Home რუბრიკები პოლიტიკა პატრიარქის ვიზიტი და ლიბერალების გნიასი

პატრიარქის ვიზიტი და ლიბერალების გნიასი

904

გასულ კვირას მუშაობას შეუდგა საქართველოს IX მოწვევის პარლამენტი, ცნობილია მთავრობის განახლებული შემადგენლობა, ხოლო კათოლიკოს-პატრიარქი რუსეთში გაემგზავრა და ქართველმა კომენტატორებმა ყურადღება მისი ვიზიტის პოლიტიკურ დატვირთვაზე გაამახვილეს.

ბულდოგების ბრძოლა ხალიჩის ქვეშ

ახალმა პარლამენტმა ფუნქციობა სიურპრიზების გარეშე დაიწყო _ სპიკერის, ვიცესპიკერებისა და კომიტეტების თავმჯდომარეების კანდიდატურები წინასწარვე იყო ცნობილი, ამიტომ მათ დასახელებას რამდენადმე შესამჩნევი ვნებათაღელვა არ მოჰყოლია. ორიოდე ემოციური რეპლიკა მხოლოდ პრეზიდენტ მარგველაშვილის გამოსვლას მოჰყვა, რომელმაც პარლამენტის პირველ სხდომაზე, სალომე ზურაბიშვილის თქმით, სცადა, თავი “სკოლის დირექტორად” წარმოეჩინა. უმრავლესობის წარმომადგენელთა თანამდევი კომენტარებიდან ჩანდა, რომ პრეზიდენტის ინიციატივებს ისინი უფრო მალე დაივიწყებდნენ, ვიდრე ის პარლამენტის შენობას დატოვებდა და ამას, სავარაუდოდ, თვითონ გიორგი მარგველაშვილიც აცნობიერებდა. მთავარი დაპირისპირება პრეზიდენტსა და “ქართულ ოცნებას” შორის საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა-მიღებისას მოხდება და მხარეები ამას, პრინციპში, არ მალავენ.

სერიოზულ დაპირისპირებას სხვადასხვა პარტიის წარმომადგენელთა შორის არ მომხდარა, მათი ქცევა და კომენტარების ქვეტექსტი აშკარად მიუთითებდა იმაზე, რომ ძალთა ბალანსი შეიცვალა. თუ წინა მოწვევის პარლამენტში შეიძლებოდა საუბარი მეტ-ნაკლებად თანაბარი ძალის მქონე ორ “პოლუსზე”, ახლა მათ კონფორტაციაზე აგებული საინფორმაციო მოდელი ერთობ მოძველებულად გამოიყურება, რადგან “ქართული ოცნება” შესამჩნევ უპირატესობას ფლობს. ამიტომ ახლო მომავალში ჩვენ, სავარაუდოდ, გაცილებით ხშირად ვისაუბრებთ დაპირისპირებაზე პარტიების შიგნით და არა პარტიებს შორის, რადგან ძალები აშკარად არათანაბარია. ეს პოლიტიკურ ექსპერტებს ვარაუდებსა და გადაუმოწმებელ ინფორმაციაზე დაფუძნებული ანალიზისკენ უბიძგებს, რაც არც ისე კარგია საზოგადოების დემოკრატიული განვითარებისთვის, მაგრამ სხვა გამოსავალი არ ჩანს, რადგან სიტუაცია ქართულ პარტიებში ძალიან ჰგავს უინსტონ ჩერჩილის მიერ ნახსენებ “ბულდოგების ბრძოლას ხალიჩის ქვეშ”; შიგაპარტიული პროცესები, ფაქტობრივად, სრულიად გაუმჭვირვალია.

