Home რუბრიკები საზოგადოება საქორწილო წეს-ჩვეულებანი ვერის ხეობაში

საქორწილო წეს-ჩვეულებანი ვერის ხეობაში

1168

საინტერესო მასალები შეიკრიბა ვერის ხეობაში ქორწინებასთან დაკავშირებული წესჩვეულებების შესახებ. მასალების მიხედვით ირკვევა, რომ როგორც საქართველოს სხვა კუთხეებში, ისე აქაც, წყვილთა შორის შეუღლება უმეტესად გარიგებით ხდებოდა, რომელშიაც მთავარ როლსშუაკაციდამაჭანკალიასრულებდა. შუაკაცის მოვალეობას ამ ხეობაში ხშირად ნათლია ასრულებდა.

მთხრობელთა გადმოცემით: “როდესაც ბიჭის მშობლებს ვისიმე ქალი მოეწონებოდათ, მივიდოდნენ იმ ქალის ნათლიასთან და ეტყოდნენ, _ “ესა და ეს ქალი შენი ნათლული ყოფილა და სარძლოთ გვინდაო”. სთხოვდნენ ნათლიას, შუაკაცობა გაეწია და მისულიყო ქალთანა. ვაჟისათვის საცოლეს ძველათ მშობლები არჩევდნენ. ქალის ნათლია “ასწონიდ-დასწონიდა მდგომარეობას და, თუ თავის ნათლულის “საფერი იყო ვაჟი, დატრიალდებოდა”. ქალის მშობლები ამ შემთხვევაში ყველაზე უფრო ნათლიას ენდობოდნენ, რადგან, მათი რწმენით, ნათლია თავის ნათლულზე ცუდს არ მოიწადინებდა.

ვერის ხეობაში შეკრებილ მასალებიდან ირკვევა, რომ მოგვარეებსა და ნათესავებს შორის ქორწინება აკრძალული იყო, ამ მხრივ საინტერესოა თქმულება წიკლაურებისა და ბექაურების შესახებ.

ბექა და წიქა ძმები ყოფილან (ზოგიერთი მთხრობელის გადმოცემით, ერთი გვარისანი იყვნენო) და, რადგან გვარი ძლიერ გამრავლებულა და ქალის თხოვნა სხვა მხრიდან გაძნელებული ყოფილა, ძმებს, ქალის თხოვნის მიზნით, შემდეგი საშუალება უღონიათ, ძმები გაყრილან, აუღიათ ძაღლი, დაუკლავთ, გაუტყავებიათ, დაუჭრიათ ნაჭერ-ნაჭერ და ბექასა და წიქას შუა დაუყრიათ. რის შემდეგ დათქმულა, რომ მათი ოჯახებიდან გამოსული ქალები ერთმანეთს ერგებოდათ ცოლად. ბექასაგან გამოვიდნენ ბექაურების გვარი და წიქასაგან წიკლაურების გვარი გამრავლდა.

