობილი შეიქნებოდა, რომ ოპოზიციის მიერ გადაბირებული თანამშრომელი მერყეობდა, მას ზაპოროჟეცი უეჭველად მოსპობდა. სიტყვას მოჰყვა და, პაუკერი მოსკოვიდან უგზავნიდა გადასახლებაში მყოფ ზაპოროჟეცს ამანათებს. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ერთიც და მეორეც ოპოზიციის “ბოევიკი” იყო.

როგორ უნდა დაეცვათ კიროვი? _ ზუსტად ისე, როგორც სტალინს, ორჯონიკიძეს, ვოროშილოვს, მიქოიანსა და სხვებს იცავდნენ. ავიღოთ სერგო ორჯონიკიძე. ის ეზოში ნოგინის სახელობის მოედნიდან შედიოდა. იქ, კარიბჭის ყელში, იყო თანამშრომლის პოსტი. ის უზრუნველყოფდა უსაფრთხოებას განსაკუთრებულ შესასვლელთან. სერგოს ყოველთვის ახლდა მცველი ა. ჟილინი. გამყოლ მანქანაში იმყოფებოდნენ მ. ზემსკი და პ. ფატიანოვი. სადარბაზოში მორიგეობდა თანამშრომელი ბერეზკინი. მე მცველის პოსტი მებარა სერგოს კაბინეტთან და თვალყურს ვადევნებდი მას დერეფნის მისაღებიდან სხდომათა დარბაზამდე. მისაღებში გამოსვლისას სერგოს უსაფრთხოებას უზრუნველყოფდნენ მდივანი სემუშკინი ან მახოვერი. როცა სერგო ლიფტით ამოდიოდა, ბერეზკინი ქვევიდან მირეკავდა მოკლე ზარით, რომ სერგოსა და ჟილინს შევგებებოდი. იმ შემთხვევაში, როცა სერგო კაბინეტიდან გამოდიოდა, მე მას ფეხდაფეხ მივყვებოდი და ვურეკავდი ჟილინს. ის დერეფანში გამოვარდებოდა და სერგოს მიჰყვებოდა.

კიროვთან როგორ იყო საქმე? დაცვის მიმყოლი მანქანიდან ორი თანამშრომელი და სამდივნოს კაბინეტთან მორიგედ დაყენებული თანამშრომელიც რატომღაც “აორთქლდნენ”. ვის შეეძლო მათი პოსტებიდან მოხსნა? _ მხოლოდ ზაპოროჟეცსა და ფომინს. როგორ მოხდა, რომ კიროვი მარტო წავიდა? სად გაქრა კიროვის მდივანი მისაღებიდან? რა, ეს ადამიანები პოსტებიდან სტალინმა მოხსნა? ყველაფერი ეს ჩაიდინეს “ოგეპეუ”-ს ხელმძღვანელებმა, რომელთა უკანაც იაგოდა იდგა. რაც შეეხება სტალინს, რომელმაც ეს თითქოს იმიტომ გააკეთა, რომ საბაბი სჭირდებოდა ზინოვიეველთა გასანადგურებლად, ეს სტალინს კიროვის მოკვლის გარეშეც შეეძლო, რადგან ზინოვიეველთა ოპოზიციაზე აგენტურული მონაცემები მას უკვე ხელთ ჰქონდა. აქ მხოლოდ ზინოვიევიც კმაროდა, რომელიც სტალინს თათხავდა ტროცკისტ იოფეს დაკრძალვისას.

მივუბრუნდეთ მოსკოვში პოლიტბიუროს წევრთა დაცვას. ასეთი იყო წესი: პოსტზე მდგარ პირადი დაცვის თანამშრომელს არ ჰქონდა უფლება, პოსტი მიეტოვებინა შეცვლამდე, დასაცავი პირი კაბინეტში იმყოფებოდა თუ არა, რადგან შეიძლებოდა სტალინი ან სერგო ნებისმიერ წუთს მოსულიყვნენ თავიანთ სამუშაო ადგილზე.

კიროვის პირად დაცვაში სწორედ ამის საპირისპირო ვითარება იყო. 60 წლის შემდეგაც ვერ აგნებდნენ კვალს, 1934 წლის 1 დეკემბერს, 16 საათსა და 35 წუთზე კიროვთან, როცა ის მოკლეს, ვინ იყო? _ არც ზაპოროჟეცი, არც ფომინი და არც სხვა მასთან არ ყოფილან. მკვლელობიდან ცოტა ხნის შემდეგ ვერც ერთმა მათგანმა ვერ შეძლო, დაესახელებინა 1934 წლის 1 დეკემბერს კიროვის გამყოლ, თანმხლებ მანქანაში მსხდომი სამი თანამშრომლის ვინაობა. ეს იმას ცხდადყოფს, რომ კიროვის დაცვაში სრული ქაოსი სუფევდა. ბორისოვის გარდა, საქმეში არავინ სახელდება, არადა, სად იყო ამ დროს კიროვს მიმაგრებული მეორე პირი? სმოლნში კიროვის დაცვაში 5 კაცი უნდა ყოფილიყო, მეექვსეს დასვენების დღე ჰქონდა, მაგრამ ვინ იყო დაცვიდან ურიცკის სასახლის სადარბაზოსთან ტრასაზე? მხოლოდ ის ვიცით, რომ იქ ბორისოვი იდგა. არადა, იქ სამეთაურო ხელმძღვანელობის 15-20 კაცი მაინც უნდა ყოფილიყო, მაგრამ ისინი არსად ჩანდნენ. ამის თაობაზე მედვედმა, ფომინმა და ზაპოროჟეცმა ვერაფერი თქვეს… კიროვს დაცვა თითქოს არც ჰყოლია. რასაკვირველია, ქაღალდზე დაცვა იყო, მაგრამ სინამდვილეში არ არსებობდა. ვის აძლევდა ეს ხელს? უწინარეს ყოვლისა, _ ტროცკის, შემდეგ კი _ იაგოდას, ფრინოვსკის, ზაპოროჟეცს და სხვებს”.

კიროვის გარდაცვალების დღიდან იწყება ის შავბნელი ხანა, რომელსაც ხალხმა 37-იანი წლები შეარქვა. თუ როგორ მიმდინარეობდა ოპოზიციასთან ბრძოლა და რა შედეგებით დასრულდა, ამას მომდევნო წერილებიდან შეიტყობთ.

გრიგოლ ონიანი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here