გიორგი კვირიკაშვილმა პრემიერმინისტრის პოსტი შეინარჩუნა, ხოლო მთავრობის შემადგენლობაში რევოლუციური ცვლილებები არ მომხდარა. ეს კარგი მაგალითია წინარე მოსაზრების ილუსტრირებისთვის _ თუ, ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის პერიოდში “კახური კლანის” მოტივები და მისწრაფებები შედარებით იოლი გასაშიფრი იყო და საკადრო პოლიტიკაზე პირდაპირ გავლენას ახდენდა, კვირიკაშვილის მოსვლის შემდეგ სიტუაცია უფრო ბუნდოვანია. ხშირად საკმაოდ ძნელი დასადგენია, რამ შეასრულა გადამწყვეტი როლი ამა თუ იმ პიროვნების დაწინაურების საქმეში – მისმა პროფესიულმა უნარ-ჩვევებმა, ნეპოტიზმმა, სხვადახვა ჯგუფის ინტრიგებმა თუ ბიძინა ივანიშვილის მოულოდნელმა, ზოგჯერ შემთხვევითმა დაინტერესებამ ამა თუ იმ პერსონით, სელექციის პროცესს მკაფიო წესები არ აქვს და ეს საზოგადოებას აბნევს. მაგალითად, ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში მან ვერ იპოვა პასუხი კითხვაზე: “რატომ ჯეჯელავა?” (სხვათა შორის, იგივე ეხებოდა მის წინამორბედს განათლების მინისტრის პოსტზე). ამ ნიადაგზე იბადება ათასი ვერსია და ჭორი, რომელიც, ძირითადად, ნეპოტიზმის თემას ავითარებს და, საბოლოო ჯამში, ხელისუფლების იმიჯს მნიშვნელოვნად აზიანებს, თუმცა სიტუაციის შეცვლა არსებული უცნაური სისტემის პირობებში თითქმის შეუძლებელი ჩანს.

დიპლომატიის მასტერკლასი

კათოლიკოს-პატრიარქი ილია II ჩავიდა რუსეთში, სადაც მონაწილეობს პარტიარქ კირილეს 70 წლის საიუბილეო ღონისძიებებში. შეხვედრაზე რუსეთის ეკლესიის საჭეთმპყრობელთან ილია II თქვა: “ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობა უკეთესი უნდა იყოს, ვიდრე ახლაა და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენი ქვეყნების პოლიტიკურ მოღვაწეებს შორის ურთიერთობა გაუმჯობესდეს. ვფიქრობ, ეს გამოგვივა. ჩვენ ვჭირდებით ერთმანეთს და ჩვენ ერთმანეთს უნდა დავეხმაროთ” (“ინტერპრესნიუსი”). აღსანიშნავია, რომ საპატრიარქოში, ჯერ კიდევ ვიზიტის დაწყებამდე არ გამორიცხეს, რომ ილია II რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება.

პატრიარქის წინა ვიზიტები მოსკოვში საქართველოსთვის ძალზე სასარგებლო გამოდგა. შეგვიძლია გავიხსენოთ 2008 წლის ბოლო, როდესაც საქართველოს პატრიარქთან მოლაპარაკების შემდეგ რუსეთის ხელისუფლებამ მიიღო სოფელ პერევიდან ჯარის გაყვანის გადაწყვეტილება. ომის დასრულებიდან ნახევარი წელიც არ იყო გასული და ქართულმა საზოგადოებამ მომხდარი აღიქვა, როგორც დიპლომატიური სასწაული, მაგრამ ყველაფერი მიხეილ სააკაშვილმა გააფუჭა. მან სცადა, “პერევის გათავისუფლების” ხმაურიანი პიარაქცია მოეწყო და დამსახურება საკუთარი თავისთვის მიეწერა, შედეგად რუსი სამხედროები სოფელში დაბრუნდნენ. კომენტატორების უმრავლესობამ მომხდარი, ტრადიციისამებრ, სააკაშვილის სისულელეს მიაწერა, თუმცა მათგან ზოგმა ჩათვალა, რომ ეს გააზრებული ნაბიჯი იყო, რადგან სააკაშვილს არ სურდა, რომ ვლადიმერ პუტინი წარმოჩენილიყო ადამიანად, რომელსაც საქართველოსთვის სასიკეთო ნაბიჯის გადადგმა შეუძლია, ხოლო პატრიარქის ავტორიტეტი კიდევ უფრო ამაღლებულიყო.