ამასთან ერთად, აღსანიშნავია ისიც, რომ ამ ხეობაში ჩამოსახლებული მთიელებიდან არიან ისეთი გვარებიც, რომელთა შორის ქორწინება აკრძალულია. მაგალითად, ჩოხელები და ბურდულები: “ერთიერთმანეთის ქალი არ ეკუთვნით, ერთმანეთისათვის დაწყევლილები არიან”, მაგრამ, როგორც შეკრებილი მასალებიდან ირკვევა, სხვა გვარი ამ ორ გვარს ქალს ვერ დაუჭერს _ “არ შეიძლება”, “იმათ მოგზავნილ კაცს უარით ვერ გაისტუმრებენ”. მთხრობელთა გადმოცემით, “ჩოხელებმა რომ კაცი მიუგზავნონ ქალის სათხოვნად, მაგალითად, ხარხელაურებს, აფციაურებს, წიკლაურებს, ობგაიძეებს და იმათ უარი უთხრან ქალის მიცემაზე, მაშინ ის ქალი ვერ გაიხარებს, მოკვდება. “მე ჩემს ქმარს ვერა ვცნობდი, ჩემ სამამამთილოს და ჰყავდა ჩემ სოფელში და იქ მოვიდა ჩემ სანახავად. ჩემი მამამთილი რომ მოვიდა, მე დავიმალე. ჩემმა დედის ძმამ მოტყუებით ლობიოს სათესად წამიყვანა. იქ დუქანი იყო, ჩემმა ბიძამ შიგ შემიყვანა და არშიები მიყიდა. თურმე ჩემი მამამთილი იქა ყოფილა. ცოტახნის შემდეგ ჩვენ სოფელში ქორწილი იყო და ჩემი მამამთილი ყოფილა იქ. კიდე გამოუგზავნია ბიძაჩემი ჩემ სანახავად. მე ამ დროს მთობა ვიცოდით და იქ ვიყავი წასული. დედაჩემი მორიგებოდა, ჩემი პაპაც და ბებიაც დათანხმებია, რადგანაც ჩოხელებს ქალს ვერ დაუჭერთო. იმიტომ, რომ, თუ უარს ვეტყოდით, ქალი მოკვდებაო. ჩოხელების გვარის შესახებ ასეთი თქმულებაა: ჩოხში ქურდებს საქონელი დაუტაცნიათ და როცა ხევში ჩამოსულან ქურდები დაბრმავებულან, ჩოხის ხატი ძლიერია და იმას დაუბრმავებია და იმ ხატის ყმებს ქალის მიცემაზე უარის თქმა არ შეიძლება” (სოფ. კვესეთი, ანა ჩოხელი 75 წ.) მთხრობელების გადმოცემით, თუ გაიგეს ქალიანთა, რომ ჩოხელების ეს და ეს ოჯახი აპირებენ ჩვენი ქალის თხოვნას და კაცს ამზადებენო, მაშინ ქალის ოჯახი, თუ ეს ქორწინება მიზანშეწონილად არ მიაჩნიათ, კაცს გაგზავნიან ჩოხელებთან და სთხოვენ _ “კაცს ნუ გამოგვიგზავნით”-ო, რაც იმის მანიშნებელია, რომ ქალს ვერ მოგცემთო. ჩოხელები ნაწყენები თუ არ დარჩნენ, შეიძლება კაცი აღარ გაუგზავნონ.

ქალის გასინჯვაწარმოებდა რელიგიურ დღესასწაულებზე, ლხინში, ქორწილსა და ჭირში. როგორც უკვე აღვნიშნეთ ქალის მოწონების შემთხვევაში “აგზავნიდნენ” “შუაკაცს”, “მაჭანკალს”. შეთანხმების შემდეგ “ვაჟიანი” მიდიოდნენ ქალის ოჯახის გასაცნობად, ამის შემდეგ “ქალიანი” მიდიოდნენ ვაჟის სახლის გასასინჯათ”, რათა გაეგოთ და ენახათ თავიანთი თვალით, როგორი შეძლების პატრონს აძლევენ ქალს. ქალის მშობლები ათვალიერებდნენ და ეცნობოდნენ ვაჟის სახლ-კარს, საქონელს, მამულს, კატასა და ძაღლსაც კი ყურადღებით ეკიდებოდნენ _ “როგორი შენახული ყავთო”. ქალის ახლობლები სასიძოსაც ეცნობოდნენ “შორიახლოს”, “თვალყურს ადევნებდნენ, როგორი მშრომელი და “გამრჯე” იყო, განსაკუთრებით ყურადღებას აქცევდნენ, ღვინის სმაში “უხასიათო ხომ არ არისო”. თუ ვაჟით კმაყოფილნი დარჩებოდნენ ქალის მშობლები, თანხმობას ეტყოდნენ შუამავალს ბელგის მოტანაზე.

ბელგა განისაზღვრებოდა ფულით, ბეჭდით ან თავშლით. ბელგის მოტანის შემდეგ ვაჟის ოჯახს მოქონდა პატარა “ნიშანი” (პატარძლისათვის სხვადასხვა საჩუქარი და სასმელი). მთხრობელის გადმოცემით, “პატარა ნიშნობაზე ფული მაჩუქეს, მომიტანეს ძვირფასი საკაბე, ბუზიკა, ტუფლები ყელიანი წინგასაკრავიანი, არაყიც მოიტანეს ტიკით, მაშინ ჩვენი საკლავი მთაში იყო და ქათმები დაკლეს, ხინკალი გააკეთეს… პატარა ნიშნობაზე მოილაპარაკეს, თუ როდის მოეწყოთ დიდი ნიშნობა, რამდენი ცხენი მოეყვანათ და რამდენ ხალხს დაპატიჟებდნენ (სოფ. კვესეთი, ანა ჩოხელი 75 წლ.).

ვერისხეობის სოფელში “დიდ ნიშნობას” “სახლის სანახავი” ეწოდებოდა. “დიდი ნიშნობის” დროს სასიძოს ოჯახს მოყავდა იმდენი კაცი, რამდენიც უნდოდა, რაც უფრო ბევრი იყვნენ, მით უფრო სახელი იყო პატარძლისათვის. რასაც ქალს მიართმევდნენ, იმას “პატარძლის ჩუქებას უწოდებდნენ”. დიდ ნიშნობაში ვაჟის ოჯახს მოჰქონდა იმდენი სანოვაგე, რაც თავის მოყვანილ ხალხს ეყოფოდა, დიდი ნიშნობის დროს საჩუქრები პატარძლისთვის მარტო ქმრის ნათესავებს მოჰქონდათ. ამავე დროს ზოგი ფულს დებდა. ამ ფულით ქალის მშობლები მზითვების ნაწილს ამზადებდნენ, პირველ რიგში _ ლოგინსა და თეთრეულს. “დიდნიშნობის”, ანუ “სახლის სანახვის” შესახებ მთხრობლები შემდეგს გადმოგვცემენ: “სახლის სანახავზე ბევრი ხალხი მორეკეს და ბევრი საკაბეებიც მომიტანეს. სულ 20 საკაბე მომიგროვდა. დიდი გარმონი და 3 თუმანი ფული. დიდი ნიშნობა და სახლის სანახავი ერთი და იგივეა, “ნიშნობა 3 დღე გაგრძელდა”. მე გათხოვება არ მინდოდა და სახლის საძურავზე დავიმალე, სირცხვილიც იყო, სახლში რომ დავხვედრილიყავი. სამი ცხვარი მოიყვანეს და ჩვენც დავკალით, დაკვლის დროს დაუკრავდნენ და ითამაშებდნენ, სანთლებს დაანთებდნენ და დეკანოზი დაილოცებოდა. ბიძაჩემმა კარგი ლოცვა იცოდა. მე რომ კრიშაში ვიყავი, ბიძაშვილმა გამცა და მიპოვეს, როცა მიპოვეს ჩემ დედამთილთან დამსვეს. ჩემი ქმარი ჯარში იჯდა, სადაც ნათლია იყო. კაცები მაგიდებთან ისხდნენ, ქალები _ ლურჯ ქსოვილზე, დაბლა ირმები რო ეხატა. შაბათ საღამოს მოვიდნენ და ორშაბათამდე დარჩნენ. მარიამობისთვეს ჩემი მამამთილი მოვიდა და ჩემი ქმარი მოიყვანა, ამას ფეხის ბრუნება ეწოდებოდა. მაშინაც მოიტანეს სასმელ-საჭმელი, ხილი, ქადა, პური, ნაზუქი. მოილაპარაკეს, თუ როდის უნდა წამიყვანონ. დედაჩემმა უთხრა, _ გაზაფხულამდე ვერ გაგატანთო. მამამთილმა უთხრა, _ ხატში მივდივართ ჩოხში და ახალი პატარძალი უნდა წავიყვანოთო, რათა ხატში გავრიოთო. მორიგდნენ, რომ მზითევი ბიძა ჩემს და მამამთილს უნდა ეყიდნათ. ეს მზითვები იმ ფულით იყიდეს, სახლის სანახავში რომ მოიტანეს. მზითვებში იყიდეს კამოდი, ბაღდადი, ფარდაგი, ხალიჩა, საბნის გადასაფარებელი, ნალები, თავსაკრავი, ორ-ორი ხელი გამატანეს ყველაფერი” (სოფ. კვესეთი, ანა ჩოხელი, 75 წ.).