სააკაშვილის ხელისუფლებამ გააკეთა ყველაფერი, რათა მაქსიმალურად შეეზღუდა ინფორმაციის გავრცელება იმის თაობაზე, როგორ ჩავიდა 2008 წლის აგვისტოში პატრიარქი კონფლიქტის ზონაში და გადმოასვენა ჩვენი დაღუპული სამხედროების ცხედრები, რომლებიც ხელისუფლებამ ბრძოლის ველზე მიატოვა და მათ გადმოსვენებაზე არც უფიქრია. როგორ შეხვდა ილია II გენერალ ბორისოვს _ ჯვარი ჩამოჰკიდა და მშვიდობიან მოსახლეობაზე ზრუნვა სთხოვა. მაშინ ომების ისტორიაში უპრეცედენტო რამ მოხდა _ გამარჯვებული ჯარის სარდალმა დაიჩოქა, პატრიარქს კალთაზე ემთხვია და დაიფიცა, რომ მშვიდობიან მოსახლეობას ზრუნვას არ მოაკლებდა.

მნიშვნელოვანი იყო, აგრეთვე, 2013 წლის ვიზიტი, რომლის ფარგლებში, 23 იანვარს კათოლიკოს-პატრიარქი რუსეთის პრეზიდენტს შეხვდა. პუტინმა მაშინ მადლობა გადაუხადა ილია II იმისთვის, რომ ის “აკეთებს ყველაფერ შესაძლებელს ორ ჩვენს მოძმე ერს (ბრატსკიმი ნაროდამი) შორის ჰუმანიტარული, სასულიერო, კულტურული კონტაქტების შესანარჩუნებლად”. პასუხად პატრიარქმა ბრძანა: “მინდა, გადმოგცეთ დიდი მოკითხვა ჩვენი ახალი პრემიერმინისტრისაგან. ის აკეთებს ყველაფერ აუცილებელსა და შესაძლებელს, რათა დაალაგოს ურთიერთობები ყველასთან. ვფიქრობ, ის პრობლემები, რომლებიც ჩვენ შორის არსებობს, მოიხსნება და ჩვენ კვლავინდებურად ძმები ვიქნებით”. საუბარი ძმობაზე პირველმა ვლადიმერ პუტინმა დაიწყო, უწმინდესმა კი ისეთი პასუხი გასცა, ბევრ ექსტრაკლასის დიპლომატს შეშურდებოდა. მან მიანიშნა, რომ დღევანდელი ურთიერთობები არ შეიძლება განიხილებოდეს, როგორც ძმური, მაგრამ, ამასათანავე, არ უარყო თანამოსაუბრის მიერ შემოთავაზებული ტერმინოლოგია, დაუკავშირა რა ის წარსულის გამოცდილებას და იდეალურ მდგომარეობას მომავალში, რომლისკენაც მხარეები უნდა მიისწრაფვოდნენ. ამასთანავე, მოსკოვში ვიზიტისას, ილია II ხაზგასმით საუბრობდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის აუცილებლობაზე. მან ასეთი განცხადებაც გააკეთა: “მინდა გითხრათ, რომ ურთიერთობა რუსეთსა და საქართველოს შორის იყო და მუდამ იქნება ძმური და მეგობრული, რუსეთი და საქართველო, როგორც ძმები, ისე იყვნენ წარსულში, მაგრამ, ალბათ, ვიღაცას შეშურდა ჩვენი კარგად ყოფნა და ხელოვნურად შექმნა მტრობა”.

ვინ უპირისპირდება პატრიარქს?

დღეს, ისევე, როგორც 2013-ის დასაწყისში, ხელისუფლებაში “ქართული ოცნების” მოსვლის შემდეგ, რუსეთისა და საქართველოს ხელმძღვანელობა მნიშვნელოვანი მესიჯების გაცვლის აუცილებლობის წინაშე დადგა. საქართველოში მორიგი არჩევნების შემდეგ ბიძინა ივანიშვილისა და მისი პარტიის პოზიციები განმტკიცდა, ხოლო აშშ-ის პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევამ შეიძლება შეცვალოს აშშ-ის პოლიტიკა პოსტსაბჭოთა სივრცეში, შედეგად სამხრეთ კავკასიაში რუსეთის გავლენა გაიზრდება. ცხადია, ასეთ ვითარებაში მხარეები ურთიერთობის ძირითად პრინციპებზე უნდა შეთანხმდნენ და აბაშიძე-კარასინის ფორმატი ამისთვის არასაკმარისია.