როგორც ზემოთ მოყვანილი მასალებიდან ირკვევა, ნიშნობის შემდეგ ვაჟის მშობლები და ვაჟი მოდიან ქალის ოჯახში და მოლაპარაკებას აწარმოებდნენ, თუ ქორწილი როდის დანიშნულიყო. ქორწილი საერთოდ, უმეტეს შემთხვევაში, ღვინოობის თვეში ხდებოდა. ქორწილამდე, ვაჟისა და მისი მშობლების მოსვლას ქალის ოჯახში, ფეხის ბრუნება ეწოდებოდა.

ქორწილის დღის მოახლოებისას ნეფე გზავნიდა მეზობელ-ნათესავებში მოპატიჟეს, მოპატიჟეს გზავნიდნენ სხვა სოფლებშიც, სადაც ახლობელი ნათესავები ეგულებოდათ. ქორწილი ეწყობოდა კვირა დღეს. მოპატიჟეთ გზავნიდნენ ყოჩაღ და გამოცდილ კაცს. მოპატიჟე ხურჯინით დადიოდა და თან ჯამებს აგროვებდა. ჯამებს ჯერ იმიტომ აგროვებდნენ, რომ გაეგოთ, რამდენი კაცი დაპატიჟა მოპატიჟემ, მეორეც იმიტომ, რომ ჭურჭელი არ დაკლებოდათ და თავისი ჭურჭლით მოსულიყვნენ.

სასიძოს ოჯახი, ქალიაანთა წინასწარ გზავნის “საქორწილოს”, საკლავს, ღვინოს, არაყს, ყველს, პურს, ნაზუქს და სხვა საჭმელებს. საქორწილოს გაგზავნის შემდეგ, ნეფე თავის მაყრებით წავიდოდნენ. “მაყრიონი” მიდიოდა ცხენებით, შეიარაღებული, რომელიც 20-30 კაცით განისაზღვრებოდა. ქალის ოჯახიც, თავის მხრივ, ემზადება, პატიჟობს თავის ახლო ნათესავებს და ამზადებენ პატარძალს “სადედოფლოდ”.

აი რას გადმოგვცემს მთხრობელი: “მე შემიკერეს ტოტებიანი ფართუკი, წითელი გრძელი კაბა, წინშესაკრავიანი, ყელიანი ტუფლები. მაყრები მოვიდნენ თოფებით 20-მდე კაცით. მღეროდნენ ფშაურს. თავზე ბაღდადი დამახურეს. მომრთო ბიძის ცოლმა (ძალუამ). მაყრები შაბათ საღამოს მოვიდნენ, მე კი მორთული კვირას გამომაჩინეს. ბიძაშვილთან ვიყავი დამალული, მომიყვანეს ჯარში, რო შევედი, ბიძამ დამლოცა: …ჩემს დის შვილს დღეს დედოფლობა ეკუთვნისო. გვადღეგრძელეს ჩვენც და მეფიანიც, დედაც ადღეგრძელეს, მამაჩემი შეიწყალეს. რომ შევედი, მეფის გვერდით დავჯექი. მეორე გვერდით ნათლია იყო. მოიტანეს მოხარშული ხორცი, ჯამებით კერძები. თამადას ბეჭი მიართვეს, ნათლიას _ ქათმები. იცოდნენ “ძღვენები”. რასაც მოიტანდნენ, ჩვენ წინ აწყობდნენ, რასაც ნათლია და ძმა იბარებდა. მოლოცვის დროს იძახდნენ ხალხი მომტანზე “გააბედნიეროს-იდღეგრძელონო”. საჩუქრების მოტანის დროს დედა იმახსოვრებდა, ვინ რა აჩუქა. კვირას წამოვედით, მზე სანამ დაბრძანდებოდა. წამომყვა ბიძა (მამის ძმა), ჯვარი ჩვენ სოფელში დავიწერეთ. ჯვრის წერის დროს სხვადასხვა ჯვრის დამწერნი არ უნდა შეხვედროდნენ ერთმანეთს, მარჯვნივ უნდა გასცლოდნენ. ეკლესიას ორი გზა ჰქონდა. მე რო ჯვარს ვიწერდი, სხვებიც იწერდნენ ჯვარს. როცა ეკლესიას მივადექით, ბიძაჩემმა თქო მეორე ნეფიონზე, _ ეგენი მარცხნივა დგანან და ეს როგორ იქნებაო, სიკვდილი იცის და მეფე-დედოფალი ერთმანეთს არ შეაბერდებიანო. იმათ მერე მარჯვნივ აგვიარეს მხარი ისე გავიდნენ ეკლესიის ეზოდან. ჯვარის წერის დროს არც ზარის ჩამორეკვა არ შეიძლებოდა. ნეფე-დედოფალს შუა ამ დროს არავის არ უნდა გაევლო, ამის გამო მაყრები მეფიონის უკან დადგებოდა და არავის გაატარებდა, ამავე დროს მეფიონს უკან ქალის მხრიდან ვინმე დადგებოდა და ჯოხს თლიდა, რათა ავი თვალით არ შეხედონ მეფიონსო. თუ მღვდლის შეკითხვაზე: “გსურს”, მეფე ან პატარძალი იტყოდაარ მსურსო”, მღვდელი ჯვარს არ დაწერდა. ჯვარს არც ოც წლამდე წერდნენ.

მღვდელი “ილარიონს” გადააფარებდა ნეფე-პატარძალს, რომლებიც მოკიდებდნენ ხელს და მღვდელი სამჯერ შემოატარებდა. ბეჭედსაც სამჯერ გაუკეთებდა. “ბეჭედი მინიჭებულია, ამინ” (ეძლეოდა ქაღალდიც ჯვრისწერისა). ეკლესიის ეზოში ვიცეკვეთ, შემდეგ სახლში წავედით. ვიცოდით ვაშლით ფულის მოლოცვა” (ს. კვესეთი, ანა ჩოხელი 75 წლ.).

პატარძალი ნეფის სახლში ცხენით ან ურმით მიყავდათ მაყრებს, როცა სოფელს მიუახლოვდებოდნენ, მახარობელს გაგზავნიდნენ სიძის ოჯახში, მახარობელი ქალის ნათესავი უნდა ყოფილიყო. მახარობელი ოჯახში მისვლისთანავე დაიძახებდა: “მე ვარ მახარობელი, სახლის გამხარებელი, მიჭამია ბალი, შემიხვიეთ მკლავი”. მახარობელს ჯამით ღვინოს მიართმევდნენ, ის გამოცლიდა და შემდეგ გასტეხდა. შემდეგ მკლავს ბაღდადით აუხვევდნენ და წინდებითაც დაასაჩუქრებდნენ. სოფელი მაყრებს თოფის სროლით და კიჟინით ხვდებოდა. ნეფედედოფალს სახლის კარში დედმამიანი ქალი დაუხვდებოდა თაფლის ჯამით ხელში, რომელსაც თავზე წითელი ბაღდადი ჰქონდა გადაფარებული, იგი ნეფედედოფალს ტკბილად დაბერებას უსურვებდა