აღსანიშნავია, რომ პატრიარქის ვიზიტამდე რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დსთ-ს საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ ლეონიდ კალაშნიკოვმა შემდეგი განცხადება გააკეთა: “თუ მოლდოვა დნესტრისპირეთში მიაღწევს საკუთარი ტერიტორიული კონფლიქტის გადაწყვეტას კონფედერაციის საფუძველზე და, ამასთანავე, განავითარებს ურთიერთობას რუსეთთან, ეს გახდება ნიმუში კონფლიქტის გადაწყვეტისთვის უკრაინასა და საქართველოში”. ამ განცხადებამ რადიკალი სეპარატისტების აღშფოთება გამოიწვია, თუმცა უნდა ითქვას, რომ საქართველოს მთლიანობის აღდგენის შესაძლებლობაზე, იმ შემთხვევაში, თუ ის რუსეთის ინტერესებს გაითვალისწინებს, ადრე ვლადიმერ პუტინიც მიანიშნებდა (“ვალდაის კლუბსა” და ევგენი პრიმაკოვის იუბილეზე). ამჯერად კი კალაშნიკოვმა სათქმელი პირდაპირ ითქვა.

2013-ში “ნაცმოძრაობის” დეპუტატებმა ზურაბ ჯაფარიძემ და სერგო რატიანმა საგანგებო განცხადებაში გააკრიტიკეს კათალიკოს-პატრიარქის პოზიცია, რომელიც მოსკოვში ვიზიტისას გამოხატა. ჯაფარიძისა და რატიანის რიტორიკამ განარისხა საზოგადოების უდიდესი ნაწილი და მათ დასახულ მიზანს _ პატრიარქის მისიის დისკრედიტაციას _ ვერ მიაღწიეს. ამჟამად “ნაცმოძრაობა” კოლაფსშია და პირდაპირი შეტევა პატრიარქზე შეიძლება კიდევ უფრო ძვირი დაუჯდეს, ამიტომ მისმა ლიდერებმა და მათთან დაკავშირებულმა “თვითგამოცხადებულმა ლიბერალებმა”, როგორც ჩანს, “შემოვლითი გზა” აირჩიეს.

სწორედ იმ დღეებში, როდესაც პატრიარქი მოსკოვში გაემგზავრა, სოციალურ ქსელებში დაიწყო ფოტოების გავრცელება, რომლებზეც ასახულია ისტორიული საეკლესიო შენობა-ნაგებობების რემონტი, რომლის დროსაც, როგორც ჩანს, დაირღვა გარკვეული ნორმები და ეს გამოიყენება, როგორც საბაბი, მასშტაბური კამპანიისთვის ეკლესიისა და პატრიარქის წინააღმდეგ. ცხადია, ისტორიულ ძეგლებზე ზრუნვა უმნიშვნელოვანესია და თითოეული ჩვენგანის ვალია, მაგრამ ყველა მსურველს შეუძლია, იოლად დარწმუნდეს, ვინ არიან ამ კამპანიის ორგანიზატორები და რა პოლიტიკური დატვირთვის მქონე დასკვნებისკენ მიჰყავთ აუდიტორია. ის, რომ, 2013 წლისგან განსხვავებით, ისინი ვეღარ ბედავენ პირდაპირ თავდასხმას პატრიარქზე, ალბათ, დადებითი მომენტია, მაგრამ აშკარაა ისიც, რომ მიზნის მიღწევას კვლავინდებურად ცდილობენ, ხოლო რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზება, როგორც ჩანს, თავიანთი თავისთვის სასიკვდილო საფრთხედ მიაჩნიათ.

ლუკა ნემსაძე

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here