ჯუანშერ სონღულაშვილი,

ისტორიული მემკვიდრეობა” #10

1 COMMENT

  1. სამაგიეროდ დღეს ტელევიზორიდან, ინტერნეტიდან და სკოლიდან გვმოძღვრავენ ამ ე.წ. დრომოჭმულ ტრადიციებზე, რომ ადამიანის უფლებები ძალაშია და ყველას გვაქვს უფლება ავირჩიოთ ვინც გვინდა და როცა გვინდა. მე კი მგონია, მთლიანად თუ არა, ნაწილობრივ მაინც აღსდგეს ტრადიცია–მშობლებს მაინც შეეკითხნენ ახალგაზრდები თუ ვინ უნდათ და რა უნდათ…თუ ვინმეს მშობელი ( მშობლები) არა ჰყავს, მაშინ შეეკითხონ იმას, ვისაც ჯიგრად-ახლო ნათესავად თვლიან, რამე თუ გაკითხვა-მოკითხვის შემდეგ გამორიხცული იყოს შემთხვევითობა და შეცდომები. რამე თუ ყველაფრის დასაწყისი სიყვარულია, რომელსაც გაფრთხილებასთან ერთად მოვლა-შენახვა-შენარჩუნებაც სჭირდება. ასევე შეკრული-მტკიცე ოჯახი მტკიცე სახელმწიფოს შექმნის საფუძველია. ვინმემ შეიძლება ჩამორჩენილად ჩამთვალოს, მაგრამ მე მაინც ოფიციალურობისა და კანონიერების მომხრე ვარ. მომხრე ვარ მშობლების და უფროსი თაობის საქმის კურსში ჩაყენებისა, რამე თუ ჩემს მიერ დაწერილი კომენტარის მიხედვით რომ არ მოვიქეცი, იმიტომაც წავიტეხე ცხვირი 45 წლის წინ. როცა დამოუკიდებლად ჩემი თავი გავწირე-უფალმა არ გამწირა საბოლოოდ.

  2. სამაგიეროდ დღეს ტელევიზორიდან, ინტერნეტიდან და სკოლიდან გვმოძღვრავენ ამ ე.წ. დრომოჭმულ ტრადიციებზე, რომ ადამიანის უფლებები ძალაშია და ყველას გვაქვს უფლება ავირჩიოთ ვინც გვინდა და როცა გვინდა. მე კი მგონია, მთლიანად თუ არა, ნაწილობრივ მაინც აღსდგეს ტრადიცია–მშობლებს მაინც შეეკითხნენ ახალგაზრდები თუ ვინ უნდათ და რა უნდათ…თუ ვინმეს მშობელი ( მშობლები) არა ჰყავს, მაშინ შეეკითხონ იმას, ვისაც ჯიგრად-ახლო ნათესავად თვლიან, რამე თუ გაკითხვა-მოკითხვის შემდეგ გამორიხცული იყოს შემთხვევითობა და შეცდომები. რამე თუ ყველაფრის დასაწყისი სიყვარულია, რომელსაც გაფრთხილებასთან ერთად მოვლა-შენახვა-შენარჩუნებაც სჭირდება. ასევე შეკრული-მტკიცე ოჯახი მტკიცე სახელმწიფოს შექმნის საფუძველია. ვინმემ შეიძლება ჩამორჩენილად ჩამთვალოს, მაგრამ მე მაინც ოფიციალურობისა და კანონიერების მომხრე ვარ. მომხრე ვარ მშობლების და უფროსი თაობის საქმის კურსში ჩაყენებისა, რამე თუ ჩემს მიერ დაწერილი კომენტარის მიხედვით რომ არ მოვიქეცი, იმიტომაც წავიტეხე ცხვირი 45 წლის წინ. როცა დამოუკიდებლად ჩემი თავი გავწირე-უფალმა არ გამწირა საბოლოოდ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here